ტრაგედია, რომელმაც დიდი ომი "იწინასწარმეტყველა" - 10 წელი შემზარავი დანაშაულიდან, რომლის გამოძიებაში საქართველომაც მიიღო მონაწილეობა - კვირის პალიტრა

ტრაგედია, რომელმაც დიდი ომი "იწინასწარმეტყველა" - 10 წელი შემზარავი დანაშაულიდან, რომლის გამოძიებაში საქართველომაც მიიღო მონაწილეობა

დღეს ათი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის დონბასის თავზე საზენიტო რაკეტით ჩამოგდებული იქნა მალაიზიური სამგზავრო „ბოინგი“, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა...

ეს იყო საჰაერო ტერორიზმისა და სამხედრო დანაშაულის თვალნათლივი მაგალითი, როდესაც კონკრეტული ქვეყნის სამხედროებმა კონკრეტული საზენიტო საშუალების გამოყენებით, მიზანმიმართულად ჩამოაგდეს საფრენი აპარატი, რომელიც სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავი აღმოჩნდა...

განვლილი ათი წელი საკმარისზე მეტიც იყო იმის დასადგენად, თუ რა ტრაგედია დატრიალდა იმ დღეს უკრაინის ცაში -საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში ორი წლის წინ გამოიტანა საბოლოო დასკვნა, რომ ეს იყო რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე მალულად შეყვანილი მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან - „ბუკიდან“ გაშვებული საზენიტო რაკეტა და დაასახელა სამი კონკრეტული პიროვნებაც, რომლებიც მიჩნეული იყვნენ დამნაშავეებად ამ ყველაფრის ორგანიზაციაში...

მორჩა

ამით ყველაფერი მორჩა, რადგან 2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა ბევრად დიდი მასშტაბების სამხედრო დანაშაულების მთელი სერია წამოიწყო უკრაინის ტერიტორიაზე და მალაიზიური „ბოინგის“ რუსული „ბუკით“ ჩამოგდების საშინელი ფაქტიც რაღაცნაირად შთაინთქა ამ ყველაფერში...

2-buki-1721207475.jpg
რუსული "ბუკისა" და მალაიზიური "ბოინგის" საბედისწერო "შეხვედრა" უკრაინის ცაში...

კრემლი როგორც არ აღიარებდა თავს დამნაშავედ ამ საერთაშორისო დანაშაულში, ისე არც დღეს ამჟღავნებს მცირეოდენ სინანულსაც კი. პირიქით, გასაოცარი ცინიზმით ცდილობს, ყველაფერი ისევ უკრაინელებს გადააბრალოს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლოს რამდენიმეწლიანმა გამოძიებამ ზუსტად დაადგინა რუსული კვალი სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოგდებაში...

ეს იყო მსოფლიოში მომხდარ ავიაკატასტროფებს შორის ყველაზე ხანგრძლივად და დეტალურად გამოძიებული საქმე, რისთვისაც ათეულობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება გახდა საჭირო, მათ შორის - საქართველოსგან „ბუკის“ საზენიტო რაკეტის თხოვნა და მისი ექსპერიმენტული აფეთქებაც კი...

გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც ასი გამომძიებელი და ორასამდე ექსპერტი შედიოდა, პირველი ხუთი წლის განმავლობაში შეაგროვა ჩამოგდებული "ბოინგის" 1 448 ფრაგმენტი, გააანალიზა ნახევარ მილიონამდე ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის - ინტერნეტში მოპოვებული, 60-ჯერ მიიღო სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურების კონფიდენციალური ინფორმაციები, დაჰკითხა 200-მდე მოწმე, გაშიფრა 150-ათასამდე სატელეფონო საუბარი...

მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების თემას განვლილი ათი წლის განმავლობაში არა ერთი სტატია მივუძღვენით, როგორც „კვირის პალიტრის“ ფურცლებზე, ისე - „არსენალის“ ელექტრონულ ბლოგში და ერთგვარი ჟურნალისტური გამოძიებაც კი გამოგვივიდა, თუმცა ეხლა შემოგთავაზებთ ამონარიდს „კვირის პალიტრის“ 2014 წლის 21 ივლისის სტატიიდან - „განწირული რეისი...“, რომელშიც კატასტროფიდან ორიოდე დღეში გამოთქმული ჩვენი ვარაუდები, 2022 წლის ჰააგის სასამართლოს საბოლოო დასკვნამ, ფაქტობრივად, დაადასტურა...

„საზენიტო რაკეტით სარეისო სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება მთელ მსოფლიოში ფასდება, როგორც საერთაშორისო დონის ტერორისტული აქტი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კი გამაოგნებელია იმითაც, რომ საზენიტო რაკეტა, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედმა პრორუსმა სეპარატისტ-ტერორისტებმა გაუშვეს.

