განდების დინასტიის წყევლა: ვინ მოუკლა შვილი პრემიერს?! - როგორ ეძებდა შვილმკვდარი დედა თვითმფრინავის ნამსხვრევებში სეიფის გასაღებს - კვირის პალიტრა

განდების დინასტიის წყევლა: ვინ მოუკლა შვილი პრემიერს?! - როგორ ეძებდა შვილმკვდარი დედა თვითმფრინავის ნამსხვრევებში სეიფის გასაღებს

აგენტის გადაბირების „უნივერსალური ფორმულა“ ამგვარია: ფული, იდეოლოგიური მოტივაცია, კომპრომატი და ეგო. „გავლენის აგენტის“ გადაბირების მთავარი მოტივატორი, უპირველესად, მისი პატივმოყვარეობა და ეგოა. სპეცსამსახურის სიძლიერე იმაშიც გამოიხატება, ფსიქოანალიზის თეორიისა და პრაქტიკის რამდენად კარგად მცოდნე ანალიტიკოსები და გადამბირებლები ჰყავს.

ამავე დროს, რაც უნდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობა ეკავოს „გავლენის აგენტს“, მარტო, სხვა აგენტების დაუხმარებლად ის ვერ შეასრულებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებას. ის გარშემორტყმულია უკვე გადაბირებული „სანდო პირებით“, „აგენტი ინფორმატორებით“ და, ასევე, სხვა „გავლენის აგენტებით“. ეს პროცესი ურთულეს „საჭადრაკო პარტიას“ წააგავს, სადაც ყველა სვლა კარგად უნდა იყოს გათვლილი. ხშირად სხვადასახვა დონისა და სიძლიერის პოლიტიკური ფიგურები მთავარი „გავლენის აგენტის“ ხელისუფლების სათავეში გაყვანას „ეწირებიან“ ( ამ შემთხვევაში, მათი პოლიტიკური კარიერა მაქვს მხედველობაში). კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია, ძველი, უკვე კომპრომეტირებული „გავლენის აგენტის“ , უფრო ახალგაზრდა და შედარებით „გაუსვრელი“ კანდიდატურით ჩანაცვლება. „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს“ – ეს მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდება ძველ „გავლენის აგენტზე“, რადგანაც ის ვერსად წავა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე თევზივით მდუმარედ უნდა გაატაროს.

„გავლენის აგენტის“ გარემოცვაში მოქმედი „ჩვეულებრივი“ აგენტები მუდმივად აწვდიან ორივესთვის „მშობლიურ“ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს ინფორმაციას ყველაზე ძვირფასი აგენტის გეგმა-ჩანაფიქრებზე, მის გუნება-განწყობაზე: უკვე შედგენილი „ოპერატიული გეგმიდან“ ოდნავი გადახვევა განგაშის მიზეზი ხდება. ამიტომაც მუდმივად ისმინება მისი ტელეფონები, კონტროლზეა ელეტრონული ფოსტა: უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შიშობს, „ნადავლი ლოქო“ („გავლენის აგენტი“) ანკესიდან არ გაექცეს. მეთვალყურეობის ოპერატიული ღონისძიებები ადგილობრივ სპეცსამსახურებში ჩანერგილი აგენტურის საშუალებით ხორციელდება.

ინდოეთში საგარეო დაზვერვის სამსახური („კვლევისა და ანალიზის ბიურო“) 1968 წელს, ინდირა განდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. მის ხელმძღვანელად და „ინდოეთის პირველ მზვერავად“ ახალმა პრემიერ-მინისტრმა რამეშვარ კაო (1918–2002) დანიშნა, რომელიც 1977 წლის საპარლამენტო არჩევნებში ინდირა განდის დამარცხებამდე ხელმძღვანელობდა ინდოეთის საგარეო დაზვერვას. რამეშვარ კაო ნერუ-განდების დინასტიასთან ძალზე დაახლოებული პირი იყო: ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჯავაჰარლალ ნერუს პირად დაცვას. აქედან გამომდინარე, 1968-1977 წლებში ის, არა მარტო დაზვერვის, არამედ, ფაქტობრივად, ინდოეთის კონტრდაზვერვასაც ხელმძღვანელობდა. 1977 წელს, როდესაც მორარჯი დესაის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, რამეშვარ კაო სასწრაფოდ გაათავისუფლეს პოსტიდან. თუმცა სამი წლის შემდეგ, როდესაც ინდირა განდი კვლავ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, მან რამეშვარ კაო უშიშროების საკითხებში მრჩევლად დანიშნა. იმავე თანამდებობაზე იყო კაო რაჯივ განდის პრემიერმინისტრობის დროსაც. აქ რამეშვარ კაოს პროფესიონალიზმის განხილვას არ შევუდგები, მხოლოდ ერთს ვიტყვი და თავად განსაჯეთ: ინდირა განდი და რაჯივ განდი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ, რაც ინდოეთის სპეცსამსახურებმა თავიდან ვერ აიცილეს.

რამეშვარ კაო, როგორც ნერუ-განდების დინასტიის ერთგული მსახური, უშუალოდ იყო ჩართული ინდოეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში და „თავი გამოიჩინა“ ოპოზიციის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციებით, განსაკუთრებით - საგანგებო

picture1-1720763909.jpg

ძალზე სიმბოლური ფოტოსურათია: რამეშვარ კაო ინდირა განდის უკან დგას.

მდგომარეობის დროს.

რამეშვარ კაო ინდირა განდის „მარჯვენა ხელი“ და მესაიდუმლე იყო. საბჭოთა/რუსეთის ხელისუფლება ინდოეთს ყოველთვის ერთი და იგივე „საფრთხობელათი“ აშინებდა და აშინებს: ესაა აშშ-იდან, პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ჩინეთიდან მოსალოდნელი რეალური, თუ მოგონილი საფრთხე.

იმ პერიოდში ინდოეთის სპეცსამსახურები ძალზე მჭიდროდ „თანამშრომლობდნენ“ საბჭოთა კოლეგებთან. ეს პროცესი ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე სცენარით მიმდინარეობდა: საბჭოთა სპეცსამსახურები აგენტის გადაბირების „უნივერსალური ფორმულიდან“ ერთ-ერთ მოცემულობას იყენებდნენ, ინდოეთში „გავლენის“ და „ჩვეულებრივი“ აგენტების გადასაბირებლად. ამიტომაც „აღლუმი“ საბჭოთა სპეცსამსახურებს მიჰყავდათ: მათ ინდოეთის პოლიტიკურ ელიტაში, მთავრობასა და სპეცსამსახურებში ასეულობით აგენტი ჰყავდათ და არა - პირიქით; ისინი ფლობდნენ ინდოეთის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან და საიდუმლო ინფორმაციას და არა - პირიქით. ასე რომ, ამ შემთხვევაში სიტყვა „თანამშრომლობა“ ზუსტად არ ასახავს რეალობას: ინდოეთი საბჭოთა აგენტურით იყო სავსე, ხოლო თავად რამდენი აგენტი ეყოლებოდა ინდოეთის დაზვერვას საბჭოთა კავშირში? პასუხი გამოიცანით. წლების შემდეგ რამეშვარ კაო ინდოეთში ისეთივე კერპად გახადეს, როგორც იური ანდროპოვი დღევანდელ რუსეთში.

დავუბრუნდეთ ინდირა განდის პოლიტიკურ მოღვაწეობას და მის სენსაციურ გამარჯვებას 1980 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მაშინაც და დღესაც ინდოეთი ყველაზე დიდ (მოსახლეობის მიხედვით) დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება. თუმცა, ჩვენი არ იყოს, მასაც ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ამ მიმართულებით.

1977 წელს, ხელისუფლებაში მოსული ოპოზიციის მოთხოვნით, ინდოეთის პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ინდირა და სანჯაი განდების დანაშაულებების შესასწავლად.

1978 წლის მარტ-აპრილში გამოქვეყნდა კომისიის მოხსენების პირველი ორი ნაწილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არ არსებობდა საფუძველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის, რა დროსაც ათასობით ადამიანი იყო უკანონოდ დააკავებული. კონკრეტულად სანჯაი განდის ბრალი წაუყენეს იძულებით სტერილიზაციის კამპანიის ხელმძღვანელობაში. ამის გარდა „ინდოეთის პრინცის“ წინააღმდეგ 30 ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის - „სახალხო ავტომობილის“ აფიორის გამო. ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ სანჯაი განდის ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა, მისი სხვა დანაშაულების გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად. თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. ასევე, დაუსჯელი დარჩა ყოფილი პრემიერ-მინისტრიც. სამართალმა ვერ გაიმარჯვა და ეს იყო „ჯანატა პარტიის“ მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც სხვა დიდ-პატარა შეცდომებიც მოჰყვა.

ამ გარემოებით კარგად ისარგებლა სანჯაი განდიმ, რომელიც 1977 წლიდან 1980 წლამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სანჯაიმ შეძლო ინდოეთის ახალგაზრდა ამომრჩევლის გულის მოგება და 1980 წლის იანვარში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში განდების პარტიამ გაიმარჯვა. პარლამენტში აირჩიეს ინდირა და სანჯაი განდებიც. მალე დედა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, ხოლო შვილი – პარტიის გენერალური მდივანი. სამოც წელს გადაცილებულმა ინდირა განდიმ ამ გადაწყვეტილებით თავისი 34 წლის ვაჟი, სანჯაი, ფაქტობრივად, პოლიტიკურ მემკვიდრედ წარადგინა. სანჯაი კვლავ ავიდა ძალაუფლების მწვერვალზე: მინისტრები და მაღალჩინოსნები მასთან მოსახვედრად კვლავ რიგში იდგნენ, ის ნიშნავდა და ათავისუფლებდა მთავრობის წევრებს, ანაწილებდა საპარლამენტო თანამდებობებს. სანჯაიმ ინდოეთის ეკონომიკის რადიკალური რეფორმირებაც მოითხოვა: უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამრეწველო საწარმოების პრივატიზაცია. სანჯაიმ და მისმა „ახალგაზრდულმა გუნდმა“ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში დაიკავა კაბინეტები. დედამისი ამ პროცესებში არ ერეოდა ან - სანჯაი უკვე არ ეკითხებოდა.

ინდოეთში კი კვლავ იქმნებოდა სანჯაი განდის „კულტი“ და პირადი ძალაუფლების "არაკონსტიტუციური ცენტრი". ამ პროცესს დაუფარავი შიშით ადევნებდნენ თვალს, როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე - „ინდოეთის ეროვნულ კონგრესში“. განდების პარტიაში კარგად ახსოვდათ, რომ წინაპერიოდში მათ თავს დატეხილ პრობლემათა უმრავლესობა სწორედ სანჯაის გაუწონასწორებელი ხასიათიდან, ამბიციური და ავანტიურისტული ბუნებიდან მოდიოდა. არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა ინდოეთის პოლიტიკური ისტორია, რომ არა 1980 წლის 23 ივნისს მომხდარი ავიაკატასტროფა.

picture2-1720763909.jpg

ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის, კერტის პიტსის მიერ შექმნილი Pitts S-2A.

1980 წლის 23 ივნისს, დილის 08:10 საათზე, სანჯაი განდიმ ორადგილიანი თვითმფრინავით - Pitts S-2A-ით ინდოეთის დედაქალაქის, დელის ცაზე განავრდება მოინდომა, მასთან ერთად ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი, კაპიტანი სუბჰაშ საქსენაც იყო. დღემდე დაუდგენელი მიზეზების გამო, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ორივე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ინდირა განდი მალევე მივიდა ავიაკატასტროფის ადგილზე, დაათვალიერა თვითმფრინავის ნამსხვრევები და შემდეგ თავის რეზიდენციაში დაბრუნდა. რამდენიმე საათის შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა იგივე გაიმეორა: მივიდა ავიაკატასტროფის ადგილზე და გულმოდგინედ ათვალიერებდა თვითმფრინავის ნამსხვრევებს. ინდირა განდის ამ, ბევრისთვის აუხსნელმა ქმედებებმა ორ ვერსიას მისცა საფუძველი: ის ეძებდა სეიფის გასაღებს, რომელიც სანჯაის თან უნდა ჰქონოდა ან თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დაზუსტება სურდა. სხვადასხვა ეჭვს საფუძველი გაუმყარა იმ გარემოებამაც, რომ ინდირა განდიმ კატეგორიულად აკრძალა ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიება. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ინდოეთის საზოგადოების შეფასება ორად გაიყო: ერთნი სანჯაი განდის დაღუპვას ეროვნულ ტრაგედიად აღიქვავდნენ, ხოლო მეორე ნაწილი თვლიდა, რომ ამ ავიაკატასტროფამ ინდოეთს დიდი უბედურება ააცილა თავიდან. ინდოეთში ბევრი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ავიაკატასტროფა მოწყობილი იყო ინდირა განდის და მისი ოჯახის რეპუტაციის გადასარჩენად.

picture3-1720763909.jpg

სანჯაი განდის ჩამოვარდნილი თვითმფრინავი.

თუ ამ ვერსიას გავყვებით, მაშინ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული ეს პოლიტიკური მკვლელობა? ინდოეთის ოპონენტ ქვეყნებს ინდირა განდის პრემიერ-მინისტრად დარჩენას, სანჯაი განდის ხელისუფლების სათავეში მოსვლა ერჩივნათ, რადგანაც ამ შემთხვევაში ინდოეთში შიდადაპირისპირება და არასტაბილურობა გაიზრდებოდა.

სფინქსივით „ფერფლიდან აღმდგარი“ და პრემიერ-მინისტრად დაბრუნებული ინდირა განდი მხოლოდ საბჭოთა რეჟიმისთვის იყო შეუცვლელი პოლიტიკოსი. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ ავიაკატასტროფამდე ექვსი თვით ადრე საბჭოთა კავშირმა ჯარები შეიყვანა ავღანეთში, მაშინ ეს ვერსია უფრო მეტად დამაჯერებელი გახდება. მოსკოვს ძლიერი და სტაბილური ინდოეთი სჭირდებოდა აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი პაკისტანის და „დიდი დრაკონის“ – ჩინეთის საპირწონედ. ამიტომ სანჯაი განდის და მისი „ახალგაზრდული გუნდის“ ინდოეთის ხელისუფლებაში მოსვლა „კრემლისთვის“ ნამდვილი კოშმარი იქნებოდა.

სანჯაი განდის კრემაცია 1980 წლის 24 ივნისს მოხდა. შემდეგ მის პატივსაცემად დაიდგა ძეგლები, მისი სახელი ეწოდა სამრეწველო საწარმოებს, ხიდებს, სკოლებს, ქუჩებს, პარკებს და ა.შ.

უმცროსი შვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ განაცხადა: „სანჯაის ადგილს ვერავინ დაიკავებს, ის ჩემი შვილი იყო, მაგრამ როგორც უფროსმა ძმა, მხარს ისე მიჭერდა... რაჯივს აკლია სანჯაის დინამიზმიო“. ამის მიუხედავად ინდირა განდიმ უფროს ვაჟს - რაჯივს სთხოვა პოლიტიკაში მის გვერდით ყოფნა. ამ დროს რაჯივ განდი პოლიტიკისგან ძალზე შორს, პირდაპირი მნიშვნელობით, „ღრუბლებში დაფრინავდა“: ის ავიაკომპანია Indian Airways-ის ერთ-ერთი ეკიპაჟის მეთაური იყო, თუმცა დედას უარი ვერ უთხრა და ინდოეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. ტრაგიკული ბედისწერა კი თან სდევდა ნერუ-განდების დინასტიას.

(მეშვიდე ნაწილის დასასრული)