"ეს დროებითი პროცესია, ბიძინა ივანიშვილისთვის თითის დაქნევა. ისე, ივანიშვილის მდგომარეობაც უნდა გავიგოთ - ის რუსეთის დამშვიდებასაც ცდილობს" - კვირის პალიტრა

"ეს დროებითი პროცესია, ბიძინა ივანიშვილისთვის თითის დაქნევა. ისე, ივანიშვილის მდგომარეობაც უნდა გავიგოთ - ის რუსეთის დამშვიდებასაც ცდილობს"

ევროკავშირი საქართველოს გაწევრების პროცესს დროებით აჩერებს.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა sueddeutsche.de წერს. მიზეზი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმდინარე კურსია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

"ადგილობრივ ხელისუფლებას არსებული კურსის შეცვლა მოუწევს, რადგან ეს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ საფრთხეს უქმნის და გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს. "ქართული ოცნება", რომელიც ქვეყნის მმართველი პარტიაა, იყენებს კანონს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გასამკაცრებლად, რომლებიც თანხის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. იგი ამას მეტი გამჭვირვალობით ხსნის. კანონის ინიციატორი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც რუსეთში ბიზნესით მილიარდერი გახდა. ქვეყნის პრემიერმინისტრობის პერიოდში ის თვლიდა, რომ საქართველომ დასავლური გავლენისგან თავი უნდა დაიცვას. პარადოქსი კი ის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ წარმატებულ მოლაპარაკებებს პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხელმძღვანელობდა. თითქოს ის ევროკავშირის კურსს იცავს, მაგრამ ამავდროულად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან", - წერია სტატიაში.

დღეისათვის შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას პოლიტიკური ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი აფასებს და პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებს განიხილავს.

- ეს იყო დასავლური პოლიტიკური ელიტის პასუხი საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსზე. გაუგებარია, რატომ იღებდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არწმუნებდა ქართველ ხალხს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დასავლეთიდან შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვებოდა. სავარაუდოდ, მმართველ გუნდს არასწორი ფსონი ჰქონდა დადებული - ფიქრობდნენ, რომ არჩევნების შედეგად ევროკავშირის პარლამენტში მემარჯვენე პოპულისტების სასარგებლოდ შეიცვლებოდა ძალთა ბალანსი. არადა, ყველამ, ვინც კვლევებს ეცნობოდა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იცოდა, რომ მსგავსი რამ არ მოხდებოდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რატომ იყო მოულოდნელი "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია.

- ოპოზიციის ნაწილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ივანიშვილის მიერ ვაშინგტონთან ურთიერთობის დალაგების მცდელობად შეაფასა.

- ჩემი ინფორმაციით, ლილუაშვილი ვაშინგტონში ამერიკელების მოთხოვნით ჩავიდა. ივანიშვილი პროპაგანდისტულ და პოლიტიკურ კლასტერს პრემიერისა და პარლამენტის მიერ კი არა, ლილუაშვილისა და ზოგადად, უშიშროების სტრუქტურების მეშვეობით მართავს. შესაბამისად, ამერიკელებს სურდათ, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გეგმების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ იმ პიროვნებისგან მიეღოთ, რომელსაც დავალებული აქვს შიდაპოლიტიკური სიტუაცია.

- როგორი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გეგმები?

