„დღეს ბევრი ქალი უფრო მეტს სცოდავს, ვიდრე მამაკაცი“ - კვირის პალიტრა

„დღეს ბევრი ქალი უფრო მეტს სცოდავს, ვიდრე მამაკაცი“

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ადვოკატი, სისხლის სამართლის იურისტი ლალი ბუნტური ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენაზე გაიცნო. მის განცხადებებს არაერთგვაროვანი, კრიტიკული შეფასებებიც კი მოჰყვა და მისი ვიდეოები თუ ფრაზები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. ქალბატონ ლალის ინტერვიუსთვის დავუკავშირდი:

- არც ჯანმრთელობა მაქვს ისეთი, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობა დავიკავო 6 წლის განმავლობაში და არც ასაკი მიწყობს ხელს - 66 წლის ვარ, თუმცა ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო. მსურს ჩემი ქვეყანა ისეთი იყოს, მე რომ მინდა - კაცი კაცს ჰგავდეს და ქალი - ქალს, ბავშვი ბავშვს, პედაგოგი პედაგოგს და მოსწავლე მოსწავლეს. სისხლის სამართლის ისეთი­ საქმეები გვაქვს, რომლებიც წლების განმავლობაში თაროზეა შემოდებული; ადამიანებმა სასჯელი მოიხადეს ან ახლა სხედან­ იმის გამო, რაც არ ჩაუდენიათ; უვადო პატიმრები გვყავს, ერთი ჩემი დაცვის ქვეშაა,­ მტკიცებულებებს ვეძებ, რომ ახალი გარემოებით მივმართო სასამართლოს, მას ბრალად ედება გაუპატიურება მკვლელობით, თუმცა არაფერი უდასტურდება; ეს ბიჭი ერთი პატიოსანი, მშრომელი ოჯახის შვილი იყო, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს დირექტივა გასცეს, რომ ეს ოჯახი უნდა განადგურებულიყო... მის სოფელშიც ყველამ იცის, რომ უდანაშაულოა და აქეთ მკითხეს, ეს მთავრობა უპატრონოებს ჩაგრავსო? თუ გენერალური პროკურორი გავხდები, აუცილებლად გადავხედავ უვადო პატიმრების საქმეებს.

- ოჯახურ ძალადობაზე ისეთი მოსაზრებები გამოთქვით, რაც ზოგს არ მოეწონა.

- ჩემი გასაუბრების შემდეგ ბევრი კრიტიკული კომენტარი დაიწერა, უხამსიც, არც გავიმეორებ იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს... მათმა მშობლებმა ვერ უნდა იამა­ყონ ასეთი შვილებით... კი არ გავბრაზდი, შემეცოდა, მაგრამ როცა პასუხისმგებელი პირი ხარ, არც უნდა შეგეცოდოს...

როდესაც ქალი დახმარებისთვის პოლიციას მიმართავს, მის მეუღლეს აკავებენ და გადაჰყავთ დაკავების იზოლატორში, მერე სასამართლოზე ის ქალი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით მოდის, პრეტენზია არ გამაჩნიაო, ესე იგი, იქ არ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს, საქმე აღიძრას. ქალი, რომელიც პოლიციამდე მივა, იმ მეუღლესთან აღარ უნდა გაჩერდეს. დღეს ბევრი ქალი უფრო მეტს სცოდავს, ვიდრე მამაკაცი. ჯერ ვუჩივით, მერე პრეტენზია არ გვაქვს და მერე ისევ ვუჩივით. ამ დროს ის ქალიც უნდა დაისაჯოს და როცა დასჯის ერთი პრეცედენტი დაფიქსირდება, მერე აღარ გაიმეორებს არც ქალი და არც მამაკაცი.

როცა ქალი წარმატებული გახდა, მეუღლეს ზემოდან დაუწყო ყურება, ჩვენ კი კავკასიელები ვართ, ჩვენი მენტალიტეტი გვაქვს და ეს კაცს აღიზიანებს. ნათქვამია, კაცი კაცს უნდა ჰგავდეს, არა მოჭრილ ხესაო. ეს საუკუნე, ეს დრო ჩვენს მენტალიტეტს ვერ ცვლის. განვითარებას არავინ არავის უშლის, განვითარდი, მაგრამ ნუ დაივიწყებ ვისი ჯიშისა და მოდგმისა ხარ, ვისი ფესვებიდან მოდის შენი ყლორტები. ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე, მე არა მაქვს უფლება, ვინმეს ვუღალატო - მამაჩემის მამა ხევისბერი იყო, ხატის წინამძღოლი, ჩვენს გვარს ჩვენი კანონები გვაქვს, ღირებულებები, პასუხისმგებლობები. ეს იოლი არ არის და არც გენერალური პროკურორობაა ადვილი. დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც უნდა შეგეძლოს ზურგით ატარო.

img-7221-1720983387.jpg

- არსებობს ადამიანური სამართალი და არსებობს კონსტიტუცია, კანონები, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა. თქვენს პრაქტიკაში თუ დამდგარხართ დილემის წინაშე, კანონით დამნაშავედ ითვლებოდა პირი, გარემოებები ისე მოეწყო, მაგრამ ადამიანური მიდგომით შესაძლოა სხვაგვარად ყოფილიყო?

- ზოგიერთ საქმეზე ხევისბერს რომ ემსჯელა, თავის მოკვეთის ბრძანებას გასცემდა. საბედნიეროდ, ახლა სიკვდილით დასჯა აღარ არსებობს. მთის ხალხს ჩვენი კანონები­ გვაქვს, რომელსაც სახელმწიფოებრივ კანონს ვუქვემდებარებთ და რიგ შემთხვევაში ლიკვიდაცია კი არა, ადამიანის დასჯა ქისტური კანონით მოხდება.

მაგალითად, ვიღაცამ ვიღაც დაჭრა. შესაძლოა პოლიციას არ მივმართოთ­, მაგრამ გვარების დავა წავა, რაშიც უხუცესები უნდა ჩაერიონ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გამართონ. ხელისუფლებები ასეთი დილემის წინაშე ყოფილან და უხუცესებისთვის უთხოვიათ, ამ გვარებს შორის ურთიერთობა დაელაგებინათ. ზოგიერთ ადგილას ჯერ კიდევ არის ეს...

img-7223-1720983386.jpg

- ქართული ტრადიციებიდან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?

- ქალი ქალს ჰგავდეს და კაცი კაცს. მერე ყველაფერი გამოსწორდება. ქალმა, როგორი დიდი თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს, მამაკაცზე წინ არ უნდა წაიღოს თავი, მასზე მაღალი ვერასდროს იქნება. უფალი ღმერთი კაცია, დედა ღვთისმშობელი - ქალი, მამა ღმერთია, ოჯახისთავი კაცია - ამით ყველაფერი ნათქვამია.

- როცა ქართულ ტრადიციებზე ვსაუბრობთ, ოჯახური ცხოვრების დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჯვრისწერა, ოფიციალური ქორწინება, ქალისთვის - ქალწუ­ლობა. დღეს ხშირად წყვილები ერთად ცხოვრებას იწყებენ და მერე გადაწყვეტენ, შექმნან თუ არა ოჯახი. ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტმა აქტუალურობა დაკარგა. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხებს?

- ძალიან ცუდად. წინასწარი ურთიერთშეწყობა და მოწყობა, ჯვრისწერის გარეშე შექმნილი კავშირები, ოჯახები ადვილად ირღვევა. ადრე ზოგი ერთმანეთს არც იცნობდა და გარიგებით ქორწინდებოდა, მაგრამ მყარი ოჯახები იყო, ერთმანეთს ეჩვეოდნენ, უყვარდებოდათ, მეტი პატივისცემა იყო და მთელ ცხოვრებას ერთად ატარებდნენ. დღეს ვითომ შეყვარებულები არიან, ტელეფონში ვიღაცის მესიჯს უნახავს და ამის გამო თავზე დაამტვრევს. მე ძველი ეპოქიდან მოვდივარ და იმ ტრადიციების ქალი ვარ, მაგრამ თუ გვინდა ჩვენი ფესვები არ მოიშალოს, იმ ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ.

