"თითქმის შეუძლებელი იყო მამარდასთვის გოლი გაგეტანა. სათამაშოდ რომ ვიკრიბებოდით, მასზე ტაციაობა იყო, ვინ მოასწრებდა თავის გუნდში დაესახელებინა. ამის გამო სულ ჩხუბი იყო" - კვირის პალიტრა

"თითქმის შეუძლებელი იყო მამარდასთვის გოლი გაგეტანა. სათამაშოდ რომ ვიკრიბებოდით, მასზე ტაციაობა იყო, ვინ მოასწრებდა თავის გუნდში დაესახელებინა. ამის გამო სულ ჩხუბი იყო"

"გიორგი მამარდაშვილს აქვს გასაოცარი უნარი, გამოიცნოს, სად უმიზნებს მეტოქე",

- წერს მის შესახებ მსოფლიო მედია. მის თამაშს ხშირად დაუჯერებელსაც უწოდებენ. აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომ მან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარ სამშობლოს ოცნება შეუნარჩუნა.

"მშვიდი, მოწესრიგებული, დინჯი, მშრომელი და უკონფლიქტო", - ასე ახასიათებენ სკოლის პედაგოგები.

"მეგობრული, ძალიან თბილი, კეთილი, სამართლიანი და მხიარული", - ამბობენ მასზე მეგობრები.

დღეს მოგითხრობთ ადამიანზე, რომელმაც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ქართველებს თითქოს დავიწყებული, გამარჯვების სიხარული არაერთხელ განგვაცდევინა.

mamarda3-1711558363.jpg

"გიორგიმ ფეხბურთისყურება დამაწყებინა"

ნათია შუკაკიძე, პედაგოგი:

- სანამ გიორგის ბავშვობაზე ლაპარაკს დავიწყებდე, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მთელ საქართველოს, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ჩვენი ნაკრების ასეთი წარმატება. გიორგის და მთელ ნაკრებს მალე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მინდა ვუსურვო, ყველაფერი შესაძლებელია!

- გიორგი მამარდაშვილი ყველა ქართველის სიამაყეა, თქვენი და 115-ე საჯარო სკოლის - ალბათ გამორჩეულად, არა?

- რა თქმა უნდა და ბედნიერი ვარ, რომ მის ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. მისი კლასი ჩემი პირველი სადამრიგებლო იყო, მათ მესამე კლასიდან ვასწავლიდი. ყველა გამორჩეული და კარგი ბავშვი იყო.

- ამ გამორჩეულ ბავშვებში გიორგი რით იყო გამორჩეული?

- მშვიდი, დინჯი ბავშვი იყო, საოცრად გაწონასწორებული. ყოველთვის კარგად სწავლობდა და უკონფლიქტო იყო. არ მახსენდება, ოდესმე ეჩხუბოს, ვინმეს დაჰპირისპირებოდეს. გიორგი ძალიან მიყვარს.

- გიორგი უკვე მთელ საქართველოს ძალიან უყვარს. როდესაც გესმით, რამდენად მაღალია მისი შეფასება პროფესიონალების მხრიდან, რა განცდა გაქვთ?

- ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, აქამდე ფეხბურთს არ ვუყურებდი, ყველა სპორტსმენს პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ინტერესი არ მქონდა. გიორგიმ ფეხბურთის ყურება დამაწყებინა. ამ ბიჭით ძალიან ვამაყობ.

mamarda-1-1720937253.jpg

- სკოლაში ფეხბურთის სიყვარულს რამდენად ამჟღავნებდა?

- როცა ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, გიორგი ყოველთვის ჩართული იყო, სპორტის გაკვეთილებზე ვარჯიშობდა, სკოლის მასშტაბით შეჯიბრებები ხშირად ტარდებოდა.

- არასდროს გაუბრაზებიხართ?

- არა, იცით, როგორი ბავშვი იყო? სულ თვალებით მეფერებოდა. ხომ არიან ბავშვები, რომლებიც აქტიურობენ, მოდიან, გელაპარაკებიან, გიორგი ასეთი არ იყო. კლასში, ჩემს მაგიდასთან შორიახლოს დადგებოდა და მოღიმარი თვალებით მიყურებდა. შევეკითხებოდი ხოლმე, - გიო, რამე ხომ არ გინდა? - "არა, მასწ", მეტყოდა და გამიღიმებდა. ძალიან თბილი ბავშვი იყო, ჩემდამი სიყვარულს ასე თავისებურად გამოხატავდა.

