"თუ ეს სიმართლეა, ძალიან ცუდია, ჯერ კიდევ მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენ?!" - გია ხუხაშვილის მწვავე ინტერვიუ ოპოზიციაზე და ნიკა გილაურის შესაძლო პრემიერობაზე - კვირის პალიტრა

"თუ ეს სიმართლეა, ძალიან ცუდია, ჯერ კიდევ მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენ?!" - გია ხუხაშვილის მწვავე ინტერვიუ ოპოზიციაზე და ნიკა გილაურის შესაძლო პრემიერობაზე

"ეს არის განსაკუთრებული არჩევნები და არ ჰგავს არც ერთ წინა პერიოდის არჩევნებს", - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. რით არის 2024 წლის არჩევნები განსაკუთრებული, რა მოხდა ახლა ისეთი, რაც არასდროს მომხდარა, რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია, როგორია დღეისათვის ოპოზიციურ ველზე არსებული კონფიგურაცია? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- ოპოზიციური ამომრჩეველი სამ ძირითადად ჯგუფად იყოფა და ერთმანეთთან მაინცდამაინც არ არის შეთავსებული. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი, ე.წ. ანტინაცი ოპოზიციური ამომრჩეველი და ე.წ. მიგრაციული ამომრჩეველი, რომელიც ემოციურ არჩევანს აკეთებს და სულ ალტერნატივას ეძებს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ოპოზიციურ ველზე სამი ცენტრი შექმნილიყო, რომელიც სრულიად დაფარავდა ოპოზიციურ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. გვქონდა კიდეც მოლოდინი, რომ იქნებოდა ერთ ჯგუფში - "ნაციონალური მოძრაობა", მეორეში - "ახალი", "გირჩი" და "ლელო", მესამეში კი - ანტინაცი ანუ გახარიას პარტია და საჯარო სექტორი. როგორც დავინახეთ, "ახლისა" და "ლელოს" შეთანხმება ვერ შედგა, ეს კი ქმნის რისკს, რომ სამის ნაცვლად ოთხი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას.

- რატომ არის ეს სარისკო?

- ოთხიდან ერთმაც რომ ვერ გადალახოს ბარიერი, ეს "ქართული ოცნების" ინტერესებს მოემსახურება. სამწუხაროდ, მე იმის სიმპტომებსაც ვამჩნევ, რომ ოთხი კი არა, შეიძლება მეტი პოლიტიკური ცენტრიც შეიქმნას.

- "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ "ლელო" შეადარა საფეხბურთო მოედანზე მყოფ მოკლეკაბიან ლამაზ გოგოს, რომლის საკუთარ გუნდში ყოფნა ყველას უნდა, მაგრამ არა - ფეხბურთის სათამაშოდ. თქვენი შეფასებით, რატომ უჭირთ ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს სხვა ოპოზიციონერებთან შეთანხმება?

- "ლელო" თვითკმარი, რუსურსებით უზრუნველყოფილი ორგანიზაციაა და ეს ბევრი პოლიტიკური ძალისთვის არსებითი პრობლემაა. ამ გუნდში ბევრი ცნობილი, წარმატებული ადამიანია, შესაბამისად, დიდი ამბიციებიც აქვთ. შეუთანხმებლობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სუბიექტური, ასევე - სისტემური. ხაზარაძესა და გახარიას შორის ამ დრომდე მოუგვარებელია ანაკლიის პორტის საქმე, ცნობილი წერილის ამბავი და ა.შ.

- ერთ-ერთი ვერსიით, "ახალისა" და "ლელოს" გაერთიანება პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, "ახლებს" პრემიერობის კანდიდატად გილაურის წარდგენა სურთ, რაც მიუღებელია "ლელოს" ლიდერებისთვის.

- თუ ეს სიმართლეა, ძალიან ცუდია. რას იყოფენ - ჯერ კიდევ მოუკლავი დათვის ტყავს? რა დროს პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე საუბარია? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ პოლიტიკურ პარტიებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ პრემიერის კანდიდატურას რეკომენდაციას ის იძლევა. პასუხგაუცემელი კითხვა ბევრია, რაც ამომრჩევლის სკეპტიციზმს აძლიერებს.

- იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა, საოცრად თანამიმდევრულად სრულდება ის ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე დაიქადაო. საქმე ეხება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გადაღლას და ოპოზიციური პარტიების დაქსაქსულობას.

- იაგო ხვიჩია ძალიან საინტერესო კომენტატორია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ის პოლიტიკოსია და კარგი იქნება, თუ სხვა პოლიტიკოსების კომენტირებას ნაკლებ დროს დაუთმობს და საკუთარ პარტიას მიხედავს. ივანიშვილი, რა თქმა უნდა, შეეცდება ოპოზიციის დაქსაქსვას, მაგრამ ეს პროგნოზის კი არა, ოპოზიციის სისუსტის ამბავია. იაგო ხვიჩიამ თუ გაიგო, სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმაც ხომ გაიგეს, რა თქვა ივანიშვილმა 29 აპრილს? ხომ შეუძლიათ, სხვაგვარად მოიქცნენ? თუმცა მე არა ვარ ძალიან უიმედოდ. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების არჩევნები, ეს ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის არჩევნებია. 2024 წლის არჩევნები სწორედ ამით განსხვავდება სხვა არჩევნებისგან. ეს არის რეფერენდუმი - კონსტიტუციით არჩეული გზით გვინდა სიარული თუ რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით. ამომრჩეველმა ხმა რომელიმე პარტიას კი არა, დასავლურ ან რუსულ გზას უნდა მისცეს. შესაბამისად, ამომრჩეველი თუ სწორად გაიაზრებს ამ საკითხის მნიშვნელობას, ოპოზიციის დაქსაქსულობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" დამარცხების ალბათობა მაინც დიდია.

- იმისათვის, რომ "ოცნება" დამარცხდეს, ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ვიღაცას უნდა მისცეს ხმა?

- ივანიშვილის იარაღი ამ დრომდე ოპოზიციის სისუსტეა. რა უნდა ქნას ამომრჩეველმა? ან სახლში უნდა დაჯდეს, ან ნეგატიური არჩევანი უნდა გააკეთოს - ანუ ხმას იმას კი ვერ მისცემს, ვინც უნდა, არამედ - მისცემს იმის წინააღმდეგ, ვინც არ უნდა. ასეთი არჩევანი კი ნამდვილად არ არის კარგი. თუმცა ამომრჩეველს ორი არჩევანი აქვს გასაკეთებელი: პირველი არის გეოპოლიტიკური არჩევანი და თუ გადაწყვეტს, რომ პროდასავლურ არჩევანს აკეთებს, შემდეგ მეორე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანიც უნდა გააკეთოს. ასეთი არჩევნები საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს, სამოქალაქო ომიც გვქონდა, მაგრამ განვითარების გრძელვადიანი ვექტორი დღემდე არც ერთ ხელისუფალს არ დაუყენებია ეჭვქვეშ. ამ ხელისუფლებამ ეს მოახერხა.

ნაწილი სწორად აფასებს არსებულ ვითარებას, თუმცა ხალხთან მნიშვნელოვანი მუშაობაა საჭირო.

- ამ მოცემულობაში, როგორია "ლელოსა" და ასევე "ევროპული საქართველოს" შანსები?

- იქიდან გამომდინარე, რომ "ლელოს" ფინანსური რესურსიც აქვს და ბევრი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაც ჰყავს, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", მართალია, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს ხშირად საზოგადოებისთვის ძალიან სწორი გზავნილები აქვთ, პოლიტიკურ პარტნიორებთან უცნაური ტაქტიკა აქვთ არჩეული - დილით გამოვლენ და ყველას გამოლანძღავენ, იტყვიან, რომ მათ გარდა, ყველა დეგენერატია, საღამოს კი ამ "დეგენერატებს" ეუბნებიან, მოდი, ახლა ერთად ვითამაშოთო. დიდი ბოდიში, მაგრამ ნებისმიერ საქმეს, მათ შორის - პოლიტიკურ ურთიერთობებსაც, თავისი ეთიკა აქვს - საღამოს შენთან საქმეს არავინ დაიჭერს, ვისაც დილით დეგენერატი უძახე. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ პარტიის ბედი ძალიან ბუნდოვანია.

