ფრონტის "ბერმუდის სამკუთხედი" - ზელენსკისა და მისი გენერლების დიდი შეცდომა, რის გამოც უკრაინელების ნაწილი მობილიზაციას გაურბის?! - კვირის პალიტრა

ფრონტის "ბერმუდის სამკუთხედი" - ზელენსკისა და მისი გენერლების დიდი შეცდომა, რის გამოც უკრაინელების ნაწილი მობილიზაციას გაურბის?!

262 დაღუპული და 788 უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელი მებრძოლი - ასეთი შედეგით დამთავრდა უკრაინის არმიის ოპერაცია სოფელ კრინკის პლაცდარმის შესანარჩუნებლად მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა...

ომში მსხვერპლს თავიდან ვერ აიცილებ, მაგრამ ერთ დაღუპულ მებრძოლზე სამი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოდიოდეს, ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენლად მოჩანს ჩვეულებრივი საბრძოლო მოქმედებების ზონებში, მაგრამ არა კრინკში...

2024 წლის 17 თებერვლის ბლოგში „ტრაგედია, რომელიც არ დასრულებულა: პუტინმა ავდეევკა დაიპყრო - რა შეცდომა დაუშვა ზელენსკიმ, როდესაც უკანდახევის ბრძანება დროულად არ გასცა“,ვწერდით - „იქნებ ავდეევკის დაცემა მაინც გახდეს კარგი გაკვეთილი უკრაინის პრეზიდენტისა და გენშტაბისთვის და დაუყოვნებლივ გასცენ ბრძანება, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დააბრუნონ ის უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც სოფელ კრინკთან (ახალი კახოვკის დასავლეთით, 15 კმ-ში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე) თავს მესამე თვეა, ტყუილად სწირავენ, რადგან ამ პლაცდარმის გაფართოების არავითარი სამხედრო პერსპექტივა დღეს უკრაინის არმიას არ აქვს, მხოლოდ პოლიტიკურ როლს თამაშობს - ხედავთ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზეც გავმაგრდითო, ხოლო კრინკის დამცველებს კი ავდეევკის დამცველებზე უარესი დღე ელით, რადგან უკან დასახევი გზაც არ აქვთ, მათ უკან დნეპრია გადასაცური...

კრინკის ფაქტორს ორივე დაპირისპირებული მხარისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა თუ აქვს - კიევი ამით აჩვენებს, რომ თითქოს ფეხი მოიკიდა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხოლო აგრესორ მოსკოვს სურს, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ერთი უკრაინელი მებრძოლიც კი არ დარჩეს - ამ პოლიტიკურ ორთაბრძოლას კი გადაბუგული კრინკის პატარა პლაცდარმზე უკრაინის დამცველები გაუმართლებლად ეწირებიან, თუმცა შეტევაზე გადასულ ბევრ რუს ოკუპანტსაც თან იყოლებენ...

თუკი დროულად არ განხორციელდა ამ უკრაინული დანაყოფების სასწრაფო ევაკუაცია, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, მათ სამწუხაროდ, ისეთივე ტრაგიკული ბედი ელით, როგორც ავდეევკის დამცველთა ნაწილს, რომლებმაც ვერ შეძლეს მისი დატოვება...“

ეს წინათგრძნობა, სამწუხაროდ გამართლდა - კრინკში ათთვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად 262 დაღუპულ უკრაინელ მებრძოლზე 788 უგზო-უკვლოდ დაკარგული იმიტომ მოდის, რომ მათი ცხედრები ბრძოლის ველიდან უბრალოდ ვერ გამოიტანეს, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გადასვლა მხოლოდ ნავებითა და კატერებით თუ შეიძლებოდა, რომელთა თითოეულ გამოჩენას რუსი ოკუპანტები მაშინვე აღმოაჩენდნენ სადაზვერვო დრონების საშუალებით ინტენსიური ცეცხლით ხვდებოდნენ...

როდესაც ფრონტის ხაზზე წამგებიანი პოზიცია გიკავია, რომლის მუდმივი მომარაგება საბრძოლო მასალით, ,ისევე როგორც დაჭრილების სწრაფი ევაკუაცია, ძალიან გაძნელებულია და დაკავშირებულია დამატებით დიდ მსხვერპლთან, ლოგიკურია, რომ ასეთი პოზიცია სასწრაფოდ უნდა შეცვალო, რადგან ყოველდღიურად გაიზრდება შენი დანაყოფის სანიტარული და უკანდაუბრუნებელი საბრძოლო დანაკარგები...

2-krinki1-1721289179.png
მიწასთან გასწორებული კრინკი - ერთი პატარა სოფელი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ვერ გახდა უკრაინის არმიის პლაცდარმი, მაგრამ შეიწირა ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე...