- კლასელებთან მეგობრობდა?

- ძალიან, საოცარი ბიჭები იყვნენ, არ მახსოვს, ერთმანეთი დაეჩაგროთ. რაღაც გაუგებრობა თუ მოხდებოდა, იქვე აგვარებდნენ. მათთან კონფლიქტი არ ხდებოდა.

- გამორჩეულად რომელი საგანი უყვარდა?

- ქართული და მათემატიკა. გიორგის და მის კლასელებსაც ძალიან უყვარდათ შემეცნებითი საუბრები, გაკვეთილის თემიდან ცოტათი გადახვევა, ისტორიული ამბების მოსმენა, შეკითხვებსაც ხშირად მისვამდნენ.

- გიორგის ერთი და ჰყავს, მასაც ასწავლიდით?

- არა, მაგრამ ნინი ექსკურსიებზე დაგვყვებოდა ხოლმე. გიორგის ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. როგორ განათლებას მიიღებდა მათი შვილი, ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 115-სკოლაში მეათე კლასამდე სწავლობდა, შემდეგ საფეხბურთო სკოლაში გადავიდა.

- მას შემდეგ, რაც გიორგი წარმატებული ფეხბურთელი გახდა, ხომ არ მიგიწვევიaთ სკოლაში ან თავად ხომ არ მოსულა?

- არა, ბავშვებს და მასწავლებლებსაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მოვიწვიოთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან დაკავებულია, საქართველოში თითქმის არ არის. იმედი გვაქვს, ჩვენგან მიწვევის მიღების შემდეგ, დროის გამონახვას მოახერხებს და გაგვახარებს.

- მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, საქართველოში ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს. როდესაც პედაგოგები სამასწავლებლოში იკრიბებით, გიორგის შესახებ ლაპარაკობთ?

- რა თქმა უნდა, ეს დღეები ჩვენ სულ გიორგიზე ვლაპარაკობთ, ეს ბიჭი ძალიან გვეამაყება.

- რას ეტყვით ახლა მას ჩვენი ჟურნალის საშუალებით?

- გიორგი, მიხარია, ასეთი წარმატებული რომ ხარ, მაბედნიერებს შენი ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი. გისურვებ, უფრო დიდი სიმაღლეებისთვის მიგეღწიოს კარიერაში, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. მინდა იცოდე, ასე შორიდან მე ყოველთვის შენი დიდი გულშემატკივარი და მლოცველი ვიქნები. ძალიან მიყვარხარ, გაფასებ და მეიმედები.

"ხშირად სიხარულისგან თვალზე ცრემლი მადგება, ასეთი კარგი რომ არის"

გულიკო ლორია, სპორტის პედაგოგი:

- გიორგი თავიდანვე ძალიან სპორტული ბავშვი იყო, მშობლებიც დაინტერესებულები იყვნენ, ევარჯიშა, განსაკუთრებით – მამა, ის გიორგის სკოლაში ხშირად აკითხავდა. მაშინ ერთმანეთს პარალელური კლასების ბავშვები ეჯიბრებოდნენ, სკოლის გუნდიც გვყავდა. ბავშვები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, გიორგი უმეტესად კარში იდგა. მწვრთნელი გია ბედიაშვილი იყო, სპორტის გაკვეთილებს კი მე ვუტარებდი. არასდროს გაუცდენია, მონდომებული ბავშვი იყო, ბევრჯერ ჰქონდათ წარმატებები. ბავშვებთან ურთიერთობა უყვარდა, თბილი იყო და აქტიური.

- გიორგი მაშინაც ასეთი სხარტი იყო?

- როგორც ბავშვს შეეფერება, ისეთი სისხარტე ჰქონდა. ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ბუნებრივია, ძალიან დიდი შრომის შედეგია.

- როდესაც გიორგის სპორტის გაკვეთილებზე აკვირდებოდით, გრძნობდით, რომ მომავალში მისი სახით ქართულ სპორტს დიდი ვარსკვლავი ეყოლებოდა?

- დიახ, ბავშვობიდან ეტყობათ, ვის როგორი მონაცემები აქვს და როგორები იქნებიან მომავალში. ერთი არის, რა მონაცემები გაქვს და სხვა საკითხია, რამდენად მონდომებული ხარ. ეს ბავშვი ზარმაცი არასდროს ყოფილა და სულაც არ მიკვირს, რომ დღეს ასეთი წარმატებულია.

