"ჩემზე ამბობენ, გიჟი და არანორმალურიაო, რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტია..." - რის გამო საყვედურობს დიმა ობოლაძე მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს - კვირის პალიტრა

"ჩემზე ამბობენ, გიჟი და არანორმალურიაო, რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტია..." - რის გამო საყვედურობს დიმა ობოლაძე მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს

"შემოქმედებაში ყოველთვის უნდა იხულიგნოო" - გამორჩეულად მახსოვს ჩემი პედაგოგის, დავით ანდღულაძის ეს დარიგება"

"მოულოდნელობა და სიამოვნება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება,

არის ევროპის ჩემპიონატში, ჩვენი ნაკრების მიერ გატანილი პირველი გოლი. როდესაც თურქეთის კარის ბადე შეირხა, ეს იყო ზღაპარი", - ამბობს მსახიობი და სპორტული კომენტატორი ნოდარ სიმსივე. როგორი ემოციით დაბრუნდა გერმანიიდან, რა არის მისთვის ბედნიერება, თავისუფლება, სიყვარული, ვისგან იღებს საყვედურებს ყველაზე ხშირად და რა ვერ გაბედა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1987 წლის 6 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი და სპორტული კომენტატორი. მიხარია, ბავშვობის ოცნება რომ ავისრულე. არ მინდა, ვინმემ ამპარტავნებად აღიქვას, მაგრამ ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. დღეს ჩემი საქმისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...გიჟიაო. ჩემს ემოციურობას გულისხმობენ, საქმის ფანატიზმიდან გამომდინარე. ვინც მიცნობს თუ არ მიცნობს, ყველა ერთხმად ამბობს, გიჟი და არანორმალურიაო, რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. ზოგადად ადამიანი, რომელიც შემოქმედებაში არის, დალაგებული თუა, ნაკლებად საინტერესოა, ის არ არის შემოქმედი. არ შეიძლება შემოქმედი წყნარი იყოს. ვინც ასეთია, ვფიქრობ, სხვაგან მოხვდა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას ავირჩევდი, იმავე დრამატურგიით, იმავე შეცდომებით.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...2004 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები რომ ჩავაბარე. რომ არა თეატრალური, შეიძლება საკომენტატორო სფეროს სიღრმეებში არ შევსულიყავი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ულამაზესი და უთბილესი ოჯახი მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ..."დიახ, დიახ, დიახ".

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვასიამოვნო ჩემს გარემოცვას.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საქმისადმი ფანატიზმი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...და ვიცი ვერასდროს გამოვასწორებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მომწონს. ზედმეტად მიმნდობი ვარ, ყველას ახლოს ვუშვებ და მერე გულს მტკენენ. "სენიორ", "ამიგო", როგორ ხარ? და... სულელი ვარ, თავად ვაშავებ, ყველა არ უნდა მივიღო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვერაფერიც ვერ ვისწავლე.

- პატიება შემიძლია...

- ...მაგრამ დავიწყება - არა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვნერვიულობ, რადგან არანორმალურად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. არ ვიცი, რამდენად გავუძლებ, რამდენად შევძლებ. ადამიანებს, ვისაც ვუყვარვარ, არ მინდა იმედები გავუცრუო.

- ვიბნევი...

- ...უმეტესად უცხო გარემოში; ვიბნევი, როცა უხერხულობის გრძნობა მეუფლება. არ ვიცი, რამდენად ჩანს, მაგრამ მორცხვი ვარ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...საქართველოს ნაკრების თამაშების კომენტატორი.

- მთავარი ემოცია და მთავარი ამბავი, რომელიც გერმანიიდან გამომყვა...

- ...მასპინძელი გერმანელები საქართველოს ნაკრებს ქომაგობდნენ. ყველანი ამბობდნენ, ქართველები ძალიან კარგები ხართო. ესპანეთი ჩემი სამშობლოს შემდეგ საყვარელი ერია. არასდროს დამავიწყდება, მათ ნაკრებთან თამაშის შემდეგ, ესპანელი მაყურებელი ქართულად მღეროდა და ქართული შეძახილებით გვაცილებდა. არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია, რომელიც ქართულმა ფეხბურთმა მოიტანა, რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკოსმა თუ მხარემ. მოულოდნელობა და სიამოვნება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება, არის ევროპის ჩემპიონატში ჩვენი ნაკრების მიერ გატანილი პირველი გოლი. როდესაც თურქეთის კარის ბადე შეირხა, ეს იყო ზღაპარი. იმ ვიდეომ, რომელშიც ჩემი ემოციაა გადმოცემული, ლამის ყველა პორტალი მოიარა. პორტუგალიასთან გოლს კი ჩემი შარვალი შეეწირა: ისეთ ემოციებში ვიყავი, არ ვიცი, როგორ, გავხიე და მერე ლამის შოტლანდიური კილტით დავდიოდი.

- მეზარება...

- ...ყველა იმ საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარს.

- მაგალითად?

- სიმძიმის აწევა. სოფლის საქმე არ მიყვარს. როცა სადმე მივდივარ და ვინმე მოხმარებას მთხოვს, ჭირივით მეზარება.

- სიყვარული ეს...

- ...ჯილდოა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღში დავდიოდი. ჩემი ბავშვობის მეგობრები დღესაც იხსენებენ, იმ დროიდან ასეთი ვარ, არ გადავკეთებულვარ. პირველად რომ შემიყვარდა, "ვიგრუზებოდი", ზედმეტად ჩაფიქრებული ვიყავი, სევდა მიპყრობდა, არანაირი აჟიტირება არ მქონდა. ეს ბავშვობის ემოციები დღემდე მაქვს.

- მაკვირვებს...