- თქვენ ივარაუდეთ, რომ შეიძლება კიდევ შეიქმნას რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, როგორი კონფიგურაციით ელოდებით მათ შექმნას?

- მე ის ვიცი, რომ სწორი სამი პოლიტიკური ცენტრი და უნაშთო არჩევნები იქნებოდა.

- თითოეული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე - კონკრეტულ პოლიტიკურ და აპოლიტიკურ ინდივიდებთან. თქვენ თუ მოგმართეს თანამშრომლობისთვის ან თუნდაც კონსულტაციებისთვის?

- მე ყველა პროდასავლურ ძალასთან ვთანამშრომლობ - ეს პრინციპია, იმიტომ, რომ კარგად მესმის დღევანდელი მოცემულობის მნიშვნელობა, პარტიულ-პოლიტიკურ თანამშრომლობას კი - არავისთან ვაპირებ. თავისუფალი ადამიანი ვარ და პარტიულ ვალდებულებებს საკუთარ თავზე არ ვიღებ. სამოქალაქო მოძრაობებშიც არ შევდივარ, ვინაიდან გუნდური მოთამაშე არა ვარ, არ შემიძლია გავჩუმდე მაშინ, როცა რამე არასწორად მიმაჩნია. ყველას ვეხმარები, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ, ისიც გავაკრიტიკო, ვისაც ვეხმარები.

პოლიტიკურ პარტიებს ერთი ცუდი თვისება შევნიშნე, რომელიც ძალიან არ მომწონს - ხშირად მათი ამბიციები ბევრად აჭარბებს მათ რეალურ შესაძლებლობებს, რაც მერე მთლიან პროცესს აზიანებს.

- ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სამოქალაქო მოძრაობა - "აირჩიე ევროპა" შეიქმნა. ასეთ ორგანიზაციებს რა როლის თამაში შეუძლიათ საარჩევნო პროცესში?

- რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს ითამაშებენ, მაგრამ რაიმე სერიოზული სინერგია რომ გააჩინონ, გამორიცხულია.

- გარდა იმისა, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ვერ თანხმდებიან, კიდევ რა არის მთავარი გამოწვევა?

- სიმართლე ვთქვათ, პოლიტიკური კლასის ხარისხი დაეცა, პოლიტიკოსი ლიდერები არსებულ ვითარებას სწორად ვერ აფასებენ, კაბინეტებიდან გამოსვლა და ხალხთან ლაპარაკი ეზარებათ. ის, რასაც ესენი აკეთებენ, პოლიტიკა არ არის, პროცესებს მე და თქვენც შესანიშნავად განვიხილავთ, პოლიტიკა სხვა რამეა, რაც დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას არ ესმის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხის ნდობა აქვთ დასაბრუნებელი. ამ ხალხს მარტო ქვეყნის კურსი კი არ ანაღვლებს, მილიონი სხვა ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემა აქვს. ამის გაანალიზება და ამაზე მუშაობაა საჭირო. არადა, ახლა ყველა და ყველაფერი ოპოზიციური პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს - დასავლეთისთვის უკვე კრიტიკულად მიუღებელია მმართველი გუნდი, ახალგაზრდობა უჩვეულოდ გააქტიურებულია, ბოლოსდაბოლოს, პრეზიდენტის სახით პირდაპირ ორთქლმავალი ჰყავთ გამზადებული. უამრავი ფაქტორი მუშაობს ოპოზიციის სასარგებლოდ, მაგრამ თუ თავად პოლიტიკოსები არ გაანძრევენ ხელს, ხონჩით ძალაუფლებას კაბინეტებში არავინ მიუტანს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)