ბიბილოვის ძმისშვილებს, რომლებსაც მის "ჯალათებს" ეძახიან, ცეცხლი გაუხსნეს - პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება ოკუპირებულ ცხინვალში
14 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სროლა იყო ოკუპირებულ ცხინვალში. როგორც მედია წერს, ცეცხლი "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს.
შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.
"უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევ კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია "ტელეგრამარხზე" დაყრდნობით.
ძმები კაბისოვები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ekhokavkaza.com წერს, სამხრეთ ოსური მედია ამ ფაქტზე დიდი ხნის განმავლობაში დუმდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაშიც გაჩნდა.
როგორც იტყობინებიან, ამ დროისთვის მიმდინარეობს "საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენის მიზნით".