სტალინის "სექსოპერაციები" და "სექსხაფანგები" - "კაზანოვები" და "მერცხლები" გეოპოლიტიკის სამსახურში - კვირის პალიტრა

სტალინის "სექსოპერაციები" და "სექსხაფანგები" - "კაზანოვები" და "მერცხლები" გეოპოლიტიკის სამსახურში

საბჭოთა კავშირის და დღეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი თავისებურება იყო და რჩება სპეცსამსახურების გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა „ნორმალურ“ ქვეყანაში საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ინფორმაცია მნიშვნელოვანი, თუმცა დამხმარე ფაქტორია საგარეო–პოლიტიკური ვექტორის აგებისას: ჯერ დიპლომატები და შემდეგ მზვერავები. კრემლი კი პირიქით, ყოველთვის სპეცსამსახურების ფარულ მოქმედებებზე აგებს ურთიერთობას მეგობრებთან და მტრებთან: სწორედ კა-გე-ბე (ამჟამად რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური და ეფ-ეს-ბე) ხელისუფლების (ადრე საბჭოთა პოლიტბიუროს, ახლა დიქტატორ პუტინის) უშუალო დავალებით ფარულად არეგულირებს, აკონტროლებს, აფართოებს ან მინიმუმამდე ამცირებს, ურთიერთობას ამა თუ იმ ქვეყანასთან.

ამიტომაც იყო, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საელჩოში საბჭოთა იმპერიას საგარეო და სამხედრო დაზვერვების რეზიდენტურები ჰქონდა.

ამჟამადაც საგარეო პოლიტიკაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხოლოდ შემსრულებელის ფუნქცია აკისრია. დიპლომატების ზურგს უკან კი კვლავ „ჩეკისტები“ არიან ჩასაფრებული და საზღვარგარეთ დიპლომატების ყოველ მოქმედებას და ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებენ. ამიტომაც არის, რომ საბჭოთა/რუს დიპლომატებს ელჩზე მეტად საელჩოს უშიშროების ოფიცრის ეშინიათ, რომელსაც ნებისმიერი საბაბით შუძლია დიპლომატის არა მარტო უკან, „თბილ რუსეთში“ დაბრუნება, არამედ მისი სამშობლოს მოღალატედ გამოცხადება. ამას კი რა მოჰყვება, ყველამ კარგად ვიცით.

საბჭოთა კავშირი/რუსეთი, ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, არასდროს ზოგავდა ფულს სპეცსამსახურებზე: ქვეყნის შიგნით კონტრდაზვერვა რეალურად „პოლიტიკური პოლიციის“ ფუნქციებს ასრულებდა და მმართველი ძალის „მშვიდ ძილს“ და ხელისუფლებაში „ასეულობით წელი“ დარჩენისთვის ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს; ქვეყნის გარეთ კი საგარეო დაზვერვის სამსახური არ იშურებდა თანხებს ახალ–ახალი აგენტების გადასაბირებლად. ამიტომაც იყო და არის, რომ საბჭოთა კავშირის/რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ არა მარტო მოქმედი, არამედ სარეზერვო „გავლენის აგენტებიც“ ჰყავდეთ: რა იციან რა დროს დასჭირდებათ?

ამიტომაც მათ „გავლენის აგენტები“ ჰყავდათ და ჰყავთ უცხო ქვეყნის, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში: კონკურენცია ხომ „პროგრესის“ მთავარი მამოძრავებელი ძალაა! ამიტომაცაა რომ ასე მრავლად არიან ირგვლივ რუსეთის აგენტები, „სამხრეებიანი“ ჟურნალისტ/ექსპერტები და „სასარგებლო იდიოტები".

რაჯივ განდი (1944–1991) წლების მანძილზე პოლიტიკიდან შორს იდგა: თავად სურდა ასე, თუ ინდირა განდი უმცროსი შვილის, სანჯაი განდის, ნიჭს, ენერგიასა და პოლიტიკურ გამბედაობას უფრო აფასებდა, ამის გარკვევა ახლა რთულია. ფაქტია, რომ რაჯივ განდი, რომელიც წლების მანძილზე ინდოეთის სამოქალაქო ავიახაზებზე ჯერ პილოტად, შემდეგ კი ხომალდის მეთაურად მსახურობდა, პოლიტიკაში სანჯაი განდის საეჭვო გარდაცვალების შემდეგ, 1980 წლის ზაფხულიდან ჩაერთო. ხელისუფლების სათავეში მეორედ მობრუნებულმა ინდირა განდიმ უფროსი ვაჟი „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნა. ერთი წლის შემდეგ კი რაჯივ განდი ინდოეთის პარლამენტის წევრ გახდა, ხოლო 1983 წელს „ოჯახური პარტიის“ გენერალურ მდივნად დაინიშნა, რაც ფაქტობრივად, დედის პოლიტიკურ მემკვიდრედ საჯაროდ გამოცხადების ტოლფასი იყო.

