რას გეგმავს რუსული დაზვერვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის?! - "ეს არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი საქართველოს წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

რას გეგმავს რუსული დაზვერვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის?! - "ეს არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი საქართველოს წინააღმდეგ"

რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР) განცხადებას, რომელიც ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას, არეულობასა და სისხლის ღვრას გეგმავს, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი სტანდარტულ, მიზანმიმართულ და კარგად დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

- СВР-ს განცხადება არ არის ცალკე აღებული განცხადება. ჯერ კიდევ რუსული­ კანონის ინიცირებიდან მოყოლებული­, ეს საინფორმაციო კამპანიის ერთგვარი პაკეტია. ჯერ კიდევ სსრკ-ს პერიოდიდან, როცა რუსეთის სპეცსამსახურები სამიზნე ქვეყანაში ცდილობდნენ პოლიტიკური ცვლილება გამოეწვიათ, ისინი ყველა ღონისძიებას, განსაკუთრებით საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ღონისძიებებს (რაც სამიზნე ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო, ოღონდ ყველა ღონისძიება, ომის გარდა), "აქტიურ ღონისძიებებს" უწოდებდნენ. ეს არის ძალიან კომპლექსური, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია, რომელმაც უნდა შექმნას სასურველი საინფორმაციო ფონი და სამიზნე საზოგადოებაში ფსიქოლოგიური სურათი შეცვალოს, მის ფსიქოლოგიაზე ზეგავლენა მოახდინოს. კერძოდ, ცდილობს­ დათესოს შიში და ომის მოლოდინი საზოგადოებაში. საქართველოში სწორედ ასეთი­ აქტიური ღონისძიებების ტიპურ გაგრძელებას ვხედავთ. კრემლი ახლა იმყოფება­ დასავლეთთან გლობალური ბრძოლის მომენტში, სადაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია არჩევ­ნები ევროპარლამენტში, მოახლოებული არჩევნები ამერიკაში (მათი სტრატეგიული­ მიზანია ამერიკის გამოთიშვა ამ გლობალური დაპირისპირებიდან, რა როლსაც ტრამპი და მისი რესპუბლიკური პარტია ასრულებს), არჩევნები საქართველოში. დასავლეთთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი კომპონენტი, ბუნებრივია, არის საქართველო, სადაც რუსეთი ცდილობს დასავლეთის საწინააღმდეგო გზავნილების მოდიფიცირებასა და საქართველოს შიდა ბაზარზე მორგებას.

- რასაც რუსეთი წლების განმავლობაში აქტიურად აკეთებს...