- ბიძინა ივანიშვილის მოლოდინი უკრაინაში რუსეთის გამარჯვებასთან დაკავშირებით არ გამართლდა. ვერც ევროპის მთავრობაში მოვიდნენ რუსეთის პოლიტიკური მოკავშირეები, პირიქით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირება უკიდურეს რუსოფობებს, მათ შორის ესტონეთის პრემიერს მიანდვეს: თქვენ იცით, რომ სხვა დანარჩენი ევროპელებისგან ბალტიელი პოლიტიკოსები უკიდურესი რუსოფობიით გამოირჩევიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ ხალხს შეგნებულად გადასცეს ევროპის საგარეო პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ ამ რეალობას ივანიშვილი შესაბამისად აანალიზებს და ხვდება, რომ თუ პოზიციებს არ შეიცვლის, ევროპის პოლიტიკური ელიტა საქართველოს ხელისუფლებას სრულ იზოლაციაში მოაქცევს. ჩემი ვარაუდით, ის ახლა ამერიკელებს სთხოვს, რომ ბალტიელ პოლიტიკოსებს აღვირი ამოსდოს, ოღონდ ის აღარ ვიცი, სანაცვლოდ რას შესთავაზებს. სხვათა შორის, ამერიკაში გიორგი გახარიას ვიზიტიც საინტერესოა. გასაგებია, რომ ის ოპოზიციონერი ლიდერია, მაგრამ დასავლეთში აღიქვამენ პოლიტიკოსად, რომელზეც ივანიშვილს გარკვეული ფსონი აქვს დადებული. ლილუაშვილი და გახარია ცალ-ცალკე წავიდნენ, მაგრამ ვაშინგტონში ერთდროულად აღმოჩნდნენ. ეს ფაქტი მიჩენს განცდას, რომ ივანიშვილი ცდილობს, გახარია ერთ-ერთ კომუნიკატორად ჩამოაყალიბოს. ამ ფორმით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ როლსაც დაამცრობს.

- თქვენც ფიქრობთ, რომ გახარია ივანიშვილის სასარგებლოდ თამაშობს?

- დასავლეთში ასე ფიქრობენ. დასავლეთსა და ქართულ პოლიტიკურ ელიტას შორის კომუნიკატორი ზურაბიშვილი იყო, თუმცა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა მის როლთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გააჩინა. შესაბამისად, გახარია ივანიშვილისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

- სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რა ეჭვები გამოიკვეთა, ან გახარია როგორ უნდა იყოს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის დღემდე მიუღებელი ფიგურაა?

- სალომე ზურაბიშვილის გარშემო ვერ ჩამოყალიბდა კრიტიკულად აუცილებელი ის ძალა, რომელსაც საარჩევნო დატვირთვა ექნება. არც გახარიას ექნება ინტეგრატორის ფუნქცია, უბრალოდ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი იქნება. ივანიშვილისთვის არც გახარიაა იდეალური ვარიანტი, მაგრამ უკეთესი არჩევანი არ აქვს. ცუgცვაnგის რეჟიმში უწევს მოქმედება, ვინაიდან ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ დასავლეთიდან თანხმობა მიიღოს იმ პოლიტიკური ვითარების დალაგებაზე, რომლის ჩამოყალიბებასაც არჩევნების შემდეგ აპირებს. ივანიშვილს ეშინია, რომ დასავლეთი არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებს.

- ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების" რიტორიკა და პოლიტიკური ხაზი შეიცვლება?

- უნდა ველოდოთ იმას, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციის ფლანგზე ნომერ პირველ ოპონენტად გახარიას ჩამოაყალიბებს. გარკვეულწილად, ეს უფუნქციოდ დატოვებს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც წლების მანძილზე "ქართული ოცნების" მთავარი ოპონენტი იყო. როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე პრიორიტეტების დალაგება დაიწყო. ვფიქრობ, პროცესი ერთ თვეში დამთავრდება.

- თქვენი ვერსიით, რა ტიპის კონფიგურაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს ოპოზიციურ ველზე წინასაარჩევნოდ?

