ერდოღანი, პუტინი, ბაიდენი და "გეოპოლიტიკური სპილო": თურქეთის ლიდერის მწვავე ინტერვიუ - "პუტინის ყველა ნაბიჯი არ მომწონს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

ერდოღანი, პუტინი, ბაიდენი და "გეოპოლიტიკური სპილო": თურქეთის ლიდერის მწვავე ინტერვიუ - "პუტინის ყველა ნაბიჯი არ მომწონს, მაგრამ..."

ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) სათაურით „ექსკლუზივი: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჯო ბაიდენს უკრაინისა და ღაზას სექტორის გამო აკრიტიკებს“, აქვეყნებს ინტერვიუს თურქ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას იღებდა ვაშინგტონში ჩატარებულ ნატოს საიუბილეო სამიტში.

ჟურნალისტი ტომ ო’კონორი, რომელიც რეჯეფ ერდოღანს ესაუბრება, პუბლიკაციის დასაწყისში წერს: „თურქეთის პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგასა და მის ადმინისტრაციას ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მოწყობილი მხეცობების თანამონაწილედ თვლის. თურქი ლიდერი აკრიტიკებს ამერიკას და თავის ნატოელ მოკავშირეებს, რომლებიც „ცეცხლზე ნავთს ასხამენ რუსეთ-უკრაინის ომში“. თურქმა ლიდერმა ეს მკვეთრი განცხადებები Newsweek-ის მიერ გაგზავნილი კითხვების პასუხად გააკეთა.

რეჯეფ ერდოღანი, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია თურქეთს ხელმძღვანელობს, ყველაზე ძლიერ მმართველად ითვლება რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათა-თუქის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანს, თავისი კოლეგა ნატოელ ხელმძღვანელებს შორის, განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს - იგი არის უნიკალური გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნის ლიდერი. თურქეთი არამარტო ალიანსის მეორე ქვეყანაა, აშშ-ის შემდეგ, რომელსაც მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული არმია ჰყავს, არამედ ისეთი სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და იმ კონფლიქტების ეპიცენტრშია, რომლებიც უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში ბობოქრობენ.

იმ დროს, როცა ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ნატოს ერთიანობის დაცვას ცდილობს, როცა თეთრ სახლს რუსეთ-უკრაინის ომში კრემლის დამარცხება სურს, როცა ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის შეტევას „ჰამასზე“ და სძულს ირანი, რეჯეფ ერდოთანს სხვა ხედვები აქვს: იგი დასავლელ ლიდერებს უკრაინაში ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს, ხოლო კონკრეტულად ჯო ბაიდენს ბრალს სდებს იმაში, რომ იგი ყურადღებას არ აქცევს ისრაელის მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებს ღაზას სექტორში. რეჯეფ ერდოღანი სულ უფრო ხშირად იხედება აღმოსავლეთისკენ, იგი დაინტერესებულია იმ ბლოკებით, რომლებიც [ჩინეთისა და რუსეთის მცდელობით] აზიაში ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ თურქი ლიდერი ადასტურებს თავისი ურთიერთობების გაღრმავებას აშშ-სთან, იგი მკაფიოდ მიანიშნებს: ანკარის შეშფოთებისა და ინტერესების იგნორირება უკვე აღარ შეიძლება“.

როგორც რეჯეფ ერდოღანი აღნიშნავს ვრცელ ინტერვიუში, თურქეთი უკრაინის ომის დაწყებისთანავე აცხადებდა, რომ არ აპირებს მასში ჩართვას და მხოლოდ მშვიდობის დამყარებისათვის იმოქმედებს. ორწელიწადნახევრის შემდეგ ანკარის პოზიცია არ შეცვლილა: „ჩვენ ადამიანთა სისხლისღვრისა და ტანჯვის გაგრძელებას არასოდეს მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მომხრები ვართ მტკიცე მშვიდობისა, რომელიც დიალოგის გზით მიიღწევა. დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინას ზარალი უფრო მოუტანა, ვიდრე სარგებელი“.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უაზრობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რუსეთ-უკრაინის ომში [კრემლის სავარაუდო დამარცხება] პრობლემის გადაჭრა იქნება. „ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება დიალოგისა და დიპლომატიის სიბრტყეზე უნდა მოინახოს. მტკიცე მშვიდობა სისხლისღვრისა და ნგრევის გაგრძელებით მიღწეული ვერ იქნება“.