ქალიშვილობის ინსტიტუტი უნდა აღდგეს, 13-14 წლის მოზარდები დღეს ქალიშვილები აღარ არიან და მათთვის სულერთია, სიწმინდეს პირველად ვისთან დატოვებენ. შემდგომი გართობისთვის ემზადებიან და არა ოჯახებისთვის.

ერთხელ ქუჩაში მოვდივარ და დავინახე, გოგონები სიგარეტს ეწევიან. მივესალმე, დედები გყავთ-მეთქი? კიო. ჰოდა, გაუხმეთ იმ დედათქვენებს ხელები-მეთქი. რატომო? იმიტომ, რომ მაგ სიგარეტს მაგ ტუჩებზე არ მიგასრესენ-მეთქი. ქალბატონო, დედაჩემს ვინ ჰკითხავს, ეს ჩემი ცხოვრებააო. აი, ჩვენი კანონი და უფლებები, რომელი უფლებები, გარყვნილების? დედაშენს კი არა, მე მკითხავს-მეთქი, ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხარ და რა შვილი უნდა გაუჩინო ჩემს ქვეყანას-მეთქი?! კიდევ მოვალ და შეგამოწმებთ-მეთქი. მესამე დღეს გავიარე და ერთი იჯდა მზესუმზირას ჭამდა. მიცანითო, მკითხა? სიგარეტს თავი დავანებე და მზესუმზირაზე გადავედიო.

მარიხუანას თემის გამო იაგო ხვიჩია გამებუტა. არ მოეწონა ჩემი სიტყვა. იმ დროისთვის გენპროკურორი რომ ვყოფილიყავი, სამშობლოს მოღალატის მუხლს წავუყენებდი, მარიხუანას ლეგალიზების, აგიტაციის გამო.

img-7218-1720983386.jpg

- ვინ არის ლალი ბუნტური? რამ განაპირობა, რომ იურისტი გამხდარიყავით?

- მე დავიბადე ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, მშრომელი ადამიანების ოჯახში, მამა მშენებელი იყო, დედა - კოლმეურნე. წამოვიზარდეთ თუ არა მე და ჩემი ორი ძმა, მშობლებს მხარში ამოვუდექით და მეურნეობას მივხედეთ. მთიელები ვართ, საქონელი გვყავდა - ცხვარი, ძროხა, ღორი, ფრინველები.

1973 წელს მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა გაზეთ "სოფლის ცხოვრების" მორიგი ნომერი მოვიდა და იქ წავიკითხე წერილი სასამართლო დარბაზიდან, რომელსაც ხელს აწერდა ვინმე "მესენ გისერი". ვინმე ბერიშვილი კინოთეატრ "კოლმეურნეში" იმყოფებოდა, მასთან სამი მამაკაცი შევიდა და კინოთეატრის დატოვება მოსთხოვეს. ამის გამო მის გვერდით მყოფი ქალიშვილი მარტო უნდა დაეტოვებინა და ბიჭმა უთხრა, ფილმის საყურებლად ვარ და როცა დამთავრდება, რა თქმა უნდა, გავალო. ამ შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, როცა ბერიშვილი ნატახტარში ქორწილში იმყოფებოდა, პატარა ბავშვი მიუახლოვდა, ბიძია, გარეთ გეძახიანო. კაკლის ხის ქვემოდან ვიღაცამ დაუძახა, აქეთ წამოდიო, მივიდა და გამარჯობის თქმა ვერ მოასწრო, დანით 33 ჭრილობა მიაყენეს. იმდროინდელი ექიმების წყალობით გადარჩა. დამნაშავეებს - ბიძასა და ერთ ძმისშვილს თითო წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მეორეს კი - წელიწადი და 6 თვე.

