როგორ აღორძინდა იმერეთის შუამთაში მეურნეობა - კვირის პალიტრა

როგორ აღორძინდა იმერეთის შუამთაში მეურნეობა

მშობლიურ სოფელსა და მამულში დაბრუნებულ ოჯახებზე ხშირად ვწერთ. დღეს გოგაძეებზე უნდა გიამბოთ, მათ შესახებ ინფორმაცია ვანის ტურიზმის ცენტრის "ფეისბუქგვერდზე" ამოვიკითხეთ... რომული გოგაძე ვანის რაიონის სოფელ შუამთაშია დაბადებული, ბავშვობაც იქ გაატარა, თუმცა სტუდენტობის შემდეგ სოფელში მუდმივად აღარ უცხოვრია. მშენებელ-ინჟინერს ქალაქში ყოველთვის საპასუხისმგებლო თანამდებობა ჰქონდა. 6 წლის წინ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. ექიმი მეუღლეც გვერდით დაუდგა, შუამთის მამული მათი მოვლილ-ნაფერებია...

რომული გოგაძე:

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთავში გამანაწილეს, ბინითაც დამაკმაყოფილეს და დავრჩი და დავრჩი.

mamul-deduli-3-1721736668.jpg

- როგორ გადაწყვიტეთ სოფელში დაბრუნება?

- ოთხი შვილი მყავს: უფროსი გოგო ამერიკის მოქალაქეა, იურისტია და ვაშინგტონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. კარგი ანაზღაურება აქვს და ძალიან მეხმარება. არც მე და ჩემი მეუღლე ვართ გულხელდაკრეფილი. სხვა შვილებიც მხარში გვიდგანან. მათაც უყვართ სოფელი. მოკლედ, აქეთ წამოსვლა ორივეს გვინდოდა. ჰოდა, შვილები ფეხზე რომ დავაყენეთ, დროც მოვიდა და შუამთაში გადმოვედით, მანამდე კი მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოვდიოდით და მშობლებს ვახარებდით.

მოკლედ, ავაშენეთ სახლი, მოვაწყვეთ ეზო, გავახარეთ ხეხილის ბაღი. ახალ სახლში 2017 წელს შევედით და მას მერე აქ ვართ. ეზო დაახლოებით 8000 კვადრატული მეტრია, ძირითადად, ხეხილის ნერგებითაა ათვისებული. 4000 კვადრატი ალუჩის ბაღს დავუთმეთ, დანარჩენი შერეული ხეხილი გვაქვს, ყვავილნარიც.

ვანს ბევრი ტურისტი სტუმრობს. მეც მეხერხება ცოტა ინგლისური და რამდენჯერმე სტუმრიანობაც გვქონდა. ერთხელ ველოსიპედი გაუფუჭდათ. დავეხმარეთ, ჩვენს ჭიშკართან იყვნენ, შემოვიპატიჟეთ... უზომოდ გაუხარდათ. მანამდეც იყვნენ ტურისტები კანადიდან, ამერიკელებიც. ასეთი შემთხვევები გვქონია და სამომავლოდ ამ კუთხით, ალბათ, უფრო გავაქტიურდებით.

mamul-deduli-1721736759.jpg

- 4000 კვადრატზე დარგული ალუჩა არც ისე ცოტაა.

- 140 ძირამდეა. ახალგაზრდა ბაღია, 5 წლის. ვინც მოვა, მოკრეფს და იყიდის - ასეთია ჩანაფიქრი. საკონსერვო მიმართულებით არაფერს ვაპირებთ.

- როგორც ვიცი, გაქვთ თხილის პლანტაციაც, ასევე კაკალი, სხვადასხვა ჯიშის ხურმა, მსხალი, ვაშლი, ბალი, კომში, უნაბი... ხეხილით უხვად დაგიტვირთავთ ეზო...

