"დისლექცია მსოფლიოში ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. მასზე ხშირად მასწავლებლებმაც არაფერი იციან და ბავშვი ბული­ნგის ობიექტი ხდება არა მარტო თანა­კლასელების ან პედაგოგების, არამედ ოჯახის წევრებისგანაც" - კვირის პალიტრა

"დისლექცია მსოფლიოში ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. მასზე ხშირად მასწავლებლებმაც არაფერი იციან და ბავშვი ბული­ნგის ობიექტი ხდება არა მარტო თანა­კლასელების ან პედაგოგების, არამედ ოჯახის წევრებისგანაც"

სიტყვა "დისლექსია" ცოტა ხნის წინ მოექცა ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როცა მთელი საქართველოსთვის საყვარელმა ფეხბურთელმა - გურამ კაშიამ აღიარა, რომ დისლექსიის გამო ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი გამხდარა: "დისლექსია თუ გაგიგონიათ? კითხვის პრობლემა ვისაც აქვს, აი, მე ვარ დისლექტიკი. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა... მთელი ბავშვობა კომპლექსი მქონდა... სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, არ მეცოდინებოდა, რომ ეს პრობლემა მაქვს", - თქვა მან ქართული მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

რა პრობლემაა დისლექსია და როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ბავშვებს? - ამის თაობაზე ვესაუბრეთ ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრს მაკა არეშიძეს:

- თანამედროვე კვლევებით დადგინდა, რომ დისლექცია მსოფლიოში ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც ცნობილი ადამიანები მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბრობენ. ექიმებს ეს ძალიან გვეხმარება, რათა დავძლიოთ ყველანაირი სტიგმა, რომელიც ამ სფეროშია დამკვიდრებული.

დისლექსიას ხშირად დაავადებას უწოდებენ, მაგრამ ასე არ არის - ეს არის მდგომარეობა, რომელიც განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ დროს ადამიანის ტვინი განსხვავებულად მუშაობს. დისლექსია თანდაყოლილი მოვლენაა და ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება, მაგრამ თუ ამ მდგომარეობას მოერგება, დიდი წარმატების მიღწევაც შეუძლია.

დისლექსია სწავლის უნარის დაქვეითებას იწვევს. მოზარდს აქვს კითხვის, წერისა და ზეპირი მეტყველების პრობლემები. ასეთ პატარებს წაკითხულის გაგება უჭირთ, მაგრამ გაგონილს კარგად სწავლობენ. მოზარდს დამარცვლისა და სწორად წერის პრობლემაც აქვს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას დაბალი ინტელექტი აქვს. პირიქით, შეიძლება ძალიან მაღალი ინტელექტი ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, მაინც უჭირს კითხვა და სწავლა, ტექსტს კითხულობენ ძალიან ნელა და თუ ააჩქარებენ, ბევრ შეცდომას უშვებენ, უჭირთ მარცვლების გადაბმა, წაკითხულიდან აზრის გამოტანა და ა.შ... ხშირად ერევათ სარკისებური ასოები და ძ-ს ნაცვლად შეიძლება ხ წაიკითხონ, ასოები გამოტოვონ ან გადაანაცვლონ, მაგალითად, მზის ნაცვლად წაიკითხონ "ზმე", უჭირთ მარჯვენისა და მარცხენის გარჩევა, სივრცეში ორიენტაცია და სხვ...

- ამგვარი პრობლემის მქონე ბავშვზე მასწავლებელმა შეიძლება იფიქროს, რომ მისგან არაფერი გამოვა...

