კახური ოჯახის ტრადიციული ბიზნესი - კვირის პალიტრა

კახური ოჯახის ტრადიციული ბიზნესი

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში ერთი წარმატებული საქმის შესახებ უნდა გიამბოთ. ეკა რუხაძე მეოთხე თაობის მეღვინეა. საწარმოს დირექტორი და თანადამფუძნებელი მეოთხე წელიწადია, საკუთარი მარნის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. სამი შვილის დედას საოჯახო ბიზნესში დიდი წვლილი მიუძღვის.

ეკა რუხაძე:

- საერთაშორისო ურთიერთობები მაქვს დამთავრებული და სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ინტერესის სფერო, ამ დარგში უკვე პროფესიული განათლება მჭირდებოდა და მეღვინეობის სამი კურსი გავიარე. პროფესია 40 წლის ასაკში შევიცვალე, რაც მარტივი არ ყოფილა.

- ახლა საოჯახო მეურნეობაში ღვინის ხაზი თქვენ მიგყავთ?

- კი, თუმცა გვყავს პროფესიონალი მეღვინეც, რომელთან ერთადაც სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ. საერთოდ, ყველაფერი წარსულიდან და ტრადიციებიდან იწყება. ჩემი დიდი პაპა და მისი სამი ძმა მეღვინეები იყვნენ. ღვინო რუსეთში გაჰქონდათ, მაგრამ მერე განკულაკება შეეხოთ და ვენახები ჩამოართვეს. ერთი ძმა რუსეთში დარჩა და იქ დაოჯახდა. აქ კი დანარჩენი ძმების შთამომავლებმა მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიცია განაგრძეს. კახელები ვართ და კახეთში ყოველთვის იყო ღვინის სიყვარული, ამას ვერავინ წაგვართმევდა.

ჩემი ბებო სიღნაღის რაიონში ცნობილი აგრონომი იყო. მე უკვე მეოთხე თაობის მეღვინე ვარ, ქალების ხაზით წამოვედით.

- ესე იგი, თქვენი მშობლების ოჯახიც განაგრძობდა ამ ტრადიციას.

- დიახ. ჩვენთან ყოველთვის დიდი სიხარული იყო რთველი. გემოების კარგი აღქმის უნარი მაქვს და ღვინოს ყოველთვის გამასინჯებდნენ ხოლმე. ამ საქმის მიმართ გულგრილი არასდროს ვყოფილვარ. როცა აქ მარანი გავაკეთეთ, ეს უკვე ჰობისა და ტრადიციებს გასცდა და ბიზნესად იქცა, რასაც სერიოზულად უნდოდა მიხედვა. ამიტომაც კურსები გავიარე და დიდი მეღვინეებისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვცდილობდი, პრაქტიკაში ყველაფერი სწორად გამეკეთებინა.

ღვინის დაყენება ცოცხალი პროცესია, ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება მთელი პროცესი გააფუჭოს. მოკლედ, განათლება აუცილებელია.

a3ab3aab-4d9c-4a85-81ee-7a39e515dbba-1720996119.jpg

- თქვენს საქმეში თქვენთან ერთად თქვენი დის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ისიც მრავალშვილიანი დედაა...

- მეღვინეობის ტრადიციებთან ერთად, ჩვენს ოჯახში ყოველთვის კარგი სუფრა იშლებოდა და სტუმრების მიღებაც ხშირად გვიწევდა. დედასა და მამას მზარეულობა კარგად გამოსდიოდათ. ამ ხაზს, ჩემგან განსხვავებით, ჩემი და, მაკა გაჰყვა. ბავშვობიდანვე უყვარდა სამზარეულოში ტრიალი. თუმცა სამი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და არც ერთი კულინარიის განხრით. ეს საქმე რომ დავიწყეთ, პროფესიის შეცვლა მანაც გადაწყვიტა. მივხვდით, რომ უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვსიამოვნებს და გვიყვარს. ასე რომ, სამშვილიანი დედები ამ საქმეში გადავერთეთ. ეს ყველაფერი ჩვენმა სტუმრიანობამ, მეგობრების გვერდში დგომამ, შეძახილმა გაგვაბედვინა... ახლა მაკა სამზარეულოს მართავს, მე - მეღვინეობას.

