"ძალიან ბევრი რამ კომუნიზმის და საბჭოთა კავშირის ბრალია. თავისუფლება არის ცხოვრება საკუთარი არჩევანის მიხედვით" - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრი რამ კომუნიზმის და საბჭოთა კავშირის ბრალია. თავისუფლება არის ცხოვრება საკუთარი არჩევანის მიხედვით"

"თავისუფლება არის ცხოვრება საკუთარი არჩევანის მიხედვით,

რა თქმა უნდა, სხვისი უფლებების პატივისცემით. დამთრგუნველი შეზღუდვების გარეშე, თავისუფლება მოიცავს, როგორც გინდა, ისე აზროვნებას, როგორც გინდა, ისე ლაპარაკს"... - ამბობს მსახიობი სოფი ხიზანიშვილი. როგორ აღმოჩნდა ის სერიალის "ბოლო სეზონი" გადასაღებ მოედანზე, რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში, რისი ფობია აქვს და რა ვერ გაბედა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2000 წლის 31 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ასტრონავტი. ცაში აფრენის, კოსმოსის უკიდეგანო სივრცის შესწავლის იდეა ძალიან მომწონდა. მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩვენი პლანეტის მიღმა და წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ვარსკვლავებს შორის მოგზაურობა.

- მსახიობობის სურვილი რა ასაკში გაგიჩნდა?

- ძალიან გვიან მოვიდა ეს სურვილი. დღეს ვთვლი, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ლაღიაო. ხშირად ვიღიმი, გულწრფელი ვარ და ძალიან მიყვარს ურთიერთობები კოლეგებთან, მეგობრებთან, მათი ამბების მოსმენა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება მსიამოვნებს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ნაკლებად მოვექცეოდი და უფრო დიდ ყურადღებას იმაზე გავამახვილებდი, თავად რა მინდა.

- დროთა განმავლობაში, თავად შენში, სტერეოტიპების მსხვრევას ახერხებ თუ ვერა?

- წლების მატებასთან ერთად ვახერხებ.

- სტერეოტიპების თავს მოხვევა საზოგადოების ბრალია? საიდან მოდის?

- მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ კომუნიზმის და საბჭოთა კავშირის ბრალია. მომდევნო თაობა ამ გავლენების ქვეშ აღარ მოექცევა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ვფიქრობ, წინ მელოდება. წარსულში მქონდა რამდენიმე სასარგებლო გამოცდილება და შესაძლებლობებიც, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც განვიხილავ, როგორც წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ოდესმე ჩემს ცხოვრებაში კარგი რამ თუ მომხდარა, ამაში დედაჩემის უდიდესი დამსახურებაა. ის ყოველთვის იყო ურყევი მხარდამჭერი, სულ მამხნევებდა, მახალისებდა. დედა ჩემი სიძლიერის მუდმივი წყაროა.

- რას გეუბნება დღეს, როდესაც ეკრანზე გიყურებს?

- დედა ყოველთვის მკაცრი იყო და დღემდე ასეა. შენიშვნებს ვიღებ, ისევე როგორც მხარდაჭერას და დიდ სიყვარულს.

- თავად რა განცდა გაქვს, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ხედავ?

- ეს პროცესი სასიამოვნო ნამდვილად არ არის, ვუყურებ იმისთვის, რომ გავიგო, რა მაქვს მომავალში გამოსასწორებელი. ამ პროცესით სიამოვნებას ვერ ვიღებ.

- ბედნიერი ვარ...

- ...და ამავე დროს ძალიან მადლიერი, რომ მეძლევა სწავლისა და ზრდის საშუალება. კიდევ ის მაბედნიერებს, რომ ბავშვებს ვუყვარვარ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი უდიდესი მოცულობის დაუმორჩილებელი თმა, რომელიც არის სიმბას ფაფარივით.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მსოფლიოს არც ერთ წერტილში ომი და კონფლიქტი აღარ იყოს. მინდა ისეთ სამყაროში ვცხოვრობდეთ, სადაც კონფლიქტები დიალოგით და მოლაპარაკებებით მოგვარდება, სადაც ბავშვები შიმშილით არ დაიხოცებიან, მათ ექნებათ წვდომა ყველანაირ მატერიალურ სიკეთეზე და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობებზე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გამძლეობა, რომელიც საშუალებას მაძლევს, გადავლახო დაბრკოლებები და ვიყო საქმეზე კონცენტრირებული.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი თვისება, სამწუხაროდ, ბევრი მაქვს. დროის მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესებაზე აქტიურად ვმუშაობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ პირველი ემოცია ყოველთვის შენი მტერია, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეული შეცდომა მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ამ უნარსაც ვხვეწ, პატიება ჩემთვის ძალიან რთული პროცესია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...სიღრმეებში მივდივარ. მერე აზრზე რომ მოვდივარ, ვხვდები, რომ აწმყოში დარჩენა სჯობს.

