"დროა, რომ ბრიუსელმა შიში იგრძნოს და პანიკა ატეხოს" - სავალალო მდგომარეობა ევროპულ არმიებში და პუტინის პირისპირ დარჩენის შიში" - კვირის პალიტრა

"დროა, რომ ბრიუსელმა შიში იგრძნოს და პანიკა ატეხოს" - სავალალო მდგომარეობა ევროპულ არმიებში და პუტინის პირისპირ დარჩენის შიში"

„ევროპა ძალიან დიდხანს ცხოვრობდა იმ ილუზიების ტყვეობაში, რომ მას ამერიკა მუდმივად დაიცავდა. დონალდ ტრამპის პოზიციების მნიშვნელოვანი გაძლიერების ფონზე და, განსაკუთრებით, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორის - ჯეიმს დევიდ ვენსის დასახელების გამო, ევროპელ მოკავშირეებს შეშფოთების მიზეზი გაუჩნდათ. ახალი ტანდემი ნიშნავს, რომ წინ ევროკავშირს და უკრაინას სერიოზული პრობლემები ელოდებათ“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „პანიკის დრო ევროპაში: ამერიკა ევროკავშირს რუსეთთან პირისპირ ტოვებს“ (ავტორი - სემიუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

დღეისათვის უკვე გამოიკვეთა - დონალდ ტრამპ-ჯეიმს ვენსის ტანდემი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი იმისა, რომ გატარდება პოლიტიკა - „ჯერ - ამერიკა, შემდეგ - ევროპა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დროს იქნება რეალური შანსი იმისა, რომ ევროპა რუსეთის მზარდი სამხედრო საფრთხის წინაშე მოსკოვთან დაპირისპირებაში მარტოდმარტო დარჩება. ამიტომ ეხლა სწორედ ის დროა, რომ ბრიუსელმა შიში იგრძნოს, პანიკა ატეხოს და რაღაც ზომები მიიღოს.

აღმოსავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოები ადრეც გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხის გამო, მაგრამ მათ შიშს ყურადღებას არავინ აქცევდა. ისინი დარწმუნებულნი არიან: კრემლს ალიანსის ერთიანობაში განხეთქილების შეტანა სურს, რათა ნატო სამომავლოდ სტრატეგიულად უსარგებლო ბლოკად იქცეს.

რუსეთში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ნატოს ხელშეკრულების (წესდების) მეხუთე პუნქტი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, ბლეფს წარმოადგენს. კრემლი ფიქრობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ვერ გაბედავენ რუსეთთან პირისპირ დადგომას, ომის შემთხვევაში ანუ თავს არ შეიწუხებენ დაზარალებული თანაალიანსელის დასაცავად. ამიტომაც მოსკოვს შეუძლია, ბალტიის ზღვაში აგრესიულად იმოქმედოს, ასე ვთქვათ, ტესტი ჩაატაროს ამ თეორიის შესამოწმებლად. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან როგორც ბალტიისპირა ქვეყნები, ასევე - შვედეთის კუნძული გოტლანდი. არ არის გამორიცხული კიბერშეტევებიც. ასე რომ, დასავლელი ექსპერტების აზრით, რუსეთს შეუძლია ნიადაგის ზონდირება მანამ, სანამ სერიოზულ დესტაბილიზებას არ მიაღწევს რამდენიმე ქვეყანაში.

გასაკვირია, რომ ევროპის დედაქალაქებში ჯერ კიდევ არ სჯერათ მოსკოვის მზადყოფნის, ამგვარი მოქმედების განსახორციელებლად. ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ყურადღებას არ აქცევს რუსულ რისკებს და აშშ-ის იმედი აქვთ, თუმცა ვერ ამჩნევენ, რომ აშშ-ში უკვე შეცვლილი სიტუაცია კრემლის შანსებს ზრდის, ხოლო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ასუსტებს.

აშკარაა, რომ ევროპა ფსიქოლოგიურად მზად არ არის, რუსეთის წინაშე მარტოდმარტო იმოქმედოს. ევროპის ქვეყნების ჯარების საბრძოლო მზადყოფნა მაინცდამაინც იმედის მომცემი არ არის. საკმარისია, დავრწმუნდეთ გერმანიის მაგალითზე, სადაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიზნად დაისახა 100-მილიონიანი ფონდის შექმნა ბუნდესვერისათვის, მაგრამ სიტუაციის გამოსწორებას ათეულობით მილიონმა ევრომაც ვერ უშველა. „ჩვენს არმიას ყველაფერი ძალიან ცოტა აქვს“, - განაცხადა ამას წინათ ბუნდესტაგის წარმომადგენელმა ევა ხოგლმა. უფრო მეტიც: 2023 წელს გერმანიის არმიის რაოდენობა შემცირდა (ასაკობრივი საკითხის გამო).

ანალოგიური პრობლემები დგას ბრიტანეთის არმიის წინაშეც. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სამუშაო ძალისა და სამხედრო ტექნიკის უკმარისობა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისათვის არადამაკმაყოფილებელია: რეზერვები მხოლოდ ორი თვის ბრძოლებისთვისაა სამყოფი, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მდგომარეობა კი - კატასტროფულია.

ევროპულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამერიკული დახმარების გარეშე არსებობა და განვითარება ძალიან გაუჭირდება. როგორც ევროკავშირის შიდაბაზრის კომისარმა, ტერი ბრეტონმა განაცხადა, 2024 წელს 1,7 მილიონი 155-მილიმეტრიანი ჭურვი დამზადდება, მაგრამ საქმეში ჩახედული ინსაიდერების თქმით, ჭურვების ფაქტობრივი წარმოება დასახელებული ციფრის ნახევარსაც ვერ მიაღწევს.

სხვათა შორის, ინსაიდერების ნათქვამი დამაჯერებელია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისათვის დაპირებული ჭურვების რაოდენობის გეგმა მხოლოდ 30%-ით შესრულდა. ასეთი სიტუაცია უკიდურესად შემაშფოთებელია რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ძლიერების ზრდის ფონზე, რომელსაც წელიწადში 5 მილიონამდე ჭურვის დამზადება შეუძლია.

მოკლედ, საერთო სურათი საკმაოდ პესიმისტურია, რომელიც საეჭვოა, ახლო მომავალში შეიცვალოს. ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, 1990-იანი წლებიდან, სამხედრო დარგის განვითარებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა.

თუ დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა შეიძლება სერიოზულად განსხვავდებოდეს პირველ ვადაში გატარებული კურსისაგან - ევროპის საზიანოდ. ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს ვენსი ხმამაღლა აცხადებს, რომ აშშ-ის რესურსების დიდი ნაწილი ჯერ ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონისაკენ უნდა იყოს მიმართული, შემდეგ - ახლო აღმოსავლეთისაკენ და, საბოლოოდ - ევროპისაკენ.

მართალია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და მისი კოლეგა რესპუბლიკელების მიდგომა განსხვავებულია, მაგრამ საეჭვოა, მათ დონალდ ტრამპისა და ჯეიმს დევიდ ვენსის ტანდემს ძირი გამოუთხარონ. სავარაუდოდ, ამას არც თვითონ მოისურვებენ.

დონალდ ტრამპი თავის ლიდერულ პოზიციებს ამტკიცებს, რაც იმას მოწმობს, რომ დადგა მომენტი, ევროპა დამოუკიდებელი გახდეს. ძალიან დიდი დრო უქმად არის დაკარგული.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო