პროექტი 22870: პუტინი საქართველოს სანაპიროს ზვერავს - საშიში და საგანგაშო ამბავი თბილისისთვის - კვირის პალიტრა

პროექტი 22870: პუტინი საქართველოს სანაპიროს ზვერავს - საშიში და საგანგაშო ამბავი თბილისისთვის

ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში პირველი „გამოქცეული“ რუსული ხომალდი შევიდა...

ოკუპირებული ტერიტორიების მუდმივი საჰაერო თუ კოსმოსური მონიტორინგი რომ აუცილებელია, საკამათო არ არის, თუმცა საქართველოს საქმე ამჯერად ინტერნეტრესურსმა Naval News-მა შეასრულა და ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის საზღვაო პორტის ახალი თანამგზავრული ფოტო გამოაქვეყნა, თავისი ანალიზით და კომენტარებით.

ეს თანამგზავრული ფოტო 5 ივლისსაა გადაღებული და იმიტომ არის ძალზედ ყურადსაღები, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის ნავმისადგომთან პირველად ფიქსირდება მოზრდილი გაბარიტების მცურავი საშუალება, რომელიც მნიშვნელოვნად გამოირჩევა ამავე მისადგომთან წლების განმავლობაში ბაზირებული, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სანაპირო დაცვის მომცრო კატარღებისგან.

უცხოელმა საზღვაო ექსპერტებმა გაშიფრეს, რომ ნავმისადგომთან დგას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 22870 პროექტის სამაშველო ბუქსირი...

სიტყვა სამაშველომ და ბუქსირმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საავარიო-სამაშველო გემების 314-ე ჯგუფში შედის და მიწერის პორტია ნოვოროსიისკი.

2-xomaldi-1720678759.jpg
ინტერნეტრესურს Naval News-ის მიერ გამოქვეყნებული თანამგზავრული ფოტო, რომელზეც რუსული ბუქსირის ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში შესვლაა დაფიქსირებული...

უცხოელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს ბუქსირი 28 ივნისს დაფიქსირდა ნოვოროსიისკის სამხედრო ნავმისადგომის დოკში, ხოლო 1 ივლისს იქიდან „გაქრა“.

3 ივლისს უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა - „მაგურებმა“ შეტევა მიიტანეს ნოვოროსიისკის პორტის იმ ნავმისადგომთან, სადაც ეს სამაშველო ბუქსირი მანამდე იდგა.

4 და 5 ივლისს გადაღებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა კი ეს რუსული სამხედრო სამაშველო ბუქსირი უკვე ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში დააფიქსირეს.

რატომ არის აუცილებლად ყურადსაღები და საგანგაშო საქართველოს მხრიდან დროებით კონტროლის გარეშე დარჩენილ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში ამ რუსული მცურავი საშუალების შესვლა:

პირველი - 22870 პროექტის რუსული სამაშველო ბუქსირის სიგრძე 57 მ-ია, სიგანე 14 მ., წყალმჯდომარეობა 3,2 მ., ხოლო სრული წყალწყვა კი - 1 670 ტ. ანუ თუკი ამ გაბარიტების ეს სამაშველო ბუქსირი ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის ნავმისადგომთან უპრობლემოდ დადგება, მაშინ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ იმავე აგრესორი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 21631 პროექტის Буян-М ტიპის მცირე სარაკეტო კატარღების გადმობაზირებას ოკუპირებულ ოჩამჩირეში, რადგან მათი სრული წყალწყვა მხოლოდ 940 ტონაა, ხოლო წყალმჯდომარეობა - 2,6 მ., თუმცა სიგრძეში აღემატებიან და 74 მ-ს აღწევენ.

მეორე - 22870 პროექტის რუსული სამაშველო ბუქსირი არც ისე დაუცველი თუ უვნებელია, როგორც ეს ერთი შეხედვით მოჩანს, მისი გემბანის უკანა ნაწილში ათავსებენ Тор-М2КМ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის კონტეინერულ მოდიფიკაციას, რომელსაც 16 კმ-ის რადიუსსა და 10 კმ. სიმაღლემდე, ერთდროულად 4 საჰაერო სამიზნის დაზიანება/ჩამოგდება შეუძლია. ეს ფაქტორი კი გვაფიქრებინებს - გარდა იმისა, რომ ამ ბუქსირმა ოჩამჩირის პორტის ნავმისადგომთან მისვლა-გამოსვლის მანევრები დახვეწა, სხვა სამხედრო ხომალდების ეკიპაჟებისთვის, ის შეიძლება დარჩეს ამ ოკუპირებულ პორტში და შეასრულოს საჰაერო თავდაცვის ფუნქციებიც.