gandi-3-1721369213.jpg

ინდირა განდი, მისი რძალი სონია განდი და რაჯივ განდი

1984 წლის 31 ოქტემბრის ტერაქტიდან ორი დღის შემდეგ, 2 ნოემბერს, ინდირა განდი კრემირებული იქნა ინდუსური რიტუალების მიხედვით. მისი ანდერძის თანახმად, 12 ნოემბერს, მისი ფერფლი მიმოფანტეს ჰიმალაის მთებზე. 1984 წლის 31 ოქტომბრის საღამოს ინდოეთის პარლამენტმა, სადაც ნერუ–განდების „მშობლიურ პარტიას“ ხმების დიდი უმრავლესობა ჰქონდა, პრემიერ-მინისტრად 40 წლის რაჯივ განდი აირჩია.

gandi-2-1721369236.jpg

ტრადიციის თანახმად ცეცხლს, მისი ვაჟი, რაჯივ განდი უკიდებს

რა მდგომარეობაში დახვდა ინდირა განდის უფროს ვაჟს უზარმაზარი ქვეყნის ძალზე „ჭრელი“ პოლიტიკური სისტემა, მთავრობა, მასმედია? მოკლედ, რომ ვთქვა მთელი ქვეყანა საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტურით იყო „გალამაზებული“. ცოტა შორიდან დავიწყოთ.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ თანდათანობით შეცვალა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და გუშინდელ მტრებთან ურთიერთობა აღადგინა და დიალოგი დაიწყო. დიდი დიქტატორისთვის ინდოეთის პრემიერ–მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ „იმპერიალიზმის აგენტი“ იყო, ამიტომაც მოსკოვი ინდოეთის კომუნისტურ პარტიას უჭერდა მხარს. თუმცა, როგორც იტყვიან: „ენდე და თან აკონტროლეო“. საბჭოთა სპეცსამსახურებს აგენტურა ჰყავდათ, როგორც ნერუს მშობლიურ „ინდოეთის ეროვნულ კონგრესში“, ასევ კომუნისტურ პარტიაშიც. სტალინის სიკვდილის შემდეგ ინდოეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ფარული ჩარევის ეს „ფორმულა“ სერიოზულად შეიცვალა: კრემლში მიხვდნენ, რომ ინდოეთის ხელისუფლებაში კომუნისტები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ მოვიდოდნენ, ამიტომ საბჭოთა სპეცსამსახურებმა დაიწყეს ნერუს ხელისუფლებაში ფარული დასაყრდენის – „გავლენის აგენტურის“ შექმნა, რათა უკვე იქიდან ემართათ სიტუაცია.

1955 წლის ნოემბერში, საბჭოთა დელეგაცია საბჭოთა კომუნისტური პარტიის ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვისა და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი ბულგანინის ხელმძღვანელობით ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მათ დიდი პატივით დახვდნენ.