- სამწუხაროდ, დისლექსიაზე ხშირად მასწავლებლებმაც არაფერი იციან: როდესაც ბავშვს აქვს დისლექსია, ის ბული­ნგის ობიექტი ხდება არა მარტო თანა­კლასელების ან მასწავლებლების, არამედ ოჯახის წევრებისგანაც. რატომ? - ასეთი­ ბავშვები მშობლებს ზარმაცები და ჯიუტები ჰგონიათ. მათ ხშირად საყვედურობენ: "ზარმაცი ხარ, უნიჭო ხარ, სწავლა არ გინდა" და ა.შ... ამიტომ დისლექსიის მქონე პატარებს (და არა მარტო) ხშირად აქვთ დეპრესია და შფოთვითი მდგომარეობა, დაბალი თვითშეფასება. ამიტომ ისინი აპროტესტებენ სკოლაში წასვლას, მიზეზი მარტივია - მჩაგვრელ გარემოში ყოფნა არ სურთ.

დისლექსია თითოეულ ბავშვში განსხვავებულად ვლინდება და ათასგვარ პრობლემას იწვევს. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ ამ ბავშვებს ძალიან კარგი ინტელექტი აქვთ და თავიანთ მდგომარეობას უფრო მძაფრად განიცდიან: როდესაც აღმოაჩენენ, რომ ვერ კითხულობენ, ან კითხვის დროს ბევრ შეცდომას უშვებენ, ძალიან განიცდიან. ამიტომ კითხვის დროს იმდენად იღლებიან და იფიტებიან, რომ შეიძლება მთქნარება და ძილიანობა დაეწყოთ. ასეთ ბავშვს სწავლა იმიტომ კი არ უჭირს, რომ ეზარება, არამედ ვერ ახერხებს.

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

- სასურველია, დიაგნოზი ფსიქიატრმა დასვას და მერე საქმეში ნეიროფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები ჩაერთონ. დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მშობლების დახმარება: მათ უნდა იცოდნენ, რასთან აქვთ საქმე და ინფორმაცია მასწავლებლებს მიაწოდონ. ასეთ ბავშვს მშობლები და პედაგოგები ერთად უნდა დაეხმარონ: ან თვითონ წაუკითხონ, ან დაწერის ნაცვლად, ტექსტი დააბეჭდინონ, ან აუდიოწიგნები მიაშველონ. დისლექსიის დროს მოსწავლეს მასალა ნელ-ნელა უნდა მივაწოდოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავისი რესურსი ბოლომდე გამოიყენოს. მისი მდგომარეობა კომპლექსურად უნდა შეფასდეს და კომპლექსურადვე უნდა ვუმკურნალოთ. გააჩნია, რა სირთულეები აქვს პატარას, თუ რეაბილიტაციას დროულად ჩავუტარებთ, შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ.

- რა როლს ასრულებს ამ შემთხვევაში­ გენეტიკა?

- ხშირად ეს გენეტიკური მოვლენაა. თუ მშობლებს არა აქვთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დისლექსია წინაპრებში ვინმეს მაინც ჰქონდა. რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ დისლექსიას, მით უფრო ადვილად გამოვასწორებთ მის შედეგებს და მით უფრო გაუადვილდება მოსწავლეს სწავლა, მასწავლებელს კი - მასთან მუშაობა. პრობლემა, ძირითადად, სკოლაში მისვლის შემდეგ იჩენს თავს. ამიტომ მასწავლებელი შეიძლება იყოს პირველი ადამიანი, ვინც ამას შეამჩნევს და ბავშვს­ უნდა დაეხმაროს - ხმამაღლა კითხვა, იოლი დავალება, მეტი დროის მიცემა წერითი დავალების შესრულებისთვის - ეს და სხვა შეღავათები ამ მოზარდისთვის დიდი სტიმულია, რადგან მას ნორმალური განვითარების საშუალებას მისცემს.

პოპულარული ადამიანები, რომლებსაც დისლექსია ჰქონდათ

დისლექსია არაერთ ცნობილ პიროვნებას ჰქონდა. მაგალითად: ალბერტ აინშტაინი ბავშვობიდან ცუდად წერდა და კითხულობდა. მასწავლებლებს პატარა ალბერტზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული და ამბობდნენ, რომ ის ვერაფერს მიაღწევდა.

იხილეთ სტატია სრულად - უცნაური „განაჩენი“, სახელად დისლექსია