მამუკა არეშიძის სკანდალური პროგნოზი: ვინ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების შეცვლას?! - "მოვლენების განვითარების ამ ლოგი­კაში კარგად ჯდება სალომე ზურაბი­შვი­ლის ფიგურა" - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის სკანდალური პროგნოზი: ვინ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების შეცვლას?! - "მოვლენების განვითარების ამ ლოგი­კაში კარგად ჯდება სალომე ზურაბი­შვი­ლის ფიგურა"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 15 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა.

- დასავლეთის პოზიცია დაახლოებით ასეთია: 30 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ფული ჩავდეთ ამ სახელმწიფოში (საქართველოში), უამრავი რამ გავაკეთეთ, რომ ის დასავლურ რელსებზე მდგარიყო, დახმარების სფერო იყო უსაფ­რთხოებისა და სტაბილურობის სისტემების­ შექმნა და ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო იმ იდეოლოგიის გატარება, რომელიც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი და რომელსაც დასავლური ფასეულობები ჰქვია (ეს, მათი აზრით, ჩემთვის დასავლური ფასეულობები­ ცოტა სხვა რამაა). აქედან გამომდინარე, როდესაც შენი სატელიტი ქვეყანა (საქართველო აღიქმება როგორც სატელიტი და არა როგორც პარტნიორი ქვეყანა) ცდილობს ისარგებლოს შენი ფინანსური თუ ეკონომიკური დახმარებით, მაგრამ უარს ამბობს შენი იდეოლოგიის მიღებაზე, გაღიზიანებას იწვევს. დასავლეთი აუცილებლად დაიწყებს იმ ძალების ხელშეწყობას, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგნი არიან. ეს არ ნიშნავს აუცილებლად სამხედრო გადატრიალებას, არამედ ხელისუფლების ჩანაცვლებას იმ ძალებით, რომლებიც დასავლეთისთვის საპარტნიოროდ უფრო მისაღებია, გარდა ამისა, იმ ნარატივების დასამკვიდრებლად, რაც დასავლეთისთვის აუცილებელია. არ გამოვრიცხავ, რუსეთი ამ ლოგიკური სურათის სათავისოდ გამოყენებას აპირებდეს, მით უმეტეს, არაერთხელ გვყავს შემჩნეული, რომ ხელისუფლებაში სათავისო გუნდის მოყვანას­ ცდილობს, რათა თავისი ინტერესები გაატაროს და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, სავსებით შესაძლებელია რუსები ამ ლოგიკურ სურათს ეყრდნობოდნენ და სიტუაციას აბუქებდნენ. მიუხედავად ამისა, ლოგიკური მოცემულობა არსებობს და ეს განცხადება უსაფუძვლოდ არ არის გაკეთებული, თუმცა შევთანხმდეთ, რომ სურათი გაბუქებულია.

- აქ მხოლოდ იდეოლოგიის გაუზიარებლობაშია საქმე თუ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლასაც აპროტესტებს დასავლეთი?

- ვექტორის შეცვლას ჯერ ვერ ვხედავ. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების დასავლეთთან არსებული ვალდებულებებისგან დისტანცირება ჩანს, მაგრამ ის არ გამოდის არც ერთი სახელშეკრულებო სივრციდან, რომელიც აქვს დასავლეთთან - ნატო იქნება თუ ევროკავშირი. დისტანცირება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ ხელისუფლების რუსეთთან დაახლოებას, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დონეზე, ვერ ვხედავ.

- რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის­ განცხადება თანხვედრაში ხომ არაა იმ ნარატი­ვთან, რომ "გლობალური ომის პარტია გვებრძვის"? ეს ხომ არ ემსახურება შიშის დათესვას,­ რომ მოსახლეობა მუდმივად ომისა და ესკალაციის მოლოდინით აცხოვროს?

- საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან დაძაბულობისა და მოსალოდნელი ომის რეჟიმშია. ამის შემქმნელები ხან ჩვენი მეგობრები­ არიან, ხან მტრები. მინდა საზოგადოებამ ამ ყველაფერს ცივი გონებით შეხედოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ, რომ რასაც აკეთებს ერთი ან მეორე მხარე, ეს მათი ინტერესებიდან არის გამომდინარე. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ მათი ინტერესები, ნაწილი გავითვალისწინოთ­ და შემდეგ შევადგინოთ ჩვენი ინტერესების­ ნუსხა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. პატარა ქვეყნის ბედი დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, ასეთია, თან ისეთი ქვეყნის, რომელიც გეოპოლიტიკურად საკვანძო ადგილას მდებარეობს. ჩვენ ძალიან­ რთულ მდგომარეობაში ვართ ამ მხრივ და უაღრესად მოქნილი დიპლომატია გვმართებს, თორემ ორივე მხარე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა და ამაში გასაკვირი არაფერია. დიდ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, არსებობს დროებითი ან ხანგრძლივი პარტნიორობა, მაგრამ ამას პარტნიორობა ჰქვია და არა მეგობრობა.

- სალომე ზურაბიშვილის როლიც ცოტა გაზვიადებული ხომ არ არის ამ სცენარში?

- მოვლენების განვითარების ამ ლოგი­კაში კარგად ჯდება ზურაბი­შვი­ლის ფიგურა, რომელმაც გარკვეული ინიციატივები გამოიჩინა ოპოზიციის კონსოლიდაციისთვის, მაგრამ კონსოლიდაციის იმ ფორმამ, რომლის რებრენდირებაც პრეზიდენტმა მოახდინა, არ იმუშავა. ჩვენს ოპოზიციას თავისი სპეციფიკა აქვს და ის, ისევე როგორც მთელი ქართული პოლიტსპექტრი, დაკომპლექტებულია ქართველებით,­ რომლებსაც აქვთ ერთი თვისება - უჭირთ განსაკუთრებული ლიდერის მდგომარეობის დათმობა და მოქმედებენ ძირითადი პრინციპით "მე ვარ და ჩემი ნაბადი". ასეა თუ ისე, ამ წერილში სალომეს როლის გაზვიადება კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ტექსტი დამყარებულია არა კონკრეტულ მონაცემებზე, არამედ ვარაუდებზე და იმ ლოგიკაზე, რომელზეც გვქონდა საუბარი.

წაიკითხე ვრცლად