ნატოს "შეუსრულებელი მისია"?! - კვირის პალიტრა

ნატოს "შეუსრულებელი მისია"?!

ორიოდე თვის წინ რუმინეთის დედაქალაქში პარლამენტის სასახლეში იმ დარბაზის დათვალიერებამ მომიწია, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2008 წლის ისტორიული სამიტი გაიმართა. სწორედ ის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც ნატო საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში მიღებას შეგვპირდა, ოღონდ თარიღების დაკონკრეტების გარეშე. მას შემდეგ 16 წელი გავიდა და ამასობაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 14 სამიტი გამართა, რომელთაგან 13 სამიტზე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, კვლავ გვიმტკიცებდა, რომ ნატოს კარი ღიაა ჩვენთვის და აუცილებლად მიგვიღებენ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით.

მე-14 სამიტზე, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა აშშ-ში, ნატოს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში აღარც ეს, 16-წლიანი დაპირების ჩანაწერია, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას გვპირდებოდა. რამ გამოიწვია ეს, დიდი მიხვედრა არ სჭირდება - საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთის რიგი წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობაში დაპირისპირებამ, რასაც საპარლამენტო არჩევნებამდე, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი გართულება მოჰყვება. მაგრამ გვინდა ამ პრობლემას სხვა რაკურსიდან შევხედოთ - რამდენად მორალურად სუფთაა თავად ნატო მაშინ, როცა მისი ძველი და ახალი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, ალიანსის რიგებში არ მიიღებდნენ და ამას მაინც გვპირდებოდნენ. უფრო უარესიც, ნატოს შემდგომ სამიტებზე ამაში კიდევ 13-ჯერ დაგვარწმუნეს?

"შეუსრულებელი მისია" - ეტყობა, მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ნატოს დაპირებები ალიანსის "ღია კარის" შესახებ, რომელმაც საქართველოს მოსახლეობასა და ეტყობა, უკრაინელებშიც დიდი იმედისა და მოლოდინის შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირა ნდობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.

ვინ არის ამაში მთავარი დამნაშავე? ნამდვილად არა ის არასაჭირო "აგენტების კანონი", რომელიც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მაინც მიიღო და რომელიც ან იმუშავებს, ან არა.

დაპირებების გამცემებმა მილიონობით ის ქართველი და უკრაინელი პატრიოტი მოქალაქე მოატყუეს, ვისაც მართლაც გულით სჯეროდა "ნატოს თავდაცვითი ქოლგის" ქვეშ აგრესორი რუსეთისგან დაცვის ზღაპრის.

იყო თუ არა საქართველო პოლიტიკურად, თავდაცვითა და ეკონომიკურად მზად, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მალევე მიეღოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად?

2-buk-1720992143.png
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - 2008 წლის ნატოს სამიტს ბუქარესტში რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც კი ესწრებოდა, 4 აპრილის ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა და ჯორჯ ბუში-უმცროსის, მერკელის, სარკოზის წინაშე საქართველოს შესახებ განაცხადა: "ჩვენს ქართველ მეგობრებს იმედი აქვთ ნატოს საფარქვეშ აღიდგინონ ტერიტორიული მთლიანობა. ეს ასწლიანი ეთნიკური კონფლიქტებია ქართველებსა და აფხაზებს და ოსებს შორის. ამ პრობლემების გადასაწყვეტად ნატოში შესვლა კი არ არის საჭირო, არამედ მოთმინება და მცირე ეთნიკურ ჯგუფებთან დიალოგის გაბმა. სხვათა შორის, ჩვენ (რუსეთი) ვეხმარებით საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მიუხედავად კოსოვოზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ჩვენ არ ვცნობთ ამ კვაზისახელმწიფოების (აფხაზებისა და ოსების) წარმონაქმნების დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ დიდი ხანია მოგვიწოდებენ. ამ საკითხს რუსეთი უდგება ძალზე შეწონილად და პასუხისმგებლობით და თქვენ, ნატოსაც მოგიწოდებთ მოიქცეთ აკურატულად". იყო თუ არა ეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისა და ნატოს პირდაპირი გაფრთხილება?

რა თქმა უნდა, არა. საქართველოზე ბევრად უარეს სიტუაციაში უკრაინა იდგა, ჩვენ ლიდერის პოზიციაში ვიყავით და სიტყვაშეუბრუნებლად ვასრულებდით დასავლეთის ყველა თხოვნა-მოთხოვნას, მაგრამ მაინც არ მიგვიღეს. არადა, ამასობაში ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ: 2009 წელს ალბანეთი, 2017 წელს მონტენეგრო, 2020 წელს კი ჩრდილოეთი მაკედონია.

