პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
82 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მიიღო. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: - პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
“სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.
ამნისტია არ შეეხება: - მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი, 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდება.
მმართველი უმრავლესობა “ამნისტიის შესახებ“ პროექტის მეორე-მესამე მოსმენით განხილვას და მიღებას საშემოდგომო სესიის ფარგლებში გეგმავს.
IPN