„დასავლეთი აუცილებლად დაიწყებს იმ ძალების ხელშეწყობას, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგნი არიან“ - კვირის პალიტრა

„დასავლეთი აუცილებლად დაიწყებს იმ ძალების ხელშეწყობას, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგნი არიან“

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურმა 9 ივლისს განაცხადა, რომ ვაშინგტონს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს". საგარეო დაზვერვის სამსახურის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მმართველი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით "მასშტაბური საინფორმაციო კამპანია" შეიმუშავა.რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გადამწყვეტი როლი ანტისახელისუ­ფლებო განწყობების გაღვივებაში საქართ­ველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს. განცხადების თანახმად, "ამერიკელმა კურატორებმა" უკვე მისცეს დავალება­ ოპოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში საპროტესტო აქცი­ები დაიწყონ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილმა, აშშ-ის წაქეზებით შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში,­ რასაც მორიგი ფერადი რევოლუცია მოჰყვება. რუსეთი ირწმუნება, რომ აშშ თბილისში საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს, რასაც "საკრალური მსხვერპლი" უნდა მოჰყვეს. რუსული დაზვერვის თქმით, ამერიკელებს უკვე აქვთ ამგვარი "პროვოკაციების გამოცდილება". "საკმარისია, გავიხსენოთ კიევის მაიდნის მოვლენები, სადაც ასობით ადამიანი შეეწირა "დემოკრატიის სამსხვერპლოს", რომლებიც მათ შორის ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახოცეს", – ნათქვამია განცხადებაში.რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას პოლიტოლოგი­ მამუკა არეშიძე აფასებს:

- ჩვენ არა გვაქვს ფაქტობრივი მონაცემები ერთი ან მეორე მხარის ქმედებების­ თაობაზე, ამიტომ შეგვიძლია ლოგიკას გავ­ყვეთ. ერთი მხრივ, დასავლეთის პოზიცია დაახლოებით ასეთია: 30 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ფული ჩავდეთ ამ სახელმწიფოში (საქართველოში), უამრავი რამ გავაკეთეთ, რომ ის დასავლურ რელსებზე მდგარიყო, დახმარების სფერო იყო უსაფ­რთხოებისა და სტაბილურობის სისტემების­ შექმნა და ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო იმ იდეოლოგიის გატარება, რომელიც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი და რომელსაც დასავლური ფასეულობები ჰქვია (ეს, მათი აზრით, ჩემთვის დასავლური ფასეულობები­ ცოტა სხვა რამაა). აქედან გამომდინარე, როდესაც შენი სატელიტი ქვეყანა (საქართველო აღიქმება როგორც სატელიტი და არა როგორც პარტნიორი ქვეყანა) ცდილობს ისარგებლოს შენი ფინანსური თუ ეკონომიკური დახმარებით, მაგრამ უარს ამბობს შენი იდეოლოგიის მიღებაზე, გაღიზიანებას იწვევს. დასავლეთი აუცილებლად დაიწყებს იმ ძალების ხელშეწყობას, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგნი არიან. ეს არ ნიშნავს აუცილებლად სამხედრო გადატრიალებას, არამედ ხელისუფლების ჩანაცვლებას იმ ძალებით, რომლებიც დასავლეთისთვის საპარტნიოროდ უფრო მისაღებია, გარდა ამისა, იმ ნარატივების დასამკვიდრებლად, რაც დასავლეთისთვის აუცილებელია. არ გამოვრიცხავ, რუსეთი ამ ლოგიკური სურათის სათავისოდ გამოყენებას აპირებდეს, მით უმეტეს, არაერთხელ გვყავს შემჩნეული, რომ ხელისუფლებაში სათავისო გუნდის მოყვანას­ ცდილობს, რათა თავისი ინტერესები გაატაროს და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, სავსებით შესაძლებელია რუსები ამ ლოგიკურ სურათს ეყრდნობოდნენ და სიტუაციას აბუქებდნენ. მიუხედავად ამისა, ლოგიკური მოცემულობა არსებობს და ეს განცხადება უსაფუძვლოდ არ არის გაკეთებული, თუმცა შევთანხმდეთ, რომ სურათი გაბუქებულია.

- აქ მხოლოდ იდეოლოგიის გაუზიარებლობაშია საქმე თუ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლასაც აპროტესტებს დასავლეთი?

- ვექტორის შეცვლას ჯერ ვერ ვხედავ. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების დასავლეთთან არსებული ვალდებულებებისგან დისტანცირება ჩანს, მაგრამ ის არ გამოდის არც ერთი სახელშეკრულებო სივრციდან, რომელიც აქვს დასავლეთთან - ნატო იქნება თუ ევროკავშირი. დისტანცირება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ ხელისუფლების რუსეთთან დაახლოებას, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დონეზე, ვერ ვხედავ.

- რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის­ განცხადება თანხვედრაში ხომ არაა იმ ნარატი­ვთან, რომ "გლობალური ომის პარტია გვებრძვის"? ეს ხომ არ ემსახურება შიშის დათესვას,­ რომ მოსახლეობა მუდმივად ომისა და ესკალაციის მოლოდინით აცხოვროს?

- საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან დაძაბულობისა და მოსალოდნელი ომის რეჟიმშია. ამის შემქმნელები ხან ჩვენი მეგობრები­ არიან, ხან მტრები. მინდა საზოგადოებამ ამ ყველაფერს ცივი გონებით შეხედოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ, რომ რასაც აკეთებს ერთი ან მეორე მხარე, ეს მათი ინტერესებიდან არის გამომდინარე. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ მათი ინტერესები, ნაწილი გავითვალისწინოთ­ და შემდეგ შევადგინოთ ჩვენი ინტერესების­ ნუსხა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. პატარა ქვეყნის ბედი დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, ასეთია, თან ისეთი ქვეყნის, რომელიც გეოპოლიტიკურად საკვანძო ადგილას მდებარეობს. ჩვენ ძალიან­ რთულ მდგომარეობაში ვართ ამ მხრივ და უაღრესად მოქნილი დიპლომატია გვმართებს, თორემ ორივე მხარე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა და ამაში გასაკვირი არაფერია. დიდ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, არსებობს დროებითი ან ხანგრძლივი პარტნიორობა, მაგრამ ამას პარტნიორობა ჰქვია და არა მეგობრობა.

- სალომე ზურაბიშვილის როლიც ცოტა გაზვიადებული ხომ არ არის ამ სცენარში?

- მოვლენების განვითარების ამ ლოგი­კაში კარგად ჯდება ზურაბი­შვი­ლის ფიგურა, რომელმაც გარკვეული ინიციატივები გამოიჩინა ოპოზიციის კონსოლიდაციისთვის, მაგრამ კონსოლიდაციის იმ ფორმამ, რომლის რებრენდირებაც პრეზიდენტმა მოახდინა, არ იმუშავა. ჩვენს ოპოზიციას თავისი სპეციფიკა აქვს და ის, ისევე როგორც მთელი ქართული პოლიტსპექტრი, დაკომპლექტებულია ქართველებით,­ რომლებსაც აქვთ ერთი თვისება - უჭირთ განსაკუთრებული ლიდერის მდგომარეობის დათმობა და მოქმედებენ ძირითადი პრინციპით "მე ვარ და ჩემი ნაბადი". ასეა თუ ისე, ამ წერილში სალომეს როლის გაზვიადება კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ტექსტი დამყარებულია არა კონკრეტულ მონაცემებზე, არამედ ვარაუდებზე და იმ ლოგიკაზე, რომელზეც გვქონდა საუბარი.

- ოპონენტების თქმით, მოსკოვი ხვდება,­ რომ არჩევნებზე "ოცნების" გამარჯვება სათუოა­ და მსგავსი საინფორმაციო პროპაგანდით ხელის­უფლების გადარჩენას ცდილობს...

- სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ხშირად თეთრის და შავის დონეზე აზროვნებს და წვრილმანებს არ აქცევს ყურადღებას. არადა, ეშმაკი წვრილმანებშია. რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი ტიპის ხელისუფლება, როგორიც იყო შევარდნაძის, სააკაშვილის და ამჟამინდელი ხელისუფლებაა. ისევე როგორც დასავლეთს, რუსეთს სჭირდება სატელიტი საქართველოს სახით. მისთვის მიუღებელია ოკუპანტის ტერმინოლოგია, რომელიც ძალიან უშლის ხელს საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში. წარმოიდგინეთ, საქართველოში იჯდეს ხელისუფლება, რომელიც შეაჩერებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, მიიღებს იმ მოცემულობას, რაც არსებობს (შეიძლება არ აღიაროს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ მიმართულებით აქტივობას შეაჩერებს) - აი, ეს არის რუსეთისთვის საჩუქარი, ასეთი ხელისუფლება სურს საქართველოშიც­, სომხეთშიც, ყაზახეთშიც და ა.შ. დღეს რუსეთისთვის ისეთი­ ხელისუფლება, როგორიც თბილისშია, აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ, რომ თუ დღეს ხელისუფლებამ, დავუშვათ, შეცვალა­ ვექტორი, თუ საჭირო გახდა, ხვალაც შეცვლის - მოსკოვის გადმოსახედიდან ასეა. რაც უნდა ილაპარაკონ ზახაროვამ, სოლოვიოვმა და ვიღაცებმა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ ეს არის საჯარო განცხადებები, სინამდვილეში რუსული პოლიტიკა და (არც არავისი) საჯარო განცხადებებით არ კეთდება. ჩვენ ამას ასე უნდა შევხედოთ - მოსკოვისთვის ისევე მიუღებელია საქართველოს ხელისუფლება, როგორიც იყო შევარდნაძის, რომელიც ვითომ თანამშრომლობდა კრემლთან, სინამდვილეში თავის საქმეს აკეთებდა.

- რომელი ძალაა მათთვის სასურველი?

- მე არ ვიცი, დღეს ვინ ასრულებს მეხუთე კოლონის როლს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, იმიტომ, რომ რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს თუ გადავხედავთ, არც ერთი არაა ისეთი წონის, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური კლიმატი შეცვალოს, ამიტომ თქვენს დასმულ კითხვაზე პასუხი არა მაქვს. თუ ახლა ვიღაცა მეხუთე კოლონის როლს ასრუ­ლებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აშკარად რუსული არც ერთი არ არის. ხშირად ახსენებენ "პატრიოტთა ალიანსს", მაგრამ მისი პრორუსული პოზიცია ყურით მოთ­რეულია. ის თავის როლს თამაშობს და არ ნიშნავს­, რომ პრომოსკოვური ორგანიზაციაა. შეიძლება რუსეთთან ურთიერთ­ობის საკითხებთან მას უფრო სხვა ტიპის მიდგომები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პრორუსულია. მე ვერ ვხედავ საქართველოში რუსეთის საყრდენს, ისეთს, რომელიც პროდუქტს შექმნის, ისე, წვრილ-წვრილი საყრდენები არის, რასაკვირველია.

დღეს ბევრი ტრაბახობს, რომ შარვალი­ ჩაიხადა და რუს მესაზღვრეებს უკანალი აჩვენა, ეს ჟესტი ჟესტად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ჩვენი თაობის ბევრი წარმო­მადგენელი ასე კი არ ებრძოდა რუსეთს­ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რუსეთთან ომში უშუალოდ მონაწილეობდა, ისევე,­ როგორც შემდეგი თაობის წარმომადგენლები 2008 წლის ომში. ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს უნდა ჩვენს თაობას ეს დაუვიწყოს, მაგრამ არ გამოვა, ჩვენ უშუალოდ გვაქვს მონაწილეობა მიღებული რუსეთთან ომში. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია, მასთან დიალოგის, გარკვეული ურთიერთობების სისტემის შექმნის გარეშე ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ რეგიონში ძალიან გაჭირდება იმ ამოცანების მიღწევა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჩვენთვის აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, რასაკვირველია, საქართველოს საწინააღმდეგო.