- ამ კონფიგურაციებზე მნიშვნელოვანი ის უფროა, თუ ვისთან ჩამოაყალიბებს დასავლეთი პოლიტიკურ ურთიერთობას. ამას ქართული ელექტორატისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი რომელ ოპოზიციურ ძალაზეც დადებს ფსონს, ყველაზე დიდი პოლიტიკური ფასიც მას ექნება. შიდაპოლიტიკური გადაჯგუფებაც ამის მიხედვით მოხდება. რომელი პოლიტიკური პარტიაც დასავლეთის ყურადღების ცენტრში მოხვდება, ინტეგრაციის ცენტრიც ის გახდება. ვინ აღმოცენდება დასავლეთის ყურადღების ცენტრში, ამის თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია. ზურაბიშვილის ქარტიის ირგვლივ შემოკრებილი ძალებისთვის ჯერჯერობით დასავლეთის ფსონიც გაურკვეველია და თავად სალომეს ფუნქციაც არჩევნებში. ისინი ელოდნენ, რომ დასავლეთის ინიციატივით და ზურაბიშვილის მონაწილეობით საარჩევნო სუბიექტი შეიქმნებოდა. დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ალბათ ყველაფერი გაირკვევა - საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ნუსხაც და დასავლეთის ფსონიც.

- ამასობაში ბევრი რამ გამოსაკვეთი და დასალაგებელია თვით დასავლეთში, უფრო კონკრეტულად - ამერიკაში. ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ამერიკის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის - დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის საარჩევნო დებატები, რომლის დროსაც ცხადი გახდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი არ არის შესაშურ მდგომარეობაში. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატებმა ამ დებატების დასრულებისთანავე დაიწყეს სხვა კანდიდატით ბაიდენის ჩანაცვლებაზე ფიქრი.

- ამჟამად ბაიდენის ჩანაცვლების შანსი ძალიან მცირეა. ხმაური იმის გამო, რომ თითქოს ამ დებატების შემდეგ ბაიდენის მხარდაჭერა განახევრდა, თავად დემოკრატიული პარტიის ერთი ნაწილის მიერ არის ატეხილი. ეს ერთგვარი შიდაპარტიული შეთქმულებაა ბაიდენის წინააღმდეგ. მე მგონია, რომ მის ჩანაცვლებას ვერ მოახერხებენ. დებატები ამერიკელმა ხალხმა ისე მწვავედ არ აღიქვა, როგორც პოლიტიკურმა ელიტამ. ეს დებატები ტრამპმა კი მოიგო, მაგრამ ამით ბაიდენის ელექტორატი არ შემცირებულა. აქ ერთი საინტერესო ფაქტორია: როგორც წესი, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები ყოველთვის შემოდგომით იმართება, ახლა კი გამონაკლისი დაუშვეს იმის გამო, რომ 11 ივლისს სასამართლომ ტრამპის განაჩენი უნდა გამოაცხადოს და ძალიან დიდი შანსია, რომ დაიჭირონ. ეს ტრამპის საარჩევნო კამპანიას არ შეწყვეტს, მაგრამ მასთან დებატებს შეუძლებელს გახდის. ე.ი. ჩვენ ვიხილეთ არა ოფიციალური დებატები, არამედ დებატების იმიტაცია. შესაბამისად, ელექტორალური ცვლილება არ მომხდარა. 11 ივლისს თუ ტრამპს დაიჭერენ, ის თავისი ელექტორატის 10-11%-ს ერთბაშად დაკარგავს. ასე რომ, დიდია შანსი, დემოკრატებმა კი არა, რესპუბლიკელებმა შეცვალონ პრეზიდენტობის თავიანთი კანდიდატი. ტრამპი, რომელიც თაღლითობაში უკვე არის ბრალდებული, საარჩევნო კამპანიას პრობაციის ოფიცრების თანხლებით ატარებს. ინტრიგა ჯერ კიდევ წინ არის.

- რამდენად შეცვლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ ქვეყნის პოლიტიკას ჩვენს რეგიონში?