- შენიშვნებს არ იმსახურებდა?

- არა, ბავშვური სიცელქე ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამ არასდროს გაუკეთებია, რომ დამმახსოვრებოდა ან შენიშვნა დაემსახურებინოს.

- გიორგის სპორტული წონა ლამის ყოველდღე იზრდება, კომპეტენტური შემფასებლებისგან მისი მისამართით საქებარი სიტყვები რომ გესმით, ეს თქვენთვის რა განცდაა?

- მეამაყება, რომ ამ ბავშვის აღზრდაში, ცოტა წვლილი მეც მაქვს შეტანილი. ახლაც, სანამ თქვენ დამირეკავდით, ერთ-ერთ არხზე, გიორგიზე ლაპარაკობდნენ და ვისმენდი. ხშირად სიხარულისგან თვალზე ცრემლი მადგება, ასეთი კარგი რომ არის. ფეხბურთს სულ ვუყურებ. მატჩი რომ სრულდება, მერეც ვაგრძელებ ყურებას, ჩვენი ქომაგები რა დღეში არიან.

- თქვენმა ახლანდელმა მოსწავლეებმა ხომ იციან, გიორგის მასწავლებელი რომ იყავით, მის შესახებ რას გეკითხებიან?

- რა თქმა უნდა, იციან, ყველაზე ხშირად მეკითხებიან: როგორი ბავშვი იყო? ფეხბურთი ბავშვობაშიც უყვარდა? გიორგი თავის თანასკოლელებისთვის (არა მხოლოდ მათთვის) მაგალითის მიმცემია.

- გიორგის სკოლის დამთავრების შემდეგ არ შეხვედრიხართ?

- არა.

- რას ეტყვის დღეს მას გულიკო მასწავლებელი?

- არც ერთი წუთით არ უნდა გაჩერდეს, მჯერა, უფრო და უფრო დიდი წარმატებები წინ ელოდება. ჩვენი სკოლა გლდანში, მე-8 მიკროშია, აქ ყველამ იცის, რომ გიორგი 115-ე სკოლის მოსწავლე იყო. ტრანსპორტშიც კი ყველა გიორგიზე ლაპარაკობს და ეს მე უზომოდ მახარებს.

mamardashviligiorgiiii-1719748914.jpg

"ჩემი მეგობრით ამაყი ვარ"

დავით გუბელიძე, გიორგის მეგობარი:

- პირველი კლასიდან მეათე კლასამდე ერთად ვსწავლობდით, მეგობრები ვართ. მოგეხსენებათ, გიორგი ძალიან დაკავებულია, მაგრამ ინტერნეტით მაინც გვაქვს ხოლმე მიმოწერა, მე როცა საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა, გიორგის იქაც ვნახულობდი ხოლმე.

- თქვენი ბოლოს მიმოწერა რაზე იყო?

- ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები ვუსურვე.

- როგორი ბავშვი იყო?

- მიზანდასახული, სპორტის მიმართ სიყვარულით გამორჩეული, არანაირი სიძნელე არ აშინებდა, პირიქით, მეტ მოტივაციას და ენერგიას მატებდა. გიორგი ძალიან მეგობრული, კეთილი, ყურადღებიანი ადამიანია.

- ერთად ბევრ დროს ატარებდით?

- დიახ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, უბნელებიც ვიყავით, მეგობრულ შეკრებებზე, დაბადების დღეებზე ერთად დავდიოდით. ვსეირნობდით, ვსაუბრობდით...

- გოგონებში პოპულარული ბიჭი იქნებოდა, არა?

- რა თქმა უნდა.

- ბევრი გოგო ეპრანჭებოდა?

- დიახ, მაგრამ გიორგი უფრო სპორტისკენ იყო გადართული.

- თინეიჯერობის წლებში თავად თუ იყო შეყვარებული?

- მე, როგორც მისმა მეგობარმა ვიცი, რომ იყო.

- იმ წლებში ფეხბურთის გარდა, სხვა რა ინტერესები ჰქონდა?

- მთლიანად ფეხბურთით იყო მოცული, ეს მისი პრიორიტეტი იყო. ზოგადად აქტიური ბიჭი იყო, ზრდილობიანი. შატალოზე ხშირად დავდიოდით, მთაწმინდა ფეხით მოვლილი გვქონდა.