gandi-1721369144.jpg

ჯავაჰარლალ ნერუ, ნიკიტა ხრუშჩოვი, ინდირა განდი და ნიკოლაი ბულგანინი

გასული საუკუნის 50-იანი წლების შუა პერიოდიდან ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებულ ე.წ. „დათბობის“ პოლიტიკას თანდათანობით „რკინის ფარდის“ ჩამოხსნაც მოჰყვა: საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა, იხსნებოდა ახალი საელჩოები – ეს ყველაფერი კი საბჭოთა სპეცსამსახურებს ძალზე უადვილებდა უცხო ქვეყნების მოქალაქეების გადაბირება/კომპრომეტირება/დაშანტაჟების სპეცოპერაციების ჩატარებას. საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურები ყოველთვის წარმატებით იყენებდნენ ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელ სისუსტეებს. კაცური განცხრომის ქართულ ფორმულაში (“ღვინო, დუდუკი, ქალები”), თუ “დუდუკს” - “ფულით” შევცვლით, მივიღებთ აგენტურის გადაბირების უნივერსალურ გამზომილებას, სადაც ყველაზე შედეგიანი მაინც “სექსოპერაციაა”. ამ სპეციფიკური ოპერაციის საბოლოო მიზანი უცხო ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის, მინისტრის, დიპლომატის, სპეცსამსახურის ან სამხედრო უწყების მაღალჩინოსნის გადაბირება ან კომპრომეტირებაა. “სექსოპერაციებისთვის“ სპეცსამსახურები ოდითგანვე იყენებენ “კაზანოვებს” და “მერცხლებს”. პირველებს ელჩის შეუხედავი ცოლების, მინისტრების გაუთხოვარი მდივნების და მბეჭდავების ცდუნება ევალებათ. “მერცხლები” კი ქალური მომხიბვლელობის წყალობით თავად ეშმაკსაც აცდუნებენ.

საბჭოთა კავშირის პრესტიჟული სასტუმროები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ „სექსოპერაციებში“: რამდენიმე საუკეთესო ნომრის ოთახები აღჭურვილი იყო მოსასმენი და ფარული გადაღების აპარატურით. გადაბირება/კომპრომეტირების ობიექტის შემდგომი დაშანტაჟებისთვის საჭირო დოკუმენტირების მნიშვნელოვანი ნაწილი – ფარული გადაღება,– ხშირად სასტუმროს ოთახის ზედა ნომრიდანაც ხდებოდა. „სექსოპერაციებისთვის“ საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურებს ასევე ჰქონდათ სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი კონსპირაციული ბინები. ორივე სახის „სექსხაფანგები“ წარმატებით მუშაობდა და მუშაობს.

განსაკუთრებით ხშირად ამ „ხაფანგებში“ აზიისა და აფრიკის ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყნების ლიდერები და მაღალჩინოსნები ებმებოდნენ. გამონაკლისს არც ინდოეთის ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ. საბჭოთა კავშირში მყოფი ინდოელი დიპლომატების და სამხედრო მაღალჩინოსნების გადაბირება/ კომპრომეტირება/დაშანტაჟების "სექსოპერაციებში" მთავარი გმირის "პარტიას" ამ საქმეების "ფრიადოსანი", მაღალი, აუცილებლად ქერათმიანი, "შხვართი" რუსი გოგონები (კა–გე–ბეს თანამშრომლები ან აგენტები) ასრულებდნენ. სამშობლოში ამქვეყნიურ სიამოვნებას მოკლებული ინდოელები სწრაფად ებმებოდნენ მახეში. შემდეგ კი იყო რუტინამდე დაყვანილი დაშინება/შეცოდების „თეატრალური სცენები“ და მსხვერპლი, როგორც წესი, თანამშრომლობაზე თანხმდებოდა. სხვა შემთხვევაში მისი დიპლომატიურ/სამხედრო კარიერა დასრულდებოდა.

„მიტროხინის არქივიდან“ დასტურდება "სექსოპერაციების" რამდენიმე ფაქტი. დღეს მხოლოდ ორზე ვისაუბრებ. ირკვევა, რომ ჯერ კიდევ სტალინის მმართველობის პერიოდში, მოსკოვში ინდოეთის საელჩოს თანამშრომელი დიპლომატის (ოპერატიული მტსახელი „პროხორი“) გადაბირება განხორციელდა კა–გე–ბეს „მერცხლის“ (დოკუმენტებში მოხსსენიებულია, როგორც „ნევეროვა“) დახმარებით. საბჭოთა სპეცსამსახური „პროხორის“ მუშაობით იმდენად იყო კმაყოფილი, რომ 1954 წელს ანაზღაურება ოთხჯერ, 1000-დან 4000 რუპიამდე, გაუზარდა.

xrush-1721369116.jpg

ნიკიტა ხრუშჩოვის ვიზიტი ინდოეთში, ნიუ–დელი, 1955 წელი.

