"4 წელი გავიდა. მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა... მინდა მჯეროდეს, რომ კარმა რეალურია" - თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია: რას წერს შვილმკვდარი დედა
"დე, უკვე 4 წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან. მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.
" არც ერთი წუთი და წამი არ არსებობს შენზე ფიქრით და მონატრებით არ იყოს გაჯერებული. ნეტა როგორ მაძლებინებს უფალი ამ ჯოჯოხეთურ მონატრებას? ნეტა კიდევ რამდენი წელი სჭირდება სამართლიანობის აღდგენას, ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვეყანა? მინდა მჯეროდეს, რომ სამართალი იზეიმებს და კარმა რეალურია", - წერს თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა და მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გოგონა ბოლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა ავტომანქანის სალონიდან თამარის ჩანთაში გულის და წნევის მარეგულირებელი საშუალებების ცარიელი ფირფიტები ამოიღეს. ასევე ამოღებულია გოგონას ხელჩანთა დოკუმენტებით, წყლის ბოთლი, მობილური ტელეფონი და ავტომანქანის პულტი. ავტომანქანის ყველა კარი დაკეტილი, ხოლო ფანჯრის მინები აწეული იყო. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს კი ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.
ოჯახი შვილის გარდაცვალებას მის სამსახურს უკავშირებდა და ამბობდა, რომ თამარი სამსახურიდან ხშირად გაღიზიანებული ბრუნდებოდა. ოჯახი სუიციდს თავიდანვე გამორიცხავდა და მკვლელობის ვერსიას იზიარებდა. ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქმეში FBI-ს ჩართვასაც ითხოვდნენ, მათ მიიღეს კიდეც ამის პირობა, თუმცა ქართულმა მხარემ ფედერალური ბიუროსგან მიიღო განმარტება, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.
პროკურატურა პერიოდულად გვაცნობდა საქმის მასალებს, მათ შორის თამარის ემოციურ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც გოგონა ლაპარაკობდა უიმედო სიყვარულზე და ახსენებდა თვითმკვლელობას... ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებს შორისაა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც გოგონას სუიციდი დასაშვებად მიიჩნია.
პროკურატურამ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, 17 დეკემბერს, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
"მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ასეთი იყო საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება.