ისევ წავა(ლთ) სანახავად!
როცა ამ წერილს კითხულობთ, უკვე ისიც იცით, ვინ გახდა ჩემპიონი - ბოლოს და ბოლოს, ინგლისმა გატეხა ნავსი თუ ისევ ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა აღმართა ანრი დელონეს სახელობის თასი... თუმცა წინა წერილშიც ვთქვი, რომ ქართველი გულშემატკივრის უმეტესობისთვის "ევრო-2024" ფინალურ მატჩამდე ორი კვირით ადრე, ესპანეთთან ჩვენი დამარცხების შემდეგ დასრულდა... ესეც სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის, იმ ქართველი ქომაგისთვის, კონტინენტისა თუ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთისა თუ გერმანიის მაისურს რომ გადაიცვამდა ხოლმე და... ან სხვა რა გზა გვქონდა?! "თურაშაულის" პატრონები სხვა ქვეყნების "პანტას" ვეძებდით და ვქომაგობდით... "თურაშაულის" წაკითხვისას არავინ იფიქროს, თითქოს, აჟიტირებული ვიყო გერმანიაში ნაჩვენები თამაშითა და შედეგით და მომავალსაც მხოლოდ "ვარდისფერი სათვალით" ვუყურებდე. თითქოს ჩვენი ფეხბურთი საუკეთესო მეგონოს და ვინმესგან დაჩაგრულად მიმაჩნდეს. პირიქით - ვფიქრობ, უეფა ყველაფერს აკეთებს, ჩვენისთანა ნაკრებებს კიდევ მეტი შანსი რომ მისცეს. ერთა ლიგა ამის ნათელი დასტურია და მის დამნერგავს ქართველებისგან განსაკუთრებული მადლობაც ეკუთვნის. ფეხბურთში არც ტრადიცია გვაკლია, არც ნიჭი და პოტენციალი და თუ აქამდე მოცემული შანს(ებ)ი ვერ გამოვიყენეთ, ჯერ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ უიღბლობას, უამინდობასა თუ მსაჯებს...
ევროპის ჩემპიონატზე გასვლითა და იქ ნაჩვენები თამაშ(ებ)ით ქართული ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე ავიდა. თუმცა ამ მაჩვენებელს შენარჩუნებაც უნდა და განვითარებაც. აუცილებელია, შევინარჩუნოთ ის მუხტი, ინტერესი, ერთიანობა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ. ორ თვეზე ნაკლებ დროში ერთა ლიგის ახალი გათამაშება იწყება, წლის ბოლოს - მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი. რთული მატჩები გველის, თანაც, ივნისის მატჩებმა მოლოდინიც გაზარდა და მადაც - ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ ქართველი გულშემატკივრის უმეტესობისთვის უკვე რთული გასაგები იქნება, რატომ ვერ უნდა მოვუგოთ ჩეხეთს, უკრაინას და მით უმეტეს, ალბანეთს?! რატომ ვერ უნდა მოვიპოვოთ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური?! არადა, "ჭამაში მოსული მადა" და ამბიცია ერთია, რეალობა - სხვა. თუნდაც ზემოთ აღნიშნული ნაკრებების დასამარცხებლად საქართველოს ნაკრებს "პირველ ნომრად" მოუწევს თამაში, ვილი სანიოლს კი (რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს), საამისო ტაქტიკაც დასჭირდება და ასაკშეპარული ცენტრალური მცველების ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ ჩანაცვლებაც... და სანამ საქართველოს ნაკრების მომავალ მატჩებსა და მიზნებზე ვილაპარაკებთ, ჯერ "ჯვაროსნების" თავკაც ვილი სანიოლზე ვთქვათ:
Will(y) you... საქართველოში დარჩენა?
