"ეფ-ეს-ბე გამუდმებით ნადირობს ჩვენზე... "კადიროვცებს" ხომ ყველაზე აქვთ ინფორმაცია" - კვირის პალიტრა

"ეფ-ეს-ბე გამუდმებით ნადირობს ჩვენზე... "კადიროვცებს" ხომ ყველაზე აქვთ ინფორმაცია"

ჯამბულატ სულეიმანოვი ერთ-ერთია იმ ათობით ათას ჩეჩენს შორის,

რომელიც კადიროვის რეჟიმს გაექცა და თავს ევროპას აფარებს. მან სამშობლო წლების წინ დატოვა. ჩეჩენი ბლოგერი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა, დედა და ნათესავები ჩეჩნეთში ჰყავს. ჟურნალი "გზა" მას ინტერვიუსთვის საფრანგეთში დაუკავშირდა.

- თავად ჯანმრთელობის გამო არ მომიწია ბრძოლამ, მაგრამ იქ უამრავი ჩვენიანი იბრძვის, ისევე როგორც ქართველი. მე ვიცი მათ შესახებ და ყველას მადლობელი ვარ, ვინც ახლა პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. მე ვიცნობ შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის მეთაურსა და მის ძმას, ასევე, ჯოxარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაურ მუსლიმ ჩებერლოევსკის, ადამ ოსმაევს. არის კიდევ ერთი, მესამე ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც აჰმედ ზაკაევმა მასშტაბური ომის დაწყების შემდეგ დააფუძნა და რომელსაც ჰაჯი მურატი მეთაურობს. კიდევ ერთი ჩეჩნური დაჯგუფება ექვემდებარება უკრაინულ დაზვერვას, თუმცა, მისი მეთაური ძალიან ახალგაზრდაა, ჩემზე ასაკით ბევრად პატარა და არ ვიცნობ.

რამზან კადიროვმა მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა. შემდეგ არაერთი "ფეიკი" გავრცელდა, თითქოს ისინი იპოვეს, ლიდერები დახოცეს და ა.შ., მაგრამ ყველა ტყუილია. სინამდვილეში, კადიროვი, თავის ბატონ პუტინს აწონებს თავს.

ვწუხვარ, რომ ჩემი ჯანმრთელობიდან და სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად არ მომიწია საომარ მოქმედებში მონაწილეობამ. ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე ვარ, თუმცა, შემდგომი, ლტოლვილობის წლებიც არანაკლებ მძიმე იყო.

- გულისხმობთ იმას, რომ თქვენზე რუსეთის ეფ-ეს-ბე გამუდმებით ნადირობს, არა?

- დიახ, როგორც კი ევროპაში წამოვედი, გამუდმებით მიწევდა საცხოვრებელი მისამართის შეცვლა, თან ჭრილობა ძალიან მაწუხებდა, პერიოდულად ტკივილი მიმძაფრდებოდა და დიდ დისტანციაზე გადაადგილება მიჭირდა. არაერთხელ დავმდგარვარ სიკვდილის საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენიანები, კეთილისმსურველები წინასწარ გვაფრთხილებდნენ. როდესაც ჩეჩნეთი დავტოვე, ჯერ ბაქოში გადავედი. იქ გავიგე, რომ უამრავი ჩვენიანი ბაქოდან რუსული ეფ-ეს-ბეს წარმომადგენლებმა აიყვანეს და რუსეთში დააბრუნეს. ასე მოხდა ახლაც, პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან ბევრი გაექცა და ზოგი ბაქოდან ცდილობდა ევროპაში გასვლას და მათ შორის ბევრმა ვერ გააღწია, ზოგი ადგილზე დააკავეს, ზოგი ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლით დააბრუნეს. "კადიროვცებს" ხომ ყველაზე აქვთ ინფორმაცია.

- სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

- დედა, და, ბიძები და ბიძაშვილები ჩეჩნეთში არიან. დედა უკვე ასაკშია, 90 წელსაა მიღწეული, მაგრამ "კადიროვცები" მოსვენებას არ აძლევენ. ყველა მათგანს წაართვეს პასპორტი, არ ვიცი, რისი ეშინიათ. ჩემს დასა და ბიძაშვილებს ჩეჩნეთის დატოვებაც არ შეუძლიათ, პერიოდულად მათ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იბარებენ, ემუქრებიან. ჯერჯერობით, ყველა ცოცხალია, მაგრამ არც ერთი უსაფრთხოდ არ არის.

კადიროვის ჩეჩნეთში კი არა, ევროპაშიც არ არის ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ, აქაც ნაბიჯ-ნაბიჯ დაჰყვებიან ჩვენს ბლოგერებს და აქტივისტებს კილერები. ამას წინათ ანონიმური ზარი შემომივიდა, რომლის ავტორიც მაფრთხილებდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც რუსეთიდან ჩვენს დასახოცად გამოუშვეს.

მითხრა, ადამიანურად და პირდაპირ გეუბნები, - შენი მოკვლა დამავალეს, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ მე თუ არ მოგკლავ, სხვებიც არიან და ფრთხილად იყავიო. შემდეგ მითხრა, რომ სია ჰქონდათ, სადაც დასახოცი ადამიანების გვარ-სახელები და მისამართებია მითითებული. მასში ეწერა ყოფილი პრეზიდენტის (იჩქერიის არაღიარებული პრეზიდენტის - ასლან მასხადოვი) შვილის, ანზორ მასხადოვის სახელი... შემდეგ ვიცი, რომ ის ევროპის პოლიციას ჩაბარდა, მათ სიაც გადასცა და დავალების შესახებაც მოახსენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს... არაერთი ბლოგერი და აქტივისტი მოკლეს, შარშან ერთის მკვლელობის მცდელობაც ჰქონდათ.

- ძალიან პოპულარული ბლოგერის - ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობაც სცადეს; რამდენიმე დღის წინ, ოჯახის წევრების საფრთხეზე ისაუბრა კრიტიკოსმა და ოპოზიციონერმა ბლოგერმა ჰასან ხალიტოვმაც.

- დიახ, თავად ჰასანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ როგორც ამბობს, მისი ორი ძმა და მამა გაიტაცეს. ეს მისი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას ნიშნავს. მამამისი სოფელ ზაკან-იურტში სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა, ძმები კი სასაუბროდ გროზნოში დაიბარეს და მას მერე მათთან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონია. ეს ყველაფერი დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ დაიწყო. კადიროვის, ისევე, როგორც პუტინის ხელწერა ასეთია - თავად ხოცავს უდანაშაულო ხალხს დიდი რეპრესიების წინ, ეძებს და "პოულობს" "დამნაშავეებს", შემდეგ მისი ოჯახის წინააღმდეგ იწყებს რეპრესიებს - განაცხადა კიდეც, "ტერორიზმში" მონაწილეთა ნათესავები უნდა დავხოცოთო...

- რუსეთის ხელისუფლება და კადიროვის მთავრობა მაქსიმალურად ზღუდავს ინფორმაციას, ებრძვიან და უცხო ქვეყნის აგენტებად აცხადებენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და აქტივისტებს. სინამდვილეში რა ხდება იქ, როგორ ცხოვრობს ხალხი?

- პირველ რიგში, ჩეჩენ ხალხს უკიდურესად ამცირებენ, თუნდაც იმიტომ, რომ კადიროვი ჰყავთ ლიდერად. იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც იჩქერიის დამოუკიდებლობას შეეწირა, ეუბნებიან, რომ რუსეთია ჩვენი დედა-სამშობლო და სხვა სამშობლო არასდროს გვქონია და უნდა ვიამაყოთ იმით, რომ რუსეთის ნაწილი ვართ... არადა, ცხვირწინ გვიდევს უმძიმესი წარსული - 90-იან წლებში ორჯერ გადაგვიარა პუტინის რუსეთმა; თუ ვინმე აზროვნებდა და ქვეყანა უყვარდა, ყველა დახოცეს და გადაასახლეს. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ახალ თაობას ეუბნება, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ, მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ, იმდენად ცივსისხლიანი ბოროტმოქმედები იყვნენ, თავისიანებს, მშობლებს, ცოლ-შვილს, და-ძმასაც არ ინდობდნენო...

