სკანდალური სტატია: ნადირობა ტრამპზე - ტერმინატორი, რონალდ რეიგანი და "დიდი დონალდი" ანუ ვინ წაახალისა 13 ივლისის გასროლა?! - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: ნადირობა ტრამპზე - ტერმინატორი, რონალდ რეიგანი და "დიდი დონალდი" ანუ ვინ წაახალისა 13 ივლისის გასროლა?!

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში” (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ტრამპი გადაულახავ ძალად იქცა: იმპიჩმენტებით, დაპატიმრებებით და ახლა მკვლელობის მცდელობით იგი სულ უფრო ძლიერდება. ვინღა დაუდგება მას წინ?“ (ავტორი - ტიმ სტენლი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ თქვენ ფარულად გამოხატავდით დონალდ ტრამპისადმი აღტაცებას, ახლა ზუსტად ის დროა, რომ თქვენი გრძნობა საჯაროდ გამოავლინოთ: ცოლი სკანდალს აღარ მოგიწყობთ და თანამშრომლები ვერაფერს ვეღარ გეტყვიან. დღეს პოლიტიკაში კრიტიკის გადავადების პერიოდი დგება - ისინიც კი, რომლებიც დონალდ ტრამპს ადოლფ ჰიტლერს ადარებდნენ და მას საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლას მოუწოდებდნენ, იძულებულნი არიან, კბილების კრაჭუნით აღიარონ: „ვფიქრობთ, ტრამპი გარკვეულწილად მართლაც აღფრთოვანების გამოხატვის ღირსია“.

მობი დიკისა და ტერმინატორის მსგავსად, დონალდ ტრამპი უკვე გადაულახავ ძალას წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენი რამის გადატანა მოუხდა ამ კაცს ბოლო რვა წლის განმავლობაში: მას ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი, ბრალი წაუყენეს ქალის გაუპატიურებაში, დააპატიმრეს, გაასამართლეს, მიაწებეს მოღალატის იარლიყი, გადაიტანა კოვიდპანდემია და ახლა ყურში ტყვია მიიღო.

ვინმე ეჭვობს კიდევ, რომ დონალდ ტრამპი ნოემბერში ვერ გაიმარჯვებს?

შეერთებულ შტატებში ყოველი მკვლელობის მცდელობა ტრაგედიას წარმოადგენს, იმავდროულად, მსგავსი ყოველი ფაქტი ამერიკაში ჭეშმარიტების მომენტს ემსახურება: მთელი ერი ფეხზე დგება. გავიხსენოთ აბრაამ ლინკოლნი, ჯონ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, რონალდ რეიგანი... ამჯერად ამერიკა ისევ ფეხზე დადგა. დონალდ ტრამპმა მუშტი მაღლა შემართა და შესძახა: „ამერიკელებო, იბრძოლეთ!“. ამერიკელებმა უპასუხეს: „დიდება ამერიკას!“. ამერიკული პატრიოტიზმი განისაზღვრება არა იოლი წარმატებებით, არამედ - განპირობებულია გამარჯვებებით იმ გაჭირვებასა და განსაცდელზე, რომლებიც პირველმა მცხოვრებლებმა გადაიტანეს და მომავალ თაობებს გადაეცემოდა.

ადამიანზე შეიძლება იმსჯელო იმითაც, თუ როგორ რეაგირებს იგი მასზე თავდასხმის მომენტში. 1835 წელს მღებავი პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის მოკვლას შეეცადა - საბედნიეროდ, მისმა პისტოლეტმა არ გაისროლა. ენდრიუ ჯექსონი, რომელიც 67 წლის იყო და თანაც - ჯანმრთელობით სუსტი, ბოროტმოქმედს მისწვდა და თავში ხელჯოხი ჩაარტყა. 1912 წელს თეოდორ რუზველტი, რომელსაც შეიძლება დონალდ ტრამპი ყველაზე მეტად შევადაროთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მილუოკში, ვისკონსინის შტატში დაჭრეს. გასროლის შემდეგ მან მშვიდად უთხრა ახლოს მყოფებს: „მე მგონი, დამჭრეს“, თუმცა მან მაინც დაასრულა თავისი გამოსვლა და ბოლოს მისუსტებული კანდიდატი საავადმყოფოში წაიყვანეს.