- შატალოზე წასვლის ინიციატორი გიორგი იყო?

- ხშირად გიორგიც იყო. ზოგჯერ ჩვენი შატალო უბნელებთან ფეხბურთის თამაში იყო. გიორგი ძალიან სამართლიანი ადამიანია, ვერ იტანს ვინმეს ჩაგვრას. პატარები რომ ვიყავით, მსგავს შემთხვევას თუ დაინახავდა, აუცილებლად ერეოდა, ამის გამო ჩხუბიც მოსვლია. გიორგის გვერდით არავინ იჩაგრებოდა.

- საქართველოში რომ ჩამოდის, ერთმანეთის ნახვას ახერხებთ?

- ყოველთვის ვცდილობთ. მაგ დროს თავად თუ არ ვარ საზღვარგარეთ, ერთმანეთს ყოველთვის ვნახულობთ.

ძალიან მიხარია, მის წარმატებულ მატჩებს რომ ვუყურებ, ჩემი მეგობრით ამაყი ვარ. მისი ყოველთვის მჯეროდა, იმდენად მიზანდასახული იყო. ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს მიღწევა გიორგის მაქსიმუმი არ არის. ის მსოფლიო ასპარეზზე თავის სიტყვას იტყვის. მახსოვს, სკოლაში კლასებს შორის შეჯიბრeba ჩაატარეს, 8 გუნდი ვიყავით, ფინალამდე მივედით, მაგრამ ფინალში წავაგეთ, ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავით. იმ თამაშის შემდეგ ღამე მე და გიორგი სახლებიდან გამოვიპარეთ და ვივარჯიშეთ. ერთი წლით ადრე დავიწყეთ სამზადისი მეორე წლის ჩემპიონატისთვის და შედეგიც დაიდო, შემდეგ წელს თასი ჩვენ მოვიპოვეთ. ეს შემთხვევაც მიანიშნებს მის ხასიათზე. მარცხმა არ შეაშინა, მისთვის მოტივაცია გახდა. ჩემს მეგობარს მთელი გულით ვუსურვებ, მალე მსოფლიო გამარჯვების თასი აეწიოს!

mamarda-1720937277.jpg

"მამარდაზე ტაციაობა იყო, ვინ მოასწრებდა თავის გუნდში დაესახელებინა"

გიორგი ჭინჭარაული, გიორგის კლასელი:

- მე და გიორგი პირველი კლასიდან ერთად ვიყავით. ძალიან ერთგული ადამიანია, გულწრფელი, თავისუფალი და მხიარული. მასთან არ მოიწყენდი, არ დაიძაბებოდი. სადმე თუ წავიდოდით, ის ყველას გამხიარულებას ცდილობდა. ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდში ერთად ვთამაშობდით. ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ, რომ მამარდაშვილს დიდი მომავალი ექნებოდა.

- მაშინაც კარში იდგა?

- დიახ, მაშინაც კარგი მეკარე იყო. ჯერ კიდევ პირველ კლასში ვიყავით, რომ ამბობდა, მე საუკეთესო მეკარე უნდა ვიყოო. მაშინაც კი თითქმის შეუძლებელი იყო მისთვის გოლი გაგეტანა. სათამაშოდ რომ ვიკრიბებოდით, მამარდაზე ტაციაობა იყო, ვინ მოასწრებდა თავის გუნდში დაესახელებინა. ამის გამო სულ ჩხუბი იყო.

ძალიან მიხარია, ის ოცნება რომ აუხდა, რაც ბავშვობიდან ჰქონდა ჩაფიქრებული. გიორგიმ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ვიცი, როგორ შრომობდა და ეს ბიჭი ყველაფერს იმსახურებს, მისაბაძი და სამაგალითო ადამიანია, მეამაყება რომ ჩემი კლასელი იყო, დიდ პატივს ვცემ და კიდევ დიდ წარმატებას ვუსურვებ! მას შეეძლო, მეგობრებთან ერთად არ გასულიყო, მაგრამ ვარჯიშს არ გააცდენდა. შრომა ყოველთვის ფასდება. ადამიანი, რომელთანაც ბავშვობის დიდი ნაწილი გავატარე, დღეს ევროზე თამაშობს, რომ ვუყურებ, ლამის გული ამომივარდეს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"