- ვინც უნდა მოვიდეს აშშ-ის ხელისუფლებაში, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება. ხუთი წელია ვამბობ, რომ ვაშინგტონი რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სიიდან კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ამოღებას ცდილობს, მაგრამ კაციშვილმა არ დამიჯერა, ვიდრე ამ მდგომარეობამდე არ მოვედით. კავკასიიდან რუსეთის გასტუმრების გადაწყვეტილება მიღებულია. სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი არც რუსეთია. უბრალოდ, რუსული პოლიტიკური ელიტა ითხოვს გარანტიას, რომ ჩრდილოეთ კავკასია დაუთმონ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ითხოვს, საქართველო არ გამოიყენონ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული გავლენის დამცრობის პლაცდარმად. ამიტომ ეს ყველაფერი გაფორმდება იმ ზავის პაკეტში, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაფორმდება, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში. ახლა უკრაინაში როგორიც არ უნდა იყოს ძალთა თანაფარდობა, რუსეთის გამარჯვების თეორიული შანსიც კი არ არის. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს ტრამპი მოიგებს თუ ბაიდენი, საქართველო რუსეთის გავლენის ზონას მაინც დატოვებს. ჩემი ვერსიის საუკეთესო მაგალითია "ევრო 2024"-ის ჩემპიონატი. ბრმა და ყრუ უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს საქართველოს მიმართ დასავლური სპორტული ელიტის განსაკუთრებულად ლოიალური, უფრო სწორად - მფარველობითი დამოკიდებულება, რომელიც დასავლელი პოლიტიკური ელიტისგან იმართებოდა. მე ძალიან დიდი "ხელის წაკვრა" და პროპაგანდისტული მხარდაჭერა დავინახე.

- რას გულისხმობთ?

- 500-მილიონიან დასავლეთ ევროპას და მილიარდიან დასავლეთს დღე და ღამე უყვებოდნენ, როგორი მებრძოლი და გამორჩეული ერია ქართველი ხალხი და როგორ იმსახურებს ის ევროპული ოჯახის წევრობას. ეს იყო პროპაგანდისტული მომზადება დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციისთვის. ამ ამბის მხოლოდ სპორტულ ჭრილში შეფასება სერიოზული შეცდომაა. გავიხსენოთ მსაჯების დამოკიდებულება, პოლიციის განწყობა ქართველი გულშემატკივრების მიმართ და ა.შ.

- არც ასეა საქმე. საქართველო-ესპანეთის თამაშისას მეორე ტაიმში, სადავო გოლის საკითხი ესპანელების სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

- რას ამბობთ, ახლა ევროპის ჩემპიონატსაც ხომ არ მოგვაგებინებდნენ?!. ზომა და წონაც ხომ უნდა ვიცოდეთ. საქართველოს მფარველობა და ხელშეწყობა დამთავრდა ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთანავე. ასეულობით სტატია დაიწერა ამ ჩემპიონატთან დაკავშირებით, საქართველოზე ერთი ნეგატიური შინაარსის ფრაზა არსად არ დაწერილა. გავიხსენოთ, როგორი იყო აღმოსავლეთ ევროპის ევროინტეგრაციის მოდელი, ყველაფერი გააკეთეს მათი პოზიტიურად წარმოჩენის მიზნით. ევროპის მოსახლეობა რომ დათანხმდეს საქართველოს მსგავსი ქვეყნის საკუთარ ოჯახში მიღებასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, რუსეთთან კონფლიქტზე შესაბამისი განწყობების შექმნაა საჭირო.

- ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესის დროებით შეჩერებას რა ვუყოთ?

- ეს არის დროებითი პროცესი, ბიძინა ივანიშვილისთვის თითის დაქნევა. ისე, ივანიშვილის მდგომარეობაც უნდა გავიგოთ - ის რუსეთის დამშვიდებასაც ცდილობს... სხვათა შორის, დასავლეთშიც ხედავენ დაბალანსებული პოლიტიკის აუცილებლობას. ივანიშვილი რიგ მომენტებში ნამდვილად კარგავს ბალანსს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ მთავარია, დაკარგული ბალანსის აღდგენა, აი, ლილუაშვილის ვიზიტი კი, რომელიც საუბრის დასაწყისში ახსენეთ, სწორედ ამ ბალანსის აღდგენის მცდელობაა. რა და როგორ გამოვა, ამას შემდეგ ინტერვიუებში გავარკვევთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"