მანამდე ექიმობა მინდოდა, მამას სახე ჰქონდა დამწვარი, სამხედროში მსახურობისას მანქანა აფეთქდა და მისთვის მინდოდა მემკურნალა, მაგრამ იმ წერილის შემდეგ იურისტობა გადავწყვიტე. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. რედაქციაში წერილი გავგზავნე მესენ გისერის სახელზე, ბავშვი ვიყავი და მეგონა, მან მიუსაჯა ასეთი­ მცირე სასჯელები და გვარიანად გავაკრიტიკე. ერთ კვირაში პასუხი მომივიდა, ქალი ვეგონე, მაგრამ როცა ჩემი ასაკი შეიტყვეს, მომწერეს, ჩემო პატარა მეგობარო, ძალიან გული მტკივა, რომ ასეთი პატარა გოგონა ასეთი მკაცრი ხარ. ჩემო პატარა შვილო, ციხე არ აკეთილშობილებს ადამიანებს, სასჯელი მათი გამოსწორებისთვის საკმარისი­ უნდა იყოსო. თქვენ, მომავალი დედა, ასეთი მკაცრი არ უნდა იყოთო.­ აღარაფერი მიმიწერია, იურისტობა კი მყარად გადავწყვიტე, მაგრამ ვერ ჩავაბარე, რადგან პოლიციაში მუშაობის სტაჟი არ მქონდა.

ერთ სასწავლებელში მივედი გასაუბრებაზე. გამომცდელმა ბევრი რამ გამომკითხა და ბოლოს მეკითხება, მარქსსა და ენგელსს რა შეხედულება ჰქონდათ ლენინზეო. გადავირიე, ჯერ თქვენ მითხარით, ისინი რომელ წლებში მოღვაწეობდნენ-მეთქი. სულ უვიცი ვეძახე, სამელნე იდო, მაგიდას მუშტი დავარტყი და ის მელანი სულ ზედ შეესხა... რა თქმა უნდა, ვერ ჩავაბარე...

იმ წელიწადს სოფელში დავრჩი, იქაურ კულტურის სახლში დავიწყე მუშაობა. მდივან-მემანქანეობის კურსები იყო და ის გავიარე, თან დრამატული წრის ხელმძღვანელად დამნიშნეს. სკოლის პერიოდში ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ვიყავი და გამომადგა.

რაიონში რომ ჩავედი, პოლიციაში მივედი, სტაჟი ხომ მჭირდებოდა... იქ ერთი პოლიციელი არ მომეწონა, ისე დამიწყო საუბარი, მითხრა, აქ ვინმესთან ახლოს უნდა იყოო... მაგიდაზე საანგარიშო ედო, ავიღე და ვესროლე, უზრდელი ხარ-მეთქი! იცი, ვისი გოგო ვარ? ლადო ბუნტურის-მეთქი! მას ყველა იცნობდა.

იმ მომენტისთვის იურიდიულზე ხელი ჩავიქნიე და დრო რომ არ დამეკარგა, სართიჭალაში ტექნიკუმში პროფესიას დავეუფლე - ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზების ლაბორანტი გავხდი. კარგად გამომადგა, საბჭოთა კავშირში საფუვრის სამი ქარხანა იყო, ერთი ახმეტის რაიონში, იქ ლაბორანტობის პარალელურად, ახმეტის "ყველმრეწვში" რძის განყოფილებაში ვიყავი ლაბორანტი, სოფელში მესაქონლეობის ფერმებში რძის ხარისხს, ცხიმიანობას ვამოწმებდი, მწველავებს საქონლის მოწველაშიც ვეხმარებოდი. ასე რომ, ჩემი სოფლის ცხოვრება მეამაყება... მერე შემცირებაში მოვყევი. რაიონში სამსახურის შოვნას ვცდილობდი, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, ადგილები არა გვაქვსო. ავდექი და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამოვედი. შოთა ეცადაშვილი იყო მინისტრი, შევედი და ვუთხარი, კომკავშირული საგზურით ყიზლარში, ცხვარში გამიშვით-მეთქი! გაუკვირდა, ასეთ პატარა გოგოს რამ გადაგაწყვეტინაო. მთიული ვარ, საქონლის მოვლა ბავშვობიდან ვიცი-მეთქი. გამიშვეს, ოღონდ არა კომკავშირული საგზურით. წავედი ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, დავათვალიერეთ... იქ ერთი ასაკოვანი კაცი იყო - ჩემო პატარა ქალბატონო, ცხორ დიაცის საქმე არ არის, წადი სახლში და სხვა რამე ნახე სამუშაოო. ჯიუტი ვიყავი და ვარ, მაგრამ არა დაუმორჩილებელი. ამიტომ მისი ნათქვამი გავითვალისწინე. წამოვედი და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლაბორანტად მოვეწყვე. როცა მამა მძიმედ ავად გახდა, იმ სამსახურებს თავი დავანებე, მას ჩემი ყურადღება და მოვლა სჭირდებოდა. ოჯახის მეურნეობისთვისაც უნდა მიმეხედა.

მერე თბილისში მეფრინველეობის ფაბრიკაში დავიწყე მუშაობა, მერე "დეესკაში" - იქ ბეტონის სინკარებს ასხამდნენ. ის ხელფასი არ მყოფნიდა. იქიდან წამოვედი და 18 წელი "თბილგვირაბმშენშიც" ვიმუშავე, სადაც გვირაბგამყვანი ვიყავი, სანგრევ ჩაქუჩზე ვმუშაობდი. მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მშენებლობაში ვმონაწილეობდი, 52 მეტრ სიღრმეზე ვიყავით მიწის ქვეშ - მიწას ვეზიდებოდით, უკვე აფეთქებულს. 18 წელი ვიმუშავე მიწისქვეშა სამუშაოებზე... ერთხანს ბათუმში ვიყავი მივლინებით, პანსიონატი "ბათუმი" შენდებოდა და მშენებლობის ხარისხს ვამოწმებდი. მეექვსე სართულის აშენებამდე იქ ვიყავი. კვირაში­ ერთხელ ლაბორატორიაში სინჯი წნეხით მოწმდებოდა. მეექვსე თანრიგის კალატოზებს ვეხმარებოდი მშენებლობაზე, ლაბორანტობასთან ერთად, კალატოზად ვმუშაობდი, კედელს ვაშენებდი - შვეული და თარაზო არასდროს გამომიყენებია, ზუსტი თვალის ზომა მქონდა და ჩემი აშენებული­ კედელი არასდროს ყოფილა დეფორმირებული. ერთი სამუშაოთა მწარმოებელი ჯიბეებში ხელებჩალაგებული დადიოდა და მე ვუთხარი, მეტად აღარ გაბედო ჩემს კედელთან მოსვლა შესამოწმებლად, თორემ ჯიბეებში ბეტონს ჩაგისხამ და ეგრე ამოგიკერავ-მეთქი... მოკლედ, მერე ჩემმა სურვილმა კუდი მაინც მოიქნია და იურიდიულზე­ ჩავაბარე - 1999 წელს, ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე.

2000 წელს ჩემი პირველი საქმე მკვლელობა იყო. მეხუმრებიან ხოლმე, მთიული ხარ და მკვლელობები, სისხლი გიზიდავსო.­ ასეთი საქმეები სპეციფიკურია, განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს.

ბევრი უმადურობა შემხვედრია, მადლიერება­ კი ძალიან ცოტა. დედას ხშირად უთქვამს, სხვამ რომ გველი შეგიწვას და შეგაჭამოს, შენ ხოხობი შეუწვი და შეაჭამეო. დედაჩემის და მამაჩემის გაზრდილ შვილს უფლება­ არა აქვს ვინმეს უღალატოს, აპატიოს დანაშაული, შეურაცხყოფა, ღალატი... ძველები რომ იტყოდნენ, აკვნიდან გადმოვარდნის მერე შრომობსო, ასეა ჩემი ცხოვრებაც.

- სულ მამაკაცების გარემოცვაში გიმუშავიათ. როგორი იყო თქვენი ურთიერთობა?

- ყველა ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდა.

ვეუბნებოდი, მაგ ჩემს ჩანთაში რომ ჩაძვრებით, იქნება რა მიდევს-მეთქი. ოჰ, შენც შეყვარებულის წერილი არ გედოსო, მეხუმრებოდნენ. ისინი სვამდნენ, ეწეოდნენ, მე არც ერთს არ ვეტანებოდი და ფულიც ყოველთვის მეტი მქონდა. რამე რომ დასჭირდებოდათ, ამოიღებდნენ და მერე უკან აბრუნებდნენ. დღეს ეს დანაშაულად ითვლება. მაშინ სხვა ნდობა იყო.