1956 წელს კა–გე–ბეს წარმატებული „სექსოპერაციის“ შედეგად გადაბირებული იქნა კიდევ ერთი ინდოელი დიპლომატი (ოპერატიული მეტსახელი „რადარი“), რომელიც ეტყობა ცოტას ურჩობდა და მის დასაშანტაჟებლად გამოყენებულ იქნა კა-გე-ბეს კიდევ ერთი ტრადიციული „არგუმენტი“: „მერცხლის მშობლები“ ინდოელ დიპლომატს უჩიოდნენ „ჩვენი ქალიშვილი ორსულადაა და ცოლად უნდა შეირთოო“. თან შესაბამისი სამედიცინო ცნობებიც ჰქონდათ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ინდოელი დიპლომატის დაანტაჟებლად შეთხზული ტყუილი იყო („სექსოპერაცია“ მოვლენების ამგვარ განვითარებასაც ითვალისწინებდა). დიპლომატი, რომელსაც სამშობლოში ცოლი და ექვსი შვილი ელოდებოდა, იძულებული გახდა თანმშრომლობაზე დათანხმებულიყო და შესაბამის დოკუმენტზეც მოეწერა ხელი. „სექსოპერაციებთან“ ერთად საბჭოთა სპეცსამსახურები უცხოელების წინააღმდეგ ხშირად იყენებდნენ სავალუტო სპეკულაციებში ჯერ ჩაბმის, შემდეგ კი დაკავების მეთოდსაც. ამგვარი სპეცოპერაციაც კარგად იყო დამუშავებული: „საბჭოთა სპეკულანტი“ (როგორც წესი კა–გე–ბეს თანამშრომელი ან აგენტი) მოსკოვის ან ლენინგრადის რომელიმე დიდი სასტუმროს მიმდებარე წყნარ ქუჩაზე უცხოელი დიპლომატებისგან „ფარულად“ ყიდულობდა ვალუტას (ძირითადად აშშ დოლარებს), ამ დროს „მოულოდნელად“ გამოჩნდებოდა „მილიციის“ (სინამდვილეში კა–გე–ბეს) თანამშრომლები, რომლებიც ორივე „დამნაშავეს“ აკავებდნენ (მეტი დამაჯერებლობისთვის „საბჭოთა სპეკულანტს“ შეიძლება ერთ–ორი მუშტი რბილად მოხვედროდა) და მიჰყავდათ მილიციის განყოფილებაში. იქ კი უცხოელი მოქალაქის დაშანტაჟება მიდიოდა, მას დიდი არჩევანი არ ჰქონდა: საბჭოთა ციხე ან ქვეყნიდან გაძევება და კარიერის დასასრული (იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა). თუმცა იქვე გამოჩნდებოდა „კეთილი მილიციელიც“, რომელიც უცხოელს სიგარეტს და ჩაის შესთავაზებდა, თან „მეგობრულად“ საქმის მოგვარებას დაჰპირდებოდა: ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განმტკიცების მიზნით საჭიროა, რომ პატარა „ანალიტიკური ცნობა“ მოგვიმზადო ან საელჩოდან ესა და ეს „უმნიშვნელო“ დოკუმენტის ასლი გამოიტანოო. ყველა ამგვარი სპეცოპერაცია მიზნობრივი იყო და საელჩოში გადაბირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ადრევე ჰქონდათ. უმრავლეს შემთხვევაში უცხოელი დიპლომატი ან საელჩოს ტექნიკური მუშაკი თანმშრომლობაზე თანხმდებოდა და შესაბამის დოკუმენტზეც აწერდა ხელს.

1957 წელს ინდოეთის საელჩოს თანამშრომელი (მშიფრავი) გადაიბირეს „ვალუტით უკანონო ვაჭრობის ფაქტზე“ დაკავების შემდეგ, როგორც ირკვევა აგენტი „არტური“(მშიფრავის ოპერატიული მეტსახელი) წლების მანძილზე აწვდიდა კა–გე–ბეს ინდოეთის საელჩოს სპეციალური კავშირის შიფრებს. ეს კი ინდოეთის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და სრულიად საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომას ნიშნავდა. ინდოეთში დაბრუნებულ გადაბირებულ ინდოელ დიპლომატებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს საბჭოთა სპეცსამსახურები ინდოეთშიც არ აკლებდნენ „ყურადღებას“: მათი კარიერული პერსპექტივებიდან გამოდინარე ისინი ან „გავლენის აგენტების“ ელტარულ ჯგუფში ჩაირიცხებოდნენ ან „აგენტი ინფორმატორების“, შედარებით მოკრძალებულ როლს სჯერდებოდნენ.

(მეცხრე ნაწილის დასასრული)