„ტყუილით იწყება ყველა­ უბედურება“ - კვირის პალიტრა

„ტყუილით იწყება ყველა­ უბედურება“

დღეს ხშირად გაიგონებთ, სადღა არიან ისეთი არტისტები, როგორიც იყვნენ ადრეო, მაგრამ როდესაც რამდენიმე სახელს და გვარს დაასახელებ, მაშინვე გპასუხობენ, კი, ეგენი ნამდვილად არიანო. აი, სწორედ ასეთი მსახიობია ბატონი გოგა პიპინაშვილი, რომელსაც სპექტაკლის წინ თავის საყვარელ თუმანიშვილის თეატრში ვესტუმრე:

- საუბარი საყოველთაო სიხარულით დავიწყოთ - ფეხბურთით, იმით, რაც ამ დღეებში­ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.

- არ მეგულება საქართველოში კაცი, ვისაც არ გახარებოდა ეს ვეებერთელა წარმატება. რაც ყველაზე მეტად გასახარია, მე ვნახე გუნდის ერთსულოვნება, ერთიანი გულშემატკივარი... თუ ყველა თავის­ საქმეს ასეთი დიდი სიყვარულით, ასეთი შემართებით, ასეთი ცეცხლით გააკეთებს, ამაზე მაგარი ქვეყანა არ იქნება არსად, თავისი გენეტიკური კოდით, სისხლით, ვეებერთელა ისტორიით. სამ მილიონიან ერში თითო კაცი მაინც გვყავს­ გამორჩეული თავის დარგში, რაც ბევრ რამეზე მიანიშნებს.

- ასეთი აზრიც მოვისმინეთ, ამ ბიჭებმა უკვე ევროპაში შეგვიყვანესო...

- მე მგონია, ევროპაშიც და ევროპის იქითაც ვართ. ბევრი რამ სამაგალითო­ გვაქვს, ნებისმიერმა კულტურამ, ცივილიზაციამ შეიძლება შეითვისოს, ისწავლოს, თუნდაც რას ნიშნავს მეგობარი, ნათესავი და ასე შემდეგ, რასაც, ჩემი აზრით, სხვები მოკლებული არიან.

- უკვე 30 წელზე მეტია, საოცარ ბავშვებს, თაობებს ზრდით. ვგულისხმობ თქვენს სტუდია "არტ-ჰოლს".

- იცით, ძალიან მომთხოვნი ვარ. გული უნდა ჩადო საქმეში, თუ გინდა შედეგი და თუ გაქვს პრეტენზია, რომ პროფესიონალი ხარ. სულერთიას დონეზე არც მხატვარი ვარგა, არც კბილის ექიმი და არც მშენებელი. მთავარია, საქმე იცოდე და გიყვარდეს. ამიტომ ბავშვებიც ნელ-ნელა ეჩვევიან იმ საქმის ერთგულებას, რისთვისაც ჩვენთან მოდიან. ვისაც ეს არ შეუძლია, ჯობია სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი, ხატოს, ძერწოს, ჭადრაკი ითამაშოს... ჩემთან კომპრომისი არ შეიძლება. თუ ბავშვი არ არის მზად, რომ ხარისხი აჩვენოს, რათა დამსახურებული ტაში მიიღოს, სცენაზე არ ამყავს. ამიტომაც არის იშვიათობა ჩვენი სპექტაკლები.

- შარშან დაიმსახურეთ წლის საუკეთესო მამა­კაცი მსახიობის ჯილდო სპექტაკლისათვის­ "უხერხემლო", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა გაიაზრა და მიიღო იმ მშობლის როლი, რომელსაც ასახიერებთ, ნაწილმა­ - არა.

- როდესაც მშობელს შვილი გამო­ე­ცლება ხელიდან, მნიშვნელობა არა აქვს, ის ნარკომანი იყო, ლოთი თუ ტრანსგენდერი­. გარდაცვლილი შვილი უკვე მოცემულობაა, რომელსაც ვერ შეცვლი. ტრაგედიაა, როდესაც შვილს ყველაზე მეტად სჭირდები, შენ კი მის გვერდით არა ხარ... ამიტომ ამ სპექტაკლის დანახვა ცალმხრივად არ შეიძლება.

- თქვენი აზრით, რამდენად არის დღეს პრობლემა თაობებს შორის?