3-bukii-1721207428.png
ეს დღეს, რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში უშვებენ რუსული „ბუკები“ საზენიტო რაკეტებს თამამად, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თორემ ათი წლის წინ მათ „ბუკის“ ერთი დანადგარი მალულად გადაიტანეს რუსეთიდან უკრაინის დონბასში და იმითაც საშინელი ტრაგედია დაატრიალეს -„ბოინგის“ ბორტზე მყოფი 298 უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლეს...

ამის თქმის საფუძველს ტრაგედიიდან მეორე დღესვე ის მტკიცებულებები გვაძლევს, რაც ასე მოკლე ხანში უკვე გამოჩნდა.

პირველი - ერთმანეთს ემთხვევა "ბოინგის" ეკიპაჟთან რადიოკავშირის გაწყვეტისა და დონეცკის ოლქის ქ. სნეჟნოედან სტარტაღებული საზენიტო რაკეტის მიერ დატოვებული თეთრი ინვერსიული კვალის გამოჩენის (რომლის შემსწრე ასობით ადამიანი იყო) დრო.

მეორე - ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მოქალაქეებმა სნეჟნოესთან გადაიღეს ფოტოსურათები, თუ როგორ გადააქვთ მისაბმელიანი ტრაილერით "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი პრორუს ტერორისტებს.

მესამე - გადაღებულია ფოტოსურათი თუ როგორ მალავენ "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ ტერორისტები "ბუკის" დანადგარს სნეჟნოეს ერთ-ერთი კვარტლის საცხოვრებელ სახლთან.

მეოთხე - ტერორისტების მეთაურმა გირკინმა რაკეტის გაშვების შემდეგ სოციალურ ქსელში მაშინვე დადო სატრაბახო წერილი, თუ როგორ ჩამოუგდეს უკრაინელ სამხედროებს მორიგი სატრანსპორტო Ан-26. ეს "სასიხარულო" ინფორმაცია მაშინვე აიტაცა რუსულმა მასმედიამ და სასწრაფოდ გაავრცელა. თუმცა, როდესაც გაირკვა, რომ საზენიტო რაკეტამ უკრაინულის ნაცვლად მალაიზიის სამგზავრო ლაინერი იმსხვერპლა, სოციალური ქსელებიდან ტერორისტებმა მანამდე გამოქვეყნებული "პოსტების" წაშლა დაიწყეს.

მეხუთე - ძნელი დასაჯერებელია, პრორუს ტერორისტებს მაინცდამაინც მალაიზიური ლაინერის ჩამოგდება ჰქონოდათ განზრახული. იმ საჰაერო დერეფნის სიახლოვეს, რომლითაც მალაიზიური "ბოინგი" მიფრინავდა, უკრაინელი სამხედროები სატრანსპორტო Ил-76-დან ალყაში მოქცეული უკრაინული სამხედრო დანაყოფებისთვის ტვირთის პარაშუტებით ჩაყრას აპირებდნენ და, სავარაუდოდ, მალაიზიური "ბოინგი" "ბუკის" ეკიპაჟს უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი ეგონა.

4-buki-1721207364.jpg
ჩამოგდებული თვითმფრინავის დაღუპული მგზავრების ახლობლები მაინც არ კარგავენ იმედს, რომ „ბოინგის“ მთავარი „მკვლელი" - პუტინი ადრე თუ გვიან ამისთვის პასუხს მწარედ აგებს...

მეექვსე - საიდან აღმოჩნდა საზენიტო სარაკეტო "ბუკი" პრორუსი ტერორისტების ხელში? საქმე ის არის, რომ მანამდე ტერორისტებს უკრაინული ავიაციისგან დასაცავად რუსული სპეცსამსახურები მხოლოდ "სტრელას" და "იგლას" ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აწოდებდნენ, რომლებიც მხოლოდ 3-3,5 კმ სიმაღლეზე თუ მოქმედებს. ამის გამო უკრაინულმა ავიაციამ უფრო მეტი სიმაღლიდან დაიწყო საბრძოლო ამოცანის შესრულება და ტერორისტებმაც თავიანთ რუს პატრონებს უფრო მძლავრი საზენიტო საშუალებები მოსთხოვეს. თავიდან ლუგანსკში ტერორისტების განკარგულებაში Стрела-10-ის ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარი გამოჩნდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დონეცკის ოლქში Бук-М1-ის გამოჩენამ ტერორისტებს საშუალება მისცა, თვითმფრინავები თითქმის 20 კმ-ის სიმაღლეზე და 35 კმ-ის რადიუსში დაეზიანებინათ. სამწუხაროდ, შედეგმაც არ დააყოვნა...“ - აი, ასეთი იყო „კვირის პალიტრის“ წინასწარი, წლების წინანდელი ვარაუდები, რაც გამართლდა...