"ექიმი ამბობს, რომ არის შანსი, ნიკამ გაიაროს! ამისათვის 9 000 დოლარი გვაქვს შესაგროვებელი. გაუსაძლისი ტკივილები აქვს..." - კვირის პალიტრა

"ექიმი ამბობს, რომ არის შანსი, ნიკამ გაიაროს! ამისათვის 9 000 დოლარი გვაქვს შესაგროვებელი. გაუსაძლისი ტკივილები აქვს..."

22 წლის ნიკოლოზ ბერძენიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, ახალგაზრდა ბიჭი ორი წელია გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის, ამ ეტაპზე ეტლით გადაადგილდება, რადგან ხერხემალი აქვს დაზიანებული. როგორც მისი მეუღლე, მარიამ გოგიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, არის შანსი, რომ ნიკამ ფეხზე კვლავ გაიაროს.

მარიამ გოგიაშვილმა ნიკოლოზ ბერძენიშვილი შარშან გაიცნო, ნიკა უკვე ეტლით გადაადგილდებოდა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ეს გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მას შემდეგ მარიამი ნიკას გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. ახალგაზრდა წყვილმა ხელი მოაწერა და დიდი იმედი აქვთ, რომ მალე მათი მთავარი ოცნების ასრულებას შეძლებენ, ნიკა ფეხზე დადგება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამაში მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ. სჯერათ, რომ კეთილი ადამიანების წყალობით, ნიკა ოპერაციების ჩატარებას შეძლებს.

მარიამ გოგიაშვილი:

- ნიკა 22 წლის არის. ჩემს მეუღლეს 2022 წლის 16 აგვისტოს გორში მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მალების მოტეხილობა. ამის შემდეგ საერთოდ შეიცვალა ნიკას ცხოვრება და რეაბილიტაციას სისტემატურად გადის კლინიკაში.

6 თვის წინ, გამოკვლევების დროს აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინთან 1 სმ კისტური წანაზარდი ჰქონდა. ამის გაგების შემდეგ შევხვდით საქართველოში ჩამოსულ თურქ სპეციალისტს, რომელმაც გვირჩია დავლოდებოდით 6 თვეს, ამის მერე გადაგვეღო ისევ ხერხემალი და გაგვერკვია, გაიზრდებოდა თუ არა კისტა. რადგან შესაძლებელი იყო, ისევ ის ზომა დარჩენილიყო და თუ გაიზრდებოდა, იმ შემთხვევაში საოპერაციო გახდებოდა. 6 თვე გავიდა და წავედით თურქეთში, კერძოდ, ტრაპიზონის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ნიკას ჩაუტარდა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ კისტა გაიზარდა. ამ მდგომარეობით კისტა არის 2,5 სმ სიგრძე და სასწრაფოდ საოპერაციოა. კვლევებით გამოჩნდა ისიც, რომ ერთ-ერთი ის ფიქსატორია დაზიანებული, რომელიც აორტის რკალთან არის ახლოს, ესეც ძალიან დიდ რისკებს და გაუსაძლის ტკივილს იწვევს. ეს ორი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს - ძველი ფიქსატორი ახლით რომ შეიცვალოს და ამოკვეთონ კისტა, ამაში კლინიკა 15 000 დოლარს ითხოვს, რაც ძალიან სწრაფადაა შესაგროვებელი.

wyvili-1721500398.jpg

ამ ეტაპზე ოჯახს არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, კეთილი ხალხის დახმარებით უკვე შეგროვებული გვაქვს 6 000 დოლარი და დარჩენილია 9 000 დოლარი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მიგვემართა საზოგადოებისთვის და დახმარება გვეთხოვა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თანხის მობილიზებასაც მალე შევძლებთ კეთილი ადამიანების დახმარებით. ძალიან ვღელავთ, რადგან როგორც ქირურგმა გვითხრა, ოპერაცია სასწრაფოა. თუ დროულად არ ჩატარდება, კისტა უფრო მეტად გაიზრდება და მცირდება იმის შანსი, რომ შემდეგ ნიკამ ისევ შეძლოს ფეხზე დამოუკიდებლად გავლა. არადა, ყოველი დღე იმაზე ფიქრში გადის, რომ ნიკამ როგორმე შეძლოს ფეხზე დადგომა. ექიმი ამბობს, რომ არის იმის შანსი, რომ გაიაროს, ოპერაციის შემდეგ კი უფრო ზუსტად გვეტყვიან, რამდენი პროცენტია.

- ამჟამად ტკივილები აწუხებს ნიკას?

- ნიკამ ძალიან მძიმე 2 წელი გაიარა. ტკივილები ჰქონდა. ახლა ძალიან აწუხებს მოშვებული ფიქსატორის ადგილი და ძალიან ამწარებს. ეს ტკივილი ღამეებსაც ათენებინებს და გაუსაძლისია. ძალიან ძნელია, როცა უყურებ საყვარელ ადამიანს, როგორ სტკივა და ვერ ეხმარები. საქართველოში კეთდება ეს ოპერაცია, ასე გვეუბნებიან, ჩავატარებთო, მაგრამ რა შედეგი იქნება, ამას ვერ გეტყვითო, თურქეთის კლინიკაში კი გვეუბნებიან, რომ ოპერაცია კარგად ჩატარდებაო. თანაც სარისკოა ძალიან, რადგან კისტა ზურგის ტვინთან ძალიან ახლოს არის და დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. როგორც შევიტყვეთ, საქართველოში სულ 5 ოპერაციაა მსგავსი ჩატარებული და აქედან სამი ფატალურად დასრულდა. ძალიან გვინდა, რაც შეიძლება მალე მოგროვდეს ეს თანხები და ნიკას ოპერაცია გაუკეთდეს.

- როგორც ვხვდები, ახალშეუღლებულები ხართ.

- ჩვენ ამ ამბის შემდეგ გავიცანით ერთმანეთი. 2023 წელს, აგვისტოში მოტოსახელოსნოში გავიცანი ნიკა და იქიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. დეკემბერში ხელი მოვაწერეთ, სამეგობრო წრეში პატარა ცერემონიალი მოვაწყვეთ. ნიკა სულ მეუბნება, ფეხზე რომ დავდგები, მერე გვექნება ქორწილიო. ერთად ვოცნებობთ იმ დღეზე, როცა ის კვლავ შეძლებს სიარულს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

მივმართავ საზოგადოებას, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ პირველ რიგში, მან ეს ოპერაცია ჩაიტაროს და ტკივილისგან გათავისუფლდეს.

ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილა ამ გზით, მადლობელი ვართ ჩვენც ნიკასთვის გაღებული თითოეული ლარისთვის და იმედი გვაქვს, ისევ გვერდში დგომით მოგროვდება დარჩენილი 9 000 დოლარი და ნიკა ოპერაციას გაიკეთებს.

მადლობა ყველას.

საქართველოს ბანკი: GE91BG0000000586438280

თიბისი ბანკის ანგარიში GE08TB7408245064300050

ლიბერთი ბანკი GE28LB0711117739514000

პირადი ნომერი 010270869352022

(სპეციალურად საიტისთვის)