ფარისეველი საზოგადოების ნამდვილი სახე - კვირის პალიტრა

ფარისეველი საზოგადოების ნამდვილი სახე

თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 6 და 7 ივლისს გაიმართა.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლის "ბრმა ძაღლები" რეჟისორი და ადაპტირებული ტექსტის ავტორი გიორგი ჩალაძეა, რომლისთვისაც "ბრმა ძაღლები" რიგით მეორე ნამუშევარია აღნიშნულ თეატრში. ("NO EXIT" - ასე ჰქვა გიორგი ჩალაძის სპექტაკლს, რომლის პრემიერა "მოზარდში" 2021 წელს გაიმართა და დღემდე მის რეპერტუარშია).

თანამედროვე მსოფლიოში მიმღებლობისა და სოლიდარობის განცდის ნაკლებობის პრობლემა დგას და ეს დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოშია თვალში საცემი. თუმცა, ჩვენ უპირველესად ჩვენი ქვეყანა გვტკივა და ალბათ, სწორედ ამიტომ, სცენაზე მოქმედ პერსონაჟებს შორის, სპექტაკლის თითოეულ მაყურებელს მისი გარემოცვიდან ბევრი "ეცნობა" და მათი სიტყვა-მოქმედებებიც არავისთვის იქნება უცხო. ადამიანებისთვის სიკეთისა და სოლიდარობის განცდა, რეალურ სიტუაციებსა და კონკრეტულ მომენტებში ხშირად სახეს იცვლის და პირისპირ იმ სურათს ვეჩეხებით, რომ თურმე, ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო. ზოგადად, ყოველთვის ასე ხდება, ექსტრემალურ სიტუაციებსა და მოულოდნელ გარემოებებში ავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და აღმოჩნდებიან ფარისევლები, რომლებიც ადრე თუ გვიან, "იყიდებიან".

ისიც აშკარაა, რომ დღეს ადამიანები გაურბიან ერთმანეთის ბუნებასა და სულის სიღრმეებში წვდომის სურვილს, საქმეშიც ზედაპირული დამოკიდებულება იკვეთება, რაც იმ ქაოსურ ვითარებას იწვევს, რომელშიც ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე და რომელზეც თითქოს ყველა სინანულით საუბრობს. თუმცა, უკეთესი შედეგისთვის სულ უფრო ნაკლები ადამიანი იღვწის.

2-1720978662-1721111257.jpg

"ადამიანები უღრან ტყეში დაკარგულ, გზააბნეულ ბრმებს ჰგვანან, რომლებიც აქეთ-იქით უმისამართოდ დაეხეტებიან", - ნათქვამია სპექტაკლის შესახებ არსებულ ინფორმაციაში, თუმცა, ჩემი მხრივ დავამატებდი: "...და მუდმივად ეძებენ საკბილოს, რომ დაუნდობლად ეცნენ, დაღრღნან და დაგლიჯონ ერთმანეთი".

სპექტაკლი დავით კლდიაშვილის პიესა ,,უბედურების" მიხედვითაა აგებული, თუმცა რეჟისორმა მასში ამავე ქართველი მწერლის კიდევ რამდენიმე ნაწარმოების გმირებიც გააერთიანა ("ქამუშაძის გაჭირვება" და "სოლომან მორბელაძე"). შეიძლება ითქვას, სპექტაკლში მხოლოდ ფაბულაა კლდიაშვილისეული, სხვა დანარჩენი კი გიორგი ჩალაძისეული, ახალი პიესის შექმნის მცდელობაა, თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესახებ.

სცენაზე მოქმედება სოციალურად დაბალი ფენის ერთი ჯგუფის გარშემო ვითარდება. როცა ამ მიკროსამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ცუდად ხდება, ყველა მის დახმარებას და გადარჩენას ცდილობს, ხშირად გამეორებული გაცვეთილი, პლაკატური ტექსტით, რომ მეზობლის გაჭირვება უნდა გავიზიაროთ.

თუმცა, სიუჟეტის განვითარების მიხედვით, აღმოჩნდება, რომ მოქმედი გმირებისთვის უცხო ყოფილა თანადგომის განცდა და ეს ჯგუფი დაუნდობელ, მოჩხუბარ, ავ ძაღლებს არიან დამსგავსებული, რომლებსაც უჭირთ მიხვდნენ და გაიაზრონ, თუ სად და როდის დაკარგეს ადამიანის სახე.

სპექტაკლის მხატვარი ანა დოლიძეა, ქორეოგრაფი - გია მარღანია, კომპოზიტორი და მუსიკალური გაფორმება ია გოგიშვილის ეკუთვნის, ხოლო რეჟისორის თანაშემწე ხათუნა საძაგლიშვილია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თამარ მამულაშვილი, სოფიო ფერაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ვახტანგ ახალაძე, გიორგი გოგიშვილი, ვახტანგ ნოზაძე, დევი რეხვიაშვილი, დავით როსტომაშვილი, გიორგი შავგულიძე და დავით ხახიძე. დასს ნამდვილად ეკუთვნის ხანგრძლივი აპლოდისმენტები, რადგან ეტყობათ, რომ დიდი შრომაა ჩადებული იმ პერსონაჟთა სახეების შექმნაში, რომელსაც მაყურებელი სცენაზე ხედავს და რომლებიც ასე უხვად არიან ჩვენ გარშემო. სამწუხაროდ, მათი რიცხვი კი არ იკლებს, არამედ სისასტიკე ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება და ცალკეული ინდივიდების ხასიათი სულ უფრო და უფრო ულმობელი ხდება.

ფოტოების ავტორი: ბექა ცირეკიძე

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"