რატომ მოუწოდებს გია ხუხაშვილი ოპოზიციას ბათუმში აქციებისკენ და ცდილობს თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან დისტანცირებას?!
16 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ორთაჭალაში, გორგასლის #20 ნომერში, ახალაშენებულ შენობაში გახსნეს 2024 წლის საარჩევნო კამპანია. სწორედ ამ მისამართზე დაიდო ბინა მმართველი პარტიის ცენტრალურმა ოფისმა. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალი ოფისის აივანზე პირბადით გამოვიდა და ეზოში შეკრებილებს მიესალმა. მას თან ახლდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. მოკლედ, "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა და ახალი ოფისის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო სლოგანიც წარუდგინა: "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ". პარტიის ახალი ოფისი მართლაც შთამბეჭდავ, 8-სართულიან შენობაში განთავსდა, რომლის ფასადზე ვიტრაჟებს შორის დეკორატიული კედლებია. ოფისის გახსნაზე მისულ მედიის მუშაკებს ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მიეცა. პროექტის მიხედვით, შენობის მეექვსე სართულზე კაბინეტებს მოსასვენებელი ოთახები და დახურული ტერასები აქვს. ერთი სართულის ზევით სათათბირო ოთახია, სადაც დგას მრგვალი მაგიდა რკალისებურად განლაგებული მონიტორებით. ოფისს ხიდით უკავშირდება ეზოში ცალკე მდგომი 208-კაციანი სააქტო დარბაზი, რომელიც პარტიას ყრილობებისა და შეკრებებისთვის შეუძლია გამოიყენოს. ახალი გრანდიოზული ოფისის ფონზე განსაკუთრებით საინტერესოდ გაისმა პრემიერ კობახიძის სიტყვები, რომ "ქართული ოცნება" კიდევ 12 წელიწადს არ აპირებს არჩევნების წაგებას. სწორედ ამ ღონისძიების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან.
- სხვათა შორის, თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასეთივე ზარ-ზეიმით გახსნა შთამბეჭდავი პარტიულ ოფისი, მაგრამ ამ ფაქტიდან მალევე მოუწია ძალაუფლების დათმობამ. საზოგადოდ, ავტორიტარებს ახასიათებთ მონუმენტური სტილი, უყვართ საკუთარი უკვდავებისთვის მაღალი კედლების ამოშენება.
- ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კვლავ ახსენა "გლობალური ომის პარტია" და განაცხადა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე "უპრეცედენტო ზეწოლაა მეორე ფრონტის ლობირების შედეგადო. მისივე თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოსთან კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება: "გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, აშშ-სა და ევროპასთან ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაჰბარდება, საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება", - განაცხადა მან.
- ივანიშვილს ახასიათებს წინასაარჩევნოდ ახალი დედლაინის დათქმა, ოღონდ ისე, რომ ამა თუ იმ დანაქადების ვადა რატომღაც არჩევნების შემდეგ იწურება ხოლმე. გაგახსენებთ, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, პირველ და მეორე ტურს შორის, როდესაც ძალიან გაუჭირდა, გამოვიდა და გვითხრა, ერთ წელიწადში ყველა პრობლემას გადავწყვეტო. მოკლედ, დღესაც იმავეს ცდილობს - გვირაბის ბოლოში იმედის ნაპერწკლის გაჩენას, რასაც აუცილებლად არჩევნების შემდეგ უნდა დაველოდოთ და არა მანამდე, რაც მორიგი მანიპულაციაა.
რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნის ცდას, რომ აშშ-ში რესპუბლიკელები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია. პირიქით, ამ ხელისუფლებისთვის ბევრად არაკომფორტულია რესპუბლიკების, იმავე ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა. საქმე ის არის, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელია. ეს ისტორიამ დაადასტურა. ხელისუფლებაში რესპუბლიკელები იქნებიან თუ დემოკრატები მათი სტრატეგია ჩვენს ქვეყანასთან ერთი და იგივე დარჩება. განსხვავება იმაშია, რომ რესპუბლიკელები გაცილებით ხისტად მოქმედებენ პრობლემების დროს, ვიდრე დემოკრატები. დარწმუნებული ვარ, ამ ბოლო პერიოდში ტრამპი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე ბევრად მკაცრ რეაგირებას მოახდენდა. ივანიშვილი არ არის ბრიყვი და მანაც მშვენივრად იცის ეს, მაგრამ აქაც მანიპულაციას ცდილობს, რათა ერთგვარი ჰიპნოზის ქვეშ ჰყავდეს თავისი მრევლიც და ელექტორატიც.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპარლამენტის არჩევნების დროსაც რატომღაც დიდი აღტაცებით გულშემატკივრობდნენ ულტრამემარჯვენეებს, იმედოვნებდნენ, რომ ისინი თუ მოვიდოდნენ უმრავლესობით, ევროპასთან ყველაფერი დალაგდებოდა. არ გამართლდა მაგათი იმედი და პროგნოზი, ულტრამემარჯვენეები დამარცხდნენ. არადა, კარგად თუ გავაანალიზებთ, ულტრამემარჯვენეების გამარჯვება საქართველოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკომფორტული იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ევროპული ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმი იმას კი არ ნიშნავს, ყოველდღე იძახონ, დედა დედაა და მამა მამაო. ისინი მთავარ აქცენტებს აკეთებენ საკუთარი ნაციონალისტური ინტერესების დაცვაზე, რამაც ჩვენთვის შესაძლოა, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე გააჩინოს. ასევე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გეგმავდნენ დეპორტაციის დაწყებას და ფინანსური გადარიცხვების სფეროში შეზღუდვების დაწესებას. ის, რასაც ივანიშვილი პრობლემების მოგვარების გზად ასაღებს, რეალურად ამ პრობლემების გაძლიერების საფრთხეა. ივანიშვილს ახლა ასე აწყობს და აყენებს ყველაფერს თავდაყირა, თან ისე, თეთრზე იმას კი არ ამბობს, რუხიო, არამედ ამბობს, შავიაო და ცდილობს ყველა ამაში დაარწმუნოს.
სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს კვლავაც სჯერა მისი განცხადებების, ზოგს გულწრფელად, ზოგიც კიდევ პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თავს იტყუებს. თუმცა ზოგჯერ რთულია დამალო შენი აზრები, ამ ღონისძიებაზე ბევრს ჩამოსტიროდა სახე. მაგალითად, თუ დააკვირდით რობერტ სტურუას, მისი გამომეტყველების რამდენიმე კადრი ვნახე, რომელიც ბევრ რამეს ამბობდა. ადამიანმა შეიძლება არ ილაპარაკოს, მაგრამ სახეზე გაქცეულ სუბტიტრებს რას უზამს?! სტურუა დიდი რეჟისორია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერია, ის ამ ღონისძიების ანატომიას, ტყუილსა და მართალს კარგად ხედავდა და ძალიან სევდიანი იყო.
- მომავალ საპარლამენტო არჩევნებს სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის საგარეო ვექტორის თაობაზე რეფერენდუმი უწოდა. საინტერესოა, რომ "ქართული ოცნებაც" მომავალ არჩევნებს რეფერენდუმად აფასებს, ოღონდ მათი "სარეფერენდუმო კითხვა" ომსა და მშვიდობაზეა.
- დიახ, 26 ოქტომბერს ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორი. რაც შეეხება ხელისუფლების საუბარს რეფერენდუმზე, ამით, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების დაბნევას ცდილობენ, ამასთანავე, სურთ თავი წარმოგვიდგინონ მშვიდობის ერთადერთ, ექსკლუზიურ დამცველებად, ყველა ოპონენტს კი ომის პარტიას მიაკუთვნებენ, თითქოს ეგენი თუ ხელისუფლებაში არ იქნებიან, ეგრევე ბომბები დაგვეცემა თავზე.
ამ საარჩევნო პროცესში მთავარი ის იქნება, ამომრჩეველი რომელი "სარეფერენდუმო" კითხვის საპასუხოდ მივა ურნასთან. თუ ელექტორატის დიდი ნაწილი გაიაზრებს, რომ "ქართული ოცნების" "სარეფერენდუმო" კითხვა მანიპულაცია, სიყალბეა და ასეთი არჩევანი რეალურად არ არსებობს, სწორ პოლიტიკურ არჩევანსაც გააკეთებს. მოკლედ, ამ ქვეყანაში ომი არავის სურს და შეკითხვის დასმის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, ამომრჩეველმა უპირველესად უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - საით უნდა წავიდეს საქართველო, დასავლეთისკენ თუ რუსეთის იმპერიისკენ? თუ ხელისუფლება მოახერხებს ომის შიშის დანერგვას, ამ შემთხვევაში დიდი პრობლემა გვექნება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ხელისუფლებამ შეიძლება მოახერხოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის დახმარებით ანუ მისი უმოქმედობით. საჭიროა სოფელ-სოფელ სიარული, დიალოგი ხალხთან, უნდა მივიდნენ, აუხსნან. ჯერჯერობით, აი, სწორედ აქ გვაქვს პრობლემა. ოპოზიცია ფეხს ითრევს... ბოლო ხანს თითქოს მელია გააქტიურდა, გახარიამაც გამართა შეხვედრები, "ლელომაც", მაგრამ ბევრად ინტენსიური მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, რათა ყველამ გაიგოს, რომ დღეს ომის და მშვიდობის პრობლემა კი არ გვიდგას, არამედ იმის, თუ საით მიდის ჩვენი ქვეყანა და როგორ საქართველოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები.
