„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხებოდა, ტყუილზე დაფუძნებულია" - საია-ს ხელმძღვანელი
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხებოდა, ტყუილზე დაფუძნებულია.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ქურდოვანიძე განმარტავს, აღნიშნული კვლევა მმართველი გუნდის პროპაგანდის ნაწილია.
"რაც შეეხება "ქართული ოცნების" ე.წ. კვლევას, ეს არავითარი კვლევა არ არის, ეს ტყუილებზე დაფუძნებულია. მაგალითად, ჩვენთან მიმართებით ერთ ნაწილში წერია, რომ ყოველწლიური ანგარიშები არ გვაქვს, მაშინ, როცა ჩვენს ვებგვერდზე ყველა წლის ანგარიშებია გამოქვეყნებული. ეს თუ ვერ იპოვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიანთი პიარკამპანია ცრუ ინფორმაციაზე უნდა ააგონ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და რაღაც ფორმით იმის გამართლებას, რომ თითქოს, ამ კანონის[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] მიღება ლეგიტიმური იყო, რაც სრულიად მცდარი, არსებულ რეალობასთან აცდენილია. მათი პროპაგანდის კიდევ ერთი ხაზი ამ ტყუილზე გადის", - განაცხადა ქურდოვანიძემ.
"ინტერპრესნიუსი"