ეზრას არზა ანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?!
გასულ კვირას საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია ეწვია. ის შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ცესკოს თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. "აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით", - განაცხადა ქალბატონმა ეზრამ, რომლის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ზე დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება. როგორ მან ბრძანა, აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადასცა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს: "ე.წ. "უცხოური გავლენის" კანონი ავნებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა რამეს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრება. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობისა და დაშინების ესკალაცია თანაბრად საგანგაშოა. ჩემი მეორე მესიჯი ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ჩვენ ვაგრძელებთ ასიათასობით იძულებით გადაადგილებული ქართველის ჰუმანიტარული საჭიროებებით უზრუნველყოფას. ჩემი მესამე და ბოლო მესიჯი ის იყო, რომ 32 წელზე მეტია აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ყველა ქართველის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მხრივაც. უფლება მომეცით სრულიად ნათლად ვთქვა - შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. თუმცა ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით. გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა. სწორედ მისი ვიზიტის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ჩემი აზრით, ასეთი მაღალი რანგის მოხელის საქართველოში ჩამოსვლას ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარდა, სხვა გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს ვიზიტი გამიზნული იყო არა მარტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დასამყარებლად, არამედ მოსახლეობის ფართო აუდიტორიის ინფორმირებისთვის,
რამეთუ ჩვენს ხალხს გაცილებით კარგად დაენახა, რა ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს საქართველოსთან აშშ და ამ ურთიერთობების შედეგად მას რა მოლოდინი აქვს. ის სამი გზავნილი, რაც ქალბატონმა ეზრა ზეიამ გაახმაურა, ჩვენთვის, პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედულთათვის, ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ამას ისევ და ისევ გაესვა ხაზი, რადგან ჩვენი ხელისუფლება კვლავინდებურად ცდილობს საზოგადოება შეაცდინოს თავისი თავხედური, ანტიდასავლური პროპაგანდით, რითაც, შეიძლება ითქვას, ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა... სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სავსებით ნათელი განცხადებები გააკეთა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების გასაგონად. თუ ამას "ქართული ოცნება" ისევ არ გაითვალისწინებს და ისევ გააგრძელებს ამ გაუგონარ პოლიტიკას, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთთან, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ვეღარ გაგრძელდება. ცხადი იყო აქამდეც, რომ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ის ხელისუფლებას, ჩვენს დასავლური გზიდან გადახვევაზე აუცილებლად ექნებოდა რეაქცია. ვფიქრობ, ეს სულ უფრო მძიმე სახეს მიიღებს, თუ ხელისუფლება გონზე არ მოეგება.
არ ველი, რომ "ქართული ოცნება" ხვალიდან ისევ დასავლურ რელსებზე დადგება, მაგრამ, ვიმედოვნებ, რაღაცას მაინც შეცვლის - სხვა თუ არაფერი, ამ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს მაინც მოეშვება.
ჩემი აზრით, კულუარულად აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნებისთვის" უსაფრთხოების გარანტიებზეც. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რა იქნება არჩევნებზე და როგორ გადაწყდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის საკითხი. ჩემი აზრით, ამ შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა და ანტიდასავლური რიტორიკის შერბილება. არ გამოვრიცხავ, პირისპირ საუბრისას სცადეს დაერწმუნებინათ ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომ ეს რიტორიკა თითქოს რუსეთის შესაძლო აგრესიის შესარბილებლად სჭირდებათ, ამის მიღმა კი ისინი დასავლური კურსის ერთგული არიან, თუმცა ამას ბავშვიც აღარ დაიჯერებს. ამ ვიზიტის დროსაც გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში და პირველ ყოვლისა ქართველი საზოგადოების რა რეაქცია მოჰყვება მის შედეგს.
- ამ ვიზიტამდე, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, "ღირსეული პარტნიორი", რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს "მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ". ამის გარდა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვებიც".
- ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვისაც, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური განცხადებებითა და გაფრთხილებებით ეჩვენებინათ ჩვენთვის, რომ ამგვარი ქმედებებით ვაზიანებდით მათთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობას, მაგრამ არაფერი შეისმინა "ქართულმა ოცნებამ", ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ მოქმედებებზე. გაგახსენებთ, კარგა ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" ცდილობდა ჩვენი საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს ჩვენი პარტნიორები მხოლოდ განცხადებებს დასჯერდებოდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ფაქტობრივად, იძულებული გახადეს არა მხოლოდ გადაწყვეტილებები მიეღოთ, არამედ საჯარო განცხადებებიც გაეკეთებინათ, რათა ქართველ საზოგადოებას გაეგო, რა პრეტენზიები აქვს დასავლეთს ჩვენს ხელისუფლებასთან. განემარტათ, მართლა "ომის პარტიას" წარმოადგენენ და ჩვენს იდენტობას ემუქრებიან, თუ რეალურად ბოლო 30 წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ განვითარებაში, სახელმწიფოებრიობისა და სწორედ რომ იდენტობის შენარჩუნებაში. სამწუხაროდ, დასავლეთი ვაიძულეთ გადადგას ეს ნაბიჯები და ქართველი საზოგადოება უფრო მასშტაბურად ჩაახედოს ამ პროცესებში, დაანახოს ის სერიოზული პრობლემები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დასავლური მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდება.