მასზე "ჯვარი არ დაგვიწერია", მაგრამ ხელშეკრულება ნამდვილად გვაკავშირებს: დღეს არსებული კონტრაქტის თანახმად, ვილი სანიოლი მინიმუმ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირებისგან რამდენჯერმე მოვისმინეთ, რომ კონტრაქტის გაგრძელებით ისინიც არიან დაინტერესებული და 47 წლის ფრანგიც (სხვათა შორის, სანიოლის წლიური ანაზღაურება ყველაზე დაბალი იყო "ევრო-2024"-ის მონაწილე ნაკრებების 24 მთავარ მწვრთნელს შორის!). ვილისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის?! მოგვწონს ან ვეთანხმებით თუ არა მის გადაწყვეტილებებს, საქართველოს ნაკრებმა სწორედ სანიოლის ხელმძღვანელობით ითამაშა ევროპის ჩვენთვის სადებიუტო ჩემპიონატზე და არა მარტო ითამაშა, საყოველთაო ინტერესი და სიმპათიაც დაიმსახურა...
თუმცა ევროპის ჩემპიონატი უკვე წარსულია. დღეს ჩვენც და გულშემატკივარსაც მხოლოდ ის აინტერესებს, გაგრძელდება თუ არა პროგრესი? აქვს კი ფრანგ მწვრთნელს სათანადო კომპეტენცია და პოტენციალი, შეგირდების კვალდაკვალ (უფრო სწორად, მათზე სწრაფად) გაიზარდოს, შესაბამისი ნაბიჯებით და შედეგებით უპასუხოს ობიექტურ კრიტიკასა თუ მოთხოვნებს?
რთული სათქმელია. ფრანგი მწვრთნელი და მისი გადაწყვეტილებები არაერთხელ გამიკრიტიკებია, თუმცა ისიც ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ დავწერ - რასაც ვერ დაუკარგავ, ფეხბურთელების გაერთიანების, ერთ მუშტად შეკვრის უნარია! ვილი სანიოლის გუნდს ყველაფერზე ეტყობა, რომ ფრანგი კარგი მოტივატორიც არის და ის ლაღი, ემოციური და სანახაობრივი თამაში, რამაც ასე ძალიან მოხიბლა ევროპელი გულშემატკივარი, ქართული ხასიათის გარდა, ახალგაზრდა ფრანგი მწვრთნელის დამსახურებაც არის. ეგაა, ექსპერიმენტები და მოულოდნელი გადაწყვეტილებებიც ახასიათებს, რაც ჯერ კიდევ ახალმოსულს შევატყვეთ - ახალ სათამაშო სქემებსა თუ ფეხბურთელებს მაინცდამაინც სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვან შეხვედრებში რომ ცდიდა, ამხანაგურ მატჩებში კი "კლასიკური" განლაგებითა თუ შემადგენლობით გვაოცებდა...
სხვათა შორის, სანიოლს დაშვებული შეცდომებიდან რაღაცების სწავლა/გაუმჯობესებაც შეუძლია და ბოლო წლებში ეს არაერთხელ ვნახეთ. მაგალითად თბილისში ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩიც გამოდგება: მაინცდამაინც ევროპის საუკეთესო შემტევების წინააღმდეგ მოინდომა ოთხი მცველით თამაში, კარგი ჩიტიც (თანაც,შვიდი!) დაიჭირა, სამაგიეროდ, იმაში კი დარწმუნდა, რომ ამ ფორმაციის, შემადგენლობისა და ასაკის (უპირველესად, ცენტრალურ მცველებს ვგულისხმობთ) ნაკრებისთვის ოთხი მცველით თამაში ფუფუნებაც არის და დიდი რისკიც.
არადა, კიდევ ვამბობ - რაც აქამდე გვაკმაყოფილებდა, სექტემბრიდან იქნებ სულაც აღარ გამოდგეს საკმარისი: საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში თამაშობს და მეტოქეებადაც ბულგარეთ-მაკედონია-გიბრალტარზე გაცილებით ძლიერი გუნდები ჰყავს. ვინ იცის, შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში წილისყრამ (მიმდინარე წლის დეკემბერში რომ უნდა გაიმართოს) კიდევ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვარგუნოს, მაგრამ ვინც უკვე ვიცით, საფიქრალად ისინიც კმარა: უკრაინა, რომელსაც წლევანდელ ჩემპიონატზე ცუდად სულაც არ უთამაშია. თუმცა არ გაუმართლა და 4 ქულა არ ეყო მერვედფინალში გასასვლელად; ჩეხეთი, რომელსაც ძალიან კარგი შემადგენლობა, გუნდი და მწვრთნელი ჰყავს, და პორტუგალიასთანაც მხოლოდ 92-ე წუთზე გაშვებულმა ბურთმა წააგებინა; თუნდაც ალბანეთი, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ტოლ-სწორად (2:2) ეომა ხორვატიას, იტალიასა და ესპანეთთან კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა... ასე რომ, ერთია ევროპის ჩემპიონატზე აუტსაიდერის სტატუსით თამაში და უმეტესად მხოლოდ კონტრშეტევებზე შეტევის ფუფუნება და მეორე - ახალი გათამაშება, სადაც ყველა მატჩში მოსაგებად გაწევა მოგვიწევს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ პოზიციურადაც უნდა შევუტიოთ!
უნდა დარჩეს თუ არა სანიოლი? უკვე ვთქვით, რომ კონტრაქტის თანახმად, მინიმუმ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლომდე სანიოლი საქართველოს ნაკრებში იქნება და რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ერთა ლიგის პლეი-ოფის გავლითაც შეგვიძლია, ახლა მთავარი კითხვაც ეს არის: სექტემბერ-ნოემბერში გასამართ ექვს შეხვედრას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯგუფიდან გამსვლელი პირველი ადგილის მოსაპოვებლად გამოიყენებს ("ძველ" კონტინგენტთან ერთად) თუ შემადგენლობას (პირველ რიგში - მობერებულ მცველებს ვგულისხმობ) გადაახალისებს და აქცენტს გააკეთებს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება?
ვილის ორივე შემთხვევაში მოუწევს დამტკიცება, რომ შეგირდებთან ერთად ისიც იზრდება, რომ შესაძლებლობები სრულად არ ამოუწურავს, რომ საჭირო დროს ტაქტიკური სიახლეების შემოთავაზებაც შეუძლია და შეცდომების აღიარებაც (შემადგენლობისა თუ ტაქტიკის შერჩევისას), იმის დამტკიცება, რომ მარტსა და ივნისში ნაჩვენები თამაშები და შედეგი მისი მაქსიმუმი არ არის!
რთული გზა მუნდიალისკენ
თამასა უკვე აწეულია. კონტინენტის პირველობაზე თამაშმა გულშემატკივარს გაუჩინა სურვილი, საყვარელი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ნახოს. რამდენად საფუძვლიანია ეს ამბიცია, სექტემბრის დასაწყისიდან ვნახავთ (იმედია, ევროთასების გათამაშებაში გასულ კვირას ჩაბმული ქართული კლუბები ხასიათს ძალიან არ გაგვიფუჭებენ!). მანამდე კი მოკლედ გაგაცნობთ ამერიკის კონტინენტისკენ მიმავალ გზებს (შეგახსენებთ, 2026 წლის მუნდიალს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ) - უეფას ერთა ლიგიდან და "ჩვეულებრივი" საკვალიფიკაციო ეტაპიდან. თავდაპირველად, ერთა ლიგაზე ვთქვათ:
წინა გათამაშებაში ნაჩვენები შედეგების დამსახურებით საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდა, რაც ცხადია, კარგია, მაგრამ, იმავდროულად, იმასაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში მოგვიწევს გამსვლელი საგზურისთვის ბრძოლა. მოწინააღმდეგეებზე უკვე ვილაპარაკეთ - უკრაინა, ჩეხეთი, ალბანეთი. მატჩები სექტემბერში დაიწყება, ბოლო მატჩს კი 19 ნოემბერს ჩავატარებთ. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრები პირველ და ბოლო მატჩს ჩეხების წინააღმდეგ გამართავს: 7 სექტემბერს შინ, 19 ნოემბერს - სტუმრად...
