ქართველიშვილის „მეხისმტყორცნელებს“ პენტაგონი აღარ დაჭრის და საქართველოსთან  ახლოს  გადმოისვრის?! - კვირის პალიტრა

ქართველიშვილის „მეხისმტყორცნელებს“ პენტაგონი აღარ დაჭრის და საქართველოსთან  ახლოს  გადმოისვრის?!

ზოგ ქვეყანას ის აწუხებს, თუ სად იშოვოს შეიარაღება, რომ თავი დაიცვას, ზოგიც კი - მრისხანე საბრძოლო თვითმფრინავების დაჭრას ეშურება, მათი მოვლა თავიდან რომ მოიცილოს ...

მოკლედ ეს ისტორია -დაპირისპირება ათიოდე წლის წინ დაიწყო, როდესაც ამერიკელი გენერლები ჯიუტად ცდილობდნენ შეიარაღებიდან მოეხსნათ A-10A Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, ხოლო ამერიკელი კონგრესმენები არანაკლები სიჯიუტით მათ ამაში ეწინააღმდეგებიან...

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებასთან დაკავშირებული პერიპეტიები ნაკლებად დაგვაინტერესებდა, რომ არა ერთი, ჩვენთვიდ, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება - ამ ამერიკული მოიერიშე „მეხისმტყორცნელების“ შექმნა უშუალოდ უკავშირდება ჩვენს თანამემამულეს, ცნობილ ამერიკელ ავიაკონსტრუქტორს ალექსანდრე ქართველს (ქართველიშვილს)...

გარდაცვლებამდე ორი წლით ადრე ,1972 წელს ალექსანდრე ქართველი მოესწრო თავისი ბოლო „პირმშოს“, „მეხისმტყორცნელ“ A-10A Thunderbolt II-ის პირველ აფრენას, რომელიც მაშინ მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი გახდა.

სამი წლის შემდეგ, 1975 წელს კი, პირველი გაფრენა განახორციელა საბჭოთა Су-25-მა და მას შემდეგ დღემდე ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე ომებში მხოლოდ ეს ორი სპეციალიზებული სერიული წარმოების რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობს -ალექსანდრე ქართველის დაპროექტებული A-10A Thunderbolt II-ი და მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25-ი...

2-kar-1720763492.jpg
ჩვენი თანამემამულის, ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის - ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელით შეუძლია მთელმა საქართველომ იამაყოს...

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში დღეისათვის, ფორმალურად, 218 ერთეული „მეხისმტყორცნელი“ რჩება და ამ ნახევარსაუკუნოვანი მოიერიშეების თავიდან მოცილებით ძალზეა დაინტერესებული პენტაგონის ხელმძღვანელობა - ჭირს ამ თვითმფრინავების საბრძოლო მდგომარეობაში შენარჩუნება, რადგან მათი სერიული წარმოება ჯერ კიდევ 1984 წელს შეწყდა, 715 თვითმფრინავის გამოშვების შემდეგ და მათთვის სათადარიგო ნაწილების მოძიება ძალზე ჭირს.

მაგრამ მიუხედავად ამისა, 2021 წელს, პენტაგონის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ასე ნაქები ამერიკული, მეხუთე თაობის F-35 Lightning II თვითმფრინავების პარკის მხოლოდ 68%-ი თუა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, ხოლო არანაკლებ ნაქები მრავალფუნქციური F-22 Raptor-ების კი - მხოლოდ 50%-ი!

ამ ყველაფრის ფონზე კი თითქმის ფანტასტიკურად მოჩანს, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნას ინარჩუნებს A-10C Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პარკის 72%-ზე მეტი...

3-kar-1720763492.png
იორდანიის უდაბნოში ქართველის А-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ახალ დავალებას მიიღებენ - საჰაერო ბრძოლა საერთაშორისო ნარკოტრაფიკთან...

2023 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ მრავალწლიანი დებატების შემდეგ პენტაგონმა მაინც დასძლია თვით ყველაზე გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენების პროტესტი და ამერიკული კინოს ლეგენდის - ჩაკ ნორისის დაჟინებული თხოვნებიც არ გაითვალისწინა - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იწყებს А-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან მასობრივად გამოყვანის პროცესს...

ხელი თითქმის ჩაქნეული იყო ქართველის მოიერიშეების გადარჩენაზე - ერთი თვითმფრინავის ჩუქება და თბილისში ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის თბილისის საავიაციო ქარხნის წინ დადგმა თუღა გვსურდა, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მასმედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი ყურადსაღები ინფორმაცია გავრცელდა...

8 ივლისს შეიარაღებული ძალების საკითხებზე მომუშავე აშშ-ის სენატის კომიტეტმა დაავალა პენტაგონს, რომ 2025 წლის თებერვლამდე მოამზადოს საკითხი А-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პარკის... იორდანიისთვის გადასაცემად!

ქართველიშვილის „მეხისმტყორცნელებს“ მეორე სიცოცხლის შანსი გაუჩნდათ - იორდანიაში მათ ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეობა დაევალებათ, ასევე, იმოქმედებენ სირიასთან სახელმწიფო საზღვრის გასაკონტროლებლად...

იორდანიის ჩრდილოეთ საზღვრიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე უმოკლესი მანძილი 960 კმ-ს შეადგენს, თუმცა ეს ათჯერ უფრო ახლოა, ვიდრე - ჩრდილოეთ ამერიკა და, შესაბამისად, ჩვენი თანამემამულის - ალექსანდრე ქართველიშვილის ბოლო „პირმშო“ - А-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები განაგრძობენ ფრენას და თანაც - მის სამშობლოსთან ბევრად უფრო ახლოს…