„თუ შეშლილის ტყვიით უნდა მოვკვდე, ამას ღიმილით მივიღებ" - ინდური სისხლიანი "სერიალი"" როგორ მოკლეს მაჰათმა და ინდირა განდები - კვირის პალიტრა

„თუ შეშლილის ტყვიით უნდა მოვკვდე, ამას ღიმილით მივიღებ" - ინდური სისხლიანი "სერიალი"" როგორ მოკლეს მაჰათმა და ინდირა განდები

დონალდ ტრამპზე განხორციელებულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭეშმარიტება, რომ ასი პროცენტით არც ერთი სახელმწიფო მეთაურის და პოლიტიკოსის უსაფრთხოება არა არის გარანტირებული. დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში თავდასხმები, სამწუხაროდ, უფრო გახშირდება და უფრო ტრაგიკული შედეგი იქნება, ვიდრე დღეს ტრამპის გაკაწრული ყურია.

პრეზიდენტზე თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეიძლება მოაწყონ პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და რელიგიურმა ფანატიკოსებმა, ადგილობრივმა ნაციონალ-ორთოდოქსებმა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა, კრიმინალურმა სამყარომ და ა.შ. სამწუხაროდ, მსოფლიოს უახლეს ისტორიას ზემოჩამოთვლილი ყველა სახის თავდასხმა ახსოვს. უმრავლესობა ლეტალური შედეგით დასრულდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ინდოეთია.

1948 წლის 30 იანვარს მოკლეს ინდოეთის „სულიერი მამა“ მაჰათმა განდი, 1966 წლის 11 იანვარს ტაშკენტში სრულიად მოულოდნელად და დღემდე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ლალ შასტრი, 1980 წლის 23 ივნისს ავიაკატასტროფაში დაიღუპა პრემიერ–მინისტრ ინდირა განდის უმცროსი ვაჟი, „ინდოეთის პრინცად“ წოდებული სანჯაი განდი, რომელიც დედის პოლიტიკური მემკვიდრე და ქვეყნის მომავალი პრემიერ–მინისტრი უნდა გამხდარიყო.

ინდოეთში ტრაგიკული მოვლენები ამის შემდეგაც გაგრძელდა: 1984 წლის 31 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი მისმა სიკჰმა მცველებმა მოკლეს. დედის მსგავსად რაჯივ განდიც ტერორისტის მსხვერპლი გახდა. ის 1991 წლის 21 მაისს მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია "თამილელი ვეფხვების" "ბოევიკებმა". რა იყო ინდოეთში ამგვარი ტრაგიკული შემთხვევების მიზეზი? ჩემი აზრით მაშინდელი პოლიტიკური პოლარიზაცია, რელიგიური და ეთნიკური ექსტრემიზმი იყო ინდოეთში პოლიტიკური მკვლელობებისა და ტერორიზმის ძირითადი მიზეზი. პირველი საგანგაშო შემთხვევა მაჰათმა განდის მკვლელობა იყო. ინდოეთის „სულიერი მამა“ ცდილობდა ქვეყანაში მცხოვრებ ინდუსებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობები შეექმნა. ინდუსი ორთოდოქსები და ექსტრემისტები კი ეწინააღმდეგებოდნენ მუსლიმებთან თანამშრომლობას. მათ მაჰათმა განდის ირონიულად "პაკისტანის მამაც" კი შეარქვეს და მისი ლიკვიდაცია დაგეგმეს.

პირველი თავდასხმა მაჰათმა განდიზე 1948 წლის 20 იანვარს, მის მიერ შიმშილობის შეწყვეტიდან ორი დღის შემდეგ განხორციელდა. მაჰათმა მლოცველებს დელიში თავისი სახლის აივნიდან მიმართავდა, როდესაც ერთ–ერთმა პენჯაბელმა ლტოლვილმა მას ხელნაკეთი ბომბი ესროლა. ასაფეთქებელი მოწყობილობა განდიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აფეთქდა, მაგრამ არავინ დაშავებულა. ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა ჯავაჰრლალ ნერუმ მაჰათმა განდის პირადი დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა, მაგრამ მაჰათმა კატეგორიული წინააღმდეგი იყო: „თუ შეშლილის ტყვიით უნდა მოვკვდე, ამას ღიმილით მივიღებო“ , – აცხადებდა მაჰათმა.

