მიშასა და ჩიკას იაპონურ-ქართული ეგზოტიკური „მიწის ნაგლეჯი“ - კვირის პალიტრა

მიშასა და ჩიკას იაპონურ-ქართული ეგზოტიკური „მიწის ნაგლეჯი“

ქართველი მსახიობი მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე ჩიკა ოგი რამდენიმე წელიწადია გურიაში ცხოვრობენ. მათ სოფელ ვაკიჯვარში, ბახმაროს მთის მისადგომებთან თავისი სავანე შექმნეს. მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი 1200 კვმ-ია, გაკეთებული აქვთ ზონირება, სადაც შექმნილია გლემპინგისა (ე.წ. გლამურული კემპინგი, - მ.გ.) და კემპინგის სივრცეები. გლემპინგისთვის სრულად აღჭურვილი მომცრო ხის კოტეჯია, ხოლო დამხმარე ნაგებობა, რომელიც აერთიანებს გარე სამზარეულოს, სველ წერტილებსა და სათავსს, საკემპინგე ზონისთვის არის განკუთვნილი. აქვეა იაპონიიდან ჩამოტანილი მსხმოიარე და ორნამენტული მცენარეები, საკურასა და ნეკერჩხლის ნერგები. "რადგან ერთად ვცხოვრობდით, საჭირო იყო გამოგვენახა საქმე, რითაც ორივე ვიქნებოდით დაკავებული და სარჩოსაც მოვიპოვებდით.. ასე დაიბადა იდეა მიწის ნაკვეთის ყიდვისა და მასზე ტურისტული ობიექტის შექმნის თაობაზე. სურვილი გვქონდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებაში. ამასთან, ორივენი მებაღეობითა და პერმაკულტურით ვიყავით გატაცებული, გვინდოდა საკუთარი საკვები თვითონვე მოგვეყვანა", - იხსენებს მიშა არობელიძე.

მიშა არობელიძე:

- ბევრი წინაღობის მიუხედავად, მოვახერხეთ და იაპონიიდან ჩამოვიტანეთ უნიკალური ხის ნერგი, რომელსაც გინგკო ბილობა ჰქვია. ეს მცენარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკოსისტემისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვხვდება და მის შესახებ ინფორმაციაც თითქმის არავის აქვს. გინგკო ბილობა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხეა, პრეისტორიული მცენარე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მისგან ექსტრაქტებიც მზადდება, სასარგებლოა, აუმჯობესებს ადამიანის მეხსიერებას, მხედველობას, ხელს უწყობს ტვინის უკეთესად ფუნქციონირებას, ამცირებს სტრესს და ა.შ. იაპონიაში გინგკო ყველგან არის, თუმცა რამდენჯერმე იქ ყოფნის დროს ვერ მოვახერხე წამოღება, ამჯერად გამომივიდა. მართლა, ხელისგულზე ვატარე იაპონიიდან მთელი გზა. ახლა ეს საოცარი მცენარე ჩემს ბაღში იზრდება, მოგვიანებით კი ჩვენს ტურისტულ სავანეში გადავიტანთ.

მიუხედავად იმისა, გინგკო შავიზღვისპირეთში XIX საუკუნეში შემოიტანეს, მასობრივად არ გაშენებულა. ორიოდე სანერგის შესახებ კი გვსმენია, რომ ეს მცენარე იყიდება, მაგრამ არ გვინახავს. თუმცა უხვადაც რომ ყოფილიყო, ეს ჩვენს განზრახვას არ შეცვლიდა, სურვილი გვაქვს მასობრივად გავრცელდეს საქართველოში, რაც მეტი, მით უკეთესი... საოცარი ხეა ვიზუალურად, ტექსტურით, ფოთლების ფორმით, ფუნქციურობაზე აღარაფერს ვამბობთ. მალე ჩვენთან მოსული სტუმარი, სხვა უამრავ ხე-მცენარესთან ერთად, დიდებული გინგკოების ხილვითაც ისიამოვნებს. ჩვენი ინფორმაციით, გურიაში ეს გინგკო ბილობაა პირველი.

img-4105-1720995197.jpg

- თქვენი ხე-მცენარეების შესახებ გვიამბეთ...

- ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ მსხმოიარე ვაშლი, ალუჩა, ატამი, მუშმალა, თხილი, წაბლი, ქლიავი, ტყემალი, გურული ენდემური ვაზი ჩხავერი, დეკორატიული მცენარეების ბაღი, რომლის ძირითადი ნაწილი იაპონიიდან ჩამოვიტანეთ... დეკორატიულში იგულისხმება საკურა, იაპონური ნეკერჩხალი იოჰას ჯიშის (იროჰამომიჯი), ტამუკეიამა, არაერთი ადგილობრივი ნეკერჩხალიც, გინგკო ბილობა... სხვადასხვა წიწვოვანი, ღვია, კავკასიური სოჭი, ნაძვი... თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით. როგორც ტყეს აქვს ფენების სისტემა და მასში არსებული ნებისმიერი ხე-მცენარე ერთიმეორეს ეხმარება, თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, სწორედ ასეთი მეთოდით ვაკეთებთ ჩვენს ბაღს. ამას ეძახიან საკვებ ტყეს (Fოოდ Fორრესტ), ანდა ტყის ბაღს, ის ბუნებრივი ტყის ეკოსისტემის მსგავსია და შვიდი ფენისგან შედგება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი უნიკალური ხე-მცენარე გავამრავლოთ, ისეთი როგორიც ჩვენთან არ არის, ან ძალიან ნაკლებად. რასაკვირველია, ამას დრო სჭირდება, ხანგრძლივი შრომა, თუმცა შედეგი საოცარი იქნება.