- ოჯახის რამდენი წევრი ხართ საქმეში ჩართული?

- როდესაც საქმეს გამოუცდელი იწყებ, ეყრდნობი ოჯახს, ახლობლებს და ჩვენც ასე მოვიქეცით. ჩართული ვართ მთელი ოჯახი - დები, დედა, მამა, ბიძა, ბიძაშვილი, სიძეები - ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთად ვაკეთებთ ამ დიდ საქმეს.

a2bb3d00-ea08-4eef-8cc0-12a66fda6cb0-1720996119.jpg

- თქვენი მარნის შენობას ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლს ვამსგავსებ...

- მის დაპროექტებაში, დიზაინში, მშენებლობაში ვმონაწილეობდი. მინდოდა ჭავჭავაძეების სახლის რაღაც დეტალები ჩვენთანაც გადმოგვეტანა. იმ ლამაზი ელემენტების გამოყენებით, სიღნაღის რაიონშიც მინდოდა გვქონოდა წარმოსაჩენი შენობა. ახლა აქაურობის მიმართ ვერავინ რჩება გულგრილი. ამ შენობაშია განთავსებული მარანი და რესტორანი. მარანი მინუს პირველ სართულზეა, მიწის ქვემოთ, სადაც ზამთარ-ზაფხულ ერთნაირი ტემპერატურაა. ეს მარნისთვის აუცილებელია. პირველ და მეორე სართულზე რესტორანია. პირველ სართულს უფრო დუქნის სტილი აქვს, მეორე ღონისძიებების დარბაზია.

- როგორც შევიტყვეთ, მივიწყებული კახური კერძებიც აღგიდგენიათ.

- შუაგულ კახეთში, ქიზიყში ვართ და სამზარეულოც შესაბამისი გვაქვს. ცნობილ კახურ კერძებთან ერთად გვაქვს მივიწყებული კერძებიც, რომლებიც აღვადგინეთ. ისინი მხოლოდ რამდენიმე ოჯახშიღა მზადდებოდა. ამაზე მაკამ იმუშავა. მაგალითად, ვამზადებთ ლობიოში მოხარშულ დედასპურს, სეზონზე გვაქვს ჭინჭრის სხვადასხვაგვარი კერძი... რაც შეეხება მწვადსა და ხაშლამას, ამის გარეშე ხომ კახეთში სუფრა არ იშლება.

- ღვინოს მხოლოდ თქვენი ვენახის ყურძნისგან აყენებთ?

- როცა გადავწყვიტეთ, ღვინო ბიზნესად გვექცია, საკმარისი ვენახები ოჯახს არ გვქონდა. რქაწითელი და საფერავი ჩვენია, მაგრამ გეზი მაქვს აღებული იშვიათი კახური ჯიშებისკენ, რაც ჩვენ არა გვაქვს. ამისთვის კონტრაქტორები გვყავს, ვისთან ერთადაც ვუვლით ვენახებს. იმ მოვლილ ყურძენს ვყიდულობთ, ვწურავთ და ღვინოს ვაყენებთ. ეს ჯიშები ცალ-ცალკე იწურება და ყოველ წელს მომხმარებლისთვის ახალ-ახლის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. ამით იშვიათი ჯიშების აღდგენასაც ხელს ვუწყობთ. ეს არის ვარდისფერი რქაწითელი, კახური მცვივანი, ჩიტისთვალა... ვწურავთ ქვევრში, ქართული ტრადიციული მეთოდით. ქვევრში დაყენებული ღვინო ხომ ჩვენი დიდი სიამაყეა. ამასთან ვიცით, რომ იუნესკოს დაცვის ქვეშ არის ქვევრში კახური ღვინის დაყენების წესი. ჩვენი მარანი არ არის მასობრივი წარმოებისთვის, უფრო საოჯახო ტიპისაა. კლასიკური ღვინის დასაყენებლად ერთ წელია უჟანგავი ფოლადის ავზებიც დავამატეთ, რადგან მოთხოვნა გაიზარდა.