gandis-mkvleloba-1721110345.jpg

მაჰათმა განდის მკვლელობა

ათი დღის შემდეგ, 1948 წლის 30 იანვარს, მაჰათმა განდი საღამოს ლოცვას სახლის წინ, ბაღში ასრულებდა, სადაც უამრავი ხალხი იყო შეიკრებილი. ისინი „ერის მამასთან“ მიახლოებას და უძველესი ჩვეულებისამებრ, მის ფეხებზე შეხებას ცდილობდნენ. ამ ქაოსით ისარგებლა ერთ–ერთმა შეთქმულმა ინდუსმა ექსტრემისტმა ნათჰურამ გოძემ და სამჯერ ესროლა Beretta M1934 პისტოლეტიდან. მაჰათმა განდი ადგილზე გარდაიცვალა.

mkvleli-1721110756.jpg

მკვლელი და მისი პისტოლეტი

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები შედეგად გამოვლინდა შეთქმულების ორგანიზატორთა რვაკაციანი ჯგუფი, რომლებიც დააკავეს. ინდოეთის სასამართლომ ნათჰურამ გოძეს და სამ სხვა შეთქმულს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა, ხოლო ოთხ დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ჩემი აზრით საგანგაშოა ის გარემოება, რომ დღესაც ამ შეთქმულების და მაჰათმა განდის მკვლელობის ორგანიზატორებს ინდოეთში არსებული ზოგიერთი ექსტრემისტული დაჯგუფება „ეროვნული იდეისთვის წამებულებად“ მიიჩნევს. ზოგადად ინდოეთი პარადოქსების ქვეყანა იყო და არის. 1974 წლის 18 მაისს, ეკონომიკურ პრობლემებსა და სიღატაკეში ჩაძირულმა ქვეყანამ . . . ატომური ბომბის წარმატებული გამოცდა ჩაატარა. მაშინაც და ახლაც ინდოეთის ხელისუფლება (ისრაელისა არ იყოს) ოფიციალურად არ ადასტურებს ბირთვული იარაღის ქონას, თუმცა მინიშნებებით აცხადებს: აბა რა გასაკვირი იქნება ამგვარ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რომ ვიზრუნოთო. არანაკლები პარაქდოქსია ის გარემოებაც, რომ ინდოეთის „ატომური პროექტის“ სათავეებთან დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა იდგენენ. 1955 წელს ბრიტანეთის დახმარებით დაიწყო ინდოეთის პირველი რეაქტორის, „აფსარას კვლევითი რეაქტორის“ მშენებლობა. 1955 წლის სექტემბერში კანადამ მიჰყიდა ინდოეთს მძლავრი 40 მეგავატიანი კვლევითი რეაქტორი. ცოტა მოგვიანებით აშშ–მ "მშვიდობიანი ატომის" პროგრამის ფარგლებში, მიაწოდა ინდოეთს 20 ტონაზე მეტი „ მძიმე წყალი“. . თუმცა ინდოეთის ხელისუფლებამ ფარულად რეაქტორზე ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საჭირო კვლევების ჩატარება დაიწყო, რის შესახებაც სულ სამმა ადამიანმა იცოდა: პრემიერ–მინისტრმა ნერუმ და მისმა ორმა მრჩეველმა.

