"საქართველოში ნაყინი რუსეთის გავლით მოხვდა. კნეინა ბარბარე გვასწავლის, თუ როგორ უნდა გამოვიცნოთ რძე წყალგარეულია თუ არა" - მსოფლიოს ყველაზე ტკბილი გემრიელობა - სად როდის გამოჩნდა ის? - კვირის პალიტრა

"საქართველოში ნაყინი რუსეთის გავლით მოხვდა. კნეინა ბარბარე გვასწავლის, თუ როგორ უნდა გამოვიცნოთ რძე წყალგარეულია თუ არა" - მსოფლიოს ყველაზე ტკბილი გემრიელობა - სად როდის გამოჩნდა ის?

რომელია დესერტებს შორის უპირველესი? - დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა დასვათ ეს კითხვა, ათიდან მინიმუმ 9 გიპასუხებთ, რომ ნაყინი დესერტების მეფეა. ისტორიას თუ გავეცნობით, ნაყინი მართლაც მეფეებისა თუ იმპერატორების, მაღალი წრის საზოგადოების დესერტად მიიჩნეოდა და საუკუნეების განმავლობაში ფუფუნებასთან ასოცირდებოდა. მას შემდეგ ამ ტკბილეულს სიყვარული და პოპულარობა არ დაუკარგავს.

სად დაიბადა ნაყინი

ისტორიკოსების აზრით, ნაყინი 5 000-ზე მეტი წლისაა. ვარაუდობენ, რომ ეს დესერტი ისეთ ადგილას გამოიგონეს, სადაც მაღალი და დაბალი ტემპერატურის რაიონები ერთმანეთს ესაზღვრებოდა, თუმცა სად, ზუსტად არავინ იცის. ერთ-ერთი ვერსიით, ნაყინის სამშობლო ჩინეთი უნდა იყოს. ცნობილია, რომ 3000 წლის წინ ჩინეთში მიირთმევდნენ ყინულისა და თოვლისგან მომზადებულ დესერტს, რომელშიც ბროწეულის მარცვლებს ან ლიმონისა და ფორთოხლის ნაჭრებს ამატებდნენ.

ნაყინის ცნობილ ნაირსახეობას, რომელსაც დღემდე "ფალუდეს" სახელით მოიხსენიებენ, ძვ. წ. V საუკუნეში ირანში მიირთმევდნენ. მის მოსამზადებლად სახამებლისგან გაკეთებულ უწვრილეს ძაფებს ყინავდნენ და ურევდნენ ვარდისა და ლაიმის წვენში, ზემოდან კი ფსტას აყრიდნენ.

ბერძნები ძვ. წ. V საუკუნეში თაფლითა­ და ხილით შეზავებულ თოვლს შეექცეოდნენ. ამბობენ, რომ ასეთი დელიკატესი ათენის ბაზრებშიც იყიდებოდა. ჰიპოკრატე კი ხალხს ურჩევდა, ავადმყოფობისას ყინული მიეღოთ. სავარაუდოდ, იმხანად გამოიგონეს კენკრის თოვლში გაყინვა. ალბათ, სწორედ ამავე მიზნით, ანუ გამაგრილებელი დესერტის დასამზადებლად, ახ. წ. 780 წელს ხალიფა ალი მაჰდიმ მექაში მთის თოვლით დატვირთული აქლემების მთელი ქარავანი შეიყვანა.

სპარსი მოგზაური ნასრი-ხოზრუმი 1040 წელს წერდა, სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ თოვლი, კაიროს სულთნის სუფრაზე ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლადო.

