"აუცილებლად დავბრუნდები და ჩავებმები პოლიტიკურ ცხოვრებაში..." - კვირის პალიტრა

"აუცილებლად დავბრუნდები და ჩავებმები პოლიტიკურ ცხოვრებაში..."

ქართველ პოლიტიკოს გოგი წულაიას, რომელიც იძულებით ემიგრაციაშია 2022 წლიდან, ბელგიაში დავუკავშირდი:

- რამდენი ხანია, რაც საზღვარგარეთ ხართ და თუ აპირებთ უახლოეს ხანებში სამშობლოში დაბრუნებას?!

- მოგესალმებით და მადლობა, რომ გაგახსენდით. წასვლით 2022 წლის იანვარში წავედი, ცნობილი ინციდენტის გამო, რომელზე ლაპარაკიც აღარ მინდა. ციხეშიც კი ვიჯექი და არა მხოლოდ ამის გამო, მქონდა ინფორმაცია, რომ ისევ უნდა დავეჭირეთ. აღარც გირაო მიშველიდა და არც არარსებული დანაშაულის აღიარება. სასწრაფო წესით გადმოვედი საფრანგეთში და მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი. თუმცა, იქ მხოლოდ დაახლოებით წელიწადი და ათი თვე დავრჩი, საფრანგეთმა უარი მითხრა. საერთოდ, ამ ბოლო წლებში იშვიათად აძლევს საფრანგეთი ვინმეს პოლიტიკურ თავშესაფარს. მიზეზად მითხრეს, - საუკეთესო სასამართლო სისტემა გაქვთ, წადი შენს ქვეყანაში და იქ გაგასამართლონო...

- ეს მაშინ, როცა ევროპა და ამერიკა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს და დაჟინებით მოითხოვენ ქართული მხარისგან სისტემის რეფორმირებას?!

- საფრანგეთში ორფრაქციანი ორგანიზაციაა, რომელიც ან განიჭებს სტატუსს, ან - არა. მსგავსი რამ, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელი ორჯერ გაეყვანათ სასამართლოზე, საფრანგეთში არასოდეს მომხდარა. არადა, პირველი სხდომის შემდეგ, რომელიც 9 მაისს ჩატარდა, მითხრეს, 31 მაისს გექნებათ პასუხიო. არადა, 2-3 დღეში დამირეკეს: შენი საქმე გაუქმდა. ახლა ახალი მოსამართლეები დაგენიშნება და სასამართლოც თავიდან გაიმართებაო. გაკვირვებული დავრჩი და ადვოკატმაც გულახდილად მითხრა: შენი საქმე აქ არ გადაწყდება, რადგან უფრო "ზემოდან" მოდის მითითებებიო. ეჭვი მაქვს, ბიძინა ივანიშვილს აქვს რაღაც ბერკეტები, რომ ფრანგულ სასამართლოშიც კი ჩაერიოს. ყველანი ადამიანები ვართ და კორუფციაც ყველგანაა. არც საფრანგეთია გამონაკლისი და არ მიკვირს, ვფიქრობ, აქაც მომწვდა ივანიშვილი, გასაქანი არ მომცა. ამიტომ გადავედი ბელგიაში და ჩავბარდი, მაგრამ ამათ აქვთ ე.წ. დუბლინის კანონი, რომლის მიხედვითაც, ვისთანაც მქონდა პირველი საქმე, ამ შემთხვევაში საფრანგეთში, იქ უნდა დავამთავრო ყველაფერი, მაგრამ ბელგიაში მეორე კანონიცაა: თუ ქვეყანაში გაუსვლელად ცხოვრობ ექვსი თვე, მერე ის "დუბლინის კანონი" აღარ გეხება და უკვე თავად არიან შენზე პასუხისმგებლები. ორი თვე დამრჩა და ვნახოთ, ჩავბარდები ისევ ბელგიას. პარალელურად, უკვე სამი თვეა, რაც საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივმართე შეწყალების თხოვნით. მეილზეც გავუგზავნე და ჩვეულებრივი ფოსტითაც, ქაღალდზე დაწერილი და ხელმოწერით დადასტურებული. წესით მიღებული უნდა ჰქონდეს და იმედია, მალე მივიღებ პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი არ მაქვს, აქ ყოველნაირად დაცულად ვგრძნობ თავს. ამ თვეების განმავლობაში ვიყავი საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში და თავისთავად, ბელგიაში. ამ წუთებში გერმანიაში ვარ. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა უშუალოდ სტადიონზე შევძელი და ძალიან ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. უბედურად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ემიგრანტების 90% მცნობს და ყველა ცდილობს პატივი მცეს. ღამის გასათევის, სითბოს და იმედის განცდა არ მაკლია, იოლად გადამაქვს ემიგრაცია. არ ყოფილა ქვეყანა და ქალაქი, სადაც მასპინძელი არ მყოლია. ჩანაწერებიც მაქვს ამ ყველაფრის შესახებ, რომლებსაც ალბათ ოდესმე გამოვაქვეყნებ. აქ ჩამოსული ქართველები მძიმე დღეში არიან და ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში გაშლილ კარვებში ათენებენ ღამეებს. მე კი სულ მქონდა ჭერი და თბილი საწოლიც, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლში და ოჯახში ვიყო. მეტად რაღა უნდა დავისაჯო - ორ წელზე მეტია ემიგრაციაში ვარ, ციხეშიც ვიჯექი. ვეღარ მიძლებს გული, მინდა იმ პროცესებში ვიყო ჩართული, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

- მაპატიეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ, რატომ უნდა იწუხებდეს თქვენი დევნით თავს ბიძინა ივანიშვილი იმ დონეზე, რომ საფრანგეთში მოგწვდომოდათ?!

- ნამდვილად ვიყავი მისთვის აქილევსის ქუსლი, თუ ტრაბახში არ ჩამითვლით. ისეთ მტკივნეულ თემებს ვუჟღერებდი, დისკომფორტს გრძნობდა ჩემგან. სხვა თუ არა, ჩემი ქუთაისი მაინც დამეთანხმება. მერე ბერა ივანიშვილსაც დავუპირისპირდი. "იმედის" ეკრანიდან რომ თქვა: ვინც დედას შემაგინებს, ყველას გავუსწორდებიო, ბრიფინგი ჩავუტარე საპასუხოდ: მე გაგინებ და მოდი, გამისწორდი-მეთქი... ბერამაც და ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იციან, რომ მოსახლეობის 40% აგინებთ, მაგრამ ამას არ იმჩნევენ, ჩემგან კი აშკარა გამოწვევა იყო...

448959065-7770026486417143-4430051804504408582-n-1720851105.jpg

- როგორ მოჩანს მანდედან საქართველოში მიმდინარე მოვლენები?!

- ძალიან ცუდად და ყველაფერ ამას მტკივნეულად აღიქვამს ემიგრაცია. თუ საარჩევნო კანონის ცვლილება არ მოხდა, დიდი შანსია, რომ ისევ წააგოს ოპოზიციამ. "ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ყველაფერზე წამსვლელები არიან. მოსახლეობის ნაწილი მართლა მისცემს მათ ხმას, ნაწილს გააყალბებენ და გამარჯვებულებად გამოაცხადებენ თავს. მე ამის საშიშროებას ვხედავ. ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ევროპის და საქართველოს მომავალი.

- ანუ ის კანონი, რომელიც მიიღეს და ამდენი აჟიოტაჟი მოჰყვა, თქვენთვისაც რუსულია?!

- რა თქმა უნდა და გინდა რუსული დაარქვით, გინდათ ნიკარაგუის. ეს არის კანონი, რომელიც შეზღუდავს თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს.

- მაშინ რით ებრძოლოს საქართველო შინაურ თუ გარეულ მტრებს, რომლებიც აშკარად ჰყავს...

- ამ კანონის მიხედვით ევროპა და ამერიკაა უპირველესი მტერი და რაღას ეხვეწები ევროკავშირში და ნატოში მიმიღეო?!. ჩვენი მთავრობა არის ის, ვისაც მუდმივად უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რაც ნამდვილად არაა ევროპული ღირებულება. 2030-ში შეგიყვანთ აუცილებლად ევროკავშირშიო. ე.ი. 30-შიც და 34-შიც ჩემს ჭკუაზე იარეთო. მიშასაც უნდოდა მუდმივი ხელისუფალი ყოფილიყო, მაგრამ ამათგან განსხვავებით, ის პოლიტიკოსი აღმოჩნდა და დაემორჩილა ამერიკელების თხოვნას, ზეწოლას თუ რაც გინდათ, ის დაარქვით და გადადგა. ესენი ვინ არიან?! ივანიშვილს მხარს უჭერს მხოლოდ ის ქვეყნები, სადაც დიქტატურებია: რუსეთი, ირანი, ჩინეთი, კორეა, რომლებშიც ერთი და იგივე პიროვნებები არიან მმართველები, სანამ სიკვდილი არ გაიყვანს რეალობიდან. ევროპა გეუბნებათ გადადექი აწიო, ამერიკაც იმავე აზრზეა და თუ მისკენ ხარ, დაუჯერე. არ შეიძლება სამი, ოთხი და ხუთი მოწვევა მუდმივად შენ იყო ხელისუფალი...

- მიშა სააკაშვილი ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია და არასოდეს ვწერ მის პიროვნებაზე, მაგრამ რა დამავიწყებს 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჩარეცხილებს რომ ეძახდა და სამსახურებიდან ყრიდა. თავად სამოცის გახდება საცაა და რატომ ცდილობს კვლავ პოლიტიკაში მობრუნებას?!

