როდესაც ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის უფლებას არ აძლევენ, რუსულ აეროდრომს უკრაინული კამიკაძე-დრონები „სტუმრობენ“... - კვირის პალიტრა

როდესაც ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის უფლებას არ აძლევენ, რუსულ აეროდრომს უკრაინული კამიკაძე-დრონები „სტუმრობენ“...

რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში განთავსებული მილეროვოს სამხედრო აეროდრომი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან სულ რაღაც 17 კმ-ით იყო დაშორებული ამ ათიოდე წლის წინ, მაგრამ დონბასის ოკუპაციის შედეგად, დღეს ფრონტის ხაზმა ამ აეროდმიდან უკვე არანაკლებ 180 კმ-ით დასავლეთით გადაინაცვლა, თუმცა არც ეს მანძილია მიუწვდომელი MGM-140 ATACMS-ის იმ 300 კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური რაკეტებისთვის, რომელთა მცირე რაოდენობა თეთრმა სახლმა ორწლიანი ყოყმანის შემდეგ მაინც გადასცა კიევს...

შესაბამისად, ამ ATACMS-ებს თავისი მსხვრევად-ფუგასური და მითუმეტეს კასეტური ქობინების აფეთქებით შეეძლოთ სერიოზული ზიანი მიეყენებინათ მილეროვოს სამხედრო ბაზაზე განთავსებული იმ რუსული საფრონტო ბომბდამშენებისთვის, რომლებიც ამ აეროდრომიდან აფრენის შემდეგ პლანირებად და კორექტირებად საავიაციო ბომბებს უშვებენ ფრონტის ხაზზე გამაგრებული უკრაინელების პოზიციების გასანადგურებლად, მაგრამ...

მაგრამ ასე არ მოხდა, იმიტომ, რომ 300კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური რაკეტების გადაცემასთან ერთად ვაშინგტონმა კატეგორიულად აუკრძალა კიევს მათი საბრძოლო გამოყენება რუსეთის ტერიტორის სიღრმეში, რითაც სერიოზულად ზარალდება უკრაინის გენშტაბის გეგმები, რომ რუსული ბომბდამშენები მათსავე ბაზირების ადგილზე იყვნენ განადგურებულნი...

2-mil-1721495736.png
20 ივლისის საჰაერო თავდასხმის შედეგი მილეროვოს აეროდრომზე, გადაღებული თვითმხილველების მიერ...

შესაბამისად, უკრაინის მხარეს რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ საკუთარი წარმოების კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენებით რამენაირად ზიანი მიაყენოს რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო აეროდრომებს და იქ მდგარ საავიაციო ტექნიკას.

ასე მოხდა 20 ივლისის გამთენიისას, როდესაც მილეროვოს სამხედრო აეროდრომზე არანაკლებ 16 აფეთქების ხმა გაისმა, მას შემდეგ რაც მას არანაკლებ 30 ერთეული უკრაინული კამიკაძე-დრონი „ეტუმრა“...

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათგან 26 დრონი ჩამოაგდო და მხოლოდ ოთხი თუ „გაეპარა“, თუმცა აფეთქებების რიცხვი, აეროდრომზე გაჩენილი ხანძრების კერები სულ სხვა რამეზე მიუთითებს - ეს იყო ერთ-ერთი ყველზე ძლიერი საჰაერო დარტყმა მილეროვოს რუსულ სამხედრო აეროდრომზე, რაზეც მეტყველებს თანამგზავრიდან დაფიქსირებული ხანძრის კერები ამ აეროდრომის ტერიტორიაზე, ხოლო მაღალი ხარისხის თანამგზავრული ფოტოები ინტერნეტსივრცეში ალბათ ხვალ-ზეგ გავრცელდება.

3-mil-1721495736.jpg
NASA-ს FIRMS-ის სისტემის თანამგზავრის მიერ რუსეთის როსტოვის ოლქის მილეროვოს აეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ხანძრის კერები 2024 წლის 20 ივლისს, უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შემდეგ...

ეს არ იყო პირველი შედეგიანი დარტყმა მილეროვოს აეროდრომზე- 2022 წლის 25 თებერვალს ანუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მეორე დღესვე უკრაინულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა რაკეტამ Точка-У-მ შეტევა მიიტანა ამ რუსულ აეროდრომზე (მაშინ ფრონტის ხაზი ბევრად უფრო ახლოს გადიოდა) და გაანადგურა არანაკლებ ერთი Су-30СМ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და რამდენიმე რუსი პილოტი.

მიუხედავად ამერიკელების მხრიდან აკრძალვისა, უკრაინელებმა გამოსავალს მაინც მიაგნეს და ბალისტიკური რაკეტების ნაცვლად კამიკაძე-დრონებით ესხმნიან თავს რუსულ სამხედრო აეროდრომებს რუსეთისვე ტერიტორიაზე, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი...

თუკი ბალისტიკურ რაკეტას 180 კმ-ის დასაფარად ორიოდე წუთიც ჰყოფნის, დაბალი სიჩქარით მფრენ კამიკაძე-დრონებს ამ მანძილის გადასალახავად ერთ სთ-ზე მეტი სჭირდებათ, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ განგაშის სიგნალზე ამ აეროდრომებიდან მოესწროს საბრძოლო თვითმფრინავების სასწრაფო აფრენა და სხვა, უხიფათო აეროდრომზე გადაბაზირება.

4-mile-1721495736.png
2022 წლის 25 თებერვალს,ომის მეორე დღესვე უკრაინულმა Точка-У-მ მილეროვოს აეროდრომზე ეს რუსული Су-30СМ-ი შეიწირა...

2014 წლის 10 ივნისის ღამეს ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც ოცდაათიოდე კმ-ში კატასტროფა განიცადა რუსულმა Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენმა, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა, თუ რატომ აღმოჩნდა ამ თვითმფრინავის ეკიპაჟი ისეთ მთაგორიან რაიონში, სადაც არცერთი რუსული სამხედრო აეროდრომი არ არის...

როგორც ახლა ირკვევა, კატასტროფაგანცდილი რუსული საფრონტო ბომბდამშენის ეკიპაჟმაც ღამით განგაშზე ააფრინა ეს თვითმფრინავი მოზდოკის აეროდრომიდან, რადგან ამ აეროდრომზე უკრაინული საჰაერო თავდასხმის საშიშროება შეიქმნა (მანამდე ორი დღით ადრე, 8 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც აფრენილი რუსული Ту-22М3 ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენები სისტემატურად უშვებენ Х-22 და Х-32 ტიპის ზებგერით ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქების მიმართულებით, პირველად გახდა უკრაინული კამიკაძე-დრონების შურისმაძიებელი საჰაერო თავდასხმის სამიზნე), მაგრამ ეკიპაჟმა სავარაუდოდ, დაკარგა ორიენტაცია და სამხრეთ მიმართულებაზე, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, მთის კალთას შეასკდა.