ნაყინის ევროპული თავგადასავალი

უმრავლესობა ემხრობა ვერსიას, რომ ევროპაში ნაყინი მარკო პოლომ შეიტანა,­ როგორც ამბობენ, ჩინეთიდან, პირველი ევროპული ნაყინი კი სიცილიაზე მოამზადეს, რომელსაც გაყინული რგოლების ფორმა ჰქონია. სპეციალისტების თქმით, ამ ნაყინის რეცეპტი თანამედროვესთან მიახლოებულია. მალე ეს დესერტი არისტოკრატთა მენიუს განუყოფელ ნაწილად იქცა. ნაყინის სიყვარული იტალიას მაშინ გასცდა, როდესაც ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის მეფეს მისთხოვდა. 1533 წლის 28 ოქტომბერს ეკატერინე მედიჩისა და ანრი ვალუას ქალაქ მარსელის წმინდა ავგუსტინელის სახელობის ტაძარში თვით რომის პაპმა კლემენტ VII-მ დასწერა ჯვარი. ცნობილია, რომ სწორედ მათ ქორწილში დამზადდა საფრანგეთის ისტორიაში პირველი ნაყინი. სხვათა შორის, ისტორიაში პირველი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ამ ქორწილისთვის შეიკერა, ეკატერინესთვის, რადგან ის საქმროსთან შედარებით ძალიან დაბალი ყოფილა.

დროთა განმავლობაში ყინულის, შარბათისა და რძისაგან ნაყინის მოსამზადებლად ახალ-ახალი რეცეპტები შემუშავდა. მას დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ იტალიისა და საფრანგეთის მეფეთა კარზე. თანამედროვეთა თქმით, გურმანად აღიარებული ლუდოვიკო XIV უარს ვერასოდეს ამბობდა ცდუნებაზე, რომელსაც სახელად ნაყინი ერქვა. სწორედ მისი მმართველობის დროს, კერძოდ, 1660 წელს, პარიზში გაიხსნა პირველი კაფე-სანაყინე, სადაც საუკუნის შემდეგ დაახლოებით 80 სახეობის ნაყინს ამზადებდნენ. თურმე ამ კაფეში ხშირად დადიოდა ნაპოლეონ ბონაპარტი. მას იმდენად ჰყვარებია ნაყინი, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე სპეციალური მოწყობილობა ჩაუტანიათ დასამზადებლად.

ფრანგი და იტალიელი არისტოკრატე­ბის საყვარელი ნაყინი მალე ინგლისში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც დააგემოვნეს. ჩარლზ I-ს ისე მოსწონებია ნაყინი, რომ სამეფო კარის გარეთ მისი დამზადება აუკრძალავს, ხოლო თავისი მზარეულისთვის პენსია დაუნიშნავს, რათა რეცეპტი არ გაეთქვა.

ნაყინის პირველი რეცეპტი ლონდონში 1718 წელს "მისის მერი ილზის რეცეპტების კრებულში" გამოქვეყნდა,

ჰამბურგში კი პირველი სანაყინე 1799 წელს გაიხსნა. ეს კაფე დღესაც მუშაობს.

ნაყინი აშშ-ში

ამერიკაში ნაყინი 1774 წელს გამოჩნდა, როცა საკვები პროდუქტების მომმარაგებელმა ლონდონელმა ფილიპ ლენზიმ ნიუ-იორკის გაზეთებში სარეკლამო განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც იუწყებოდა, რომ ეს-ესაა ლონდონიდან ჩამოვიდა და გასაყიდად სხვადასხვა დესერტს, მათ შორის ნაყინსაც გამოიტანდა.

1809 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჯეიმზ მედისონის ინაუგურაციაზე პირველი ლედი ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ნაყინით გაუმასპინძლდა. სტუმრებს ისე მოსწონებიათ ეს ცივი დესერტი, ხმა გავრცელდა, რომ მისი რეცეპტი ექსპრეზიდენტ ჯეფერსონს ჩაუწერია.

ნაყინის პირველი ფაბრიკა აშშ-ში, ბალტიმორში 1851 წელს გაიხსნა. როგორც ამბობენ, დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტ ნაყინს ამერიკელები მიირთმევენ. ვინ იცის, ამის მიზეზი იქნებ ისიცაა, რომ 1984 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ივლისი ნაყინის თვედ გამოაცხადა.

ნაყინის ქართული თავგადასავალი

საქართველოში ნაყინი XIX საუკუნეში საფრანგეთიდან რუსეთის გავლით მოხვდა. გააგრძელეთ კითხვა