თანდათანობით ინდოეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი „საბჭოთა ბლოკის“ მიმართულებით შეიცვალა. მოსკოვიდან მიღებული სამხედრო–ეკონომიკური და შიდა პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ჯავაჰრლალ ნერუ საბჭოთა რეჟიმის იმპერიულ საგარეო პოლიტიკას ემხრობოდა და ე.წ. „მიუმხროებელ ქვეყნებსაც“ ამისკენ მოუწოდებდა. ნერუმ მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც უმკაცრესად გმობდა 1956 წლის შემოდგომაზე უნგრეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას. წლების შემდეგ მამის მაგალითი გაიმეორა ინდოეთის მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ინდირა განდიმ, როდესაც 1968 წლის აგვისტოში საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ. ინდოეთის ისტორიაში პოლიტიკური მკვლელობებისა და ტერორისტული თავდასხმების ტრაგიკული ისტორია გასული საუკუნის 80 წლებშიც გაგრძელდა. 1980 წლის იანვარში პრემიერ–მინისტრის პოსტზე არჩეულმა ინდირა განდიმ ნაწილობრივ გაითვალისწინა წინა პერიოდში პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიებისას დაშვებული შეცდომები და შედარებით უფრო მოზომილ პოლიტიკას ატარებდა. იმ წლებში ის განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობდა, რასაც ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ 1983 წელს ინდირა განდი, საბჭოთა სპეცსამსახურების დიდი დახმარების შედეგად, გახდა „მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის“ თავმჯდომარე. მოსკოვი კმაყოფილი იყო: მისი „ძალზე ერთგული“ პოლიტიკოსი ხელმძღვანელოდა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც 100 ზე მეტ ქვეყანას აერთიანებდა! ინდოეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის ზენიტი სწორედ რომ 1980–1984 წლები იყო. საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრას ინდირა განდი „მეგობრული დუმილით“ შეხვდა, გაეროს ყველა გადაწყვეტილებას, სადაც იყო მოწოდება ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების დაუყოვნებლივ გამოვანის მოთხოვნით, ინდოეთი არ უერთდებოდა. უფრო მეტიც: ინდირა განდი არ შეუერთდა მოსკოვის საზაფხულო ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს და მრავალრიცხოვანი სპორტული დელეგაციაც გაგზავნა საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში.

gandi-moskovshi-1721110382.jpg

ინდირა განდი მოსკოვში

1950-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა სპეცსამსახურების სპეცოპერაციები მიმართული იყო ინდოეთის პოლიტიკური წრეებისა და მოსახლეობის დასარწმუნებლად აშშ-ის “ვერაგულ” გეგმებში. პარალელურად ინდოეთში მოქმედ „იმპერიალისტური ქვეყნების“ აგენტურას, უპირველესად კი „მთავარი მოწინააღმდეგის“, აშშ–ის აგენტებსა და ოპერატიულ თანამშრომლებს, რომლებსაც საბჭოთა სპეცსამსახურები შიფრავდნენ, ინდოეთის კონტრდაზვერვის ხელით აპატიმრებდნენ ან აძევებდნენ ინდოეთიდან. ერთ–ერთი ამგვარი ფაქტი გასული საუკუნის 80 იანი წლების დასაწყისში მოხდა, როდესაც კა–გე–ბემ გაშიფრა ინდირა განდის ახლო გარემოცვაში მოქმედი ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ამერიკელებზე „მუშაობდა“. მისი ვინაობა უმალ აცნობეს ინდოეთის პრემიერ–მინისტრს, რომელიც დიდ საერთაშორისო სკანდალით დაემუქრა ვაშინგტონს. აშშ–ის ხელისუფლება იძულებული იყო „ამ პატარა გაუგებრობისთვის“ ბოდიში მოეხადა.

საბჭოთა სპეცსასახურები სრულიად თავისუფლად მოქმედებდნენ ინდოეთში და ხშირად იყენებდნენ ამ ქვეყნის მასმედიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

1983 წელს ინდოეთის ერთ-ერთ პატარა “პროგრესულ” (როგორც საბჭოთა პროპაგანდა უწოდებდა) გაზეთში – “პატრიოტი”, დაიბეჭდა სტატია, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ შიდს-ის ვირუსი ამერიკელებმა, როგორც ბაქტერიოლოგიური იარაღი, შექმნეს და შემდგომ მის გავრცელებას შეუწყვეს ხელიო. რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა “ლიტერატურნაია გაზეტა”-მ აიტაცა ეს „სენსაციური თემა“, უფრო განავრცო და გამოაქვეყნა „სუპერ სკანდალური“ პუბლიკაცია, რომელშიც სპეცსამსახურებთან დაკავშირებული აღმოსავლეთ გერმანელი ბიოფიზიკოსი იაკობ სეგალი “მეცნიერულად” ასაბუთებდა, რომ ბუნებაში არსებული ვირუსების სინთეზის გზით აშშ-ის მეცნიერებმა ხელოვნურად მიიღეს შიდს-ის ვირუსი.