თუ ოპოზიცია ამას მოახერხებს, ნახეთ, ამომრჩეველს რამხელა კომფორტი ექმნება - ის მივა საარჩევნო ურნასთან ქვეყნის განვითარების ვექტორის ასარჩევად და იმავდროულად, საშუალება ექნება არჩევანი გააკეთოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრებს შორის, რომლებიც ბიულეტენში დახვდება. ვიმეორებ, იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოცემულობა შევქმნათ, საჭიროა პოლიტიკოსების ბევრად მეტი აქტიურობა. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, უნდა გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი და ჩამოაყალიბონ პოლიტიკურ დღის წესრიგი. მათ შორის აქციებიც უნდა იყოს...
ახლა გარკვეულწილად ეპიცენტრმა გადაინაცვლა ბათუმში. მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ შეიტანა. ჩავიდნენ ბათუმში და დაიწყონ პოლიტიკური პროცესის ინიცირება, მათ შორის ქუჩის პროტესტით. დაიწყონ ბათუმით და გაიშალონ რეგიონებში...
- "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ "ნაციონალური მოძრაობა" იყო. ივანიშვილმა ისაუბრა 2008 წლის ომზე და კვლავ გაიმეორა, რომ აპირებენ გამარჯვების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" აგებინონ პასუხი.
- არ ვიცი, რას გულისხმობენ ამ პასუხისგებაში, სააკაშვილი ციხეშია, უგულავამ და მერაბიშვილმაც მოიხადეს სასჯელი. ერთადერთი, ვისაც არ მოსთხოვეს პასუხი, ის ხალხია, როლებიც მშვენივრად დაპორტირდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" და დღემდე იქ არიან. თუ თავისიანების დასჯას გულისხმობენ, არ ვიცი. შეიძლება თალაკვაძეები და კალაძეები უნდა დასაჯონ, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" მშვენივრად გრძნობდნენ თავს. ეს მანიპულაციის კიდევ ერთი მაგალითია. როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანს ამაზე სიმწრით არ გაეცინოს.
კიდევ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი - როდესაც ივანიშვილმა ილაპარაკა 2008 წლის ომზე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულზე, ამით დააბრუნა თემა, რომ ომი რუსეთის კი არა, ჩვენი ხელისუფლების ინიცირებული იყო. ამასვე ამბობს რუსეთი, რომ იმჟამად ომის დანაშაული თურმე საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა და ივანიშვილმაც, ფაქტობრივად, გაიმეორა.
რაც შეეხება იმას, ღირსებით და ორ ფეხზე რომ მიდიან სადღაც, ეს რეალურად არის ოთხზე და უღირსად სიარული. მეგაპოლისებში ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული აქვს ხალხს. გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ქალაქებში "ოცნებას" საქმე ცუდად აქვს, ამიტომაც ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს რეგიონებში. გახსოვთ, 2012 წელს ივანიშვილი, ეს მილიარდერი კაცი, სოფელ-სოფელ დადიოდა. იგივე დინამიკურობაა ახლაც საჭირო.
- შეიძლება ითქვას, უკვე გამოიკვეთა ვინ ვისთან დაჯგუფდება ოპოზიციაში საარჩევნოდ. "ნაციონალებს" გამოყოფილ გვარამია-მელიას "დროა" და "გირჩი" - მეტი თავისუფლება" შეუერთდნენ. "ლელოსთან" გაერთიანდნენ დოლიძის "ხალხისთვის" და "თავისუფალი მოედანი". კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი იქნება გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის". რას ფიქრობთ ამ გადაჯგუფებებზე?
- კარგი იქნებოდა, სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბებულიყო, რომელზეც გადანაწილდებოდა ოპოზიციური სპექტრი, რადგან ჩვენ გვაქვს ნაშთების პრობლემა, ანუ ბევრი პარტია თუ ვერ გადალახავს ბარიერს, მათი პროცენტებით "ქართული ოცნება" იხეირებს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა სამი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება. თითქოს ასეც იგეგმებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. სამს იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციური ელექტორატი თვითონ არის სამნაირი განწყობის. თუმცა ვფიქრობ, 4 პოლიტიკური ცენტრიც შეიძლება ქმედითი გამოდგეს. გახარიას აქვს შანსი, რომ დამოუკიდებლად გადალახოს ბარიერი, წაართვას "ქართულ ოცნებას" ხმები, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეების ხარჯზე. ვნახოთ, რა იქნება. ამ ცენტრების გარშემო კიდევ უნდა მოხერხდეს პატარა პარტიების გადალაგება. ჯერჯერობით, არიან პარტიები, რომლებიც თავის ადგილს ვერ პოულობენ, მაგალითად, "ევროპული საქართველო", ელისაშვილის პარტია...
ასევე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის როლი, ის არის ორთქლმავალი, თუმცა ბოლო ხანს ცოტა გაუგებარ პოზიციაზეა ოპოზიცია - ერთი მხრივ, თითქოს ზურაბიშვილს ეთანხმება ყველაფერზე, მაგრამ თითქოს დისტანცირებასაც ცდილობს. პრეზიდენტმა და ქართველმა ახალგაზრდობამ გააჩინეს ამ ქვეყანაში ცვლილებების შანსი. ამაში ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა და იმედია, ამ შანსს გამოიყენებს მაინც.