ორი ძმა მყავს. ვეფხო შვილივით გაზრდილი, ჩემზე 5 წლით უმცროსი იყო. 2020 წლის მარტში, ჩემს დაბადების დღეზე, გარდაიცვალა და ძმასთან ერთად, დაბადების­ დღეც დავამთავრე. ჩემი ძმა სამხედრო, ომის ვეტერანი იყო, გორგასლის ორდენოსანი სამშობლოს წინაშე უმწიკვლო სამსახურისთვის და როცა გარდაიცვალა, შემ­თხვევით ვნახეთ მის სეიფში, არასოდეს უთქვამს, რომ დააჯილდოვეს. ვამაყობ, რომ ვეფხო ასეთი იყო. ამქვეყნიური ცხოვრება,­ ფაქტობრივად, მის შემდეგ დავასრულე... მეჩხუბებიან, იქ ძმას აწუხებ ამდენი ტირილითო... მეორე ძმა მყავს - ვასილი, 5 წლით უფროსი, მისი გაზრდილი ვარ, ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს და ვცდილობ გული არ ვატკინო. ჩემი სიცოცხლე რომ დასჭირდეს, გავიღებ. მინდა ჩემი ობოლი ძმისშვილები დაბინავებულები იყვნენ, ყველას თავისი კუთხე ჰქონდეს. ჩემი ძმის უფროსი ქალიშვილი ოფიციალურად მყავს ნაშვილები. ახლა ბელგიაშია, შშმ შვილი ჰყავს.

- 30 წლის შემდეგ ნაპოვნი სიყვარულის შესახებაც გვიამბეთ...

- თელავის საავადმყოფოში ვიწექი, ბესო უფროსი ექთანის ძმა იყო, იქ დასთან­ მოდიოდა ხოლმე და მოვეწონე. ერთ დღეს ერთმა ექთანმა დედაჩემს უთხრა, დღეს თქვენი გოგონა უნდა მოიტაცონ და აქედან­ წაიყვანეთო, ბესო კი შენობას გარშემო უვლიდა და ყვიროდა, ლალი, გამოიხედე,­ მიყვარხარო. ჩვენი ნაცნობობა უცნაურ ეპიზოდს მოიცავდა - შალშემოხვეული გამოვედი პალატიდან, საპირფარეშოში შევედი და სწორედ იმ დროს დამინახა. რა კარგი გოგო ხარო, მითხრა. დი, ბალღო­-მეთქი (ვერ ხარ, გაიარე-მეთქი) მივაძახე. ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. არადა, ამ ბიჭზე კონკურსი იყო გამოცხადებული, იმდენ გოგოს მოსწონდა - თელავის ანსამბლში უკრავდა და მღეროდა. ნუგზარ კვაშალს მან ასწავლა დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა; ერთ ანსამბლში ბოთლებსა და ჭიქებზე ჩანგლებით რომ უკრავენ, მათაც ბესომ ასწავლა. მერე სამხედრო პირი იყო. მოკლედ, დედაჩემმა საავადმყოფოდან წამიყვანა და ასე დასრულდა ის ამბავი. მერე მე გავთხოვდი. მამა რომ გარდამეცვალა, იმ დროს ფეხმძიმედ ვიყავი და მუცელი მომეშალა, შვილი არა მყავს... ჩემს დედამთილს უთხრეს, უნაყოფო ხეს ოჯახში არ აჩერებენო, და დამენგრა პირველი ოჯახი... მას მერე დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, ვეცადე, არ წავქცეულიყავი.

