„ცენტრები“, დეკლარაციები, კომბინაციები და კონფიგურაციები
პოლიტიკაში წარმატების მიღწევისთვის მთავარია საზოგადოების თვალში წონა გქონდეს, ამის წინა პირობა კი თანამიმდევრულობა და პრინციპულობაა. შესაძლოა ამომრჩევლის ნაწილს პიროვნულად ესიმპათიურებოდე, შენი ინტერვიუები მოსწონდეს, მაგრამ თუ მას არ სჯერა, რომ წარმატების შანსი გაქვს, არ შეიწუხებს თავს, რომ საარჩევნო ყუთთან მივიდეს. გარდა ამისა, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, ამომრჩეველს ცრუ მოლოდინი არ უნდა გაუჩინო და შემდეგ, როდესაც ის არ ახდება, არ უნდა მიიღო ისეთი სახე, თითქოს არც არაფერი მომხდარა და დიახაც, ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი. ამომრჩეველს სიმართლე უნდა უთხრა. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მედიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანება. თუმცა...
"მცირე უთანხმოება" ანუ გილაურის ფაქტორი?!
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რითი იყვნენ დაკავებული პარტიები და ექსპერტები ბოლო 6-7 თვის განმავლობაში? იმაზე საუბრით, 26 ოქტომბრისთვის ოპოზიციას ერთიანი სიით უნდა ეყარა კენჭი თუ "ნაცმოძრაობასთან" არააფილირებული თუ მისგან გამოყოფილი პარტიები უნდა დაჯგუფებულიყვნენ ე.წ. მესამე ცენტრად. იმდენი ილაპარაკეს, ლამის ბავშვები თამაშობდნენ ქუჩებში ე.წ. მესამეცენტრობანას. ასევე, გავიხსენოთ, რა იყო ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი მესიჯი - 26 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, რეფერენდუმია, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, საქართველოს გადაჩეხა ემუქრება, შესაბამისად, რა დროს პარტიულობაა, პირიქით, თხა და მგელიც კი ერთად უნდა დადგეს არჩევნებში, რომ როგორმე ეს ხელისუფლება წავიდესო. მოკლედ, ისეთი საინფორმაციო გარემო შექმნეს, რომ გამოდიოდა, არგაერთიანება ლამის, ღალატის ტოლფასი იყო. "დამაჯერებლობისთვის" 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში გააფორმა დეკლარაცია და საზოგადოებას ამცნო, რომ 8 ივლისს ნათელი გახდებოდა ახალი ოპოზიციური კონფიგურაცია. 9 ივლისს ვიხილეთ ასეთი კონფიგურაცია: გვარამია-მელიას "ახალი", +ზურა ჯაფარიძის "გირჩი" +პლუს ელენე ხოშტარიას "დროა". ამ ბრიფინგზე გვამცნეს ისიც, რომ "ლელოსთან" გაერთიანება "მცირე უთანხმოების" გამო არ შედგა. მანამდე იყო კიდევ ერთი ისტორია - არ შედგა უფრო დიდი ოპოზიციური გაერთიანება, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, "ნაცმოძრაობაც" უნდა ყოფილიყო, "ლელოც" და გახარიაც. ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, გაუჩნდა კითხვა: კი მაგრამ, თუ ქვეყანა იღუპება და თავადვე ამტკიცებდით, რომ ერთიანობა და თანამშრომლობაა გამოსავალი, "მცირე უთანხმოების" გამო ეს ყველაფერი გაბათილდა?! გარდა ამისა, ალბათ, ამომრჩეველი იმსახურებს ვერსიების დონეზე კი არ მოისმინოს, თუ რატომ ჩაიშალა გაერთიანება, არამედ გაიგოს პირადად ლიდერებისგან. ისე არ გამოვიდეს, თითქოს თქვენს მონა-მორჩილს ოპოზიციის გაერთიანება მიაჩნია არსებული სიტუაციიდან გამოსავლად. არა, უბრალოდ, იმას აღვნიშნავთ, რომ თავად შექმნეს მოლოდინი, გახდნენ ამ მოლოდინის მძევლები და ახლა უწევთ უკან დასახევი გზების გამონახვა. ვინ დაზარალდება ამით და ვინ მოიგებს, ამაზე პასუხი, ალბათ, თითოეულმა თქვენგანმა იცის.