"ქართული ოცნება" ისეთ ღრმა ჩიხში შევიდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, არ ვიცი, რა უნდა მოიმოქმედოს, რომ ეს ვითარება გამოასწორონ. დამეთანხმებით, როცა პარტნიორს "მტერს" და "ომის პარტიას" უწოდებ, მისგან პარტნიორულ ურთიერთობას აღარ უნდა დაელოდო.
თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყანა. შექმნილი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა ძალიან გაჭირდება, თუმცა ვიმედოვნებ, "ქართული ოცნება" მომავალ არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს. ჯერჯერობით, ოპოზიცია სწორი მიმართულებით ყალიბდება. ჩემი აზრით, ბოლო აკორდი დარჩა, თუ მასაც სწორად აიღებენ, "ქართულ ოცნებას" გამარჯვების შანსი არ დარჩება.
თუ დავუშვებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა ძალაუფლება, სულაც არ გამიკვირდება, რომ არჩევნების შემდგომ სრულიად განსხვავებული მთავრობა მივიღოთ, მაგრამ ამგვარი პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება სწრაფად დაზიანდეს, მაგრამ მისი აღდგენა მარტივი არ იქნება, ამას დიდი დრო სჭირდება.
ჩვენ დროს ვკარგავთ არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ და საჭირო დროსაც ვკარგავთ. ისედაც იმდენი დრო გვაქვს დაკარგული ბოლო 30 წლის განმავლობაში და ახლა ისევ ღრმა ჭაობში შევდივართ.
ამიტომაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის "ქართული ოცნება" გახდა უცხო პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ ვითარებაში როგორ აპირებენ არჩევნებზე გასვლას, ძალიან საინტერესოა. მაგათი პროპაგანდა აღარ მუშაობს. თუ სადღაც კიდევ მუშაობს, ჩემი აზრით, ისეთი მცირე შედეგი მოაქვს, რომ "ქართულ ოცნებას" არ უშველის.
- როგორ შეიძლება აიხსნას "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი პოლიტიკა - როგორც პრორუსული კურსი, თუ დიდ გეოპოლიტიკურ რუკაზე პოლიტიკური ბალანსის პოვნის მცდელობა?
- ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ. ერთი ნამდვილად ცხადია, ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ერთი პირია, ეს ყველაფერიც სწორედ მას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე დამაჯერებელი ვერსია მაინც ის არის, რომ შესაძლოა ივანიშვილს რუსეთიდან მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. დააკვირდით, მისი შვილები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული - ერთი საფრანგეთშია, მეორე ბრაზილიაში, მესამე აშშ-ში, უმცროსი კი საქართველოში... ისეთი შთაბეჭდილება რჩება, გადამალული ჰყავს შვილები. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევაც სწორედ ამით აიხსნება - ივანიშვილის უსაფრთხოების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა. რუსეთი, მოგეხსენებათ, რა ქვეყანაც არის და მისი სპეცსამსახურებიდან მსგავსი მუქარაც და მისი შესრულებაც სრულიად მოსალოდნელია.
კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა ივანიშვილის მსოფლმხედველობა სწორედ ანტიდასავლურია, მიიჩნევს, რომ ამ რეგიონში არ არის ამერიკის ადგილი. გარდა ამისა, მისთვის გაურკვეველია, რა მოხდება უკრაინა-რუსეთის ომში, ამიტომ ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი იმის იმედით, რომ ამგვარად რუსეთს არ გააბრაზებს, გაბრაზებული დასავლეთისგან კი დიდ საფრთხეს ვერ ხედავს და შემორიგების იმედიც აქვს.
კიდევ ერთი ვერსია ის არის, რომ ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა კლანი (ეს ახალი არ არის, იგივე ხდებოდა სხვა ხელისუფლებების დროს), რომელიც დაინტერესებულია თავისი ეკონომიკური სარგებლით, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გამო ხელს ბიძინა ივანიშვილს შეახოცავენ. ამასთანავე, შესაძლოა ივანიშვილი ეძებს გარანტიებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ისევე, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, როდესაც მათ ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწიათ... ვერ გამოვრიცხავთ, ცდილობდეს დასავლეთისგან გამოივაჭროს ეს გარანტიები დამარცხების შემთხვევაში.
