„ვინც უნდა გადატეხოს „ქართული ოცნების“ ბატონობა წელში, ის მთავარი ძალა ჯერ არ გამოკვეთილა“ - კვირის პალიტრა

„ვინც უნდა გადატეხოს „ქართული ოცნების“ ბატონობა წელში, ის მთავარი ძალა ჯერ არ გამოკვეთილა“

ოპოზიციის მიერ დაანონსებულ 8 ივლისს დაპირებისამებრ ოპოზიციის სრული საარჩევნო კონფიგურაცია უნდა გაცხადებულიყო, მაგრამ მხოლოდ ის გახდა ცნობილი,­ რომ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ფრთის ორ ბანაკად ჩამოყალიბება, რაც, წესით, ხელს შეუწყობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმები არ დაკარგოს... თუმცა მეორე საკითხია, ე.წ. მესამე ძალა როგორ ფორმირდება და იქნება თუ არა ისეთი, რომ არ დაიკარგოს მათი ხმები, ვისაც არც "ნაციონალები" უნდა და არც "ოცნება". ამ ფლანგზე დარჩენილი არიან გახარია, "ლელო", "ევროპული საქართველო", ელისაშვილი და ანა დოლიძე. თუმცა მთავარი მაინც გახარია და "ლელოა" და მნიშვნელოვანი­ა, შეძლებენ თუ არა ერთად ან ცალ-ცალკე მესამე ძალის ფორმირებას. აქამდე ელოდნენ, რომ "ლელო" გვარამიას ბანაკში გაერთიანდებოდა და ამას "დიად მიზანსაც" კი უწოდებდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ "დიადი მიზანი" "პატარა შეუთანხმებლობის" გამო ჩაიშალა. როგორც ითქვა, ხაზარაძე და გვარამია ჯერ მოუპოვებელ პრემიერობის პოსტზე ვერ შეთანხმდნენ. ასეა თუ ისე, ე.წ. მესამე ძალის ფლანგი ისევ ვაკანტურია და პოლიტიკოსები თავს იმით იმშვიდებენ, რომ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა. არადა, დრო არც ისე ბევრია. სხვა თუ არაფერი, საარჩევნოდ ბლოკების შექმნა აკრძალულია და გაერთიანების შემთხვევაში რომელიღაცის სახელით უნდა მიიღონ მონაწილეობა, რასაც თავისი ფინანსური ბენეფიტები აქვს - სხვა თუ არაფერი, ბიუჯეტიდან დაფინანსებას ის აიღებს, ვისი სახელითაც მიიღებენ მონაწილეობას. ეს ეხება საარჩევნოდ სარეკლამო დროსაც... ქართული ოპოზიციური სპექტრი მუდმივად ლაპარაკობს "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხებაზე - დამარცხებაში გულისხმობენ იმას, თუკი "ოცნება" ხმების ნახევარზე მეტს ვერ აიღებს. არადა, საპარლამენტო რესპუბლიკის სრულად პროპორციულ არჩევნებში დამარცხებად ის ითვლება, თუკი პარტია ბარიერს ვერ გადალახავს.­ "ოცნებას" კი ეს პრობლემა რომ არ ექნება, ცხადია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გაუნაწილებელი ხმების გადანაწილებას შეეხება - ანუ თუ ოპოზიციას ჯამში "ოცნებაზე" მეტი ხმა ექნება, ამ გაუნაწილებელი ხმებიდან ჯამში მათ უფრო მეტი შეხვდებათ და გაუგებარია, როდესაც აპრიორი აცხადებენ, რომ თითქოს ეს ხმები სრულად "ოცნებას" მიაქვს... კიდევ ერთი საკითხი მთავრობის­ დაკომპლექტებაა. არსებული კანონმდებლობით, პრემიერმინისტრობის კანდიდატურას­ ასახელებს­ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია, რა პროცენტიც­ არ უნდა ჰქონდეს აღებული. თუკი მას 76 ხმა არ ექნება, რათა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს, მერე იწყება პოლიტიკური გარიგებები მათთან, ვინც რაღაც ადგილების სანაცვლოდ მხარს დაუჭერს და ეს არის კოალიციის წინა პირობა. თუკი ეს გარიგება ვერ შედგება­, მაშინ პრემიერის­ კანდიდატურას ასახელებს პარლამენტართა 1/3-ზე მეტი, ანუ 51 დეპუტატი მაინც, და აქ პარტიები პირველ ადგილზე იქნებიან, მეორეზე თუ მესამეზე, მნიშვნელობა არა აქვს. ამ კანდიდატს მხარი ისევ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს. ეს არის კიდევ ერთი საფუძველი, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას. თუ ეს შეთანხმებაც ვერ მოხერხდა, მაშინ ინიშნება ვადამდელი არჩევნები... დღეს რომ ამბობენ, კოალიცია არც "ოცნებასთან" გვინდა და არც "ნაცებთანო", აბსურდია, რადგან ერთ-ერთის გარეშე უბრალოდ ხმები არ ეყოფათ. თუ არადა, მაშინ ეს მესამე ძალა პირველ ადგილზე უნდა გავიდეს და თან ისე, რომ გარანტირებული 76 ხმა ჰქონდეს, რაც არარეალურია. რა შანსები რჩება ე.წ. მესამე ძალის ფორმირებისთვის, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