არ აფიშირდება, მაგრამ კრინკში ამ ათი თვის განმავლობაში საერთო ჯამში ათასზე მეტი დაღუპულიდან(უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც, სამწუხაროდ, დაღუპულთა სიას უნდა მივათვალოთ, რადგან რუსი ოკუპანტები, როგორ წესი, კრინკთან ბრძოლებისას, სადაც მათაც დიდძალი დანაკარგი ჰქონდათ, უკრაინელებს ტყვედ არ იყვანდნენ...მაშინვე ხვრეტავდნენ) რამდენი დაჭრილი მებრძოლი გადარჩებოდა, მათ რომ დროული სამედიცინო დახმარება ჩატარებოდათ ზურგის ჰოსპიტალში, სადაც მათი გადაყვანა უბრალოდ ვერ მოხერხდა, რადგან დნეპრზე მცურავ ყველა ნავსა თუ კატარღას მოწინააღმდეგე ძირავდა...

ჯერ ბახმუტი, მერე ავდეევკა, ეხლა კრინკი - მებრძოლების შეკვლა უკვე წაგებული და ამასთან მიწასთან გასწორებული მორიგი ქალაქისთვის თუ სოფლისთვის, მხოლოდ იმ პოლიტიკური მოსაზრებით, რომ მსოფლიოს დაანახონ, უკრაინის არმია უკან არ იხევს და ინარჩუნებს ფრონტის ხაზს ამ მონაკვეთზე, დიდ პრობლემად გადაიქცა მთლიანად უკრაინისთვის...

ამის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ პრეზიდენტ პოროშენკოს მმართველობის პერიოდში გამოჩნდა, როდესაც უკრაინელმა „კიბორგებმა“ მართლაც უდიდესი გმირობა გამოიჩინეს და ფორმაგადაცმული რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფებისა და ადგილობრივი,დონბასელი პრორუსი სეპარატისტების მიერ უკვე ოკუპირებული დონეცკის აეროპორტისთვის 2014 წლის 26 მაისიდან 2015 წლის 22 იანვრამდე თავგანწირულად იბრძოლეს, 800-ზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურეს, მაგრამ თვითონაც რამდენიმე ასეული მებრძოლი დაეკარგათ - აქაც, როგორც კრინკში, საბრძოლო პოზიციებამდე - აეროპორტის ტერმინალამდე მისაღწევად უკრაინელ „კიბორგებს“ აეროდრომის ღია სივრცე უნდა გადაელახათ, რომლის დროსაც, მათ შეუჩერებლივ ესროდნენ რუსული ტანკები და არტილერია, ხოლო თავად დონეცკის აეროპორტის ტერმინალის სართულებზე მიდიოდა ბრძოლა, ისე როგორც ეს „ჯარისკაცის მამაშია“ ნაჩვენები...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მაშინ უკრაინამ ვერ დაიბრუნა დონეცკის აეროპორტი, მაგრამ ამ ბრძოლებს ემსხვერპლა ყველაზე მოტივირებული უკრაინელი პატრიოტები...

და ეხლა მივადექით ყველაზე მძიმე საკითხს ომში მყოფი დღევანდელი უკრაინისთვის - თუკი აგრესორი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველ თვეებსა და პირველ წელსაც კი უკრაინის არმიის ბრიგადები ვერ აუდიოდნენ მოხალისეების მიღებას, დღეს იმავე უკრაინის არმიის რიგების შესავსებად სამხედრო კომისარიატებს 18-დან 60 წლამდე სამხედრო ვალდებულების მქონე მამაკაცების დაჭერა უწევთ ქუჩებსა თუ რუმინეთის საზღვართან...

უკრაინის დამცველებს სასწრაფოდ სჭირდებათ არანაკლებ 500 ათასი მობილიზირებულის დამატება, რათა განახორციელონ ბრძოლებში გადაღლილი დანაყოფების როტაცია და მათი პირადი შემადგენლობით შევსება მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგების შემდეგ...

იმის სამობილიზაციო რესურსი, რომ ნახევარი მილიონი ახალი მებრძოლი გაიწვიოს ფრონტის ხაზზე, უკრაინას ნამდვილად აქვს, მაგრამ უკრაინელების დიდი ნაწილი ემალება გაწვევას და ყველა ხერხს ხმარობს, რომ ქვეყნიდან როგორმე გაიქცეს...

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ ის გახლავთ, რითაც ეს სტატია დავიწყეთ - Мы за ценой не постоим! - ეს წმინდა რუსული მენტალიტეტი, რითაც ჯერ სტალინი აკლავდა, ეხლა კი პუტინი ახოცინებს თავის მრავალრიცხოვან მებრძოლებს საბრძოლო ამოცანის ნებისმიერ ფასად შესასრულებლად, მიუღებელი უნდა იყოს უკრაინის არმიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ომით გადაღლილი უკრაინელები ყველანაირად ეცდებიან გაექცნენ ამ ომს, რადგან ხედავენ,რომ უკრაინელი პოლიტიკოსები და გენერლები ზოგჯერ მათ სიცოცხლეზე მაღლა სხვა რამეს აყენებენ...

განსაკუთრებული კი მიუღებელია, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ხდება ამა თუ იმ პოზიციის შენარჩუნების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით ის პოზიცია უკვე წაგებულია და პირადი შემადგენლობის გადარჩენის მხრივ აუცილებელია უკან დახევა, ფრონტის ხაზის გასასწორებლად, რათა გამოირიცხოს ალყაში მოქცევის საშიშროება...