მართალია, თეოდორ რუზველტი პროგრესისტი იყო, დონალდ ტრამპი კი კონსერვატორია, მაგრამ ერთიც ნაციონალისტი იყო და მეორეც ნაციონალისტია. ოპონენტები ორივეს აბრალებდნენ დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრას, პოპულისტობას... თეოდორ რუზველტმა, როგორც ცნობილია, სიმბოლურად დაწერა: „ისტორიას ქმნის არა კრიტიკოსი, არამედ - ადამიანი, რომელიც არენაზე დგას - მტვრიანი და სისხლიანი სახით... იგი ზოგჯერ წარუმატებელია, მაგრამ არასოდეს უკან არ იხევს“. ეს არის რესპუბლიკური პარტიის მარადიული სული, მკაცრი ინდივიდუალიზმის და სიცოცხლისუნარიანობის გამოხატულება, რომელიც, თუ თეოდორ რუზველტის გამონათქვამის მიხედვით ვიმსჯელებთ, 2024 წლის ნოემბრის არჩევანის შედეგს გადაწყვეტს. ამერიკელები გაიხსენებენ, რომ დახრილი დონალდ ტრამპი გასროლისა და ჭრილობის შემდეგ უცებ წამოდგა, ჯო ბაიდენი კი რომ მის ადგილზე ყოფილიყო, ის დაეცემოდა და ფეხზე ვეღარ დადგებოდა. პრეზიდენტმა თავისი ოპონენტის დაჭრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, იგი მუმიას ჰგავდა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეძლო, რომლებიც არადამაჯერებლად ჟღერდა. არადა, სწორედ რამდენიმე დღის წინ ესოდენ საყვარელმა და სანდომიანმა ბიძია ჯომ თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ ტრამპისთვის „ჭკუა ესწავლებინათ“. გავიხსენოთ მისი კიდევ ერთი გამონათქვამი, რომელიც მინიშნებას ჰგავდა - „სპორტდარბაზში რომ ვიყოთ, ტრამპს კარგად მივბეგვავდიო“. დემოკრატი ნენსი პელოსი - კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი დონალდ ტრამპს „შინაურ მტერს“ უწოდებდა, ხოლო ასევე დემოკრატი ჰილარი კლინტონი - „სავალალო ადამიანს“. მადონა, რომელიც დემოკრატების მხარდამჭერია, დონალდ ტრამპს „თეთრი სახლის ამფეთქებლად“ თვლიდა, ხოლო ქეით გრიფინი სურათებს იღებდა ტრამპის მოჭრილი თავის მაკეტით ხელში.

საიდან აქვთ დემოკრატებს ამდენი სიძულვილი, რომელიც მათ არ უნდა ახასიათებდეთ?

დონალდ ტრამპი, ობიექტურად თუ ვიტყვით, ჩვენი დროის, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ საუკუთესო პრეზიდენტს, აშშ-ის ნამდვილ ლიდერს წარმოადგენს. ის არის ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა დასაქმებას, ქმნიდა სამუშაო ადგილებს, მხარს უჭერდა მშვიდობის დაცვას და სძულდა ომები. მან საპყრობილიდან გაათავისუფლა უსამართლოდ დაპატიმრებულები და ხელი შეუწყო ისრაელ-არაბული სახელმწიფოების მშვიდობიან დიალოგს.

დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა პოზიტიური გავლენა მოახდინეს ჯო ბაიდენის მმართველობაზეც. ამერიკელებმა თავი კარგად იგრძნეს: არ იყო რეცესია, არ ხდებოდა ომი... მაგრამ ჯო ბაიდენის მმართველობისას აშკარად გამოიკვეთა უარყოფითიც: ისე ჩანდა, რომ ამერიკელებს საკუთარი თავი შესძულდათ - დემოკრატების ინიციატივით, ისინი ერთმანეთს დაერივნენ. დღეს ამბობენ, რომ ტრამპისთვის ნასროლმა ტყვიამ ქვეყნის ბედი ბეწვზე დაჰკიდა, შესაძლოა, სამოქალაქო ომი დაიწყოსო. დემოკრატების მიერ ინიცირებული დაპირისპირების თავიდან არიდება ახლა მხოლოდ ისევ დონალდ ტრამპს შეუძლია, რომელმაც თავის მომხრეებს უკვე მოუწოდა, რომ დამშვიდდნენ და არჩევნებს დაელოდნონ.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპის ასეთ დიდსულოვან ნაბიჯს თავისი პრეცედენტი აქვს: რონალდ რეიგანმა თავისი მკვლელობის მცდელობა დამაიმედებელი იუმორული სტილით შეაფასა; ჰარი ტრუმენმა მასზე თავდამსხმელს სასიკვდილო განაჩენი შეუმსუბუქა; ალაბამის გუბერნატორმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯ სი უოლესმა, რომელიც 1972 წელს არტურ ბრემერმა პისტოლეტით დაჭრა და პარალიზებული დარჩა, მოინანია თავისი შეცდომები რასიზმთან დაკავშირებით, უფლის სიბრძნეს ეზიარა და პატიმარ ბრემერს წერილი გაუგზავნა, დამეგობრების თხოვნით.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა (მაგრამ დაუჯერებელია), რომ 13 ივლისს მომხდარმა ძალადობამ ქვეყანაში ძალადობის შემცირება გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ისტორიული ფაქტები პირიქით ლაპარაკობენ. პოლიტიკური ძალადობა, რომაული ფურიასავით (ძალადობის ქალღმერთივით) უკან გვდევს და საშინელებების თავიდან აცილება გარდაუვალი ხდება. სიძულვილით ნათქვამს თავისი შედეგი მოსდევს: მე დიდი ხანია, ჩემს თავს ვეუბნებოდი - თუ „ძლიერნი ამა სოფლისა“ ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი საშინელი და ბოროტი ადამიანია, მაშინ შეიძლება ის მოკლან. შაბათს მომხდარი გასროლის შემდეგ თავში გამიელვა - „აი, ბოლოსდაბოლოს, მათ ეს გააკეთეს“.

ვინ არიან დონალდ ტრამპის მოძულეები? ისინი არიან მემარჯვენეებშიც და მემარცხენეებშიც, მაგრამ არ არიან კომუნისტები. ისინი არიან ისტორიულად არსებული ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, გაანადგურონ ნებისმიერი, რომელიც ცდილობს რაღაცის შეცვლას - უგუნური ადამიანების ჩათვლით, რომლებსაც ვითომდა ისტორიის შეცვლის წყურვილი ამოძრავებთ და რომლებიც ასე ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას. ჩვეულებრივ სიტუაციაში მათ არსებობას ვერავინ შენიშნავდა.

ამჯერად გეგმა ჩაიშალა. დონალდ ტრამპი ბრძოლას აგრძელებს. მისი ფოტოსურათი საოცრად აღმაფრთოვანებელია: სახეგასისხლიანებული ექსპრეზიდენტი, მაღლა აწეული დამუშტული ხელით, ვარკვლავიან-ზოლიანი ფრიალა დროშის ფონზე. ეს ფოტოსურათი ძალიან მოგვაგონებს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ 1945 წელს კუნძულ ივოძიმაზე აღმართულ დროშას, გააფთრებულ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ.

დონალ ტრამპს, რასაკვირველია, მცირე ჭრილობა ვერაფერს უზამს, იგი ამერიკის აღორძინებისათვის ბრძოლას გააგრძელებს. მისი მოწინააღმდეგეები იმ მონადირეებს ჰგვანან, რომლებიც ვეშაპისგან (მობი დიკისგან) იღუპებიან, რომლის მოკვლაც მათ სურთ.

წყარო