- ვიბნევი...

- ...უთანასწორობის, უსამართლობის არსებობა და ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ძალიან მაბნევს. ისეთი საჭიროებები, როგორიცაა საკვები და სუფთა წყალი, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანისთვის მიუწვდომელია. რა უსამართლობაა, რომ ძალიან ბევრი ცხოვრობს სიღატაკეში მაშინ, როცა სხვებს აქვთ იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდებათ.

- ვნანობ...

- ...იმ პატარა შესაძლებლობების ხელიდან გაშვების გამო, რომლებიც ადრეულ წლებში მქონდა. შეიძლებოდა, უკეთესად მოვქცეულიყავი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მათთან დროის გატარება არის მთავარი პრიორიტეტი. ყველგან ვიქნებოდი, სადაც ისინი იქნებოდნენ.

- სიყვარული ეს...

- ...არის მრავალმხრივი ემოცია, ღრმა კავშირების დამყარება სხვებთან, ეს იქნება ოჯახი, მეგობრები თუ რომანტიკული პარტნიორი. ეს არის ემოცია, რომელიც მოიცავს გამოცდილებისა და ურთიერთობის ფართო სპექტრს; ეს არის ძალის და კმაყოფილების წყარო.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მიუხედავად იმისა, რომ ის ურთიერთობა დასრულდა, მაინც სხვაგვარი მიდგომები ჩამომიყალიბდა, გამოცდილებად იქცა.

- ახლა შეყვარებული....

- ...ვარ და ერთად ძალიან ტკბილად, კარგად ვართ. ეს ადამიანი მსახიობი ოთარ აშკარელია.

- მაკვირვებს...

- ...მიზანთროპად ქცეული ადამიანების არსებობა, რომლებსაც აქვთ უნდობლობა და ზიზღი კაცობრიობის მიმართ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად და მაშინაც, დიდი სიფრთხილით.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ხანდახან იმდენ და ისეთ პასუხისმგებლობას ვიღებ, ბოლოს გადატვირთული და გადამწვარი ვარ.

- ვამაყობ...

- ...იმ ადამიანებით, ვინც დღეს ჩემ გარშემოა, ერთმანეთის მიმართ სიყვარული რომ გაგვაჩნია. ვამაყობ, როდესაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები სხედან და თვალებანთებულები თავიანთ წარმატებას ან გამოცდილებას მიზიარებენ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...პალესტინელი ბავშვების გამო. ახლო აღმოსავლეთში რა მოვლენებიც ხდება, ეს ჩემთვის გამანადგურებელია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები, მერიდება, მაგრამ მაქვს მადლიერების შეგრძნება.

- მეშინია...

- ...მწვავე ორინითოფობია მაქვს, ფრთოსნების მეშინია. ბავშვობიდან მტრედების შიში მქონდა, მერე შიში ყველა ფრთოსანზე ჩამომიყალიბდა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...არ ვიცი, ამას საყვედური დავარქვა თუ რჩევა. დედა მეუბნება ხოლმე, სახლიდან ისე თუ გახვალ, რომ შენს ოთახს მოუწესრიგებელს დატოვებ, დღეც ისეთი გექნება. როცა მოწესრიგებულ ოთახს დატოვებ, შენი დღეც კარგად ჩაივლისო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...იმ შიშებთან გამკლავება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში ჩნდება.

- ინტუიცია...

- ...მაქვს კარგად განვითარებული, შიგნიდან რაღაც მკარნახობს ხოლმე, ხშირად ვუჯერებ. ეს ინსტინქტია, რომელსაც მსჯელობა არ სჭირდება, მსჯელობის გარეშე იგრძნობა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ყოველთვის ვცდილობ, დავუკავშირდე საკუთარ თავს, გამოვიკვლიო ჩემი ინტერესები და შევინარჩუნო ჯანსაღი ბალანსი ცხოვრებაში. ეს ძალიან ღირებული დროა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...აუცილებლად ყურადღებას პოზიტიური ზეგავლენის მოხდენაზე გავამახვილებდი, ეკოლოგიას მივხედავდი, მიუსაფარ ცხოველებზე ვიზრუნებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არავითარ შემთხვევაში არ ჩავერთვები ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს მავნე სტერეოტიპებს, დისკრიმინაციას ან შეიცავს ისეთ გზავნილებს, რაც ეწინააღმდეგება ჩემს მორალს. არასდროს ვიქნები იმ პროექტის ნაწილი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თუნდაც ერთი ადამიანის კეთილდღეობას.