- მიშას ბუმერანგივით დაუბრუნდა ნამოქმედარი: დათესავ ქარს და მოიმკი ქარიშხალსო, ისე დაემართა. ამიტომ უნდა იყოს პოლიტიკოსი მოზომილი სიტყვაშიც და საქმეშიც. მხოლოდ მიშა კი არა, ქვეყანაც იმკის მისი შეცდომების შედეგს.

- მთავრობა და ოპოზიცია - რომელიმეს აქვს საქართველოს გადარჩენის რესურსი, შესაძლებლობა, უნარი?!

- ქვეყანა არის ჩვენი - ხალხის და მთავარია, შევიგნოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი და არა, მიშასი ან ბიძინასი. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი რაღაც შევცვალოთ და ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი, ყველა ფენას რომ ჰყავდეს სიტყვის გამჟღერებელი და დამცველი. არც ერთ მხარეს არ უნდა სჭირდებოდეს ქუჩაში გამოსვლა და აქციების გამართვა. ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე უნდა ეღირსოს ქვეყანას. არ გვინდა ერთი ატამანი და ბელადი, ერთ კაცს და პარტიას არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა. ბელგიის მაგალითს გეტყვით, რადგან აქ ვარ: ქვეყნის კოალიციურ მთავრობაში 7 პარტიაა, სამ ენაზე მიმდინარეობს სხდომები - გერმანულად, ფლამანდრიულად, ბელგიურად. ყველა თავის ენაზე საუბრობს, მაგრამ ომს არ იწყებს. არ ჭამენ ერთმანეთს ჩვენსავით და არც განსხვავებული აზრის გამო აქვთ ერთმანეთის აუტანლობა. მოსახლეობის ყველა ფენას უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი და დამცველი პარლამენტში. ესაა აქსიომა. ესაა დემოკრატია. დაბალანსებული პარლამენტი სჭირდება ქვეყანას!

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქუჩის მუსიკოსებთან ერთად მღეროდით და ძალიან ბედნიერი ჩანდით...

- ჩემთვის მართლაც ძალიან კარგი განწყობა იყო. ქართველები მღეროდნენ, გოგო და ბიჭი. შეიძლება სულაც არ უხარიათ იტალიის ქუჩებში დგომა, მაგრამ ასე შრომობენ, გადარჩენას ცდილობენ და გასამხნევებლად დავუდექი გვერდით. წარმატებას ვუსურვებ მათაც და ყველა ქართველს საზღვარგარეთ.

- დაბრუნების შემდეგ ისევ პოლიტიკაში აპირებთ ჩართვას?!

- რა თქმა უნდა. მე სხვანაირი ცხოვრება არ ვიცი და არც წარმომიდგენია. აქაც პოლიტიკაში ვარ. ქვეყნიდან ქვეყანაში გადავდივარ და ემიგრანტებს ვხვდები, მათთან ერთად ვცხოვრობ, მათ პრობლემებზე ვფიქრობ. თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მინდა ერთი რამ გავაჟღერო: მიკვირს რომ დაწყებული აქვს ოპოზიციას საარჩევნო კამპანია, ბრიუსელშიც მოუწერიათ ხელი რაღაც შეთანხმებისთვის. ყველაფერს შეეშვან და პირველ რიგში, ხელისუფლება აიძულონ, ემიგრაცია ჩართონ არჩევნებში, ყველა ქალაქში გაახსნევინონ საარჩევნო უბნები. დამიჯერონ, ეს ერთ-ერთი უპირველესი პოლიტიკური ამოცანაა.

- მე მყავს ახლობლები, რომლებიც ემიგრაციაში მიშა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წავიდნენ, რადგან აRaრ დაედგომებოდათ აქ და ახლა "ქართული ოცნება" შეიძულეს და მათ უპირისპირდებიან. ლოგიკა სადაა?!

- ის, რაც ცუდი ჰქონდა სააკაშვილს, ამათ კიდევ უფრო უარესი გახადეს და ემიგრანტები არ აპატიებენ არც ერთ მთავრობას იმას, რომ წლების შემდეგაც ჭაობშია ქვეყანა და დაბრუნების ეშინიათ...

- მადლობა ინტერვიუსთვის. მალე დაბრუნებას გისურვებთ!

- უნდა გავუძლოთ. უბრძოლველად არაფერი მოდის. შევეშვათ იმის მტკიცებას, - პოლიტიკაში არ ვერევი, მაინც არაფერი შეიცვლებაო. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია და გვევალება კიდევაც რაღაცის შეცვლა, ამისთვის კი უნდა ვიაქტიუროთ!..

ინგა ჯაყელი

ჟურნალი "გზა"