მათ ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ როგორ უნდა დაგვარწმუნოს ნატოს ხელმძღვანელობამ, რომ ალბანეთში უფრო მეტი დემოკრატიაა, ვიდრე საქართველოში? ან მონტენეგროს არმია უფრო შეესაბამება ალიანსის მოთხოვნებს, ვიდრე საქართველოს თავდაცვის ძალები, თუ ჩრდილოეთ მაკედონიას უფრო დიდი წვლილი შეუტანია ნატოს ერაყისა და ავღანეთის მისიებში, ვიდრე ქართველ სამხედროებს? მარტო ის, რაც ქართველმა სამხედროებმა 1999 წლიდან მოყოლებული კოსოვოს, ერაყის, ავღანეთისა თუ აფრიკის მისიებში ნატოსთვის გააკეთეს, რად ღირს - ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში იყო პერიოდები, როდესაც ნატოს არაწევრ და წევრ ქვეყნებზე მეტი სამხედრო კონტინგენტი გვყავდა გაგზავნილი (2 ათასამდე სამხედროს ოდენობით) და ამ რიცხოვნობით მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს თუ ჩამოვრჩებოდით. შედეგად, ნატოს მისიებისთვის სამ ათეულზე მეტი ქართველი მეომრის სიცოცხლე გავიღეთ, ათჯერ მეტი კი დაგვეჭრა.ეს იყო ერთგვარი "პოლიტიკური ხარკი", გაღებული ამ საუკუნეში საქართველოს სამივე ხელისუფლების მიერ, რათა ჩვენი ქვეყნის ნატოში შესვლის პროცესი დაეჩქარებინათ, მაგრამ შედეგი?

კიდევ უფრო დიდი გულსატკენი კი ის არის, რომ ნატომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე წევრობის დაპირებით უდიდესი დათვური სამსახური გაუწია საქართველოს და როგორც ახლა გამოჩნდა, კიდევ უარესი ჩვენს მოძმე უკრაინელებს.

სწორედ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის დაპირება გადაიქცა იმ უმთავრეს მიზეზად, რის გამოც აგრესორი რუსეთი, სამხედრო დამნაშავე პუტინის მეთაურობით, ჯერ 2008 წლის აგვისტოს თავს დაესხა საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია მოახდინა, 2022 წელს კი ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინაში.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ სწორედ მეზობელი აგრესორი რუსეთის ფაქტორია ის უმთავრესი დამაბრკოლებელი, რის გამოც ნატოს საქართველოსა და უკრაინისთვის დანაპირები "შეუსრულებელ მისიად" დაურჩა თუ დაიტოვა, თორემ ალბანეთს, მონტენეგროს ან ჩრდილოეთ მაკედონიას რუსეთთან საერთო საზღვარი არა აქვთ.

ნატოს წევრი რამდენიმე წამყვანი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ფრთხილი პოზიცია ჯერ საქართველოს, ახლა კი, რა თქმა უნდა, უკრაინის გაწევრების შესახებ კარგა ხანია ცნობილია - ნაწილობრივ ოკუპირებული და მით უმეტეს, ომში მყოფი ქვეყნის ალიანსის წევრად მიღება ნატოს სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, რადგან შეიძლება მოუწიოს ალიანსის დებულების მეხუთე პუნქტის ამოქმედებამ, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ამუშავებას ითვალისწინებს და თავად ნატოც შეიძლება რუსეთთან ომში ჩართული აღმოჩნდეს.

გასაგებია ნატოს წევრი ქვეყნების სიფრთხილე ბირთვული იარაღის მფლობელ აგრესორ და არაპროგნოზირებად რუსეთთან, მაგრამ ან რატომ დაგვპირდით ტყუილად და მით უმეტეს, რატომ გვკვებავდით განვლილი 16 წლის განმავლობაში სიცრუით, რომ ალიანსის კარი საქართველოსა და უკრაინისთვის "ღიაა"?

იმ რთულ და ძალიან არასახარბიელო სიტუაციის გამო, რაც დღეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და დასავლეთის რიგ წამყვან პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობაში შეიქმნა, სამწუხაროდ, ნათელი ხდება, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და მით უმეტეს, ნატოში გაწევრების პროცესი უკუსვლით წავიდა, თანაც სწრაფი ტემპით, რაშიც კორექტირება შეიძლება შეიტანოს საქართველოში საპარლამენტო და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა.

უკრაინა ჩვენზე ბევრად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ის ისევ რჩება ნატოს "ღია კარის" მრავალწლიანი ცრუ დაპირების იმედზე და არც ევროკავშირში მალე გაწევრების პერსპექტივა აქვს, რადგან ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთთან ამ გახანგრძლივებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგებზე.