მესამე - რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, 2016 წლიდან მოყოლებული, 22870 პროექტის ოთხი სამაშველო ბუქსირი მიიღო შეიარაღებაში, თუმცა 2022 წლის 17 ივნისს შავ ზღვაში კუნძულ ზმეინის (რომელიც მაშინ ჯერ კიდევ რუს სამხედროებს ჰქონდათ ოკუპირებული) სიახლოვეს ცურვისას, ამ პროექტის ერთი ბუქსირი - „ვასილი ბეხი“ უკრაინელებმა ჩაძირეს ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის - „ჰარპუნის“ ზუსტი მოხვედრით - ბუქსირის გემბანზე იდგა 50 მლნ დოლარად შეფასებული საზენიტო-სარაკეტო „ტორის“ კონტეინერული მოდული, რომელმაც ვერანაირად ვერ უშველა „ვასილი ბეხს“...

3-xomaldi-1720678759.jpg
ოჩამჩირის პორტს რუსი ოკუპანტები ბოლო ერთი წელია, ამზადებენ თავიანთი სამხედრო ხომალდების ბაზირებისთვის...

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 22 ხომალდს შეუტიეს და დააზიანეს, რომელთაგან 8 ჩაიძირა (ამ სიაში არ შედის უკრაინული საჰაერო დრონი-კამიკაძეების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების შეტევები რუსულ ხომალდებზე).

ამან რუსი ადმირალები აიძულა, ღირებული სამხედრო ხომალდები სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გაეხიზნათ, მაგრამ ამანაც არ უშველა, რადგან უკრაინული საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონების შეტევების რადიუსი ნოვოროსიისკის პორტსაც მიწვდა.

ამის შემდეგ რუსეთის გენშტაბმა მიიღო არაორდინარული გადაწყვეტილება და რამდენიმე დიდი სადესანტო ხომალდი და სარაკეტო კატარღები, პირიქით, უფრო ახლოს „მიუჩოჩა“ ფრონტის ხაზს - ისინი ყირიმის ხიდის ქვეშ გავლით აზოვის ზღვაში გადაისროლა, ეისკის სანაპიროსთან, რითაც თავი დაიზღვია უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმებისგან, რადგან უკრაინული „მაგურებისთვის“ გადაკეტილია ყირიმის ხიდის ქვეშ გასასვლელი და მათ ძალზე გაუჭირდებათ აზოვის ზღვაში მოხვედრა, თუკი უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მორიგი ინიციატივა არ გამოიჩინა და მცირეგაბარიტიანი „მაგურები“ ფრონტის ხაზის გავლით, ფარულად არ ჩაუშვა ზაპოროჟიეს სანაპიროდან უშუალოდ აზოვის ზღვაში.

4-xom-1720678759.jpg
სამაშველო ბუქსირის გემბანზე რუსი სამხედრო მეზღვაურები ამ Тор-М2КМ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის კონტეინერულ მოდიფიკაციასაც აყენებენ...

აზოვის ზღვაში რუსული ხომალდები შეიძლება, უფრო დაცულები აღმოჩნდნენ საზღვაო კამიკაძეებისაგან, მაგრამ, სამაგიეროდ, საჰაერო კამიკაძეებისაგან, ასევე, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისთვის უფრო ადვილად მისაღწევები ხდებიან.

ალტერნატიულ გამოსავალს, რომ უკრაინული საზღვაო და საჰაერო დრონებისგან დაიცვას თავისი სარაკეტო ხომალდები, რუსეთის გენშტაბი ხედავს ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მათ განთავსებაშიც - მართალია, აქ მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ დაეტევა, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი „ბუიანის“ ტიპის მცირე სარაკეტო ხომალდებიდან სტარტაღებული და 1 500 კმ-ზე ან უფრო მეტ მანძილზე მფრენი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტები მაინც მიწვდებიან უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილს, პირველ რიგში კი - ოდესას...

თუკი მოვლენები მართლაც ასეთი მიმართულებით განვითარდა, მაშინ აუცილებლად უნდა ველოდოთ უკრაინელების საპასუხო შურისმაძიებელ საზღვაო და საჰაერო დარტყმებს ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში თავშეფარებულ რუსულ სამხედრო ხომალდებზე - მოდერნიზებულ „მაგურებს“ ოკუპაციას გადარჩენილი ოდესის სანაპიროდან ოკუპირებულ ოჩამჩირემდე მიღწევა აღარ უჭირთ...