- ოპოზიციაში შექმნილ ვითარებასაც შევეხოთ. როგორც უკვე ბრძანეთ, ფიქრობთ, რომ სწორად ვითარდება ამ ფლანგზე პროცესები. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც "ახალსა" და "ლელოს" შორის გაერთიანება ვერ შედგა, "ახალმა", "დროამ" და ჯაფარიძის "გირჩი" - მეტი თავისუფლებამ" გაერთიანება გადაწყვიტეს და ისინი ერთად გეგმავენ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას. 8 ივლისს შედგა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, რომელზეც გაირკვა, რომ 5 ნომრით, მაგრამ არა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით წავა არჩევნებზე კიდევ ერთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც დააფუძნა პლატფორმა "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის". ჯერჯერობით კვლავაც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ყრილობაზე, ფაქტობრივად, დაასახელა თავისი გუნდის ის შემადგენლობა, რომლითაც არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. პლატფორმაში შევიდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც აქამდე "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ყოფილან და ასევე გიორგი ვაშაძის პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი".
- ძალიან კარგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე 2 პოლიტიკური ძალა შეიქმნა. ორივე მუშაობს "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველზე, რომელიც არის ძალიან მყარი და ერთგული. როდესაც ვთქვი, პროცესი სწორად ვითარდება-მეთქი, ვიგულისხმე, რომ აუცილებელია მაქსიმალურად მოხერხდეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მისვლა არჩევნებზე, თან ისე, რომ არავის ხმა არ დაიკარგოს, ანუ ყველა ანგარიშგასაწევმა ძალამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა, რათა მმართველმა ძალამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს და ვერ იხეიროს იმ ხმებით, რომელთაც მიიღებენ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიები. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი გაერთიანებების შექმნა და ელექტორალური რესურსის სრულად ათვისება. მიმაჩნია, რომ ეს ორი ძალა ე.წ. ნაციონალური ელექტორატის სრულ მობილიზებას შეძლებს. ამ ფლანგზე არის კიდევ ერთი პარტია, "ევროპული საქართველო", უმჯობესი იქნება, ის ერთ-ერთ ამ ცენტრში გაერთიანდეს, რადგან, ფაქტია, ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს. შესაბამისად, მისთვის მიცემული ხმების გაყალბება ხელისუფლებას არ გაუჭირდება. ვფიქრობ, არც "ნაციონალური მოძრაობის" ახალ პლატფორმას და არც "ახალთან" შექმნილ გაერთიანებას არ გაუჭირდება საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ახლა საინტერესოა, ვინ იქნება პირველი და ვინ - მეორე.
მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ოპოზიციური ძალების უმთავრესი ამოცანაა, მათ ხმები არ დაკარგონ, ანუ ყველამ, ვინც ოპოზიციიდან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
რჩება ელექტორატის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველი. სწორედ ამიტომ არ მივესალმებოდი "ახლების ", "დროასა" და "გირჩი" - მეტი თავისუფლების" გაერთიანებაში "ლელოს" შესვლას. "ლელო" ამ გაერთიანებას ბევრს ვერაფერს შესძენდა, მაგრამ ელექტორალურად ბევრს დაკარგავდა. მნიშვნელოვანია, რომ "ლელომ" გაერთიანება ჩამოაყალიბოს გახარიას პარტიასთან, ასევე ანა დოლიძისა და ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ ძალებთან. თუ ეს ჯგუფი შეიკვრება, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციური ელექტორატის შუაშისტურ ნაწილს ეს გაერთიანება სრულად წაიღებს, - ანუ, ერთი მხრივ, სრულად ათვისებული "ნაციონალური" ელექტორატი და მეორე მხრივ, ეს გაერთიანება ნიშნავს, რომ გადასანაწილებელი ხმები, ფაქტობრივად, აღარ დარჩება. არჩევნებში ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ისინი 0,01%-საც ვერ აიღებენ, შესაბამისად, მათ გამო არც ოპოზიციური ხმები დაიკარგება. ამაზე უნდა იფიქრონ "ლელოსა" და გახარიას პარტიაში. ჩვენ ვდგავართ ძალიან რთული არჩევნების წინაშე, მათ ახლა სოციალური გამოკითხვებით, ცალ-ცალკე შეიძლება 5%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენივეს მიღებას შეძლებენ არჩევნებზე, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს მმართველი პარტია. ისინი მზად უნდა იყვნენ ბრძოლისთვის, რაც ერთიანი ძალით გაცილებით ადვილი იქნება.
როდესაც ვახსენე, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ბოლო აკორდია ასაღები-მეთქი, სწორედ ამ გაერთიანების შექმნას ვგულისხმობდი. ვიმედოვნებ, საკუთარ ამბიციებს და ურთიერთწყენას დაივიწყებენ "ლელოსა" და გახარიას პარტიაში და შეძლებენ თანამშრომლობას.