- 17 წლის ვიყავი, შუამთიდან რომ წავედი, შესაბამისად, მეურნეობის გაძღოლაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. რომ დავბრუნდი, გამიჭირდა თოხნა და სიმინდის მოყვანა. ამიტომ ხეხილზე გადავედით. თუმცა ტალავერზე ადესა და ჩინური ჩვენც გვაქვს გაშვებული. ახლა უეკლო მაყვალი ვცადეთ და სასწაულად გაიხარა. ზოგიერთი მარცვალი იმხელაა, ხელისგულზე ძლივს დაიტევ, თან თითოეული საოცრად ბზინავს. მის გამრავლებას კიდევ ვფიქრობ. თითქმის ყურადღების მიქცევაც არ უნდა, ისე ხარობს. წყალი ულევად გვაქვს და ვრწყავ.

a7a43b6b-9fe1-4007-b28c-92bb85ccba4b-1720995197.jpg

- წვეთოვანი სისტემა დაამონტაჟეთ?

- როცა ნერგები პატარა იყო და ალუჩებს შორის ხან პამიდორი დავრგეთ, ხან კიტრი, მაშინ დროებითი წვეთოვანი სისტემით ვრწყავდი. ახლა ნერგებს ინტენსიური მორწყვა დიდად არ სჭირდება და ამას ხელითაც ავუდივართ.

მზესუმზირაც მოვსინჯეთ და შესანიშნავად გაიხარა. მთელი სოფელი დადიოდა ფოტოების გადასაღებად, განსაკუთრებით ქალაქელები გვეხვეწებოდნენ, სურათებს გადავიღებთო. წლეულსაც კარგად გაიხარა.

მე და ჩემი მეუღლე ყვავილების მოყვარულებიც ვართ. სადაც რამე ახალს ვნახავთ, შინ მოგვაქვს. ეზოში ნაირ-ნაირ ყვავილებს ვუვლით.

mamul-deduli-1-1721736732.jpg

- თქვენი ეზო-კარი წკრიალებს, ეს მეტყველებს, რომ არ ჩერდებით...

- მეუღლე მყავს ძალიან ენერგიული, არ ისვენებს და მეც არ მასვენებს. ისიც ამ კუთხიდანაა, 5 კილომეტრშია მისი სოფელი.

აქაურობა ჩემი მამაპაპეული კუთხეა. მაშინაც კი, როცა დიდი ქარხნის მთავარი არქიტექტორი ვიყავი და თავისუფალი დრო ნაკლებად მქონდა, ვცდილობდი, სოფელში ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვსულიყავი. ბოლო წლებში, როგორც კი გაჩნდა საშუალება, დიდი ხნით წამოვსულიყავი, კიდეც წამოვედი. გულდასაწყვეტია, რომ მამაპაპეული სახლ-კარის გამშვენიერება ჩემი მშობლების სიცოცხლეში ვერ მოვახერხეთ. აქაურობასთან დიდი სულიერი სიახლოვე მაკავშირებს. ჩემს მშობლებს სულ ველაპარაკები. მამა ისტორიკოსი, პედაგოგი იყო, დედა ფიზიკა-მათემატიკოსი, აქ ასწავლიდნენ. დიდი სოფელი და სკოლა გვაქვს. პატივსაცემი ხალხი გახლდნენ.

ტრაბახში არ ჩამითვალოთ და, ამდენი ხანია სოფელში არ მიცხოვრია, 5-6 წელია რაც აქ ვარ და მეზობლები, რომლებიც სოფლიდან არც არასდროს წასულან, ჩვენთან მოდიან და ყვავილებისა და ხეხილის ნერგები მიაქვთ. ჩვენც ყველას ვეხმარებით.

mamul-deduli-2-1721736702.jpg

- ალუჩას როგორ უვლით, რადგან ყველაზე მეტი გაქვთ.

- რაღაცებს ვსწავლობ, ვკითხულობ, ამ საქმის მცოდნეებს ვეკითხები რჩევას. გაზაფხულზე ძირებს შემობარვა უნდა, ტანს დაკირვა. ვსხლავ ტოტებს. შეწამვლაც უნდა, მაგრამ არ ვწამლავ. რადგან 5 წლისაა, ინტენსიურ მორწყვას აღარ საჭიროებს. მთავარი იყო, პირველი სამი წელიწადი გადაეტანათ და არ გამხმარიყო. ახლა უკვე ძლიერი ფესვთა სისტემა და ტანი აქვთ, ამიტომ ტენი დიდად არ სჭირდებათ. მოკლედ, მივყვებით ჩვენს საქმეს.