ტრამპის სტოკჰოლმის სინდრომი?! - რატომ დაასახელა დონალდმა ვიცეპრეზიდენტად კაცი, რომელიც მას იდიოტს ეძახდა და მსოფლიოს უდიდეს დამნაშავეს ადარებდა - კვირის პალიტრა

ტრამპის სტოკჰოლმის სინდრომი?! - რატომ დაასახელა დონალდმა ვიცეპრეზიდენტად კაცი, რომელიც მას იდიოტს ეძახდა და მსოფლიოს უდიდეს დამნაშავეს ადარებდა

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) ეხმაურება ვისკონსინის შტატში, მილუოკში ჩატარებული რესპუბლიკური პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით - „დონალდ ტრამპი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად თავის ყოფილ კრიტიკოსს და ამჟამინდელ ერთგულ კაცს - ჯეიმს ვენსს ირჩევს: პარტიის ამომავალ ვარსკვლავს“ (ავტორები - მერილ კორნფილდი და მარიანა ლევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობამ, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკში ჩატარდა, ოფიციალურად დაამტკიცა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, ხოლო ჯეიმს დევიდ ვენსი - ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად, თვით დონალდ ტრამპის რეკომენდაციით.

39 წლის სენატორი ოჰაიოს შტატიდან პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრად ითვლება და მას „ამომავალ ვარსკვლავს“ უწოდებენ. ჯეიმს ვენსი ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერი, თუმცა იყო დრო, რომ იგი ყოფილ პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებდა, ლანძღვის დონეზეც კი, და მას ათასნაირი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდა.

„მე ყოველთვის დონალდ ტრამპის წინააღმდეგი ვიყავი და იგი არასოდეს მომწონდა... ღმერთო ჩემო, როგორი იდიოტია, ნაძირალა!“, - წერს ჯეიმს ვენსი 2016 წელს ანუ სულ რაღაც 8 წლის წინათ გამოცემულ მემუარებში - „სოფლის ელეგია“, რომელიც ბესტსელერად გადაიქცა და ავტორი ქვეყნის მასშტაბით ცნობილი გახდა. იმავე წელს ჯეიმს ვენსი "ფეისბუქით" ერთ-ერთ კოლეგას წერდა: „მე ხშირად ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი ცინიკოსი და (...), ზოგჯერ კი მას ამერიკელ ჰიტლერს ვამსგავსებ“.

მაგრამ „დრონი იცვალენ“. დღეს ჯეიმს ვენსი დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მომხრისა და მხარდამჭერის როლში გამოდის: სენატორმა 2020 წელს ბოდიში მოუხადა ექსპრეზიდენტს წარსულში დაშვებული „ახალგაზრდული დაუფიქრებელი კრიტიკის“ გამო და ამჟამად მისი იდეების ერთგულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, გააფთრებული იცავს დონალდ ტრამპს ყველა თავისი გამოსვლის დროს, განსაკუთრებით - ტელეეკრანზე.

თუ დონალდ ტრამპთან ერთად ჯეიმს ვენსსაც აირჩევენ, ის იქნება ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში. იგი ეთანხმება დონალდ ტრამპს იმაში, რომ უკრაინის მიმართ დახმარება უნდა შეწყდეს, უპირატესობას აშშ-ის საზღვრების დაცვას და არალეგალური იმიგრაციისადმი ბრძოლას ანიჭებს, მხარს უჭერს და იწონებს დონალდ ტრამპის მეგობრის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქმიანობას. გარდა ამისა, ჯეიმს ვენსს რადიკალური კონსერვატიული პოზიცია უკავია სქესთა ურთიერთდამოკიდებულებაში და გენდერულ საკითხებში. იგი იზოლაციონისტია და პოპულისტური განცხადებების გაკეთებას არ ერიდება.

ჯეიმს ვენსი სწავლობდა პრეზტიჟულ იელის უნივერსიტეტში და აქვს გამოცდილება ვენჩურულ (ტექნოლოგიურ) ბიზნესში. მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს მუშათა კლასის იმ წარმომადგენლებზეც, რომლებმაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპის მხარდაჭერაში ყოყმანობდნენ.

ჯეიმს ვენსს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკურ ამპლუაში: იმის გამო, რომ დონალდ ტრამპს გამარჯვების შემთხვევაში მეტად აღარ ექნება პრეზიდენტად არჩევის უფლება, იგი თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს ეძებს და ასეთად ჯეიმს ვენსი მიაჩნია.

რაც შეეხება მომავალი ვიცეპრეზიდენტის პირად ცხოვრებას: ჰყავს მეუღლე - უშა ჩილკურს-ვენსი, რომელიც იელის უნივერსიტეტში სტუდენტობის დროს გაიცნო. უშა ინდოელი მიგრანტების შთამომავალია, იგი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტშიც სწავლობდა. წყვილს სამი შვილი ჰყავთ - იუანა, ვივეკა და მირაბელა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო