"უმა თურმანი რომ გეყოლება "გერლფრენდად" და კახელ ცისნამას მოიყვან ცოლად, შოკია... ჩემი მეუღლის შვილები და ორი ძმა, დასანახავად ვერ მიტანენ" - ქართველი ემიგრანტის რთული რეალობა მდიდრული ცხოვრების მიღმა
ცისნამი საყვარლიშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის კარგად ცნობილია. წარმატებული ემიგრანტი ქალის შესახებ არაერთი სტატია გვაქვს მომზადებული. ის ახლა უკვე ორი წიგნის ავტორია, ცხოვრობს ამერიკაში საყვარელ მეუღლესთან ერთად. წლების შემდეგ შეძლო და თან წაიყვანა შვილი, რომელიც მომავალი კალათბურთელია....
თუმცა იქამდე მის ცხოვრებაში იყო ბევრი სირთულე, წარუმატებელი პირველი ქორწინება, ემიგრანტის გზა, საქართველოში დატოვებული მცირეწლოვანი შვილი და ქორწინება ასაკით უფროს მამაკაცთან, რის გამოც, დღემდე საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ცხოვრების გზის შესახებ ინტერვიუებში არაერთხელ მოუყოლია, ამჯერად ისეთ დეტალებს გაიგებთ ცისნამის ცხოვრებიდან, რომელზეც აქამდე არავისთან უსაუბრია....
- ცისნამი, მთელი საქართველო გიცნობთ, როგორ წარმატებულ ემიგრანტ ქალს, ორი წიგნის ავტორს, თუმცა ამის მიღმა არც ისე მარტივი ცხოვრება დგას. არასოდეს გისაუბრიათ როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე.
- გამარჯობა ძვირფასო მკითხველო, როგორ ხართ? არ ვიცი, ვისთვის რა არის წარმატება. ჩემთვის წარმატება იმაზე მეტია რაც ჩემზე ჩანს და რისთვისაც მიწოდებენ წარმატებულს. ყველა შეიძლება იყოს წიგნების ავტორი და ყველას შეუძლია ჰყავდეს კარგი მეუღლე. აქ განსხვავებული არაფერია. ელემენტარულია ორივე. ჩემი მეუღლე გავიცანი სამსახურის ინტერვიუზე. ის ახალ ასისტენტს ეძებდა დედამისისთვის. ძველი ასისტენტი პენსიაზე გავიდა. ქალბატონი ფილას როტშილდი ხუთ ორგანიზაციას მართავდა, მან დააარსა “დულა” - პროგრამა მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც მარტოობაში უწევდათ გარდაცვალება და არავინ არ ჰყავდათ გვერდით.
ის იდგა და მათი ხელი ხელში ეჭირა სიკვდილის წინ. ერთმა მომაკვდავმა ფრანგმა ქალბატონმა სთხოვა, პარიზში წამიყვანეო, რადგან იქ ნატრობდა სიკვდილს და ის ქალბატონი პარიზში გადააფრინა. თავისი სურვილით, სიყვარულით ყველას ეხმარებოდა. ის იყო “სარა ლორენსის” უნივერსიტეტის საბჭოს წევრი. მთელი ნიუ-იორკი და “აფერ ისტ საიდი” პატივს სცემდა. პრინც ფილიპთან ერთად დააარსა “United Colleges.” საუბრობდა ოთხ ენაზე: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური. ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ყველაზე მაღალი ჯილდოები აქვს აღებული ამერიკის პრეზიდენტებისგან. ასეთი ძლიერი ქალის ასისტენტობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ალექსანდრემ მე იმიტომ ამიყვანა, რომ იტალიურად სრულყოფილად ვსაუბრობდი და ორი უმაღლესის დიპლომი მქონდა. ასე დავიწყე დედამისთან მუშაობა.
- ერთ-ერთ გადაცემაში მოყევით, რომ საბუთის გამო დაქორწინდით, იმის გამო, რომ ამერიკა არ დაგეტოვებინათ.
- იმ პერიოდში ტრამპი იყო პრეზიდენტი და თავის ამომრჩეველს დაპირდა ემიგრანტების გაყრას ამერიკიდან. ამ სიაში მეც მოვხვდი. ვინაიდან ალექსანდრეს არ უნდოდა რომ დედამისი მარტო დამეტოვებინა, აღფრთოვანებული იყო ჩვენი ურთიერთობითა და თანაცხოვრებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მე ამერიკაში დავრჩენილიყავი.
- როდის მოვიდა სიყვარული, დღეს რომ ვუყურებთ იდეალური ცოლ-ქმრობა გაქვთ, თუმცა აქამდეც გარკვეული გზა განვლეთ.
- სიყვარული ქორწინების შემდეგ მოვიდა. სიყვარულით არ დავქორწინებულვართ, თუმცა ასე დაუკითხავად და დაუფიქრებლად მეწვია ეს გრძნობა და დამაბრმავა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მამის ხელა კაცი თავდავიწყებით შემიყვარდებოდა. კარგმა ურთიერთობამ, სითბომ, ყურადღებამ, პატივისცემამ და დაფასებამ მოიტანა ეს ყველაფერი. მარტო მყოფ ქალს მეტი რა უნდა? - სითბო და ყურადღება. მარტივი არ იყო და არის ჩვენი ურთიერთობა, რადგან დღემდე ვიღებ საშინელ შეტყობინებებს ხალხისგან, რომ მე ახალგაზრდა გოგო ვარ და უფრო მეტს ვიმსახურებ, რომ ამ კაცთან მარტო ფულის გამო ვარ და სხვა არაფერი. ფული რომ არ ჰქონდეს არ გეყვარებოდაო. აი, რა იცით, თქვენ? - სიყვარულმა ეს ყველაფერი არ იცის. ისე ვარ მინდობილი ამ ადამიანს, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში მშვიდად ვიცხოვრებდი მასთან. გააგრძელეთ კითხვა