გადის 30 წელი, ორთაჭალის ციხესთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ოჯახის წევრს ვესაუბრებოდი ჩემს სტაჟიორთან ერთად და სხვებიც მოგვიახლოვდნენ, რჩევებს მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი და ამ დროს დაახლოებით ჩემი ასაკის მამაკაცი მოვიდა და დახმარება მთხოვა - შვილი მყავს პატიმარი, ადვოკატს თანხა გადავუხადე და ისიც დავკარგე და თანხაც, როგორ მოვიქცეო... გამეცინა... ჩემმა სტაჟიორმა ხელი მომკიდა, წამოდი, დედა ტერეზა ნუ ხარ, აქ იმდენი მოვა ახლა, ყველას ხომ არ გაუჩერდებიო. იმ კაცს დავპირდი, არაფერი მინდა,­ თქვენს შვილს ვნახავ და დაგეხმარებით-მეთქი. მე რომ გავიცინე, შუბლშეკრული დამაკვირდა - გოგო, შენ ლალი არა ხარო?! მე ვერ ვიცანი, არ მახსოვდა... თელავში რომ საავადმყოფოში იწექი და შენ რომ უნდა მოეტაცე, მე ის ბესო ვარო. მოვატყუე, ქმარ-შვილი მყავს-მეთქი, რომ დისტანცია დამეჭირა. არ მაინტერესებსო, გინდა 100 ქმარი გყავდეს, 30 წელია გეძებ და რადგან გიპოვე, მე შენს დაკარგვას აღარ ვაპირებო. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იქიდან წამოვედით, დავსხედით და ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე ვისაუბრეთ. პირველი, რაც გააკეთა, თავის დას დაურეკა, იცი, ვინ ვიპოვეო? მისი ხმა გავიგონე - არ მითხრა, რომ ლალი იპოვეო... გამეცინა, მესიამოვნა, რაღაც ქალურმა ამპარტავნებამ გადამძალა ამ დროს, სიამაყე ვიგრძენი - რა დონეზე ვუყვარდი ადამიანს, რომ 30 წლის შემდეგ ღიმილით მიცნო... გავცვალეთ ტელეფონები და ვხვდებოდით ხოლმე. ბოლოს, ვიფიქრე, დავთანხმებულიყავი და შევუღლდით, თუმცა ოფიციალურად არ მოგვიწერია ხელი. შვილი იმდენად მინდოდა, ერთხელ ცრუ ორსულობაც მქონდა...

ბესო ცოლთან უკვე 10 წლის გაცილებული იყო, რადგან ის იეჰოვას მოწმე გახდა, რაც ბესოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მის შვილთან, რა თქმა უნდა, შევედი ციხეში, მერე მისი ყოფილი მეუღლეც გავიცანი და ახლა იმდენად დიდი ახლობლობა გვაკავშირებს, ბესოს შვილები დედას მეძახიან და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მათთან ჩავდივარ ხოლმე თელავში.

მე და ბესომ თითქმის 7 წელი ვიცხოვრეთ ერთად და მერე გარდაიცვალა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ავარიაში მოვყევი და ჩემი ქმრის შვილებმა, ჩვენ გიპატრონებთო. მე იქ არ წავსულვარ, ამას ჩემს ძმისშვილებს არ ვაკადრებდი, მაგრამ თვითონ ფაქტი ხომ სასიამოვნოა. 2020 წლის არჩევნებში რომ ვმონაწილეობდი, ჩემს სტუმრებს დიდი სუფრა დაახვედრეს. ბიჭი მეუბნება, დე, აქ ერთი კაბინეტი მოაწყვე, ჩამოდი და აქ იმუშავეო.

ვამაყობ ჩემი განვლილი ცხოვრებით, ჩემი წარსულით; კანდიდატობაზე საკუთარი­ თავის წარდგენას არც ვაპირებდი, მაგრამ იმ პოლიტიკურ პარტიასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, პარტიის წევრი არა ვარ და რატომაც არაო, მითხრეს, გამოცდილება, ცოდნა, პრაქტიკა გაქვს, მოუსყიდავი პიროვნება ხარ, არც სხვის ჭკუაზე დადიხარო და ა.შ. წარმადგინეს და არ გამოდიოდა, რომ საბუთები არ შემეტანა, თან იმდენი ცუდი რამ დევს პროკურატურაში, მინდა გამოსწორდეს, მე ვიქნები თუ სხვა. ჩემგან რამდენად გამოვა პროკურორი, არ ვიცი, ბრალმდებლის როლში ყოფნა არ მომწონს. ერთი ის ვიცი, რომ სამართლიანი ვიქნები და ვერავინ ვერაფერს მიმითითებს, ვერც ქრთამს მომიტანს, ვერც მომისყიდის და ვერც შემაშინებს.