"333 მოქალაქეს სახელმწიფომ დაახლოებით, 66 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნა - მათ შორის შვეულმფრენები, თვითმფრინავები, ნახატები" - გენპროკურორობის კანდიდატი - კვირის პალიტრა

"333 მოქალაქეს სახელმწიფომ დაახლოებით, 66 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნა - მათ შორის შვეულმფრენები, თვითმფრინავები, ნახატები" - გენპროკურორობის კანდიდატი

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნის დღიდან, მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტია გამოვლენილი, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, 2015 წლიდან, დადგენილია 95 საჯარო მოხელის ბრალეულობა, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 31 პირის მიმართ, ხოლო 16 პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. 8 საჯარო მოხელის მიმართ არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მისი გარდაცვალების გამო. ასევე დადგენილია 10 მოქალაქის ბრალეულობა.

„დაზარალებულად ცნობილია 485 პირი, რომელთაგან 333-ს სახელმწიფომ დაუბრუნა დაახლოებით 66 მილიონი ლარის ქონება. მათ შორის არის მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ავტომანქანები, ძვირფასეულობა, ფერწერული ტილოები და სხვ. გადაისინჯა განაჩენი 124 მსჯავრდებულის მიმართ, საიდანაც 30 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს. 121 ასეთი მსჯავრდებულის მიმართ საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სხვა საქმეების განხილვა გრძელდება”, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა

გენერალური პროკურორობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით მთავარ გამოწვევას მოწმეთა ბაზის სიმცირე, ხანდაზმულობის ვადის გამო საჭირო დოკუმენტების მოპოვების სირთულე, იძულებით დათმობილი და ჩამორთმეული ქონების პირვანდელი სახით არარსებობა და მათი აუქციონების გზით გასხვისებაა.

“არ იქნება სამართლიანი აუქციონის გზით შეძენილი ქონება ჩამოვართვათ ქონების კეთილსინდისიერი შემძენებს და დავუბრუნოთ მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში ახალი მესაკუთრის უფლებების დარღვევა მოხდება. ერთ-ერთი გზა ალტერნატიული ქონებით ჩანაცვლების საკითხის მოგვარება, რაც ალბათ არა პროკურატურის, არამედ სხვა ჭრილში განსახილველი საკითხია”, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა

"ინტერპრესნიუსი"