"მეუღლე კვიპროსზე გავიცანი, ინგლისელი ბრიტანელია, საქართველოში პირველად საქორწინო მზადების დროს ჩამოვედით და ყველაფრით მოიხიბლა. უელსელები ძალიან ჰგვანან ქართველებს" - კვირის პალიტრა

"მეუღლე კვიპროსზე გავიცანი, ინგლისელი ბრიტანელია, საქართველოში პირველად საქორწინო მზადების დროს ჩამოვედით და ყველაფრით მოიხიბლა. უელსელები ძალიან ჰგვანან ქართველებს"

ნანა ყოჩიშვილი სასიამოვნოდ მოსაუბრე ქალბატონია, საინტერესო ბიოგრაფიით.

თავდაპირველად პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ცხოვრებამ სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იცხოვრა, ახლა კი საქართველოშია და გამოვლილ გზაზე გვესაუბრება...

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ვსწავლობდი. პარალელურად, ფსიქოანალიზის კურსებს გავდიოდი. სტუდენტობისას რამდენჯერმე ვიყავი საზღვარგარეთ, რადგან საქართველოდან წასვლას ვგეგმავდი. 90-იანი წლების თაობა ვართ და რეალიზაციის თვალსაზრისით, იქ მეტ პერსპექტივას ვხედავდი. ჟურნალისტად არასოდეს მიმუშავია და არც ამის მცდელობა მქონია, თუმცა ყოველთვის მინდოდა პრესის მიმართულებით "წავსულიყავი" და კრიმინალურ ჟურნალისტიკაში მემუშავა. დაახლოებით 18 წლის ვიყავი, კვიპროსში პირველად რომ ჩავედი. იქ ბიზნესის ადმინისტრირების და მენეჯმენტის სერტიფიკატები ავიღე და რამდენიმე წელი ამ პროფესიით ვმუშაობდი. ოჯახთან, ნათესავებთან და მეგობრებთანაც აქტიური კომუნიკაცია მქონდა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, "კრიტიკული ემიგრანტი" არასდროს ვყოფილვარ. მომავალი მეუღლეც კვიპროსზე გავიცანი, არაჩვეულებრივი ადამიანი ქრისტოფერ ლი. მას თავის კარიერა ჰქონდა, მე - ჩემი, მაგრამ რა თქმა უნდა, "ერთ ტალღაზე" ვიყავით. 2014 წელს გადავწყვიტეთ გვექორწინა, რადგან საკმაოდ "გავუძელით" ერთმანეთს (იღიმის).

- რამდენი დრო დაგჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე?

- ზუსტი თარიღების მოგონებები დაიკარგა. ჩვენ დიდხანს ვმეგობრობდით, მეზობლები ვიყავით, ალბათ აუზზე შევხვდით ან ბარში. თუმცა, იმდენად შორ წარსულში მიდის ეს დრო, ზუსტად ვერ ვიხსენებთ, როდის გავიცანით ერთმანეთი. ის კი ვიცი, როცა 27 წლის გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე იყო. თავდაპირველად კვიპროსში ვცხოვრობდით, თუმცა ჩემი მეუღლე სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა და ხშირად უწევდა მოგზაურობა. მოგვიანებით, 2014 წლიდან მისი სამსახურის გამო, საცხოვრებლად ახლო აღმოსავლეთში გადავინაცვლეთ, სადაც 2023 წლამდე ვიმყოფებოდით. წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ხეზე სამუშაო სხვადასხვა იარაღს ყიდულობდა და სახლისთვის ჩვენი ხელით ვაკეთებდით ნივთებს, მაგიდა დაგვჭირდებოდა თუ თარო. 2024 წელს კი გადაწყვიტა, რომ შინ დაბრუნების დროა და ეს ადგილი საქართველო აღმოჩნდა.

- სანამ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებთ, თუ შეიძლება მიამბეთ, თქვენ რას საქმიანობდით ახლო აღმოსავლეთში ყოფნისას?

- თავიდან ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის კუთხით ვმუშაობდი. კოვიდპანდემიამდე მონეტებითა და აკრილის საღებავებით კოლაჟების შექმნით ვიყავი გატაცებული. პანდემიის პერიოდში რამდენიმე ბალერინა დავხატე და ყველას ეგონა, რომ ხატვას ისევ გავაგრძელებდი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. იმ დროს უკვე კომპანიის დირექტორი ვიყავი. განცხადება დავწერე და სამსახურს თავი დავანებე, თან, მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში არაერთი ბიზნესის მუშაობა შეფერხდა. 2020 წლიდან დიასახლისი ვარ, მივხედე კულინარიას და კერძებს ცნობილი ჟურნალისტის, ოპრა უინფრის წიგნის - "როგორ ვიკვებოთ გემრიელად, მაგრამ ქოლესტერინების გარეშე" მიხედვით ვამზადებ. ბოლო 3 წელი დოჰაში ვცხოვრობდით, სადაც სალონური დიასახლისის როლი მოვირგე, რაც წვეულებების გამართვასა და მეგობრების მოწვევას გულისხმობდა. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო როგორც ქართველი დიასპორისთვის, ისე სხვადასხვა ეროვნების ადამიანისთვის, რადგან სტუმრები უსაზღვროდ და უანგაროდ მიყვარს.

