„დიახ, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„დიახ, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ...“

"აშშ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებით", - ასე შეაჯამა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ეზრა ზეიამ საქართველოში ორდღიანი ვიზიტი, რა დროსაც შეხვედრები გამართა ხელისუფლებასა და მათ შორის, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, "აშშ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებითა და დეზინფორმაციით, რომელსაც მმართველი პარტიის ზოგი წევრი ავრცელებს, რითაც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს უქმნის და აზიანებს ჩვენს პარტნიორობასა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს". მისი თქმით, საგანგაშოა სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაზე მზარდი ძალადობა და "მმართველი პარტიის ლიდერების ერთგულ და ხანგრძლივ პარტნიორებზე, მათ შორის აშშ-ზე, დეზინფორმაციის გავრცელება. ეს მხოლოდ ჩვენი მეტოქეების ინტერესებს ემსახურება". ასევე აქცენტი გააკეთა ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანზე და თქვა, რომ აშშ "ერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უპირატესობას არ ანიჭებს და მხარს არ უჭერს".

მის ვიზიტამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ, ევროკავშირი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები სახელმწიფოს დონეზე ერთმანეთის მიყოლებით აჩერებენ საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას, ასევე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. მიზეზად სახელდება "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეცვალა და კანონიც ისე შევიდა ძალაში, რომ ეწინააღმდეგება­ ევროინტეგრაციას. რა გავლენა ექნება ყოველივე ამას საქართველოზე და ვრჩებით თუ არა დასავლელი პარტნიორების გარეშე რუსეთის პირისპირ, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, GIPA-ს პროფესორს თენგიზ ფხალაძეს­ ვესაუბრეთ:

- ეს ნიშნავს, რომ ამდენი ათწლეულის შრომა ხელის ერთი მოსმით გადაიყარა წყალში, რაც უნდა დავაბრალოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავსა და საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. არასოდეს, ასეთ კრიტიკულ ზღვარზე ჩვენი ურთიერთობა ალიანსთან არ ყოფილა.

სრულიად წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ დღევანდელ დღეს ბუქარესტის ფორმულირებაც კი ნატოს საიუბილეო კომუნიკეში არ არის.

თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ფაქტობრივად შეჩერებული იყო აქტივობა ნატოს მიმართულებით. ჩვენს პარტნიორებთან ამაზე საუბარი აღარც მიმდინარეობდა, პირიქით, იქით ვადანაშაულებდით შეთქმულებების თეორიებში და ნაცვლად იმისა, გვესაუბრა ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ის პროგრამებიც კი, რომლებიც არსებობდა, იხურება, იხურება წვრთნები, რომლის ჩატარებასაც ძლივს მივაღწიეთ, იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან სერიოზული შრომის შედეგი იყო. ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება. აი, ეს არის სწორედ პრობლემა. თუ დაჰკვირვებიხართ, საქართველოს დელეგაციას, რომელიც ნატოს სამიტზე ჩავიდა, ან რა შეხვედრები ჰქონდა, რა ფორმატებში მონაწილეობდა. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც არც იმ ინტენსივობის ორმხრივი შეხვედრები იმართება, არც იმ ფორმატებში ვართ ჩართული, სადაც ვიყავით, ამის ლოგიკური შედეგია, რაც მივიღეთ. ეს კი არა მარტო სავალალოა არამედ საგანგაშოცაა.

- წვრთნების შეჩერებას, გარდა იმისა, რომ აქვს სამხედრო კომპონენტი, პოლიტიკურად რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

- ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯებიდან და პარტნიორების შესახებ განცხადებებიდან. როგორ შეიძლება, ადანაშაულებდე მათ რაღაც შეთქმულებების თეორიებში და გადატრიალებების მცდელობებში და თან სთხოვდე, ფული ჩადეთ ჩვენთან, სახელმწიფო პროგრამებში დაგვეხმარეთო. თუ არ არის ღირებულებითი ერთობა და პარტნიორობა, თუ იკარგება ნდობა, გასაგებია, რომ თავს შეიკავებენ დახმარებისგანაც. როდესაც პარტნიორობა იკარგება, შესაბამისად, ეს ყველაფერზე მოქმედებს.

- "ოცნება" იმაზე აპელირებს, რომ მათ ხელისუფლების შეცვლა სურთ, ოპოზიციას აძლევენ სალაპარაკოს და ა.შ. ამ სანქციების დაწესების შემდეგ კიდევ ასეთი განცხადებები ურთიერთობას უფრო დაძაბავს თუ უკვე მიაღწია მაქსიმუმს?

- რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი განცხადება სულ უფრო მეტად გვაზარალებს. მილიონი ფსევდო და აბსურდული არგუმენტი შეიძლება მოვისმინოთ და აქამდეც არაერთი მოგვისმენია. ადრეც გვითქვამს, რომ ხელისუფლების ასეთი რიტორიკა მიმართულია უფრო შიდა აუდიტორიისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი აზარალებს სახელმწიფოს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ვიძახოთ და რაც არ უნდა დავიჯეროთ ამ ვითომდა არგუმენტების, სიმართლე არ დაიმალება. ყველამ ვიცით და მით უმეტეს, საერთაშორისო პარტნიორებმა ყველაზე კარგად იციან და ხედავენ ვითარებას. შეიძლება ისევ მოვიტყუოთ თავი, რომ ჩვენ ძალიან კარგები ვართ და ისინი ცუდები არიან, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ დავზარალდებით, როგორც დავზარალდით უკვე.

- ხელისუფლება განსაკუთრებით აგრესიულად აშშ-ის მიმართ არის განწყობილი. რამდენად იმოქმედა უშუალოდ ამერიკაზე ამ პოზიციამ, თუნდაც ნატოს გადაწყვეტილებაზე?

- ასეთ ვითარებაში ყველაფერი მოქმედებს. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა იყო განმსაზღვრელი ყველა სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობისთვის. როდესაც შეერთებული შტატები შენი სტრატეგიული პარტნიორია, ბუნებრივია, ის გეხმარება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაშიც და ჩვენ ამ მთავარ დასაყრდენს, რომელიც ასე ძლიერ ამაგრებდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მორყევა დავუწყეთ და შედეგიც შესაბამისია. უკვე გერმანია აკეთებს განცხადებებს, საფრანგეთი და ა.შ. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რასაც ვაკეთებთ დღეს, ამით ვარყევთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

- არჩევნებს ველოდებით იმ იმედით, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. თუკი "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში, მაშინ რა შეიძლება მოხდეს? როგორ გავაგრძელებთ დასავლეთთან ურთიერთობას? ერთი მხრივ, "ოცნება", რომელიც ჩათვლის, რომ მიზანს მიაღწია და დარჩა ხელისუფლებაში, მოინდომებს ამ გაფუჭებული ურთიერთობის შეცვლას? ამის შანსი როგორია? თუ ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ დასავლეთზე?

- როგორ შეიძლება გააგრძელო ურთიერთობა მასთან, ვისაც აგინებ და თან ლაპარაკობ პარტნიორობაზე? საერთაშორისო ურთიერთობებში პარტნიორობა ასე არ ესმით.

- "ოცნებამ" რომ თქვას, მე გავინაღდე ხელისუფლებაში ყოფნა, ახლა შევცვლი რიტორიკასო, პარტნიორობის აღდგენა მხოლოდ რიტორიკის შეცვლით შესაძლებელი იქნება?

- მე "ქართული ოცნების" მაგივრად ვერ გეტყვით, რას ფიქრობენ, მაგრამ საქმე ის არის, ნდობის დაკარგვა ძალიან ადვილია, ნდობის მოპოვება კი ძალიან ძნელი. შეიძლება ამომრჩეველზე, პარტიულ აუდიტორიაზე არჩევნების წინ რაღაც მოქმედებდეს, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები და პარტნიორობა ასე არ აიგება.

- ყველაფერი მაინც ამ ე.წ. აგენტების კანონის მიღებით დაიწყო. პრეზიდენტი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ეს ხომ არის შანსი "ქართული ოცნებისთვის", რომ უკან წაიღოს ისე, რომ მხარდამჭერების თვალში სახე შეინარჩუნოს. ეს არ იქნება საერთაშორისო დონეზე ურთიერთობის აღდგენის რაღაც შანსი მაინც?