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. მეტოქეების ვინაობა ჯერ არა, მაგრამ ვიცით შესარჩევი ეტაპის ფორმატი: 54 ნაკრები გადანაწილდება 12 ჯგუფში, რაც ნიშნავს, რომ ქვეჯგუფების ნაწილი ოთხგუნდიანი იქნება, დანარჩენები - ხუთგუნდიანი. საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის მარტში დაიწყება და ერთა ლიგის მსგავსად იმავე წლის ნოემბერში დასრულდება.
მუნდიალზე ევროპული ნაკრებებისთვის 16 ადგილია გამოყოფილი. 12 ჯგუფის პირველადგილოსნები პირდაპირ მოიპოვებენ აშშ-კანადა-მექსიკის საგზურს. რაც შეეხება დარჩენილ 4 ადგილს: შესარჩევ ქვეჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ 12 ნაკრებს დაემატება ოთხი გუნდი, რომლებმაც პირველი ადგილები დაიკავეს ერთა ლიგის შესარჩევ ქვეჯგუფებში (ცხადია, ლაპარაკია ისეთ ნაკრებებზე, რომლებიც ჩვეულებრივი შესარჩევიდან ვერ მოიპოვებენ მუნდიალის საგზურს). მივიღეთ 16 ნაკრები, რომლებიც პლეი-ოფის სისტემით გამოავლენენ 4 უძლიერეს გუნდს და დაემატებიან უკვე გამოვლენილ 12 ნაკრებს... პლეი-ოფის შეხვედრები 2026 წლის მარტის ბოლოს (წელიწადის ეს პერიოდი კარგად გვაქვს დაცდილი, მთავარია, პლეი-ოფში გავიდეთ!) გაიმართება და წლევანდელი გაზაფხულის მსგავსად ისევ ორი მეტოქე გვეყოლება დასამარცხებელი.
ჯერ უცნობია, დეკემბრის წილისყრის წინ, რომელ "კალათში" მოხვდება საქართველოს ნაკრები (ამჟამინდელი მდგომარეობით, მესამე "კალათში" ვართ). ეს ფიფას რეიტინგზეც იქნება დამოკიდებული და ერთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგებზეც. ასე რომ, ვნახოთ...
მივდივართ სანახავად!
"მიდის სანახავად!" - ქართველი კომენტატორების ფრაზა, რომელიც მატჩის მთავარი არბიტრის მიერ VAღ-ის (მსაჯის ვიდეო ასისტენტი) გადაწყვეტილების პირადად გადამოწმებას გულისხმობს და ქართველმა გულშემატკივარმა მალევე შეიყვარა. "გადასანახულებლად" წასულმა მსაჯებმა უმეტეს შემთხვევაში ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვები ქართველი ქომაგისთვის გოლის, წარმატების, იმედის მომტან ფრაზად გადაიქცა...
მივიდნენ, ნახეს და გაიმარჯვეს კიდეც. ჩვენი ნაკრების თამაშის სანახავად გერმანიაში ათასობით ქართველი ჩავიდა. დანარჩენებმა ტელევიზიით - სახლში, სტადიონზე, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე ნახეს საყვარელი გუნდის თამაშები და... ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია შევინარჩუნოთ ის მუხტი, ინტერესი, ერთიანობა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ.
უნდა მივიდეთ სანახავად ყველგან, სადაც ფეხბურთია: ერთა ლიგისა თუ "ჩვეულებრივი" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, ევროთასებისა თუ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე...
რთული მატჩები გველის. მოლოდინისა და ამბიციების გაზრდის შემდეგ, წაგებული, გნებავთ, ვერმოგებული, მატჩებით იმედგაცრუებაც იქნება, თუმცა... მთავარია, ისევ წავიდეთ სანახავად და ისევე ერთად, გულიანად, ხმაურიანად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებსა თუ კლუბებს, მარტში რომ ვნახეთ "დინამო არენაზე", ევროპის ჩემპიონატზე რომ ვაჩვენეთ ყველას დორტმუნდის, ჰამბურგის, გელზენკირხენისა და კიოლნის სტადიონებზე...
მივდივართ სანახავად!
ქართული ფეხბურთი ახალი თავგადსავლების და გამოწვევების მოლოდინშია.