- რა თქმა უნდა, არის, იმიტომ, რომ ჩვენ ისეთი აჩქარებული ტემპით ვცხოვრობთ, ძალიან ცოტა დრო გვრჩება იმისთვის, დაჯდე შვილთან და თითო ასო როგორ იხაზება, იმას მიჰყვე. ჩემი შვილიშვილის მაგალითზე ვიტყვი, რომ ძალიან ნაკლებ დროს ვუთმობ და გული მწყდება­. ძალიან ცოტა დრო მაქვს დარჩენილი ამ ქვეყნად ყოფნის და მინდა ჩემს პატარა ბიჭთან ხშირად ვიყო, მაგრამ არ გამომდის, - აქ სპექტაკლი, იქ რეპეტიცია, სადღაც გადაღება, სულ სარბენია, ყველაფრის მოსწრება გინდა და ყველაზე მთავარი შეიძლება გაგეპაროს ხელიდან...

- ამ ახალ თაობას, რომელიც გამოდიოდა­ აქციებზე, თქვენ როგორ უყურებთ?

- მაგარი თაობაა... ხომ ნახეთ, რამხელა­ მზაობაა, რომ ერთ გუნდად, ერთ მუშტად იყვნენ გაერთიანებული. ეს სწორი მიმართულებით უნდა წაიყვანო და ქვეყნის გამა­რჯვებას წინ არაფერი დაუდგება. როდესაც ახალგაზრდებს ანგარიშს არ უწევ, დიალოგზე­ უარს ამბობ, შეიძლება ბევრ უხერხულობას­ გადაეყარო. აუცილებელია მათი მოსმენა. 7 წ­ლის არის ჩემი შვილიშვილი და მასთან დიალოგიც კი აუცილებელია... ხშირი კონტაქტი უნდა გვქონდეს ახალგაზრდობასთან. ისეთი საოცარი ბუნება, ჰარმონიულობა, ენერგეტიკა და ანთებული გულები აქვთ, გაგიკვირდება. ცუდი და კარგი ყველგან არის. რა, ჩემს თაობაში ცოტა იყო აცდენილი და გადმოცდენილი?

- როგორი იყო თქვენი თბილისი?

- ჩემი თბილისი იყო სიყვარულის ქალაქი და შემომეძარცვა დროთა განმავლობაში. ქალაქელობა თბილისელობას არ ნიშნავს, და თბილისელობა - ქალაქელობას. თბილისი გამორჩეული ქალაქი იყო, რომელზეც სწორება შეიძლებოდა ბიჭობის, კაცობის, ურთიერთობის, გაგების, ქალის პატივისცემის, ქვეყნის სიყვარულის, პატრიოტიზმის. ყველაფერს ერთად მოიცავდა.

მახსენდება 9 აპრილის მოვლენები, როცა ყველას ტკივილი საერთო იყო. ყველას­ ერთი წუხილი ჰქონდა, ერთი ტკივილი... ჩემთვის უდიდესი არტისტი, ეროსი მანჯგალაძე რომ გარდაიცვალა, მთელი საქართველო ვნახე რუსთაველის თეატრიდან პანთეონამდე, ხელით მივაცილეთ ბატონი ეროსი. კინოსტუდიის შესასვლელთან გააჩერეს ცერემონია და ატყდა ზარების რეკვა. იცით, ყველა ჩვენი სპექტაკლი სწორედ მაგ ზარებით იწყება, რომელსაც "ეროსის ზარი" ჰქვია. ეს იყო ჩემი ქვეყნის უზარმაზარი ტკივილი...

მერე ყველაფერი ნელ-ნელა გაქრა... ეგრეც მიდის ეს ჩვენი ცხოვრება... არადა, უფრო ღრმა ერი ვართ, მეტი სიყვარული შეგვიძლია. როდესაც ჩვენმა არაჩვეულებრივმა ნაკრებმა გაიმარჯვა, სიყვარულს დანატრებული ხალხი ბრახ და, გასკდა. ამიტომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი, ახალგაზრდები.

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ. ალბათ, არაერთი ჯილდო გაქვთ მიღებული. ყველაზე დიდი რომელია თქვენთვის?

- უამრავი მაქვს და ვერ გამოვარჩევ­. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია. ყველაზე დიდი აღიარება, დიდი სიხარული და ბედნიერებაა, როდესაც ქუჩაში გამვლელიც კი შეიძლება მოგეფეროს.

- ცხოვრებაში მთავარი რა არის?

- სიმართლე. ტყუილით იწყება ყველა­ უბედურება, ტყუილი ბადებს ქაოსს... რაც უფრო მართალი ხარ, უფრო თავისუფალი და ბედნიერი ხარ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენი აზრი ვიღაცისას უნდა ემთხვეოდეს, არა! ღმერთსა და საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი.

რუსუდან შაიშმელაშვილი