"დიახ, ჩვენ ვცადეთ პუტინის მოკვლა, მაგრამ..." - უკრაინის დაზვერვის შეფის კირილ ბუდანოვის სენსაციური განცხადება - კვირის პალიტრა

"დიახ, ჩვენ ვცადეთ პუტინის მოკვლა, მაგრამ..." - უკრაინის დაზვერვის შეფის კირილ ბუდანოვის სენსაციური განცხადება

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა NV-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ რუსეთის პრეზიდენტის მოკვლა სცადეს.

კითხვაზე, სცადეს თუ არა მათ პუტინის ლიკვიდაცია, ბუდანოვმა აღნიშნა: "ვცადეთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ წარუმატებლად“.

როგორც ბუდანოვმა ინტერვიუში თქვა, რუსი დიქტატორთან დაკავშირებით რაღაც კომპრომისებზე საუბარი აღარ შეიძლება. მან პუტინის სიკვდილი სტალინის სიკვდილსაც შეადარა და ბებიის მონაყოლიც გაიხსენა:

„როგორც მან მითხრა, ხალხს მაშინ ეგონა, რომ მთელი მათი სამყარო ჩამოინგრა, გაუგებარი იყო მომავალში როგორ ეცხოვრათ. პუტინი ხელისუფლებაში 20 წელზე მეტია, ამიტომ ხალხს მსგავსი შეგრძნება დაეუფლება, ახლა რუსებს ეშინიათ მისი დაკარგის, რადგან პუტინი მათი ცხოვრების სტაბილურობის გარანტია“, -აღნიშნავს ინტერვიუში ბუდანოვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ჭორები 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა. მაშინ აღნიშნავდნენ, რომ პუტინს გული გაუჩერდა. ინფორმაცია ანონიმურ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მედიაში პუტინის ჯანმრთელობის პრობლემებზე წერდნენ.