eac62989-f60b-4fb6-aba4-ff334149b5a4-1720996119.jpg

წლევანდელი მოსავლიდან დაახლოებით 50 ათასი ბოთლი გამოვა. მარანი ისეა აშენებული, რომ 100 ათას ბოთლზე შეგვიძლია ასვლა. ნელ-ნელა ვიზრდებით, რათა ზედმეტი მარაგი არ დაგროვდეს. გაგვაქვს ევროპაში, რამდენჯერმე აზიაშიც გავგზავნეთ. ყოველთვის ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში, ახალ ბაზრებს ვეძებთ. ახლახან აშშ-ში ვიყავით, საიდანაც უკვე გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება. ძალის მოსინჯვას ყველგან ვცდილობთ, თუმცა გერმანიაში ერთგვარი ბაზა გვაქვს, საიდანაც ჩვენი ღვინოები მთელ ევროპაში ნაწილდება.

- წლობით მუშაობის შემდეგ ახალი საქმის წამოწყება და ასეთი გამართლება მართლა იშვიათია.

- გამართლება საჭიროა, რადგან ეს სტიმულს გაძლევს შემდგომი საქმიანობისთვის, რათა მეტი გააკეთო. ამ საქმეში ისე ვარ ჩართული, წარმოუდგენელია, არ გაამართლოს. მე კი არა, მთელ ოჯახს სული და გული გვაქვს ჩადებული, რაც წარმატების საწინდარია. დაუღალავ შრომას აუცილებლად მოაქვს შედეგი. გადაჭარბებაში არ ჩამითვალოთ და, რაღაცნაირად ვგრძნობ, როგორ შედგა ჩემი პიროვნება, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა მეკეთებინა.

- ჰანოვერში, გერმანიაში, გაგიხსნიათ თქვენი რესტორნის ფილიალი...

- ჩვენს საქმეს შორს გაუვარდა სახელი და არაერთი შემოთავაზება მივიღეთ, რომ ჩვენი ტრადიციული სამზარეულო საზღვარგარეთ გაგვეტანა. გერმანიაში ცხოვრობს ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც ასევე ღვინის იმპორტით არის დაკავებული. მას მოუვიდა იდეა, ჩვენი ღვინო თავისი სამზარეულოთი გერმანიაში გაგვეტანა. გიორგი დარბაიძე გვერდით დაგვიდგა და ევროპაში ქართული ტრადიციული რესტორნის ფილიალი გაიხსნა. გამოხმაურება დიდი იყო. სამზარეულო იქაც მაკამ ჩაიბარა. გადაამზადა ზოგი იქაური, ზოგიც ქართველი და სრულად ქართული რესტორანია. ახლა ვემზადებით ფილიალების ევროპის სხვა ქვეყანაშიც გასახსნელად.

ღვინო ბაზარზე ერთი წელია, რაც გავიტანეთ. მანამდე დაყენებულს რესტორანი სრულად ითვისებდა. ერთი წლის თავზე უკვე 5 მედლით ვართ საერთაშორისო კონკურსებზე დაჯილდოებული. ეს ჩვენი ოჯახისა და გუნდისთვის დიდი წარმატებაა.

- მსგავსი წარმატების მიღწევა სხვასაც შეუძლია?

- ამ ასაკში გავბედეთ და შევიცვალეთ პროფესია, გავაკეთეთ ჩვენი საქმე, რამაც წარმატება მოიტანა. ნუ შეგეშინდებათ, ვისაც გაქვთ სურვილი, რაიმე აკეთოთ, ან თქვენს პროფესიაში რაღაც არ გამოგდით, არ შეგეშინდეთ პროფესიის შეცვლის, გარისკეთ, ოღონდ გვერდში აუცილებლად პროფესიონალები დაიყენეთ, ვინც სწორ მიმართულებას მოგცემთ და აუცილებლად მიიღებთ კარგ შედეგს.