- დიახ, და ახლა ეს განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რადგან მისაღწევია მიზანი - პოსტსაბჭოთა სივრცეში დამკ­ვიდრება და პოლიტიკური ძალის მონოპო­ლიზება, რასაც 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის პირველ ნახევარში ვარაუდობენ­. მერე რუსეთს ამის რესურსი აღარ ექნება, ფანჯარა დაიხურება და რაც მას უნდა, ამ პერიოდში უნდა გააკეთოს, სასურველი და ხელსაყრელი დრო კი არის საქართველოში არჩევნები. რუსეთის გზავნილები დასა­ვლეთისთვის ჩვენზეც მორგებულია, მუდმივად გვესმის: ეს დეკადენტური, ანტიქართული, ანტიქრისტიანული დასავლეთი, სადაც ქალი ქალი არ არის, კაცი - კაცი და ა.შ. ბუნებრივია, ამ გზავნილებს ინტენსიურად საქართველოს მოსახლეობისთვის უშვებენ, რომ საქართველოში ვერ იქნება მშვიდობა, თუ ის დასავლეთის ნაწილი გახდება, დასავლეთისკენ სწრაფვას თუ არ შევწყვეტთ, იქნება ომი, არეულობა, ამიტომ საქართველო, მინიმუმ, ნეიტრალური უნდა გახდეს. ამ ნარატივს ახლა უფრო ააქტიურებს რუსეთი, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ნატოსა და ევროკავშირთან დაპირისპირების გამო. ჩვენ დავინახეთ შაქარაშვილებისა და მსგავსი ტიპების ჩამოყალიბებული პარტია, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ეროვნულ ინტერესებთან. ვითომ რაღაც მოძრაობა დააარსეს ნეიტრალურობის მოთხოვნით. ეს "ოცნების" ერთ-ერთი დაკვეთაა, ხელისუფლებისა და მისი ხელქვეითი ორგანიზაციების თუ მოძრაობის მესიჯები თანხვედრაშია. ბუნებრივია, ეს ტყუილუბრალოდ არ ხდება. ნეიტრალიტეტის გარდა, სხვადასხვა მესიჯიც წამოტივტივდა: ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ანტილიბერალური... ამას ემატება ომის თემა, გლობალური ომის პარტია... ამ მესიჯებს პარალელურად ავრცელებენ, ერთი მხრივ, გლობალური მასშტაბით და მეორე მხრივ, ჩვენთან, საქართველოში. არ დაგვავიწყდეს ის მცირე ე.წ. ვითომ მოულოდნელი­ აქციები ბათუმში - რუს ტურისტებს Z ნიშნები რომ ახატიათ.­ ეს შემთხვევითობა არავის ეგონოს. ეს არის კარგად გამიზნული აქცია, რომელსაც საინფორმაციო დატვირთვა აქვს - საზოგადოება შეაჩვიოს იმ ფაქტს, რომ ამ ნიშნებით მოსიარულე რუსები ჩვეულებრივი მოვლენაა. მეორე მხრივ, ესაა სიგნალი დასავლეთისთვის, რომ აქ, საქართველოში, ვითომ თქვენს მოკავშირე ქვეყანაში თავისუფლად დადის რუსული ახალი იმპერიალიზმის, ჰეგემონიისა და დამპყრობლური სიმბოლოების მატარებელი ხალხი. ბუნებრივია, ესე იგი, საქართველო რუსეთის მოკავშირე გამოდის და არა დასავლეთის. ესეც ერთგვარი საინფორმაციო სიგნალია. ბუნებრივია, ეს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რა საბედისწერო მომენტი გვიდგას. თუ ოქტომბერში სწორი არჩევანი არ გავაკეთეთ, მეორე დღეს ძალიან ცუდ რეალობაში გავიღვიძებთ. რაც დღეს საინფორმაციო სივრცეში ხდება, ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული კოორდინირებული აქცია, რომლის ნაწილიც არის სადაზვერვო სამსახურის განცხადებაც, თითქოს მზადდება გადატრიალება, რომელსაც კოორდინირებს დასავლეთი პრეზიდენტის ფიგურით და ა.შ.

- რამდენად რეალურია СВР-ის დაანონსებული ფერადი რევოლუცია, თანაც, პრეზიდენტის აქტიურობით. შემთხვევით, რუსეთის ავტორობით წინასწარ გამოცხადებულ ესკალაციასთან ხომ არა გვაქვს საქმე?

- საინფორმაციო სივრცეში ხდება იმის შემზადება, რომ: 1. რუსეთი არ დაუშვებს ხელისუფლების ცვლილებას; 2. ამ ხელისუფლებას თუ რამე დაემუქრება, შესაძლებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც. კრემლი წინმსწრებად ავრცელებს ამ მესიჯებს. ამასობაში რუსული სპეცსამსახურები და საინფორმაციო პოლიტიკის ხელწერა არავისთვისაა საიდუმლო - რუსეთი რასაც სხვებს აბრალებს, როგორც წესი, იმას თავად აკეთებს.

საინტერესოა, რომ რუსული შიდამოხმარების საინფორმაციო სივრცე აღარაფე­რს მალავს, დაუფარავად ამბობს, რისი გაკეთებაც სურთ. რუსი პროპაგანდისტების ეთერებში სხედან ქართველი მოღალატეები, ახალი ორჯონიკიძეები და მახარაძეები,­ რომლებიც რუსეთის დაკვეთას ასრულებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ოქტომბერში მოსალოდნელია დაპირისპირება და სისხლის ღვრა. მათ რა იციან, რა იქნება ოქტომბერში, თუ წინმსწრებად არ ემზადებიან და საინფორმაციო ველს არ ამზადებენ ამისთვის? ასე რომ, მუდმივად მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა...

წაიკითხე ვრცლად