- თუ "ოცნება" კანონს უკან წაიღებს, ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რა შეურაცხყოფაც მიაყენეს ჩვენს პარტნიორებს და იტყვის, რომ ეს ყველაფერი იყო შეცდომა, რომ მიხვდნენ ამას და პასუხისმგებლობას იღებენ, მაშინ შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი. მაგრამ ჯერჯერობით "ქართული ოცნების" არც განცხადება და მით უმეტეს, არც ქმედება არ მიუთითებს, რომ იაზრებენ ამ შეცდომას ან აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას.

- დარჩენილია რომელიმე ისეთი საკითხი, რომლის გამოც შეიძლება ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეცვალოს რიტორიკა? კიდევ აქვს რამე ბერკეტი დასავლეთს?

- დასავლეთს აქვს ძალიან მარტივი პრინციპი - თუ გინდათ დემოკრატია და დემოკრატიული განვითარება, ამაში დაგეხმარებით, თუ არ გინდათ, მაშინ იყავით ისე, როგორც გინდათო.

ევროკავშირიც, აშშ-ც და საერთოდ, ევროპა, საქართველოს გარეშე გაძლებს. საკითხავი ის არის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა როგორი იქნება, თუ არ გვექნება აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა.

- "ოცნების" რიტორიკით, პირიქით, დასავლეთს ვჭირდებით ჩვენ...

- კი, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ არა იმდენად, რომ უარი თქვას თავის პრინციპებზე, ღირებულებებზე და აიტანოს საქართველოს ხელისუფლებისგან შეურაცხყოფა, უმადურობა და ტყუილები.

- "ოცნებას" იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი გახდება და მასთან დაალაგებენ ურთიერთობას. ეს რამდენად სწორი გათვლაა და საერთოდ, ამერიკის პოლიტიკის გათვალისწინებით, რამდენად არის შესაძლებელი, რომ "ოცნებამ" ეს მოახერხოს? არის ტრამპის პრეზიდენტობა იმის გარანტია, რომ დასავლეთისთვის "ოცნება" მისაღები იყოს ისე, როგორც თვითონ უნდათ?

- ალბათ, ვიღაცას ძალიან გულუბრყვილო წარმოდგენა აქვს ამერიკის პოლიტიკაზე. ჯერ ერთი, საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა და არავინ იცის, რა მოხდება. მეორე - უნდა ვიცოდეთ, შეერთებული შტატები როგორ მუშაობს, რადგან იმ გადაწყვეტილებებს, იმ დოკუმენტებს, რომელსაც ახლა იღებს კონგრესი, რას ვუზამთ? და მესამე, - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს და მათ შორის დონალდ ტრამპიც, მოქმედებს აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მან ეს ძალიან კარგად დაგვანახა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში. ამიტომ ის ისევ და ისევ ამერიკის ინტერესების დამცველი იქნება და შესაბამისად, არც "ქართული ოცნების" და არც რომელიმე სხვა ხელისუფლების მიმართ არ იქნება ტოლერანტობა, თუკი დაინახავს, რომ ეს ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ვითარდება.

ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ხისტი იქნება, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციაა.

- არჩევნებამდე შეიძლება დასავლეთმა კიდევ ახალი ნაბიჯი გადადგას თუ ეს შეიძლება "ოცნების" ბოლო გაფრთხილებად ჩავთვალოთ?

- ჩვენ ნელ-ნელა მომსწრე ვხდებით იმისა, თუ როგორ უწევს საქართველოს ხელისუფლებას შეცდომების გამო საფასურის გადახდა. იყო ძალიან ბევრი გაფრთხილება, რაც არც შევისმინეთ, არც ვაღიარეთ და შესაბამისად, დასავლეთი მოქმედებაზე გადავიდა. რაც დრო გავა, ვითარება უფრო დამძიმდება, ვიდრე არ მივხვდებით, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

რუსა მაჩაიძე