ახლა პუტინისა და კადიროვის მედია ძალისხმევას არ იშურებს, ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ყველაფერი კარგად არის, ქალაქი აღდგენილია, ჩეჩნეთში ცხოვრება ყვავის. სინამდვილეში, მხოლოდ კადიროვის რეჟიმი, მისი გარემოცვა და მათი ქვეშევრდომები მდიდრდებიან. ძალაუფლებას იკრებენ და ამ ფონზე, სულ უფრო მეტად ცდილობენ სხვები დაიმორჩილონ, შემდეგ კი, მუქარის, ფიზიკური ძალადობის, ყველაფრის ფასად მართონ.

ადგილობრივებს "კადიროვცები" უწყვეტენ, რა პროფესია აირჩიონ, სად იმუშაონ. ჩვენი ხალხი ყოველთვის აქტიურად მისდევდა სოფლის მეურნეობას, ჰყავდათ საქონელი, ჰქონდათ ბოსტანი, ახლა ამის გაკეთების სურვილი აღარავის აქვს, ადგილობრივები მხოლოდ სამხედრო სამსახურზე არიან მოტივირებული, შედარებით "მშვიდობიანი" ადამიანები ირჩევენ ტაქსიზე მუშაობას, თუმცა, იმდენად დიდი ხარჯი აქვთ, რომ ძალოვან სტრუქტურაში წასვლა ურჩევნიათ, ეს კი კადიროვის ბრძანების შესრულებას ნიშნავს. სამწუხაროდ, იქ დაბალი სამოქალაქო განათლებაა და ახალგაზრდების ნაწილს მართლა ჰგონია, რომ უკრაინაში ომით სამშობლოს იცავენ. თუმცა, ნაწილი გარბის.

- რუსეთიდან გარბიან, რათა უკრაინის ომში არ მოუწიოთ მონაწილეობამ?

- დიახ, ევროპაში უამრავი ადამიანია, ვინც პუტინის მობილიზაციას გაექცა. ასევე ვიცი არაერთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები ძალით წაიყვანეს ომში, შემდეგ კი იქ საშინელება ჩაიდინეს. მაგალითად, ერთმა ჩეჩენმა თავისი განყოფილების მეთაური მოკლა, შემდეგ უკრაინის პოზიციამდე მიაღწია და ჩაბარდა. თუმცა, რუსულმა მედიამ მოკლულ სამხედროს გმირულად დაღუპული უწოდა და საქმე მიჩქმალა.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩეჩენმა რუსი თანამებრძოლები დახოცა და გაიქცა, თუმცა, იპოვეს და მოკლეს... უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ჩეჩენმა სამხედროებმა თავიანი პოზიციები დატოვეს და გაიქცნენ, მაგრამ დააკავეს და სამხედრო პროკურატურამ გაასამართლა. ზოგიერთ მათგანს გაუმართლა და საავადმყოფოში მოხვდა, შემდეგ კი საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, რათა სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჩაეთვალათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, შინ დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებენ; იციან, რომ "კადიროვცები" არ მოასვენებენ და ციმბირში ან მსგავს მივარდნილ ადგილებში ცხოვრობენ.

- ვიცი, რომ დამოუკიდებელი იჩქერიის იდეაზე კვლავაც ფიქრობთ. მისი აღდგენის იმედი თუ გაქვთ?

