საიდუმლო წერილი: ორბანმა ტრამპის გეგმა გაამხილა - "ზელენსკი აშშ-ისგან დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებს" - კვირის პალიტრა

საიდუმლო წერილი: ორბანმა ტრამპის გეგმა გაამხილა - "ზელენსკი აშშ-ისგან დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებს"

თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, იგი სწრაფად მოსთხოვს ორივე მოწინააღმდეგე მხარეს - უკრაინას და რუსეთს - დაუყონებლივ დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად „დასაბუთებული გეგმა“ აქვს“ (ავტორი - ჰენტი ფოი).

პუბლიკაციაში განხილულია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის - ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისადმი გაგზავნილი კონფიდენციალური წერილი, რომელიც ავტორისათვის გახდა ცნობილი.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვიქტორ ორბანი ჩავიდა კიევში, მოსკოვში და პეკინში, შემდეგ კი - ფლორიდაში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეწვია (თავდასხმამდე სამი დღით ადრე). ევროპელმა ჩინოვნიკებმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მისი ვოიაჟი კრემლისთვის ხელსაყრელი და მოგებიანია.

ვიქტორ ორბანი წერილში, რომელმაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული დიპლომატიური ტურნეს შემდეგ დაწერა, ამტკიცებს, რომ „დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას სწრაფად მოსთხოვს რუსეთს და უკრაინას, ინაგურაციამდეც კი, იმავდროულად, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის პროპორცია მნიშვნელოვნად შეიცვლება და თანაც - ევროკავშირისთვის არასასიამოვნოდ“.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვიქტორ ორბანის მიერ ნახსენები დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინისათვის ემთხვევა ომის დარეგულირების იმ იდეას, რომელიც ადრე ექსპრეზიდენტს მისმა ორმა მრჩეველმა მიაწოდა: უკრაინა აშშ-ისგან დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კიევი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებს.

ჯეიმს დევიდ ვენსი, რომელიც ექსპრეზიდენტმა ორშაბათს მილუოკში ჩატარებულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა, დონალდ ტრამპს ყველაფერში ეთანხმება. ორიოდე თვის წინათ „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მან მოუწოდა ევროპას, მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას. როგორც ფაქტები გვაჩვენებს, ორივე - დონალდ ტრამპიც და ჯეიმს ვენსიც, ერთ აზრზე არიან და ორივენი, დიდი ალბათობით, არჩევნებში გაიმარჯვებენ.

ამიტომაც, - წერს უნგრელი პრემიერ-მინისტრი თავის წერილში, - ევროკავშირმა, აშშ-ის სამომავლო პოლიტიკის სავარაუდო ცვლილების გათვალისწინებით, ან უნდა აღიაროს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა, ან საკუთარ თავზე უნდა აიღოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა უკრაინის თავდაცვის დაფინანსებისათვისო.

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ერთ-ერთ პრორუსულ ლიდერად ითვლება, რომელიც აკრიტიკებს დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, პერიოდულად ცდილობს უკრაინის დახმარების დაბლოკვას და სამშვიდობო მოლაპარკების დაწყების მომხრეა. მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის საერთო პოლიტიკას, რომლის მიხედვით, მოკავშირეების ვალია, დაეხმარონ კიევს, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება კი თვითონ უკრაინის პრეროგატივას წარმოადგენს და გარედან არ უნდა იქნეს თავსმოხვეული.

თავის წერილში ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, განაახლოს პირდაპირი დიპლომატიური კონტაქტები რუსეთთან და დაიწყოს მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე ჩინეთთან, რათა პეკინის მხარდაჭერით, ომის მშვიდობიანად გადაწყვეტა მოხერხდეს. პეკინის ამ პროცესში ჩართვა აუცილებელია, რადგან კრემლი ომში მნიშვნელოვანწილად ჩინეთს ეყრდნობა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