აგვისტოს ხუთდღიანი ომის (რომელშიც აქტიური საბრძოლო მოქმედებები სამი დღე თუ იყო) გადამტანი საქართველო გადაურჩა იმ საშინელ ტრაგედიას, რასაც მესამე წელია განიცდიან უკრაინელები, როდესაც რუსი ოკუპანტები ქვას-ქვაზე აღარ ტოვებენ უკრაინულ სოფლებსა თუ ქალაქებში და მიზანმიმართულად ანადგურებენ ყოველივე უკრაინულს.

ნატოს წევრი ქვეყნები თითქოს დიდ დახმარებას უწევენ ომის პირველივე დღეებიდან უკრაინულ არმიას, მაგრამ დადებითი შედეგი თითქმის არ ჩანს - პუტინის საოკუპაციო არმია ძალიან ნელა, დიდი დანაკარგით, მაგრამ მაინც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული მეტრით წინ მიიწევს აღმოსავლეთ ფრონტზე. რატომ ხდება ასე, თუკი თითქმის მთელი ნატო ეხმარება უკრაინის არმიას შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით? იმიტომ, რომ ეს დახმარება არასრულყოფილი და არადროულია, გარდა იმისა, რომ აშშ-ის პროტრამპისტი კონგრესმენების წყალობით უკრაინის არმია ნახევარი წელი ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე დარჩა, ალიანსის ევროპელი წევრების დახმარებებიც ძალიან დიდ კრიტიკას იმსახურებს. ამ ყველაფერს კი ემატება ერთგვარი "წითელი ხაზები", რომლებსაც თავიანთ თავს უვლებენ ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები და თავიანთივე გადაცემული რაკეტებით უკრაინელებს უკრძალავენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იმ აეროდრომების დაბომბვას, რომლებიდანაც აფრენილი რუსული ბომბდამშენები ფრონტის ხაზზე განუწყვეტლივ ბომბავენ უკრაინის დამცველების პოზიციებს და შემდეგ რუსი ოკუპანტების ქვეითი დანაყოფები ახერხებენ წინ მცირედით წაწევას.

როგორ შეიძლება რინგზე ერთმა მოკრივემ მეორეს, თანაც უფრო მძიმე კატეგორიისას, მოუგოს, თუკი მას ცალ ხელს უკრავენ, ხოლო მეორით აპერკოტის ამოკვრას უკრძალავენ?

ასეა ომშიც, სადაც გამარჯვებისთვის ყველა გზისა და მეთოდის გამოყენება უნდა სცადო (რა თქმა უნდა, სამხედრო დანაშაულების გარეშე), რათა სასურველ გამარჯვებას მიაღწიო.

თუმცა რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ფართომასშტაბიანი ომის გაანალიზებისას ჩნდება არცთუ უსაფუძვლო ეჭვი - სურთ კი დასავლეთსა და ნატოს წამყვან ევროპული და ამერიკული ქვეყნების ლიდერებს უკრაინის არმიის გამარჯვება და უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია? ან იქნებ დასავლეთი უფრო იმითაა დაინტერესებული, რომ ეს ომი რაც შეიძლება გაჭიანურდეს (ოღონდ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე), რათა რუსეთი დიდხანს იყოს დიდი ომის ჭაობში, ისეთი დიდი ომის, როგორშიც 2008 წლის აგვისტოს ომი ვერანაირად ვერ გადაიზრდებოდა, რადგან პატარა საქართველო სამი წელი კი არა, სამი კვირა ვერ შეეწინააღმდეგებოდა უზარმაზარ აგრესორ რუსეთს.

ხოლო თუკი საქმე მართლაც აქეთ მიდის, მაშინ რად უნდა უნდოდეს ნატოს უკრაინის სრულუფლებიან წევრად მიღება, რაც მას კოლექტიური თავდაცვის მეხუთე პუნქტის ამოქმედებას აიძულებდა? არ ჯობს შორიდან უყუროს ამ საშინელ სისხლის ღვრას და ისევ მიაწოდოს იარაღი უკრაინის არმიას, ოღონდ გამოზომილად, ცოტ-ცოტა დაგვიანებითა და რუსების ღრმა ზურგში გამოყენების აკრძალვით - ომიც გაგრძელდება და რუსეთიც უკრაინასთან დაპირისპირებაში იქნება "ჩაძირული", მაგრამ ყოველივე ეს უკრაინის დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც რუსი აგრესორების ყოველდღიური დაბომბვების დროს იღუპებიან, სიცოცხლის ხარჯზე?!

ირაკლი ალადაშვილი