- მენატრება...

- ...მე ვიყავი თეა გობეჯიშვილის შოუბალეტის "ვერნისაჟი" აქტიური მოცეკვავე, მისი დაბადებიდან. ძალიან მენატრება იქაური გარემო, ის ყოველდღიური აქტივობა, რომელიც ჩემთვის დამღლელი სულაც არ იყო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ჩემი ჰობი არის გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლით სეირნობა. ყურსასმენები და "როლიკები" მეხმარება, რომ ენდორფინები გამოვყო, რომელიც მერე ჩემს განწყობას აუმჯობესებს და გონების გასუფთავებაში მეხმარება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...უღრმესი მადლობა თქვენ დრო, რომ დამითმეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ.

- სოფი, როგორია შენი სამსახიობო გამოცდილება?

- ჩემი ასაკიდან გამომდინარე, დიდი სამსახიობო გამოცდილება არ მაქვს. მესამე კურსი ახლახან დავამთავრე. "ბოლო სეზონი" იყო ჩემი პირველი გამოცდილება და კარიერის საოცარი დასაწყისი. მოუთმენლად ველოდები, გადაღებებზე როდის დამიბარებენ.

- გადასაღებ მოედანზე როგორ მოხვდი?

- თეატრალურ უნივერსიტეტში გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა) კასტინგი ჩაატარა. მივედი, კასტინგი გავიარე და მოვხვდი გადასაღებ მოედანზე.

- როგორი იყო როლზე მუშაობის პროცესი?

- სანამ გადაღება დაიწყებოდა, მანამდე იყო ვრცელი დისკუსია რეჟისორებთან, რომ გაგვეგო, ვინ იყო ჩემი პერსონაჟი, როგორი იყო, რა უნდოდა... ეს ძალიან შთამაგონებელი პროცესი გახლდათ. სერიალს 4 რეჟისორი ჰყავს: თაზო ნარიმანიძე, ვაკო კირკიტაძე, ნოდარ მარშანიშვილი და გიორგი ქობალია. ოთხივე დიდი პროფესიონალია. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯები მათთან ერთად გადავდგი.

- რა შეგიძლია თქვა პერსონაჟზე, ლილე როგორი გოგოა?

- ლილე წარმოუდგენლად მრავალმხრივი და ღრმაა. ის არის პატარა გოგო, რომელიც განსახიერებს ძალასაც და დაუცველობასაც. ფეხბურთის სიყვარული მისი იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მერაბის (გიორგი გიორგანაშვილის გმირი) გამოჩენას მის ცხოვრებაში ისეთი გრძნობები შემოაქვს, რომელიც მანამდე განცდილი არ აქვს და მგონია, ეს ურთიერთობა მის პიროვნულ ზრდას ხელს ძალიან უწყობს.

- ამ პერსონაჟთან რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავ?

- ვისურვებდი, რომ ლილესთან ბევრი საერთო მქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არის განსხვავებები, წვრილ-წვრილმა მახასიათებლებმა თავი მაინც იჩინა. მაგალითად, მეგობრების მიმართ დამოკიდებულება ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ლილესთან უფრო სიღრმისეულ კავშირში შევსულიყავი.

- ეკრანულ პარტნიორებზე რას გვეტყვი?

- გიორგი არის ძირითადი პარტნიორი. იმ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის კარი რომ შევაღე, სადაც ბახალა იჯდა და კასტინგს ატარებდა, ემოციები უსიტყვოდ გავცვალეთ, თითქოს ჩვენ ჩვენს პერსონაჟებში ეგრევე შევედით. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, ვინ იყო და როგორი იყო ლილე. მოგვიანებით, როდესაც გადაღებები დავიწყეთ, ბახალამ მითხრა, კარი რომ შემოაღე, ვიგრძენი, ლილე შენ იყავიო. მას აქვს უნარი ჯენზის თაობას მიანიჭოს დიდი სიხარული. ის კოლაბორაცია, რომელიც ჩვენ შორის შედგა, გიორგის დიდი დამსახურებაა, მან ბევრი რამ მასწავლა.

- რეალურ ცხოვრებაში რამდენად ინტერესდები ფეხბურთით?

- ლილეს ფეხბურთით გატაცება გადამდები აღმოჩნდა, მანამდე ფეხბურთს არ ვუყურებდი, ახლა ჩვენი ნაკრების თამაშებში ძალიან ჩართული ვარ და მინდა ჩვენი ბიჭები აქედან გავამხნევო, უდიდესი წარმატება და სულ გამარჯვებები ვუსურვო!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"