ამ პუბლიკაციებმა, რომელთაც “კა-გე-ბეს” კაბინეტებში იყო დაწერილი, დაუდეს საფუძველი მრავალწლიან დისკუსიებს ამ თემაზე. ყველა ამერიკელებს აგინებდა და, ბუნებრივია ყოველივე ამან აშშ-ის საერთაშორისო ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

1983 წლის შემოდგომიდან გაძლიერდა ინდოეთის შტატ პენჯაბში მცხოვრები სიქჰების დაპირისპირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან: ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას მოითხოვდნენ. მათ დაიკავეს სიქჰების მთავარი სალოცავი „ოქროს ტაძარი“ ამრისტარში. ამის საპასუხოდ ინდოეთის ხელისუფლებამ 1984 წლის 5 ივნისს , არტილერიისა და ტანკების გამოყენებით ჩაატარა სამხედრო ოპერაცია „ცისფერი ვარსკვლავი“, რომლის დროსაც ტაძარი გაათავისუფლეს. ინდოეთის ხელსუფლების ოფიციალური ცნობებით დაიღუპა დაახლოებით 500 ადამიანი. სხვა ინფორმაციით კი – რამდენიმე ათასი. ამის შემდეგ ინდოეთის არმიაში დაიწყო სიქჰი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მასიური დეზერტირობა. ოპერაცია „ცისფერი ვარსკვლავი“ საბედისწერო აღმოჩნდა ინდირა განდისთვისაც.

bbbggg-1721110323.jpg

1984 წლის 31 ოქტომბერს დილის 09-00 საათზე ინდოეთის პრემიერ–მინისტრს დაგეგმილი ჰქონდა ტელეინტერვიუ ცნობილ ინგლისელ მსახიობთან, რეჟისორთან და მწერალთან პიტერ უსტინოვთან. გადაღებები ინდირა განდის რეზიდენციაში უნდა ჩატარებულიყო და ამიტომ ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა ჟავშანჟილეტი არ ჩაიცვა. სტუმრებთან შესახვედრად ინდირა განდის სულ რაღაც ასიოდე მეტრი უნდა გაევლო, რეზიდენციის შიდა პერიმეტრის ამ მონაკვეთზე ორი დაცვის წევრი მორიგეობდა: პოსტზე სიკჰები, ბეანთ სინგჰი და სათვანთ სინგჰი იდგნენ. ინდირა განდი მათ მიესალმა და გზა განაგრძო, ამ დროს კი სიკჰებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. დაცალეს თუ არა მჭიდები, იარაღი მიწაზე დადეს. ერთ ერთმა კი დაიყვირა: „მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, ახლა თქვენ რაც გინდათ ის გააკეთეთო". ინდოეთის პრემიერ–მინისტრის მკვლელობა იყო სიკჰების შურისძიება „ოქროს ტაძრის“ დარბევისთვის. ამის შემდეგ ინდოეთის პოლიტიკაში რაჯივ განდის გააქტიურობის აუცილებლობა დადგა.

(მერვე ნაწილის დასასრული)

p.s. მცირე კომენტარი დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ამ ყოვლად დაუშვებელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების პოლარიზაციას და ორი ასაკოვანი პოლიტიკოსის პიროვნულ დაპირისპირებას. ეს ამერიკული დემოკრატიისთვის წარმოუდგენელი იყო, თუნდაც 10–15 წლის წინ. ჩემი აზრით ისევ მათ, ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა უნდა მისცენ დემოკრატიის მაგალითი მთელ მსოფლიოს: ორივემ უნდა მოსხნას საკუთარი კანდიდატურა და საპრეზიდენტო არჩევნებზე გზა უფრო ახალგაზრდა და პიროვნულად ნაკლებად დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს დაუთმონ. ამით მოიგებს ამერიკაც და მთელი მსოფლიოც.