6-1721029199-1721370850.jpg

- და ამის შემდეგ გამოთქვა თქვენმა მეუღლემ სურვილი, საქართველოში დასახლებულიყავით? რითი მოხიბლა ჩვენმა ქვეყანამ და თავად საიდან არის?

- ჩემი მეუღლე ინგლისელი ბრიტანელია, უელსიდან. სხვათა შორის, უელსელები ძალიან ჰგვანან ქართველებს. რამდენიმე კვირაში ზუგდიდში მივდივართ და ვეუბნები, ქართული უელსი უნდა გაჩვენო-მეთქი. საქართველოში პირველად საქორწინო მზადების დროს ჩამოვედით. ყველაფრით მოიხიბლა: ღვინით, ლუდით, კუპატით, ნიგვზიან ბადრიჯანსა და ბაჟეს ვერ მიეჩვია, ელარჯი კი უზომოდ შეუძლია ჭამოს (იღიმის). უყვარს ჩვენი ხალხი. ჩემმა ყველა ნათესავმა ინგლისური არ იცის, მაგრამ ეს მათ "კონტაქტს" ხელს არ უშლის. მაგალითად, ბიძაჩემი, რომელიც ასაკოვანია და სულ რამდენიმე ინგლისური სიტყვა ისწავლა ჩემი მეუღლის ხათრით, როცა მასთან მივდივართ, ჩამოსხდებიან და "გუგლ თრანსლეითის" თანხლებით დიალოგს მართავენ. ამგვარად შეუძლიათ საათობით ილაპარაკონ. ჩემი მეუღლე ძალიან თბილი ადამიანია და ყველას უყვარს. ქართველებს გვაქვს ეს თვისება, თუკი ვინმე თავის გულს დაგვანახვებს, ჩვენთვის ეს საკმარისია, რომ შევიყვაროთ.

- საქართველოში თქვენი კუთხე უკვე გქონდათ, თუ ახლა შეიძინეთ?

- ადრე თბილისის გარეუბანში ძველი სახლი გვქონდა ნაყიდი, პატარა ეზოთი, რომელსაც ნელ-ნელა ვარემონტებდით და ვალამაზებდით. ახლა ჩვენთან სტუმრობა ბევრს უყვარს. გეგმაში ხის ბიზნესის დაწყება და ავეჯისა და პატარა საყოფაცხოვრებო ნივთების შექმნის სურვილი გვქონდა. სახელოსნოც გავაკეთეთ, სადაც ყველა ხელსაწყო გადავიტანეთ. იმ დროს ჩემმა მეუღლემ საქართველოში შემოთავაზება მიიღო, ერთ-ერთ კომპანიას ჩასდგომოდა სათავეში და მე მარტო დავრჩი ჩემი მცირე ბიზნესის პირისპირ (იღიმის). მოგეხსენებათ, ხეზე მუშაობა ქალისთვის საკმაოდ რთულია, დიდ ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს, ამიტომ ვერანაირად ვერ შევძლებდი დიდი კონსოლებისა და თაროების კეთებას, ამიტომ შედარებით პატარა, კომპაქტური და ლამაზი ნივთების გაკეთება გადავწყვიტე. საქმეს გაზაფხულიდან შევუდექი, ამ ეტაპზე ნამუშევრები მხოლოდ გამოფენებზე გამაქვს. გულახდილად გეტყვით, რასაც ამ მცირე დროში ვაკეთებ, კმაყოფილი ვარ, რადგან საკუთარი თავის პოვნასა და დამკვიდრებას დრო სჭირდება. სულ მინდოდა ვყოფილიყავი ოდნავ განსხვავებული, განსაკუთრებული და ამაში სხვა მეწარმეებზე უპირატესობას არ ვგულისხმობ.

- დრო ნამდვილად სჭირდება საკუთარი ხელწერის, პროდუქციის ხაზის დახვეწას და ბაზრის მოთხოვნების შესწავლასაც. მერე ნელ-ნელა გამოცდილებაც მოდის. ჩამოთვალეთ, ამ ეტაპზე რას ამზადებთ ხისა და ეპოქსიდის შერწყმით?

- პირველად საათი გავაკეთე, შემდეგ ყურსასმენის ჩამოსადები, რომელიც დეკორის სახით კომპიუტერის გვერდით დაიდგმება. მერე შევქმენი ტელეფონისა და აიპოდის დასადები, რომელიც დიასახლისებმა შესაძლოა სამზარეულოში ყოფნისას გამოიყენონ. ხესთან ეპოქსიდი პირველად რომ გამოვიყენე, შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, ეს ორი მასალა ერთმანეთს ძალიან უხდება. განსაკუთრებით კომშის, კაკლის, ბალის ხისა და ეპოქსიდის კომბინაციაა ლამაზი. გავაკეთე ხის ლარნაკები, სერვირების დაფები და საათები, რომელიც დეკორატიულის გარდა, პრაქტიკული დანიშნულებისაცაა. საქმისთვის დროს თავად ვანაწილებ. მოგეხსენებათ, ნებისმიერ კარიერაში საკუთარ მიზანს რომ მიაღწიო, რამდენად ზუსტი და თვითმოწესრიგებული უნდა იყო. თავი არ უნდა მოატყუო, საქმე არ უნდა გაწელო, არ გადადო. ჩემი სამუშაო გამოცდილება ამაში დამეხმარა და თავს ასე დავუწესე: ოთხშაბათს და კვირას დასვენების დღეები მაქვს, ხოლო შაბათს, დღის პირველ ნახევარში სახელოსნოში მივდივარ და იქაურობას ვაწესრიგებ - ვასუფთავებ. ადრე ვდგები, ამას მეუღლემ შემაჩვია. ზაფხულობით, დილაობით გრილა და სიმშვიდეა, ზამთარში კი სუსხი არ მაწუხებს, რადგან ზოგადად მიყვარს სიცივე. 8-დან 4 საათამდე სახელოსნოში ვარ და ამ ხნის განმავლობაში შეიძლება შეიქმნას 2 განსხვავებული დიზაინის ნივთი. ეპოქსიდს გასაშრობად დრო სჭირდება და ესეც გასათვალისწინებელია. ეს გრაფიკი საკმაოდ კარგად მუშაობს, მაგრამ არ მოგატყუებთ და იმასაც გეტყვით, რომ არის დღეები, როცა რამე ორიგინალური იდეა თავში არ მომდის. რომ არ ვინერვიულო, თავს არ ვეჩხუბო და არ გავბრაზდე, ვამბობ, - არა უშავს, დღეს დავისვენებ და სადმე, მეგობართან ერთად ყავის დასალევად გავალ-მეთქი; ასეც ვიქცევი (იღიმის).

- კულინარიით გატაცებასა და ოპრა უინფრის კვებით მეთოდზეც ვისაუბროთ, რომელსაც სამწუხაროდ, მე არ ვიცნობ. რას ამზადებთ ყველაზე ხშირად და რა პრინციპით ხელმძღვანელობთ?

- ცხადია, ოპრა სხვა სტანდარტებით ცხოვრობს და მეტი შესაძლებლობა აქვს თავის ყოველდღიურ რაციონში ეგზოტიკური ხილი და ბოსტნეული ჩართოს. თუმცა, ზოგადად ამ ჟურნალისტის რეცეპტებით ყველანაირი პროდუქტების გამოყენება მოგიწევს, რომელიც ვიტამინებითაა გაჯერებული: გოგრა, სტაფილო, მწვანე ლობიო, მოცვი... მრავალფეროვან კერძებს შორისაა: სალათები, წვნიანები და ნაკლებად სხვადასხვა სუნელი და მწვანილი, რადგან მაგალითად, თუ პომიდორი მოგინდა, ეს ბოსტნეული სხვადასხვა სუნელით დამარინადებული კი არ უნდა მიირთვა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მცირე მარილით, რომ მისი გემო გაიგო. ოპრას მეთოდით ყველაზე ხშირად ვამზადებ ქათამს, რომელსაც მცირე მარილში, დაფქული დაფნის ფოთოლსა და ასევე დაფქულ ბერძნულ კაკლის ნაზავში ვავლებ და ცოტა ზეთში "ვაცხობ". საოცრად არომატული გამოდის. ბოლო დროს მეც ბევრი საკუთარი რეცეპტი გამოვიგონე, რადგან როგორც გითხარით, ბოლო 3 წელია კულინარიამ აქტიურად გამიტაცა.

- იქნებ თქვენს უახლოეს გეგმებზეც გვითხრათ რამე?

- ჩემი ნამუშევრებისთვის მინდა სოციალურ სივრცეში გვერდი შევქმნა. ვეცდები, ქართული ბაზარი, როგორც ვიზუალურად ნამუშევრებით, ისე ფასებით მოვხიბლო. საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში რომ გადავიდეთ, ამ საქმეს იქაც გავაგრძელებ. მგონია, რომ საკუთარი თავი ვიპოვე და ჩემთვის ეს სამოთხეა.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"