"წითელი ხაზები" ანუ ვინ ვის არ ელაპარაკება?!
სანამ "მცირე უთანხმოების" შესახებ ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, ყველას გიგა ბოკერიამ "დაასწრო". ოპოზიციას ჩაუტარებია კვლევა, რომელიც თავის ფბ-გვერდზე ბოკერიამ გაასაჯაროვა. მოკლედ რომ ავხსნათ, ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე ოპტიმალური გაერთიანება იქნებოდა ასეთი კონფიგურაცია: "ლელო", "ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის", "დროა" და "ევროპული საქართველო". თუმცა, როგორც ჩანს, ბოკერიას მიერ პოსტის დაწერის მთავარი მიზეზი იმის ხაზგასმა იყო, რომ "ევროპულ საქართველოს" სხვა ოპოზიციური პარტიები არ ელაპარაკებიან. როდესაც სხვები არ გელაპარაკებიან, ალბათ, პირველ რიგში, კითხვა "რატომ?" - შენს თავს უნდა დაუსვა. ისევე როგორც, მაგალითად, ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ, იაგო ხვიჩიამ თუ ვახო მეგრელიშვილმა. რბილად რომ ვთქვათ, მათთან თანამშრომლობის დიდი ენთუზიაზმი სხვა ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სხვა მიზეზების გამო არ ელაპარაკებიან, ბოკერიას კი სულ სხვა მიზეზების გამო. მაგალითად, პირველის შემთხვევაში შესაძლოა გაშფოთებდეს მისი დიდი ამბიციები და მუდმივად მენტორის როლში ყოფნის მცდელობა, სხვების შემთხვევაში კი ის, რომ გადამწყვეტ მომენტში სხვა "ნავში" არ გადახტებიან. რაც შეეხება "მცირე უთანხმოებას" "ახალსა" და "ლელოს" შორის, არსებული ინფორმაციით, ამ "უთანხმოებას"აქვს კონკრეტული გვარ-სახელი - ნიკა გილაური. საქმის კურსში მყოფი ხალხი ამბობს, რომ ნიკა გილაურმა თავად გამოიჩინა პოლიტიკაში ჩართვის ინიციატივა "ახლების" გავლით (სავარაუდოდ, ბენეფიტად ფინანსური რესურსიც მოჰყვებოდა). მეტიც, გვარამია-მელიას გილაური პრემიერობის კანდიდატად სურდათ. თუმცა ამავე ვერსიით, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა მამუკა ხაზარაძე. თუ რატომ, ალბათ, ამას ზედმეტი განმარტებები არ სჭირდება. უფრო მანამდე იყო გიორგი გახარიას რევერანსები "ლელოსადმი" და საუბრები იმაზე, რომ მისი პარტია ხაზარაძის პოლიტორგანიზაციასთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე თანახმაა. ამან ექსპერტთა იმ ნაწილის დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ე.წ. მესამე ცენტრი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებას უნდა დაჰფუძნებოდა. თუმცა ეს აღტკინება "ლელომ" არ გაიზიარა. გახარიას მუქარის წერილი და ანაკლიის პორტი - როგორც ჩანს, ამ ბარიერის გადალახვა მამუკა ხაზარაძისთვის შეუძლებელია. ცოტა მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ოპოზიციური გაერთიანება ნიკა მელიას პოზიციის გამო ჩაიშალა, რომელსაც კატეგორიულად არ სურდა იმ პარტიასთან თანამშრომლობა, საიდანაც კეზერაშვილმა გამოაგდო. როგორც ზემოთ ვთქვით, საბოლოოდ შეიქმნა ასეთი გაერთიანება: "ახალი", "დროა", "გირჩი". სხვათა შორის, ზურა ჯაფარიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლობისტი იმისა, რომ "ნაცმოძრაობას" და დანარჩენ პარტიებს საერთო საარჩევნო სია შეექმნათ. როდესაც არ გამოვიდა, კეზერაშვილის ნაცვლად გვარამია-მელიას დუეტი აირჩია პარტნიორად. ალბათ, იმედი აქვს, რომ მისი პოლიტიკური ამბიციები უფრო რეალიზებული იქნება, რადგან კეზერაშვილს "პარტნიორებთან" ურთიერთობის ცოტა სხვა სტილი აქვს - "პარტიას მე ვაფინანსებ და მუსიკასაც მე ვუკვეთ". ყველაზე საინტერესო იყო ზურა ჯაფარიძის პოსტი, რომელშიც მან "კრიტიკულ მედიებს" მიმართა. მოკლედ რომ ავხსნათ, ჯაფარიძე მედიებს სთხოვს, არ გაამახვილონ ყურადღება ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე და ენთუზიაზმი გააღვიძონ მოქალაქეებში, რომ არჩევნებზე მივიდნენ. სერიოზულად?! კი მაგრამ, ამ მედიებს საინფორმაციო საბაბს ვინ აძლევს?! წარმოიდგინეთ, მაგალითად, გიგა ბოკერია ბარამიძეს სააკაშვილის "პოლიტიკურ მონას" უწოდებს, მელია კეზერაშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს და ამ დროს ჟურნალისტმა უნდა უთხრას, არა, ბატონო გიგა თუ ბატონო ნიკა, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ ხალხს ენთუზიაზმი უნდა გავუღვივოთ და ის მოგვიყევით, თუ როგორ აპირებთ ქვეყნის გადარჩენასო... სასაცილოა. მივიღეთ საბოლოო კონფიგურაცია?! როგორც ჩანს, საბოლოოდ 26 ოქტომბერს მივიღებთ ასეთ სურათს. ძირითადი მოთამაშეები იქნებიან: "ოცნება", "ნაცმოძრაობა", ლელო", გახარიას პარტია და გვარამია-მელია-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი. ალბათ, "შევსებას" გარედან (ოპოზიციას ვგულისხმობთ) აღარ უნდა ველოდოთ. ერთადერთი, შესაძლოა გახარიას პარტიაში ვიხილოთ "ოცნების" ყოფილი წევრები. სავარაუდოდ, დამოუკიდებლად მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა და დიდი ალბათობით, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო "გირჩი", ანა დოლიძე, "ევროპული საქართველო" და ა.შ. თუმცა ზოგიერთისთვის "განსაცდელს" ბოლომდე არ ჩაუვლია. მაგალითად, "ნაცმოძრაობაში" ბევრს არ მოსწონს, რაც 8 ივლისს მოხდა. ეს პარტია "გადაკეთდა" პლატფორმად "ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად" და დიდი ზარ-ზეიმით წარადგინეს პლატფორმის ახალი წევრები: სოფო ჯაფარიძე, გია ჯაფარიძე (ზურა ჯაფარიძის ძმა), არმაზ ახვლედიანი და ლაშა ბაქრაძე. გიორგი ვაშაძე "ნაცმოძრაობასთან" მანამდე იყო ალიანსში. არსებული ინფორმაციით, "ნაცმოძრაობის" წევრთა არცთუ მცირე ნაწილმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რას შესძენენ პარტიას ზემოხსენებული პირები? ანუ ამ ახალი ხალხის დამატებით თავად "ნაცმოძრაობის" წევრთა ნაწილი ვეღარ მოხვდება სიაში და "გუშინ მოსულებს" უნდა დაუთმონ ადგილი. არადა, საარჩევნო ბატალიების ძირითადი ნაწილი სწორედ "ნაცმოძრაობის" კისერზე გადაივლის. ამას ემატება კეზერაშვილის მართვის სტილით უკმაყოფილება, რომელსაც შეუძლია პარტიის თავმჯდომარე უბოდიშოდ, ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე ჩააჩოჩოს და ამ პოსტზე სულ სხვა ფიგურა დასვას. გარდა ამისა, უპასუხოა კითხვა, ვის ექნება პარლამენტში გამსვლელი სიის დაკომპლექტებისას უპირატესობა - სააკაშვილს თუ კეზერაშვილს? ეს "ვულკანი" როდის ამოიფრქვევა, არავინ იცის.
გიორგი კვიტაშვილი