- დიახ, იმედი წამითაც არ მომკვდარა. ისტორიულად ასეა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თუნდაც იმ ერთი მომენტის გამოყენებას, რომელიც იჩქერიის დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანს. ამ იდეას ათობით წლებია ჩვენი ხალხი ეწირება. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერია ებრძოდა ჩრდილოკავკასიელ ხალხს, ბევრი "გაარუსა" აზროვნებით, იდეით, მაგრამ მაინც გადავრჩით, ისე ვერ ამოგვძირკვა, როგორც სურდათ. ის ჯერ ენას ავიწყებს პატარა ერებს, შემდეგ მომავალ თაობებს არწმუნებს, რომ სინამდვილეში მათი წარსული არ არსებობდა, ისტორია არა აქვთ, მხოლოდ რუსეთში არსებობენ და იარსებებენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ჩრდილო და სამხრეთკავკასიელი ხალხები ამოიღეს მიზანში. საბოლოოდ, ჩეჩნეთმა ორი უმძიმესი ომი გადაიტანა. ახლა ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია, თუმცა, მცირე მასშტაბით პარტიზანული ომები არ შეწყვეტილა, როგორც რუსეთის დღევანდელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩეჩნეთშიც არიან ადამიანები, ვისაც იქაურობა არასდროს დაუტოვებია და სამშობლოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობს. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი ქვეყნის ჯარისკაცები გახდებიან. ახლაც მზად არიან, ბრძოლისთვის, დღესვე თავს გაწირავდნენ. ერთადერთი, რაც აკავებთ, ოჯახის წევრები არიან... ძალიან მძიმე გადასატანია, როდესაც იგებ, რომ შენ გამო იტანჯება 90 წლის ბაბუა, რომელსაც არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა გასწავლა. ეს მორალურად გვხოცავს...

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩავედით. კიევში ჩვენს კომიტეტთან ერთად, რომელიც წლებია მოქმედებს და დამოუკიდებელი იჩქერიის სახელით გამოვდივარ, შევეცადე მთელი მსოფლიოსთვის მიმეწვდინა ხმა, რომ ჩვენ ვარსებობთ, რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ გადაგვყლაპა და ამდენი სისხლის, მსხვერპლის მიუხედავად, ვერც დამოუკიდებელი ქვეყნის იდეა მოკლა. 90-იან წლებში ჩვენზე თითქმის არავინ იცოდა. ჩვენზე კი არა, საქართველოზეც არ იცოდნენ. დღეს ევროპამ გამოიღვიძა, ასე თუ ისე, ხედავენ, რაც ხდება, რასაც აკეთებს რუსეთი მცირე ერების გასანადგურებლად. თუმცა, დაზომბირებულთათვის ისე ფუთავს ყველაფერს, თითქოს მათ იცავს. ყველას გარუსების იდეა ხომ მეფის რუსეთის, შემდეგ კი სტალინის მმართველობიდან მოდის.

ამდენი წლის შემდეგაც, ჩვენ არ ვთვლით, რომ ომი წავაგეთ, თუმცა, ჩვენ წავაგეთ დიპლომატიური და საინფორმაციო ომი. მაშინ მსოფლიოს ყურადღების მიქცევა ვერ შევძელით, თორემ ახლა სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით. ამიტომ ბრძოლას ვაგრძელებთ, ვცდილობთ, როგორმე მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს ჩეჩენი ხალხის გენოციდი. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ, იჩქერიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

შემდეგ, ჩვენ დავაარსეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ერთიანი ძალა", ასევე "თავისუფალი იჩქერია", რომლის ფარგლებშიც უკრაინასთან ვთანამშრომლობთ, ევროკავშირის ფარგლებში ვცდილობთ დავიცვათ ჩეჩენი ხალხის ინტერესები. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, პუტინი და პუტინიზმი მსოფლიოში. ისტორიულად ვიცით, რომ ადრე თუ გვიან, ყველა იმპერია იშლება და არც რუსეთია გამონაკლისი. ჩვენ კი მის დასაშლელად და იმავდროულად, დამოუკიდებელი იჩქერიის იდეის აღსადგენად, ძალისხმევას არ დავიშურებთ.

- ბლოგერი ხართ, არა?

- დიახ, რამდენიმე ხნის წინ დავიწყე. რუსულად მაქვს ეთერები. ვცდილობ ჩემს ხალხთან აქტიური კომუნიკაცია მქონდეს. მას შემდეგ, რაც ბლოგერობა დავიწყე, ჩემზე წნეხი გააქტიურეს - მემუქრებიან, რომ თუ არ გავჩერდები, ცუდად დავასრულებ. ამას უკვე შეჩვეული ვარ. წლებია, ასეა ხდება.

2007 წლიდან საფრანგეთში ვცხოვრობ, პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მაქვს და სხვადასხვა პლატფორმაზე ვცდილობ იჩქერიის, ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების პოზიციები გავახმოვანო. ასევე, ყველას გავაგებინო, რატომ არ არის ევროპა მტერი და როგორ გვანადგურებს რუსეთი.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"