შავი ქვრივის საქმე - მსოფლიოში ყველაზე საშიში დამნაშავის პირველი ცოლი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სიკვდილი მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

შავი ქვრივის საქმე - მსოფლიოში ყველაზე საშიში დამნაშავის პირველი ცოლი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სიკვდილი მიუსაჯეს

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს - უმმ ჰუდაიფას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

სასამართლოს მასალებში ის ასმა მოჰამედის სახელით ფიგურირებს, თუმცა ყველასთვის უმმ ჰუდაიფას სახელითაა ცნობილი.

ის 2018 წელს თურქეთში დააკავეს, სადაც სხვისი სახელით ცხოვრობდა. 2024 წლის თებერვალში ჰუდაიფა ერაყში გადაიყვანეს და დაიწყო გამოძიება. გამოძების თანახმად, ის ტერორიზმში იყო ჩართული და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს დანაშაულებრივ საქმიანობაში ხელს უწყობდა.

ბაღდადის სასამართლომ ჰუდაიფას ბრალი იეზიდი ქალების უკანონოდ, იძულებით დატყვევებასა და ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში დასდო. მის ადვოკატს კი აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

BBC-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც გამოცემას უმმ ჰუდაიფამ ერაყის საპყრობილედან მისცა, მან გაიხსენა, რომ 2014 წლის ზაფხულში ქმარმა მათთან სახლში 9 იეზიდი გოგონა მიიყვანა და მას არავითარი გავლენის მოხდენა არ შეეძლო ქმრის საქციელზე.

როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების არაადამიანური ქმედებების გამო, ათასობით ეთნიკურად იეზიდი დაიღუპა, მათ შორის - ქალები და ბავშვები.

BBC-ის კორესპონდენტებმა მოახერხეს ტყვეობიდან დახსნილი იეზიდების პოვნა და გასაუბრება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უმმ ჰუდაიფა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების საქმიანობას ხელს უწყობდა და თანამონაწილე იყო.

“ის იყო ყველაფერში დამნაშავე. ის ირჩევდა - ეს ქალი მას მოემსახურებოდა, ის მის ქმარს”, - აღნიშნა ერთ-ერთი დატყვევებულის დამ, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის სახლში ჰყავდათ მიყვანილი - "ის დამნაშავის ცოლია და ისეთივე დამნაშავეა, როგორც მისი ქმარი”.

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერაყის სასამართლომ ასობით ქალსა თუ კაცს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, თანამშრომლობასა თუ ხელშეწყობას ედავებიან.

პირველი მეუღლე

უმმ ჰაიფა ალ-ბაღდადის პირველი მეუღლე გახლდათ იმ პერიოდში, როცა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი ერაყსა თუ სირიაში ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა.

2019 წელს, დაჯგუფების დამარცხებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-ის დანაყოფებმა ალ-ბაღდადის სამალავებში, სირიაში, რეიდები ჩაატარეს, სადაც ის ოჯახის წევრებთან ერთად იმალებოდა.

ჩიხში მოქცეულმა ტერორისტთა ლიდერმა საკუთარ თავთან ერთად ორი შვილიც ააფეთქა. დაპირისპირებისას ალ-ბაღდადის 4 ცოლიდან 2 დაიღუპა. შეტაკებისას უმმ ჰაიფა თურქეთის სამხრეთით იმყოფებოდა, სადაც გამოგონილი სახელით ცხოვრობდა. სულ მალე სამართალდამცავებმა ისიც დააკავეს, 2024 წელს კი ერაყში დააბრუნეს.

გაეროს წარმომადგენელთა ცნობით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა დანაშაულს როგორც გენოციდში, ასევე - სხვა სასტიკ დანაშაულებებში. ისინი იეზიდებს აიძულებდნენ, ან ისლამი მიეღოთ, ან სიკვდილი აერჩიათ.

ერაყის სასამართლო მათ უამრავი ადამიანის წამებაში, ძალადობაში, გატაცებასა და სიკვდილში სდებს ბრალს.

სასამართლო პროცესზე მბრალდებლები 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე საუბრობდნენ, რის შედეგადაც, დაახლოებით, 1700 ერაყელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, უმეტესი მათგანი კი შიიტი იყო.

უმმ ჰუდაიფა სასამართლოზე აღნიშნავდა, რომ სამხედროების სიკვდილის გამო, ქმარს ყოველთვის საყვედურობდა და რცხვენოდა, რაც იეზიდ ქალებსა და ბავშვებს დაჰმართეს, მათ შორის - იმ 9 ქალს, რომლებიც მის სახლში მოხვდნენ.

ვინ იყო აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი?

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიში დამნაშავედ მიიჩნეოდა.

2011 წელის ოქტომბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ალ-ბაღდადი ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტად.

ალ-ბაღდადს ახასიათებენ, როგორც კარგად ორგანიზებულ და დაუნდობელ მეთაურს, რომელმაც ომის წარმოების ტაქტიკა კარგად იცის.

BBC-ის ცნობით, ის ერაყის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, ქალაქ სამარაში, 1971 წელს დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრი იყო.

2010 წელს ალ-ბაღდადი ერაყში „ალ ქაიდას“ ლიდერი გახდა. მოგვიანებით ეს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში შევიდა.

ბოლოს ალ-ბაღდადი საერთაშორისო მედიაში 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ მისი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. მანამდე, ის მედიამ 2014 წელს ნახა, როდესაც ალ-ბაღდადიმ ერაყის ქალაქ მოსულიდან მომხრეებს მიმართა და სირიასა და ერაყში „სახალიფოს“ შექმნის შესახებ განაცხადა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სირიაში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის რეიდის შედეგად მოკლეს.