- როგორ ახერხებთ ურთიერთობების აწყობას ვლადიმერ პუტინთან - მათ შორის სირიასთან, ლიბიასთან, კავკასიასთან და გარკვეულწილად, უკრაინასთან მიმართებით? რას იტყვით პრეზიდენტ პუტინთან დამოკიდებულების შესახებ - როგორც გააგრძელებთ მასთან კავშირებს?

- ჩვენ ორივეს პრინციპული მიდგომა გვაქვს თქვენს მიერ აღნიშნული რეგიონების მიმართ. ჩვენ არსებული პრობლემების მოგვარებას გულწრფელად და გეგმიურად ვცდილობთ და არა ფარული ზრახვებისა და ემოციური რეფლექსების საფუძველზე. ჩვენ წინ მივდივართ და იმავდროულად ერთმანეთს გულახდილად ვეუბნებით - რა არის სწორი და რა არ არის სწორი. შეუძლებელია დელიკატური პროცესები უხეში მეთოდებით მოაგვარო - როგორც ამბობენ ხოლმე, „მყიფე ჭურჭლის დახლში შესული ტლანქი სპილოს მსგავსად“.

ჩვენ არ ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც რაღაც ცრურწმენებზეა დამყარებული. ჩვენ პრობლემების მოგვარებას გონივრულად და მშვიდობიანად ვცდილობთ. რასაკვირველია, მე არ მომწონს ვლადიმერ პუტინის ყველა მოქმედება და მას ყველაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საკითხების განხილვა, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.

- რას იტყვით ჯო ბაიდენთან ურთიერთობაზე? ბოლო წლებში თურქეთსა და აშშ-ს შორის გარკვეული დაძაბულობა შეინიშნებოდა - სანქციებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სფეროში, ფეთულა გიულენთან დაკავშირებით...

- უპირველსად იმას ვიტყვი, რომ „ფეტოს“ (FETO) სტრუქტურა, რომელიც აშშ-ში არის დაფუძნებული და რომელსაც იმავე ქვეყანაში მყოფი პირი ფეთჰულაჰ გიულენი ხელმძღვანელობს, ტერორისტულ სტრუქტურას წარმოადგენს და არა რომელიმე საქვემოქმედო ორგანიზაციას. ისევე როგორც „ისლამური სახელმწიფო“, „ფეტოც“ ტერაქტებს ახორციელებს. ორივე ადამიანებს ხოცავს და ორივე ზიანის მოტანას ცდილობს... ჩვენ შევეცადეთ ეს ყველაფერი აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჯო ბაიდენისთვის აგვეხსნა, მაგრამ უშედეგოდ - მას სხვა ხედვები აქვს ამ საკითხში.

გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა დამოკიდებულება გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. ჩვენ ვთვლით, რომ ისრაელის მიერ ღაზას საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების დახოცვა ადამიანის უფლებათა ყველაზე უხეშ დარღვევასა და დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-ის ადმინისტრაცია კი ამ დარღვევებს ყურადღებას არ ქცევს და ისრაელს მაქსიმალურად ეხმარება, ანუ გამოდის, რომ თვით აშშ არის ამ დარღვევების თანამონაწილე.

ჩვენ და ამერიკას სხვადასხვა პოზიცია გვაქვს ქურთისტანის მუშათა პარტიის - ტერორისტული ორგანიზაციის - მიმართ. არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებშიც ჩვენ და აშშ ვერ ვთანხმდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მეტოქეები ვართ. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ მოკავშირე სახელმწიფოებს წარმოვადგენთ. მისტერ ჯო ბაიდენის მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება გვაქვს და ვზრუნავთ ჩვენი მეგობრობის გაღრმავებაზე. თურქეთს და ამერიკას მოკავშირეობის დიდი ხნის ისტორია აქვთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო