როგორ "ჩავარდა" "რკინის გუმბათი": "ჩუსტებიანმა" ჰუსიტებმა თელ-ავივს დაარტყეს - რატომ ვერ აღმოაჩინეს დრონი, რომელმაც მიზნამდე 2000 კმ იფრინა - კვირის პალიტრა

როგორ "ჩავარდა" "რკინის გუმბათი": "ჩუსტებიანმა" ჰუსიტებმა თელ-ავივს დაარტყეს - რატომ ვერ აღმოაჩინეს დრონი, რომელმაც მიზნამდე 2000 კმ იფრინა

19 ივლისის გამთენიისას ისრაელში, თელ-ავივში, აფეთქება მოხდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა მეტ-ნაკლებად უკვე მიჩვეულია, „ჰამასის“ კუსტარული რაკეტების თავდასხმებისა თუ ტერორისტი-კამიკაძეების აფეთქებებიდან გამომდინარე, მაგრამ ამჯერად თავად ისრაელის „ცახალმაც“ კი აღიარა, რომ აფეთქდა საჰაერო კამიკაძე-დრონი, გაშვებული... იემენი ჰუსიტების მიერ!

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰუსიტების კამიკაძე-დრონმა არანაკლებ 1 900-2 000 კმ-ი მაინც იფრინა, რომ იემენიდან ისრაელის თელ-ავივამდე მიეღწია და თანაც სადღაც - ისრაელში აშშ-ის საელჩოს კომპლექსამდე ასიოდე მეტრის დაცილებით აფეთქდა...

1-tel-1721376868.png
იემენიდან გაშვებული კამიკაძე-დრონის მიღწევა ისრაელის თელ-ავივამდე იმას მეტყველებს, რომ შორ მანძილზე ზუსტი საჰაერო დარტყმების განხორციელების საშუალება არათუ განვითარებად ქვეყნებს, არამედ - შეიარაღებულ დაჯგუფებებსაც კი ეძლევათ...

ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ ისრაელის მიმართულებით ერთი რაკეტა და ოთხი კამიკაძე-დრონი გაუშვეს, თავის მხრივ, აშშ-ის სამხედრო მეთაურობა ადასტურებს ჰუსიტების გაშვებული ერთი რაკეტისა და სამი დრონის ჩამოგდებას, შესაბამისად, ერთი კამიკაძე-დრონი ამ ორი ათასკილომეტრიანი მანძილის ფრენისას მაინც დაუსხლტა - ჯერ წითელ ზღვაში მოდრეიფე ამერიკული სამხედრო ხომალდების საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, შემდეგ კი - სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გადაკვეთა ისრაელის ტერიტორია ისე, რომ ასე ნაქებმა „რკინის გუმბათმა“ არათუ ვერ ჩამოაგდო, არამედ - ვერც აღმოაჩინა ის, რადგან თელ-ავივში არ ამოქმედებულა საჰაერო განგაშის სიგნალი...

იემენელი ჰუსიტები ამაყობენ, რომ მათ პირველად გამოიყენეს ახალი ტიპის კამიკაძე-დრონი „იაფო“, რომლის აღმოჩენა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას თითქოს არ შეუძლია.

ისრაელის მოსახლეობის ნაწილი სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო უწყება ვერ აღმოაჩენს და ვერ აგდებს თვით იემენელი ჰუსიტების კამიკაძე-დრონებს...

„ცახალის“ მეთაურობა აღიარებს თავის ბრალს, ოღონდ ხაზს უსვამს, რომ ეს კონკრეტული დრონი, მართალია, აღმოჩენილი იქნა ისრაელის ცაში, მაგრამ იმოქმედა ადამიანის ფაქტორმა, რის გამოც თავიდან ვერ აიცილეს თელ-ავივში აფეთქება, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათი კი - დაიჭრა/დაშავდა.

2-tel-1721376913.png
თელ-ავივში, აფეთქების ადგილას აღმოჩენილი საფრენი აპარატის ეს ფრაგმენტი იმას უნდა მიუთითებდეს, რომ გამოყენებული იქნა თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონი...

ჰუსიტები აქამდე, როგორც წესი, საპორტო ქალაქ ეილათს „ერჩოდნენ“, რომელიც ისრაელის უკიდურეს სამხრეთ ნაწილშია განთავსებული და იემენიდან ეილათამდე უმოკლესი მანძილი 1 600 კმ-მდე აღწევს.

პროირანელი ჰუსიტების სამიზნის გადატანა ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქ თელ-ავივზე, მეტყველებს იმას, რომ იემენში ბევრად უფრო სრულყოფილი კამიკაძე-დრონები გამოუჩნდათ, რომლებსაც შეეძლებათ უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზეც, დაბალ სიმაღლეზე რამდენიმე ასეული კმ-ის ჩამოუგდებლად გადაფრენა...

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ისევე, როგორც ერთი კამიკაძე-დრონის თელ-ავივამდე მიღწევა არ ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ „ჩუსტებიან“ ჰუსიტებს უპრობლემოდ შეეძლებათ ორი ათასი კმ-ის სიშორიდან ისრაელის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების მასობრივი განხორციელება.

ეს კამიკაძე-დრონიც უსათუოდ ირანში იქნებოდა დამზადებული და შემდეგ - ფარულად ჩატანილი იემენის ტერიტორიაზე, რომლის გაშვებაც, ასევე, სავარაუდოდ, ირანელმა სპეციალისტებმა განახორციელეს, რითაც მათ დაამტკიცეს, რომ ასეთი შორი მანძილიდანაც შეუძლიათ მიაღწიონ თავისი უმთავრესი მტრის -ისრაელის ერთ-ერთ მთავარ ქალაქამდე, თელ-ავივამდე და თანაც - აშშ-ის საელჩოს შენობების კომპლექსამდე...