ჩემი და ჩიკას დამოკიდებულება ხე-მცენარეებისა და ზოგადად ბუნების მიმართ მუდამ განსაკუთრებული იყო. დაინტერესებული ვიყავით პერმაკულტურითა და ჰორტიკულტურით ანუ მებაღეობით. თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტს პერმაკულტურაზე გავაკეთებთ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ წლების წინ გავეცანით იაპონელი ფერმერისა და ფილოსოფოსის მასანობუ ფუკუოკას წიგნს "ჩალის ღერის რევოლუცია". ის მოგვიანებით ქართულადაც გამოიცა და ძალიან კარგი გზამკვლევია. შევიტყვეთ პერმაკულტურის ფუძემდებლების, ბილ მოლისონისა და დევიდ ჰოლმგრენის შესახებ, გავეცანით მათ ნაშრომებსაც. რადგან ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, გვემუშავა ბუნებასთან და არა მის წინააღმდეგ. მივხვდით, რომ ეს იყო მიმართულება, საითკენაც უნდა გვევლო და რასაც ზემოხსენებული ავტორები გვასწავლიან.

პერმაკულტურა არის სისტემა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს (ინჟინერია, არქიტექტურა, ელექტროენერგია, ნარჩენების მართვის სისტემა), განსხვავებით ტრადიციული აგროკულტურისგან, რომელიც, ბევრის აზრით და მათ შორის ჩვენით, დიდი შეცდომაა. დახვნა, ათასგვარი ჰერბიციდი, შხამქიმიკატები და ტრადიციულ აგროკულტურაში მიღებული მრავალი მეთოდი ფიტავს და ანადგურებს ნიადაგს, პერმაკულტურა კი იმისთვისაა შექმნილი, რომ ისეთი ეკოსისტემა შევქმნათ, რომელიც სასარგებლო იქნება ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. მებაღეობას რაც შეეხება, ჯანმრთელი მცენარე რომ გავზარდოთ, პირველ რიგში ნიადაგი უნდა მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივი გზით. ჯანსაღ მცენარეს ჯანსაღი ნიადაგი სჭირდება. ჩვენ ბუნებრივი მეთოდით ვაკეთებთ კომპოსტირებას, ორგანული ნარჩენით...

misha-4564-1720995197.jpeg

- ურემ-ბიბლიოთეკაზეც გვიამბეთ.

- გურიაში ყოფნისას გიორგი კეკელიძემ შემოგვთავაზა ჩვენს სავანეში ბიბლიოთეკის გახსნა და სიამოვნებით დავთანხმდით. მეტადრე, რომ ჩვენ თვითონვე გვინდოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ვერ მოვახერხეთ. გიორგიმ გვითხრა, შესაბამისი სივრცე მოგვეწყო და წიგნებს ის მოგვცემდა. მე და ჩიკამ ვიფიქრეთ, რა ფორმით შეიძლებოდა მომცრო ბიბლიოთეკის გაკეთება. ჩიკამ შემომთავაზა იდეა ურმის შესახებ, რასაც დავთანხმდი. ჩემდა გასაკვირად, ურემი (რომელსაც გურიაში კაჩკას ეძახიან) რთული საპოვნელი აღმოჩნდა. ხის თვლებზე შემდგარ ურემს არ დავეძებდი, ასეთი 50 წელია არავის გამოუყენებია გურიაში, მანქანის საბურავებიანიც მშვენიერი გამოსავალი იქნებოდა. ორი კვირის თავზე ძლივს მივაკვლიე, დავიწყეთ მასზე კონსტრუქციის შენება და შარშან 12 სექტემბერს გვქონდა გახსნის ღონისძიება, რომელსაც გიორგი კეკელიძე და გურული ფოლკლორის მომღერლები დამიანე და გიორგი გორდელაძეები დაესწრნენ. სტუმრებიც ბლომად იყვნენ. სამწუხაროდ, ჩამოსვლა ვერ მოახერხეს ძმებმა არველაძეებმა, რომლებიც ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერები იყვნენ.

img-7993-1720995196.jpg

ეს სოციალური პროექტია. იდეა, წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, განურჩევლად ადგილმდებარეობისა, მისასალმებელია. ამისთვის შევქმენით ეს ბიბლიოთეკა. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს სავანეში და წიგნები წაიკითხოს... როცა ამ პროექტზე ვფიქრობდით, გაგვახსენდა "ბუკმობილი", სადაც მიკროავტობუსებით აწვდიან წიგნებს სოფლად და მთებში მცხოვრებ მოსახლეობას. აღმოვაჩინეთ ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ძველ დროშიც არსებობდა მსგავსი აქტივობა, იმ განსხვავებით, რომ წიგნებს ცხენშებმული ურმით არიგებდნენ. სოფელ ვაკიჯვარში ხშირად ვხედავთ მსგავს სანახაობას, ურმებში შებმულ ცხენებს, ამიტომაც გვსურდა, ურემი ბიბლიოთეკის სიმბოლოდ გვექცია...

P.S. გინგკო ბილობას შესახებ სტატია "გინგკოს საოცრებათა კრიალოსანი" შეგიძლიათ იხილოთ "მამულ-დედულის" 2022 წლის 19 სექტემბრის ნომერში.