- ჯერჯერობით, რაც იკვეთება, "ნაცმოძრაობის" ფლანგზე დალაგდნენ. ჩანს, ორ პოლიტიკურ გაერთიანებად გავლენ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს­ იმ ამომრჩეველთა მისვლას არჩევნებზე, ვინც წლების განმავლობაში სააკაშვილისა და "ნაცმოძ­რა­ობის" მხარდამჭერი იყო. ეს საშუალოდ 25%-ია. აშკარაა, რომ ყოველივე ამაში­ ძალიან სერიოზულია კეზერაშვილის გავლენა. ხშირად ვამბობთ, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველობაა,­ მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციაშიც იგივე პრობლემაა. რამდენად დამოუკიდებელი იქნებიან ეს ლიდერები, რომლებიც გვარამია-მელია-"გირჩი"-"დროას" ალიანსში­ შევ­იდნენ, საკითხავია. ჩემი აზრით, ეს გაერთი­ანება "ოცნების" დამარცხებაში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს, რადგან მეეჭვება, ან ერთმა, ან მეორე გაერთიანებამ შეძლოს დამატებით იმ ამომრჩევლის ხმების­ მოპოვება, ვინც "ნაცმოძრაობას" არ უჭერდა მხარს.

ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა ის ამომრჩეველი, რომელსაც არც "ოცნება" უნდა და არც სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება. ამ ველზე კი, რომელიც გადამწყვეტია, ჯერ კიდევ დიდი გაუგებრობაა. არის გახარია, "ლელო", ასევე ყალიბდება რაღაც ერთობა სალომე ზურაბი­შვილთან. თუ ამ ნაწილმა ვერ მოახერხა არანაცურ და არაქოცურ ფლანგზე ძლიერი და კონსოლიდირებული არჩევანის ჩამოყალიბება,­ ეს იქნება "ოცნებისთვის" გამარჯვების ერთა­დერთი შანსი.

"ნაცმოძრაობის" ფლანგმა ჯამში შეიძლება 25% აიღოს, მაგრამ ვინც უნდა გადატეხოს "ქართული ოცნების" ბატონობა წელში, ის მთავარი ძალა ჯერ არ გამოკვეთილა. ამ დაქსაქსულობამ შეიძლება გამოიწვიოს ხმების­ დაკარგვა, რაც ისევ "ოცნების" მხარეს წავა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ბოლო არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ხმების 50% ვერ მიიღო, მაგრამ გაიმარჯვა სწორედ იმის წყალობით, რომ დაკარგული ხმებით დარჩა უმრავლესობა.

ყველაზე მეტი შანსი გახარიას აქვს, მაგრამ მარტოს არც მას ეყოფა შესაძლებლობა, გახდეს ისეთი ძლიერი ცენტრი, რომელიც გაუწევს წინააღმდეგობას "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობის" ფლანგს. არადა, ახლა სიტუაცია ისეთია, ამ 12 წლის განმავლობაში პირველად არის შანსი, რომ მეორე ადგილზე გავიდნენ არა "ნაცმოძრაობა" და მისი პარტიები, არამედ ის ძალები, ვისაც არც "ოცნება" უნდა, არც "ნაცმოძრაობა".

- ჩაიშალა "ლელოსა" და გვარამია-მელიას ჯგუფის მოლაპარაკება. რა პერსპექტივა რჩება?

- ახლა არსებობს ორი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფლანგი, რომელიც ჩრდილოვანი მმართველობის ქვეშ არის - ერთ მხარეს არის მმართველი პარტია, რომლის უკან ივანიშვილი დგას, და მეორეა "ნაცმოძრაობა" და ის ახალი გაერთიანება, რომლის უკანაც სააკაშვილი და კეზერაშვილი დგანან - ანუ ორივეგან ჩრდილოვანი მმართველობის ფაქტორებია. "ლელო" და გახარია გაერთიანდებოდნენ თუ სხვები, მთავარი ამოცანა ის იყო, შეექმნათ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ პროცესს გაუწევდა წინააღმდეგობას. დღეს პოლიტიკური ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ, ჩვენ ახლა ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ამდენი ხნის განმავლობაში ქართული სახელმწიფო­ არ მდგარა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ლელო" ან გახარია, არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ ფლანგზე რაღაც ძლიერი ცენტრი ჩამოყალიბებულიყო, რომელსაც ექნება სრული შანსი იმისა, ხმების დაახლოებით 1/4 აიღოს და, თუკი ვერ გაიმარჯვებს, "ოცნების" შემდეგ მეორე ადგილი დაიკავოს. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი "ოცნება" ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, მეორე ადგილზე გასულ ძალას ექნება საშუალება დააკომპლექტოს მთავრობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა, საზოგადოებას მოეხსნება ეს დამოკლეს მახვილი - ივანიშვილი თუ არ იქნება, სააკაშვილი­ მობრუნდებაო. ამით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყება და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

- თუკი "ნაცმოძრაობის" ორივე ფრთა, როგორც თქვით, იღებს 25%-ს, გახარია­-"ლელოც" 25%-ს, "ქართული ოცნება" მაინც შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას­... ამასთან, გახარია-"ლელოს" შანსები მეორე ადგილზე გასასვლელად ამ გათვლებითაც არ ჩანს ძალიან დიდი.

- მოუწევთ მოლაპარაკება სხვებთან, მაგრამ მთავარი ის იქნება, ვის დაევალება გადაწყვეტილების მიღება, ვინ ითამაშებს წამყვანი ძალის როლს...

- პრეზიდენტის საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება რამდენად დროული იყო და რა გავლენას მოახდენს ამ ყველაფერზე?

- არ ვიცი, ვინ დგას ამ მოძრაობების უკან. ზოგს მიაჩნია, რომ ზურაბიშვილია, ზოგს "ლელო" ჰგონია. მესმის, რომ ეს ადამიანები გულწრფელი არიან, მაგრამ­ ისიც ცხადია, რომ რაღაც პროცესისთვის ხელშეწყობას მოძრაობების შექმნა არ სჭირდება. ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, გადამწყვეტია, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და დავამთავროთ ეს დიქოტომია - მიშა თუ ბიძინა. რეალურად არის შანსი, რომ იმ ხალხმა, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, მიიღოს შესაძლებლობა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს მთავრობის ფორმირებაში. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ისინი დააკომპლექტებენ, რა თქმა უნდა, კოალიცია უფრო ფართო იქნება, მაგრამ საზოგადოებას ეცოდინება, რომ ევალება იმათ, ვინც არ არის არც მიშა და არც ბიძინა, რომ არ არიან ის პარტიები, რომელთა უკანაც ისინი დგანან. კარგი იქნება, თუკი პოლიტიკოსები თავიანთი ამბიციებით ამას ხელს არ შეუშლიან, რადგან პოლიტიკოსებში ყოველთვის ჭარბობს ამბიციები, ვინ იქნება პრემიერი და ა.შ. ვიცი, რომ ამაზე დიდი შეუთანხმებლობაა, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ეყოფათ ჭკუა და ამ ამბიციებს გადალახავენ.

- დღეს "ქართული ოცნება" რეალურად რა მდგომარეობაშია? სანქციები მათზე როგორ აისახება, თუნდაც არჩევნებისთვის?

- სანქციები იმოქმედებს. ალბათ, ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ყულფი უფრო მოეჭირებათ. ხომ ხედავთ, დასავლეთი დოზირებულად აკეთებს ყველაფერს, გიტოვებს შანსს, რომ არ გაგრიყოს. ამიტომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წავა პროცესები ოქტომბრამდე და როგორ ჩავატარებთ არჩევნებს. ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" ამას ხვდება. ისიც იციან, რომ აბსოლუტურად დემოკრატიული არჩევნების პირობებში მათ გამარჯვების მცირე შანსი აქვთ. პრინციპში, მათი გამარჯვების ერთადერთი შანსი დღეს ის არის, რომ ვერ მოხერხდეს, მესამე ძალის ფორმირება.

რუსა მაჩაიძე