- ...სიცივე, რომელიც დღეს ადამიანებშია. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ასეთ ეპიზოდებს ხშირად ვხედავ და მიკვირს, რატომ? მე სითბოში გაზრდილი ადამიანი ვარ. ამდენი აგრესია საიდან დაგროვდა? ახლახან დიმა ობოლაძის მიმართ აგორებული ამბავი, თითქოს ფეხბურთელების დახვედრის ცერემონიაზე, ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ ათქმევინა, ვის ტვინში მოიხარშა? ეს არაადამიანობაა, სხვა სიტყვებიც ეკუთვნის, მაგრამ ამ ინტერვიუს არ ვაკადრებ. დიმამ ეს რით დაიმსახურა?

- პირადი საუბარი გექნებოდა, ძალიან განიცადა?

- არ იმჩნევს, ასეთი ადამიანია საერთოდ, თორემ როგორ შეიძლებოდა, არ განეცადა. მას არ აქვს სოციალური ქსელი, მაგრამ ახლობლებისგან გაიგო, იქ რაც იწერებოდა. დიმას ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და კიდევ გააკეთებს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემმა პატარამ.

- როგორი გოგოა?

- საოცრად არტისტული. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი ჩემზე ათასჯერ მეტის გაკეთებას შეძლებს. მგონია, რომ ნიჭიერი მსახიობი გამოვა.

- მამობამ რით შეგცვალა?

- სენტიმენტალური გავხდი. ბოროტი არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პატარა ბავშვის ტირილს რომ გავიგებ, ძალიან განვიცდი. როცა სახლიდან გამოვდივარ, სულ ჩაფიქრებული დავდივარ, სულ ჩემი შვილის მონატრება მაქვს.

- ვრისკავ...

- ...ხშირად. ჩემს პროფესიაში ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს, თამამ ნაბიჯებს ვდგამ. ჩემი რეპორტაჟის პირველივე ეთერი უკვე იყო ძალიან დიდი სიახლე, გამოწვევა. იყო ბევრი კრიტიკა, იყო ბევრი აგრესია. ამბობდნენ, რომ ვთამაშობდი, მაგრამ ღმერთს მადლობა, გამოხმაურების უმრავლესობა დადებითი გახლდათ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ემოციურობა და ფეთქებადობაა. უცბად შეიძლება გადავწყვიტო, რაღაც რადიკალურად შევცვალო. ჩემი სისუსტეა ის მიმნდობი ხასიათი, რომელზეც უკვე ვილაპარაკე. ძალიან მტკივნეულია, როცა ადამიანები ამით სარგებლობენ და მერე (პროფესიულ ენაზე რომ გითხრა) პენლებს მირტყამენ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გერმანიაში, ფეხბურთის მატჩებზე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები და ლაპარაკი სხვა თემაზე გადამაქვს. ამ დროს შეიძლება ძალიან არაადეკვატური შეკითხვებიც დავსვა და როგორც მეუბნებიან, ასეც ხდება. მაგალითად, შეიძლება ადამიანს ვკითხო, ბევრ დენს წვავ, მრიცხველი ბევრს გიწერს?

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სტუმარს ლაპარაკი დააცადეო. ამ საყვედურს დიმა ობოლაძისგან ვიღებ. დიმა არის ჩემი ცხოვრების ნამდვილი ჯილდო.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...ქათმის ხელში დაჭერა. რასაც ბუმბული აქვს, ხელს ვერაფერს მოვკიდებ. რა უნდა მიქნას? მაგრამ პანიკური შიში მაქვს.

- ვიტყუები, როცა...

- ...მაქებენ. ამ დროს რაღაცებს ვიგონებ.

- თავისუფლებაა...

- ...საკუთარი თავის მართვა; ჩემს თავში ბევრი ისეთი რამის აკრძალვა, რაც ადამიანს განასხვავებს ცხოველისგან.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ ჩემს პატარაზე. საკმარისია ოჯახს 2 დღით დავშორდე, ეგრევე სევდა მიპყრობს, მხოლოდ ბავშვსა და მეუღლეზე ვფიქრობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...გავხსნიდი ჩემს სპორტულ ტელევიზიას, დავაფინანსებდი ფეხბურთის გუნდს და დავეხმარებოდი ყველა პატარას; ბავშვებს, რომლებიც უფულობის გამო ვერ დადიან ფეხბურთზე, კარგ სპორტულ აკადემიებში.

- მენატრება...

- ...ურთიერთობები, რასაც დღეს მოკლებულები ვართ. მაგალითად, ჩემს უბანში როგორი ურთიერთობაც იყო ჩემსა და ჩემზე უფროს ადამიანებს შორის. სტადიონები სულ დაკავებული იყო. დღეს უფრო ძაღლებს ასეირნებენ ან ისეთი რამ შეიძლება ნახო, გაკვირვებული დარჩე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ძალიან მშველის კითხვა. ესპანური ლიტერატურა მიყვარს. მშველის ძველი ქართული ფილმების, პირველ რიგში, ოთარ იოსელიანის ფილმების ნახვა. ადრეც და ახლაც ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში, ხის ძირში ვჯდები და ვფიქრობ. მქონდა რთული პერიოდები და მაშინ ყველაზე ხშირად ამ მონასტერში დავდიოდი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მშობლებისგან ბევრი დარიგება მახსოვს, რომელიც იმედია, მთელი ცხოვრება მემახსოვრება და გავითვალისწინებ. გამორჩეულად მახსოვს ჩემი პედაგოგის, დავით ანდღულაძის დარიგება: "შემოქმედებაში ყოველთვის უნდა იხულიგნო".

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ. არავითარ შემთხვევაში არ გეგონოთ, რომ ვთამაშობ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"