"2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით, 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა - ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს" - კვირის პალიტრა

"2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით, 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა - ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს"

ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს, რადგან ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ნატოს ქოლგა საქართველოს არ იცავს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.

წილოსანის შეფასებით, “როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, რომელსაც საომარი დაძაბულობა მოჰყვა, ეს შეფასებული ვერ იქნება.”

“მნიშვნელოვანი ჩანაწერია ნატოს დეკლარაციაში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მყარი დადასტურებაა საქართველოს ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და დასავლური სამყაროს თანადგომისა. ამის ფონზე ოპოზიციურ ველში მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს. განსაკუთრებით თვალში მომხვდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს 2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე ავლებს, რომელსაც შეიძლება დადასტურებულად არა, მაგრამ შემდგომი არაერთი შეფასებით, საქართველოში 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, რომელსაც ის ესკალაცია და საომარი დაძაბულობა მოჰყვა, რაც თითოეული ჩვენგანის დაღია და ამას ისურვებენ და უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებული ვერ იქნება.

ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს, რადგან ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ნატოს ქოლგა საქართველოს არ იცავს. ჩვენ ნატოს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენს განცხადებებში ყოველთვის უფრო ფრთხილი ვიქნებით და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, რომ მათი მხრიდან დამოკიდებულება სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით იყოს შეფასებული”, - აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.

“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

რაც შეეხება ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილის “პოსტს”:

“გუშინ ჟურნალისტები რომ მეკითხებოდნენ, რა მოლოდინი გაქვს საქართველოზე ნატოს სამიტიდანო, ჩემი პასუხი იყო, 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილების დადასტურება თუ იქნება, უკვე კარგია-თქო”, - წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.